ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სეანსების დროს თერაპევტი და მისი პაციენტი პირისპირ სხედან. ფსიქოანალიტიკური სეანსების დროს ანალიზირებული წევს (ისვენებს) ტახტზე, ანალიტიკოსი ტახტის უკან, მისი მხედველობის ველს მიღმა ზის.
ტახტი ფსიქოანალიტიკოსის ერთ- ერთი სამუშაო იარაღია. მისი გამოყენების უფლება მხოლოდ იმ სპეციალისტს აქვს, რომელსაც თავად არაერთი ანალიტიკური საათი გაუტარებია ფსიქოანალისიკოსის ტახტზე საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობის მიზნით, ანუ თავად აქვს გავლილი ფსიქოანალიზის კურსი. მსგავსი გამოცდილება პროფესიონალს საშუალებას აძლევს საკუთარი ფსიქიკის შესახებ ცოდნა გამოიყენოს სხვა ადამიანის შინაგანი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის. ტახტი იმ შემთხვევაში გამოყენება, როდესაც საჭირო არის ყოველდღიურობის მიღმა ღრმად დაფარულის მიგნება. ტახტი აადვილებს არაცნობიერში ჩაძირვისა და თავისუფალი ასოცირების უნარს, რაც, თავისთავად, არ არის ადვილი პროცესი.
ზოგ შემთხვევაში ტახტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ზოგკერ კი უკუჩვენებაცაა (ფსიქოზები, კრიზისული მდგომარეობები.)
ტახტზე ანალიზის დაწყებისას გასათვალისწინებელია, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რისთვისაც საჭიროა დრო და მატერილაური რესურსი. ანალიზის დროზე ადრე გაწყვეტა არ არის მიზანშეწონილი.