ანტიკურობის ლეგენდარული გმირები ფსიქოანალიზისთვის შთაგონების დაუშრეტელ წყაროდ იქცნენ. ამ კეთილშობილ გმირებს ფსიქოანალიზი, ჩვეულებრივ, საკუთარი თეზისების გასამშვენიერებლად იყენებს. ამჯერად მე პირიქით მოვიქცევი და თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას მივცემ ამ გმირების დახმარებით მივმართოთ ჩვენს მეხსიერებას და გავიხსენოთ საერთო მაგალითები; შესაძლოა, ერთ-ორი ჩვენი პაციენტიც წარმოგვიდგეს თვალწინ. დოდსი თავის წიგნში, “ბერძნები და ირაციონალური”(1951), ერთმანეთს უპირისპირებს სირცხვილის ცივილიზაციას და დანაშაულის ცივილიაციას. უადგილო არ იქნებოდა დოდსის დანაშაულის იდეა დაგვეკავშირებინა დანაშაულის, ანუ ცოდვის იდეის ინტერიორიზაციასთან, რასაც ჩვენ გაშინაგანებას ვუწოდებთ. ცოდვა არის ღვთაებრივი პირველცოდვის შედეგი; ხოლო სირცხვილი ბედისწერის შედეგია, ღმერთების რისხვის ნიშანი, შეუბრალებელი დასჯა, რომელიც მხოლოდ ობიექტურ დანაშაულს ეხება. სირცხვილი შეუბრალებელია მსხვერპლის მიმართ – ეჭვსგარეშე, ის უფრო ეშმაკთან – ჯოჯოხეთურ ძალასთანაა მიმართებაში, ვიდრე ღვთის რისხვასთან. დოდსი სირცხვილის ცივილიზაციას აკავშირებს თემური წყობის სოციოკულტურილ მოდელთან, სადაც მამა ყოვლისშემძლეა და მისი ავტორიტეტი უმაღლესია. დამნაშაულის ცივილიზაცია კი შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია მონოთეიზმისკენ და მამის კანონზე უფრო მაღლა არსებულ კანონს აწესებს. თითოეულ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის გამოსწორებაც განსხვავდება. სირცხვილიდან დანაშაულისკენ გადასვლა არის ის გზა, რომელსაც დაღდასმულობიდან და ჭუჭყიდან მივყავართ მორალური უსამართლობის განცდისაკენ. მოკლედ: სირცხვილი არის აქტი, სადაც ადამიანის პასუხისმგებლობა თამაშობს გარკვეულ როლს, ღმერთები სჯიან კაცს სიამაყისა და ქედმაღლობის გამო; ხოლო დანაშაული კი ბრალეულობის შედეგია, ის შეცოდების ელფერს ატარებს. პირველი მიეკუთვნება შურსძიების (სისხლის აღების) ეთიკას, ხოლო მეორე – უფრო შეგნებული სამართლის ეთიკას.
დიდი განზოგადების გარეშეც ჩანს, რომ ეს ორი პრობლემატური საკითხი- სირცხვილი და დანაშაული- ერთმანეთის საპირისპიროა ოიდიპოსისა და აიაქსის შემთხვევაში. შესაძლოა გახსოვდეთ, რომ აიაქსი უმამაცესი იყო ბერძეთა შორის აქილევსის შემდეგ. აქილევსის სიკვდილის მერე აიაქსს სურვილი ჰქონდა, რომ გარდაცვლილი გმირის იარაღი მას რგებოდა წილად, მაგრამ იარაღი ოდისევსს გადასცეს. თუ როგორ მოხდა ეს, ამის შესახებ სხვადასხვაობაა დეტალებში- გააჩნია, რომელი ვერსიას მიჰყვებით; ყველაზე ადრეული ვერსიის მიხედვით, ეს არჩევანი ტროელებმა გააკეთეს, როცა ბერძნების მიერ დამარხცებულებმა, დაასახელეს მათთვის ყველაზე უფრო საშიში გმირი. მათ ოდისევსი დაასახელეს, რომელიც, მართალია, არ იყო უმამაცესი, მაგრამ როგორც ყველაზე ეშმაკი, მაინც ყველაზე საშიში იყო. უფრო გვიანდელი ვერსიის თანახმად- და სოფოკლეც ამ ტრადიციას უჭერდა მხარს- ოდისევსი თავად ბერძნებმა აირჩიეს.
ააქსმა ჩათვალა, რომ ეს არჩევანი უსამართლო იყო და შეურაცხყოფდა მას, ამიტომ გადაწყვიტა სასტიკად ეძია შური ატრიდებზე- აგამემნონსა და მენელაოსზე, დაეტყვევებინა არგოსელები, შეეპყრო ოდისევსი და მათრახის ცემით მოეკლა. მაგრამ ათენამ, რომელიც აიაქსზე განრისხებული იყო იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ტროელებთან ბრძოლაში ქალღმერთის დახმარება უარყო, გონება დაუბინდა მას. იმის მაგივრად, რომ იარაღი მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა, ვის დასჯასაც აპირებდა, სიგიჟის მდგომარეობაში მყოფი აიაქსი დაერია ბერძნების ნახირს და სულ გაჟლიტა. სისხლიანი მსხვერპლთშეწირვის შემოქმედს საღი გონება მხოლოდ ამ სასაკლაოს დასრულების შემდეგ დაუბრუნდა. როცა მან საკუთარი ნამოქმედარი აღიქვა, ორმაგად გაგიჟებული იყო წყენისა და სირცხვილისაგან; მისი სიამაყე შეილახა, ამიტომ ვერც წესითა და ვერც ძალით ვერ მიაღწია ტრიუმფს. აიაქსმა ლახვარი ჩაიცა -ზოგი ამბობს და ალბათ ეს ასეც უნდა ყოფილიყო- ნაალაფარ ჰექტორის ხმალზე დაეცა.
სოფოკლეს კითხვისას ჩანს, რომ ამ ტრაგედიის მთავარი გასაღები სირცხვილია. ” ხმამაღალი მითქმა მოთქმა, სირცხვილი დედა”- ამბობს ქორო, როცა შეტყობს ხოცვა- ჟლეტის ამბავს. სიგიჟე, რომელიც, ყველაფრის გამამართლებელია, თავისთავად ყველაზე უდიდესი სირცხვილია- რადგანაც ის არის ღმერთის მიერ დასჯა- გამტყუნების ნიშანი. სიგიჟეს აქ შერცხვენა, დამცირება მოაქვს, რადგანაც ის პასუხისმგებელია იმ მკვლელობაზე, რომელიც დიდებას აკარგვინებს. გმირი, რომელიც სიმამაცის უმაღლესი ღირსებისკენ მისწრაფის, დამცირებულია იმით, რომ უწყინარ ცხოველებს მხეცურად უსწორდება. ის ტვირთად აწვება მას -“მძიმე ამპარტავნობამ სიხარულისაგან თავბრუ დაახვია….” როგორც კი გონება უნათდება, აიაქსი ხვდება, რომ მისთვის ერთადერთი შესაძლო გამოსავალი სიკვდილია. აიაქსი, რომელმაც ღირსება დაკარგა, ერთი დღეც ვეღარ იცოცხლებს. ვერანაირი კავშირები ვერ აკავებენ მას არარად ყოფნის ცდუნებისაგან. მშობლები, ცოლი, შვილები, რომლებიც მისი სიკვდილით ფაქტიურად მონებამდე დამციდებიან, არასაკმარისი ძალაა აიაქსის უკან მოსაბრუნებლად. ის ჯოჯოხეთისკენ მიისწრაფის და ასე ლოცულობს:”ჰოი, სიბნელევ, აწ უკვე სინათლევ ჩემო.” ის ტოვებს თავის ნეშტს, როგორც სიბინძურეს და იმ ადამიანებმა, ვისაც ის ეზიზღება, უნდა განსაჯონ, მისი სხეული საჯიჯგნად დაუტოვონ სვავებს თუ მიტევებით დაასაფლავონ. ზომიერების ეთიკა გაჟღერებულია მაცნეს მიერ: ” კადნიერ და უსარგებლო ადამიანებს ღმერთები დიდ განსაცდელში აგდებენ, მისანმა განაცხადა- მარცხი ზეცისგან გამოგზავნილი უბედურებაა ცოცხალთათვის, როცა კი ადამიანის მოდგმა არ ფიქრობს ისე, როგორც ეს ადამიანობას შეეფერება”
მე მგონია, აქ უადგილო არ უნდა იყოს აიაქსისა და ოიდიპოსის შედარება. ოიდიპოსს არანაკლები დანაშაული ჰქონდა. მისი გამამართლებელია ის, რომ ღმერთებმა იგი გაწირეს და უგულებელყვეს. ოიდიპოსმა თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, თვალები დაითხარა, რომლებმაც ზედმეტის დანახვა მოისურვეს. ის განერიდა ადამიანებს საკუთარი ქალიშვილის, ანტიგონას დახმარებით, უწმინდურად იცხოვრა კაცთა შორის და გამოიყენა ეს; მან დაუშვა, რომ დაპირისპირებისა და დავის ობიექტი გამხდარიყო თავის ვაჟებსა(რომლებიც მოგვიანებით დასწყევლა) და მის ბიძაშვილ თეზევსს ( ვისი მფარველობის ქვეშაც ცხოვრობდა ბოლოს) შორის. კოლონის ტყეში, ათენის მისადგომებთან, ოიდიპოსი ღმერთების ნიშანს ელოდა. მას შემდეგ, რაც დანაშაული აღიარა, იოდიპოსის ცხოვრება სრულიად მოკლებული იყო ყველანაირ სიამოვნებას. თითქოს ეს იყო ღმერთების ნაბოძები ცხოვრება და როდესაც საჭიროდ ჩათვალეს, ღმერთებმა უკანვე მიიღეს ის. ამ ყოველივეს გარდა, ოიდიპოსი ჩაჭიდებული იყო თავის ობიექტებს, რომლებიც ძალიან მისიანები იყვნენ, რადგანაც ცოცხლად დარჩენაში დაეხმარნენ. ოიდიპოსმა ვერ მიატოვა ისინი, როდესაც ვაჟიშვილების მზაკვრულ თამაშში გარიგებების ობიექტი გახდა. ოიდიპოსს სძულდა თავისი რამდენიმე შვილი (რასაკვირველია, ვაჟები), მაგრამ მამობრივად უყვარდა ქალიშვილები იმის მიუხედავად, რომ ისინი ინცესტის შედეგად იყვნენ შობილი.
თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ჩვენ დავაპირისპირეთ ორი პრობლემური საკითხი, რომელიც მიეკუთვნება ორი ტიპის ობიექტის არჩევანს და ობიექტის კათექსისს: ოიდიპოსის შემთხვევაში ეს მომდინარეობს დანაშაულის განცდისაგან, აიაქსის შემთხვევაში კი ობიექტის ნარცისული კათექსისი მომდინარეობს სირცხვილისგან და იმედგაცრუებისგან.
ნარცისიზმის კლინიკური ასპექტები: მორალური ნარცისიზმი
აიაქსის აპოლოგიამ, რომელიც შესავალის სახით წარმოვადგინეთ, ამ კითხვამდე მიგვიყვანა: განა ნათელი არაა, რომ ამ სახის ნარცისიზმი გარკვეულწილად მაზოხიზმთანაა მიმართებაში? ხომ არ არის აქ წინ წამოწეული თვითდასჯა? სანამ ჩვენ კითხვას დავსვამდეთ და გადავწყვეტდეთ – არის თუ არა მაზოხიზმი აიაქსის შემთხვევის საუკეთესო დახასიათება -რომელიც დასჯას კი არ ეძებდა, არამედ საკუთარ თავს მიაყენა ზარალი ღირსების შენარჩუნების მიზნით, ღირსებისა, რომელიც ნარციზისმის კიდევ ერთი საკვანძო სიტყვაა- მოდი, ერთი წუთით შევჩერდეთ და შევხედოთ მაზოხიზმისა და ნარცისიზმის ურთიერთმიმართებას.
როდესაც ” მაზოხისმის ეკონომიკურ პრობლემაში” (1924) ფროიდი წერდა დაძაბულობა- უსიამოვნებისა და განმუხტვა-სიამოვნების შესახებ, მან მაზოხიზმი სამ სუბსტრუქტურად გამოყო სიკვდილის ინსტინქტისაგან: ეროტოგენური მაზოხიზმი, ქალური მაზოხიზმი და მორალური მაზოხიზმი. მეც მსგავსად გამოვყოფ, მაგრამ არა სიკვდილის ინსტინქტზე დამყარებით (რომელსაც მე, ზოგადად, მთლიანად ვიზიარებ), არამედ ნარცისიზმზე დამყარებით. კლინიკური დაკვირვებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ნარცისიზმის სუბსტრუქტურებში რამდენიმე სახე უნდა გამოიყოს:
სხეულებრივი ნარცისიზმი შეიცავს წარმოდგენას (აფექტი) ან სხეულის ჩვენებას. სხეული არის ობიექტი სხვის თვალში ისევე, როგორც ერთი არის მეორესთვის გარეთ, ისევე როგორც ნარცისიზმი ან სხეულის განცდა ( სხეული, განცდილი შიგნიდან) არის ნარცისიზმი მეორეზე დაკვირვებისა, რამდენადაც ის არის განუყოფელი მეორესთვის, რამდენადაც ერთი მეორესთვის შინაგანია. სხეულის გაცნობიერება და სხეულის წარმოდგენა არის ამის ელემენტარული საფუძველი ( გრინი 1967).
ინტელექტუალური ნარცისიზმის შემთხვევასთან საქმე მაშინ გვაქვს, როცა ფაქტობრივი მონაცემების წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, გონება ჯაბნის თვითკონტროლს გადამეტებული თვითრწმენის გზით. გამუდმებით ხდება ჯიუტი განმეორება იმისა, რომ ეს ხელს არ უშლის, ასე რომ იყოს, ეს ფორმა- რომელზეც აღარ გავაგრძელებ საუბარს, იწვევს ინტელექტუალიზაციის დომინირების ილუზიას. ეს არის მეორადი ფორმა ფიქრების ყოვლისშემძლეობისა, რადგანაც ფიქრის ყოვლისშემძლეობა მეორად პროცესებს მოაქვს. მორალური ნარცისიზმი აღწერილია მომდევნო ნაწილში.
” მე და იგი” -ში ფროიდმა თითოეულ ინსტანციას შესაბამისი მასალა მიაკუთვნა: რა არის ინსტინქტი იგი-სთვის, წარმოდგენა მე -სთვის, და იდეალი ზე- მესთვის. ეს იდეალი ინსტინქტებისაგან განდგომის შედეგია, ის აღებს ილუზიის უსასრულოდ უარყოფილ ჰორიზონტს. შესაბამისად მორალური ნარცისიზმი- რადგანაც მორალურობისა და ზე- მეს შორის ურთიერთობა ნათელია – ჩართული უნდა იყოს მე/ზე-მეს ახლო ურთერთობაში; ან უფრო ზუსტად, რადგანაც ეს იდეალის ფუნქციაა, მე იდეალი/ზე მე-ს ურთიერთობაში. ამის შედეგი გვიჩვენებს, რომ ამ სიტუაციაში ის არ არის აუტსაიდერი. თუ ჩვენ იქიდან ამოვალთ, რომ იგი-ში დომინირებს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების ანტაგონიზმი, მაშინ მე განიცდის კათექსისის გამუდმებულ გაცვლას მე- სა და ობიექტს შორის და ზემე მოქცეულია სიამოვნების უარყოფასა და ილუზიის მირაჟებს შორის. ჩვენ ვასკვნით, რომ მე, მისი ორმაგი დამოკიდებულებით იგი-ზე და ზემე-ზე , ორ ბატონს ემსახურება; ხოლო თავისი ორმაგად დამოკიდებული მდგომარეობით იგი-სა და ზემე-ზე, ემსახურება ორს კი არა და სულაც ოთხ ბატონს, რადგანაც თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ორადაა გახლეჩილი. ეს ისაა, რაც ჩვეულებრივ ყველას მოსდის; არავინაა თავისუფალი მორალური ნარცისიზმისაგან. შესაბამისად, სიამოვნება ჩვენს ურთიერთობებში ამ ურთიერთობათა ძირითადი ეკონომიკის დამსახურებაა, უზრუნველყოფილია სიცოცხლის ინსტინქტის უპირატესობით სიკვდილის ინსტინქტზე და, შედეგად, ილუზიური ნუგეში ჭარბობს ინსტინქტთაგან განდგომის სიამაყეს. მაგრამ ასე არ ყოველთვის ხდება. ჩვენ აღვწერდით და ვახასიათებდით ნარცისიზმის პათოლოგიურ სტრუქტურას იმ ეკონომიკით, რომელიც ძლიერად ტვირთავს მე-ს სიკვდილის ინსტინქტის გამარჯვებებისა და ინსტინქტური უარის ორმაგი შედეგით, რაც მიმართებაშია ნირვანას პრინციპთან ( დაძაბულობის შემცირება ნულოვან დონემდე)- სიამოვნების პრინციპთან შედარებით უპირატესობაზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რაც ზემოთ დავწერეთ- როცა სიამაყე ილუზიების დაკმაყოფილებას აჭარბებს, შესაბამისად, მეს ზეკათექსისი ობიქტს აზიანებს.
სიკვდილის ინსტინქტის დომინირებული აფექტი და ინსტინქტთაგან განდგომა ხომ არ გვაბრუნებს უკან, მაზოხისტური ზემეს სიმკაცრისკენ? დახლოები კი. დაზუსტებით-არა.
მაზოხისტური ფანტაზიები და ნარცისული ფანტაზიები
ნამდვილი მაზოხიზმი, წერდა ფროიდი, ყოველთვის იქით მიუშვერს ლოყას, საიდანაც სილის გაწვნაა მოსალოდნელი. მორალურ ნარცისს ეს არ ეხება. ფროიდის პერიფრაზი რომ გავაკეთო, ნამდვილი მორალური ნარცისი ყოველთვის ნებაყოფილობით ირჩევს სიამოვნების უარყოფის შესაძლებლობას. მოდი, შევადაროთ მაზოხისტური ფანტაზიები ამგვარი სახით გამოვლენილ ნარცისულ ფანტაზიებს. მაზოხიზმის შემთხვევაში არის ცემის, დამცირების, დასვრის, პასიურობისკენ (მაგრამ ეს არის პასიურობა სხვისი თანდასწრებით)მიდრეკილება. სხვისი თანდასწრების მაზოხისტურ მოთხოვნილებაში ლაკანმა (1966) დაინახა, რომ შიში იქ იწყება, სადაც სადისტი ვეღარ იკმაყოფილებს თავის სურვილს სიამოვნების ობიექტის განადგურების საშიშროების გამო.
ეს არ ახასიათებს ნარცისს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უმწიკვლოდ ყოფნასთან და როგორც ამის შედეგი, მარტოობასთან, ის უარს ამბობს სამყაროზე, მის სიამოვნებებსა და უსიამოვნებებზე, რადგანაც სიამოვნების მიღება უსიამოვნების გზითაც ხდება. ბევრისთვის გასაგებია პიროვნების გაუფასურება სიამოვნების გაუკუღმართების გზით. უფრო ძნელი და უფრო მაცდუნებელია სიამოვნების მაძიებელი უსიამოვნების მიღმა არ იყოს ტკივილის ძიება თმენის პირობით. ეს ხერხდება სიღარიბის მარტოობის, ხელმოკლეობის გზით, ასევე განმარტოებით – ყველა იმ მდგომარეობით, რომელსაც უფრო ახლოს მიჰყავს ღმერთთან. ღმერთი შია თუ წყურია? ღმერთი ადამიანების სიყვარულზე, სიძულვილზეა დამოკიდებული? შესაძლოა ზოგიერთს ასე სწამს, მაგრამ მათ არ იციან რა არის ჭეშმარიტი, უსახელო ღმერთი-. ამ ღრმა ასკეტიზმმა, რომელიც ანა ფროიდმა აღწერა (1936), როგორც განვითარების ნორმალურ პროცესისათვის დამახასიათებელი მოზარდობის დაცვითი მექანიზმი და რასაც პიერ მალე ხშირად უბრუნდებოდა თავის კვლევებში მოზარდობის შესახებ, შესაძლოა, პათოლოგიური ფორმები მიიღოს. არ ეძებ ტანჯვას, მაგრამ ვერ გაექცევი მას-არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებას რამხელა ენერგია ეხარჯება ამაზე. ფროიდმა თქვა, რომ სინამდვილეში მაზოხისტს უნდა, რომ ბავშვით მოექცნენ. მორალური ნარცისის გეგმა ამის საპირისპიროა: როგორც ბავშვს, მასაც ისევე სურს, რომ მშობლებს დაემსგავსოს, რომლებიც მის ერთ ნაწილს წარმოდგენენ და რომელთაც ინსტინქტებზე ბატონობის უნარი აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას უნდა, რომ დიდი იყოს. ამ ორ შემთხვევაში შედეგებიც განსხვავებულია; მაზოხისმის საშუალებით მაზოხისტი ნიღბავს დაუსჯელ დანაშაულს, ცოდვის შედეგს, სადაც თავს დამნაშავედ თვლის. მორალურ ნარცისს არა აქვს სხვა დანაშაული გარდა იმისა, რომ მიბმული რჩება თავის ინფანტილურ მეგალომანიაზე და ყოველთვის ვალშია მე იდეალთან. ამის შედეგად ის დანაშაულს არ გრძნობს, მაგრამ რცხვენია, რომ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად არის, ან თავს აჩვენებს, რომ არის. შესაძლებელია ვთქვათ, რომ მაზოხისტი ოპერირებს ფლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობების დონეზე, როდესაც არაპირდაპირად ფლობს: “ავი გზით მიღებულს იშვიათად მოაქვს სარგებელი” მაშინ, როცა ნარცისი ცხოვრობს ყოფნის ურთიერთობების დონეზე: “ერთი, ისე როგორც ერთი”. მორალური მაზოხიზმის შემთხვევაში პიროვნება ისჯება არა იმდენად დანაშაულის, რამდენადაც მაზოხიზმის გამო, გვახსენებს ფროიდი. ლიბიდური თანააღგზნება იყენებს უსიამოვნების გზას, როგორც ყველაზე საიდუმლო გასასვლელს სიამოვნებისაკენ და თავად პიროვნებამ არაფერი იცის ამის შესახებაც. ეს კარგად ჩანს “კაცი-ვირთხაში”, რომელიც ფროიდს მოუთხრობდა მასში შემზარავ შიშის გამომწვევი ტანჯვის შესახებ. მაგრამ ამავე დროს იგი სიამოვნებას განიცდიდა, რის შესახებაც არაფერი იცოდა. მორალურ ნარცისიზმში მიზანი კრახს განიცდის (ასევე მაზოხისმის შემთხვევაში), ამპარტავნების გაორმაგებას დასჯა ან სირცხვილი მოაქვს. ღირსება არასდროს არაა დაცული, ყველაფერი დაკარგულია, რადგანაც არაფერს ძალუძს დაკარგული ღირსების აღდგენა ახალი უარყოფის გარდა, რომელიც აღარიბებს ობიექტთან ურთიერთობას, უტოვებს რა ნარცისიზმს მთელ დიდებას.
აქ ვლინდება წინააღმდეგობების მთავარი ნიშანი: სიამოვნების უარყოფით და უსიამოვნების ძიებით მაზოხისტი ავითარებს ძლიერ კავშირს ობიექტთან, რისგან გაქცევასაც ცდილობს ნარცისი. ეპითეტი ძლიერი , შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეს, რადგანაც ზმნას ნორმატიული დახასიათებები უნდა მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ ობიექტთან არსებითი კავშირი, რადგანაც ეს უანასკნელი, თავის მხრივ, კვებავს ფანტაზიურ ობიექტებს, რომლებითაც, საბოლოო ჯამში, სუბიექტი იკვებება.
ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად ნარცისი ცდილობს გააღარიბოს ობიექტებთან ურთიერთობა, მინიმუმამდე შეამციროს მეს სასიცოცხლო ობიექტები, რათა ამით იზეიმოს. მისი ეს ცდა გამუდმებით იმედგაცრუებას განიცდის ინსტინქტების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ დაკმაყოფილებას ობიექტის საშუალებით. გამოსავალი მხოლოდ პიროვნების ნარცისული კათექსისია და ჩვენ ვიცით, რომ როცა ობიექტი გადის, ჩნდება დანაკარგი ან იმედგაცრუება, რასაც შედეგად დეპრესია მოყვება.
ამ შენიშვნას მივყავართ ამგვარ პაციენტთა განკურნების თავისებურებისაკენ. მაზოხისტური პაციენტების შემთხვევაში საქმე გვაქვს პრობლემთან, რომელიც არ მოსწონდა ფროიდს – ესაა ნეგატიური თერაპიული რეაქცია, ის ხაზს უსვამს თვითდასჯის მოთხოვნილებას. მორალურ ნარცისებს, ერთგულ და უზადო პაციენტებს, კათექსისის თანდათანობითი გაიშვიათების გზით მივყავართ დამოკიდებულ ქცევამდე, სადაც მათ სიყვარული სჭირდებათ; უფრო ზუსტად რომ გამოვხატოთ, ანალიტიკოსის პატივისცემა ის ჟანგბადია, რომლის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია. კიდევ უფრო ზუსტად, ეს არის განსაკუთებული სახის სიყვარულის სურვილი, რადგანაც მიზნად ისახავს სიამოვნების მსხვერპლად შეწირვის აღიარებას.
მაგრამ როგორც ფროიდი წერდა, ” თავად პიროვნების თვითდესტრუქციაც კი ვერ მოხდება ლიბიდური დაკმაყოფილების გარეშე”; რა დაკმაყოფილებას პოულობს მორალური ნარცისი საკუთარი თავის გაღარიბებაში? განცდა იმისა, რომ უკეთესია, იმიტომ რომ სიამოვნებას უარყოფს, ადამიანის სიამაყის საფუძველია. ეს გვახსენებს ურთიერთობას ნარცისიზმის კლინიკურ ფორმებსა და ბავშვის პირველად ნარცისიზმს შორის, ასევე მათ კავშირს აუტოეროტიზმთან.
ფროიდმა თქვა, რომ მაზოხიზმი მორალის რესექსუალიზაციას ახდენს, ჩვენ ამას დავამატებდით: ნარცისიზმი მორალს აუტოეროტულ სიამოვნებად გადააქცევს, საიდანაც განდევნილია თავად სიამოვნება, როგორც ესეთი.
ნაწილობრივი ასპექტები და მორალური ნარცისიზმის დერივატები
ნარცისულ და მაზოხისტურ ფანტაციებს შორის წინააღმდეგობამ საშუალება მოგვცა ამ სტრუქტურის ძირეული ასპექტების გულში შეგვეღწია. ახლა შეგვიძლია მოკლედ განვიხილოთ ზოგი მისი ნაწილობრივი ან გამომდინარე ასპექტი, სანამ მის მეტაფსიქოლოგიას აღვწერთ.
ჩვენ უკვე ვახსენეთ ასკეტიზმი, რომელიც მოზარდობის ხანას სცდება და ცხოვრების წესად იქცევა. ასეთი ასკეტიზმი სრულიად განსხვავდება რელიგიური რწმენისა ან წესისაგან ისევ და ისევ ამ ტერმინის რელიგიური გაგებით. ის არაცნობიერია; ის გამოიყენება, როგორც ადამიანის ბუნების შეზღუდვების საბაბი, რათა უბიძგოს მეს მოახდინოს თავისი კათექსისის იმგვარი პროგრესირებადი შეჭმუხნა, რომ მოხდეს კავშირების იმდაგვარი გამყარება სურვილსა და მოთხოვნილებას შორის, რათა მოხდეს პირველის (სურვილი) მიზნების დაყვანა მეორის (მოთხოვნილება) მიზნებზე. ჭამა და სმა მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლადაა და არა სიამოვნებისთვის. ობიექტზე და სურვილზე (რადგანაც ეს სხვადასხვაა) დამოკიდებულება კლებულობს უფანტაზიო მწირი აუტოეროტიზმის გზით, რომლის მიზანია შვება ჰიგიენური ევაკუაციის გზით. ანდა ადგილი აქვს მასიურ გადატანას სამუშაოზე და მაშინვე ამოქმედდება ფსევდოსუბლიმაცია, რომელიც უფრო რეაქციული ფორმაციაა, ვიდრე ინსტინქტების ხვედრი შეკავების გზით, მიზნის გადანაცვლებითა და მეორადი დესექსუალიზაციით. ეს ფსევდო სუბლიმაცია ბოდვით ხასიათს ატარებს მეგალომანიური ელფერის გამო, და გაერთიანებულია ყოვლისმომცველ იდეალიზაციასთან, რაც ინსტინქტური წარმომავლობის უარყოფას გულისხმობს.
ამ ბოლო შენიშვნებს მორალური ნარცისიზმის მეორე ასპექტთან მივყავართ. მისი ნიშნები აღმოვაჩინეთ იშვითად ხსენებული სინდრომის უკან, რომელიც, ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად გვხვდება: აფექტური უმწიფარობა. აფექტური უმწიფარობა, რომლის დანახვა თანდათანობით ვისწავლეთ, სრულიადაც არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების კეთილთვისებიან ფორმას, სულაც არა. ერთ მხრივ, ტერმინი უმწიფარი თავითავად ჩამორჩენის გამომხატველია, რადგანაც ეს არის ჩამორჩენა, რისი შედეგებიც ისეთივე სერიოზულია პიროვნების აფექტური კათექსისისათვის, როგორც ინტელექტუალური ჩამორჩენა კოგნიტური ინვესტიციებისათვის. მეორე მხრივ, აფექტური უმწიფარობა ეფუძნება სურვილების უარყოფის სუბსტრატს და მის ინსტინქტურ ბაზისს წარმოადგენს. ეს უარყოფა ამტკიცებს იმ ფაქტს, რომელზეც წერდნენ ადრეული ავტორები – მაგალითად, კოდეტი და ლაფორგი ( 1925) და კლასიციფირებულია, როგორც შიზონია , ქცევის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი კვაზი-პარანოიდუილი ფსიქოტური ფორმა. აფექტური უმწიფარობა ახასიათებთ ახალაზრდა გოგონებს, მაგრამ გვხვდება ახალგაზრდა კაცებშიც- უფრო სერიოზული პროგნოზებით. ჩვენ ვიცით ამის ბანალური ასპექტები- სენტიმენტალობა, მაგრამ არა მგრძნობელობა; ადამიანური ვნებების შიში- ეს იქნება ორალური თუ სექსუალური ხასიათისა; სუბლიმაციის მარცხი, სექსუალობის შიში, განსაკუთრებით პენისის, რაც ფარავს ( დამახასიათებელია ორივე სქესისათვის) სურვილის აბსოლუტურ და განუზომელ ბუნებას; და ფანტაზიებზე დამოკიდებულება, რაც ბავშვური, აფექტური და მესიანისტურია. ძნელი არაა მსგავსი ადამიანების გამოცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი ხშირად აყენებენ საკუთარ თავს განტევების ვაცის პოზიციაში; მათ ეს არ აწუხებთ, იმდენად დარწმნებულები არიან სხვა ადამიანებთან შედარებით თავიანთ უპირატესობაში.
მსგავსი ზედაპირული ელემენტები შეიძლება არასაკმარისი ჩანდეს ისტერიისა და აფექტური უმწიფარობის ერთმანეთისაან გასარჩევად. ჩემი აზრით, ძირეული განსხვავება არის ის, რომ აფექტური ჩამორჩენით მე იდეალს უზომო ოდენობის ხარკის მიეგება. აქ უნდა მოვიშველიოთ მელანი კლაინის შეხედულება იდეალიაციაზე ( 1946). ის იდეალიზაციას განიხილავდა ერთ- ერთ პრიმიტიულ და ყველაზე ფუნდამენტურ დაცვით მექანიზმად. იდეალიზაცია ცენტრირდება ობიექტზე ან თავად თვითზე/ სელფზე. ეს არის ეკონომიკური ხასიათის განსხვავება, რაც საშუალებას იძლევა მოვახდინოთ უფრო მყარი გამიჯვნა ისტერიასა და აფექტურ ჩამორჩენას შორის – რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უმაღლესად გადაჭარბებული ნარცისიზმის შედეგს ობიექტის მზარდი დეკათექსისის სახით.
შესაძლებელია ისეთ მახეში გაბმაც, საიდაც ყველა ამ ქცევის მიღმა მხოლოდ ინსტინქტური კათექსისის წინააღმდეგ დაცვითი პოზიცია ჩანს. ამ არჩევანისთვის დამახასიათებელი დიდი თავმდაბლობის უკან პირველ რიგში დგას უსაზღვრო სიამაყე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ჩვეულებრივ ნარცისიზმთან. მართლია, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც უსიამოვნებისაგან თავშესაფარი ინსტინქტებისა და მისი ობიექტიებისათვის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს განლაგება იცავს სუბიექტს-ამის უარყოფა არ შეიძლება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პაციენტის ძლიერ შიშს იწვევს კათექსისი, რომლსაც თან ახლავს მეს დეზორგანიზების დიდი რისკი. სტიმულის ბარიერის მსგავსად, რომელიც იცავს მეს გარკვეული ზღვარსგადაჭარბებული გარეგანი სტიმულისაგან მისი უარყოფით, რადგანაც სტუმულის სიძლირე საფრთხეს უქმნის მეს მყიფე ორგანიზაციას, მოცემულ შემთხვევაში ინსტინქტების უარყოფა მეს დაცვას ნიშნავს. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამგვარ პაციენტებს ადვილად მსხვრევადობის განცდა აქვთ და გრძნობენ, თითქოს ინსტინქტის ცნობიერებაში დაშვება მათ პერვერსიული ხასიათის ან ფსიქოტური ქცევის საფრთხეს მოუტანს. ერთმა პაციენტმა მითხრა, გამუდმებით თუ არ შევუძახე თავს, რომ არ მოვდუნდე, ნელ ნელა “ბომჟად”გადავიქცევიო. ეხლა, ჩვენში დარჩეს, ყველა ჩვენთაგანი მეტ -ნაკლებად ვბომჟდებით ხოლმე- ეს იქნება კვირას, დასვენების დღეებში-და ეს მისაღებია; მაგრამ მორალურ ნარცისებს ეს არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომაცაა, რომ დაჟინებით მოვითხოვთ სიამაყის ნარცისულ კათექსისზე აქცენტირებას.
ქალების შემთხვევაში მესიანიზმს თან სდევს ქალწულ მარიამთან გაიგივება, რომელმაც “ცოდვის გარეშე ჩასახა-” ფრაზა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოაქვს ქალის სექსუალობისათვის; ეს ბევრად უფრო საშიში ნიშანია, ვიდრე ” შეცოდება ჩასახვის გარეშე,” რისკენაც ქალები ასევე მიისწრაფიან. კაცებში ამის შესაბამისობა სააღდგომო უცოდველ კრავთან გაიგივებაა. ეს არ არის უბრალოდ ჯვარზე გაკვრის ამბავი, ან ვინმესთვის კისრის გამოჭრა; ეს გულისხმობს კრავივით უცოდველობას იმ დროს, როცა კატასტროფა ახლოვდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში უდანაშაულონი ხშირად დასჯილან იმის გამო, რომ უცოდველად დარჩენის საბაბით დანაშაული დაუშვეს.
ეს იდეალიზირებული ქცევა ყოველთვის მარცხისათვისაა განწირული, რადგანაც რეალობასთან კონფლიქტშია და როგორც აღვნიშნეთ, სირცხვილი უფროა, ვიდრე დანაშაული, უფრო დამოკიდებულებაა, ვიდრე დამოუკიდებლობა. იდეალიზაცია ანალიტიკურ მკურნალობაში გარკვეულ თავისებურებებს მოიცავს:
- ანალიტიკური ობიექტი ყოველთვის რთული მისაწვდომია, რადგანაც მასალა დამარხულია ნარცისული კლოაკის ქვეშ, რასაც ვინიკოტმა ცრუ მე უწოდა.
2.ნარცისული ჭრილობა განიცდება, როგორც გადაცდომა, გარდაუვალი პირობა იმისა, რომ ობიექტური მასალა გამოჩნდეს დღის სინათლეზე. აქ მისტიფიკაცია მიმართულია არა მარტო სურვილის მიმართ, არამედ პიროვნების ნარცისიზმის მიმართაც, ნარცისული მთლიანობის დარაჯის მიმართ, რაც სიცოცხლის სურვილის აუცილებლი პირობაა.
3 . მკურნალობა დამყრებულია აქტიურად პასიური წინააღმდეგობაზე დამოკიდებულების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით; დამოკიდებულებას ძალუძს სამარადისოდ დატოვოს იგი ანალიზში და ანალიტიკოსი სავარძელს მიაბას, როგორც პეპელა, გააბას ანალიტიკური სიტუაციის ქსელში.
- უპირობო სიყვარულის მოთხოვნილება ამ სუბიექტთა ერთადერთი სურვილია. ეს მოთხოვნილება გადაიქცევა ღირსება-დაფასების გაზვიადებულ მოთხოვნილებად, ნარცისულ შეფასებად, რაც გამოიხატება ლტოლვათა კონფლიქტისა და სიამოვნების წვდომის დამარხვით ან გვერდზე გადადებით, რაც დაკავშირებულია ეროგენულ ზონებთან.
- 5. პროექცია ამ სურვილიდან გამომდინარეობს და იმ ტაქტიკური მიზნით თამაშდება, რომ მოხდეს ანალიტიკოსის დამაჯერებელ /დამაწყნარებელი უარყოფის პროვოცირება: ” დამაწმუნე, რომ ჩემში არ ხედავ დაცემულ ანგელოზს, უქონელს, განდევნილს, ვინც დაკარგა პატივის უფლება.”
მორალური ნარცისიზმის მეტაფსიქოლოგია
ის, რაც ახლახანს აღწერით ტერმინებში განვიხილეთ, ახლა მეტაფსიქოლოგიურ დადასტურებას ითხოვს (ტერმინს მეტაფსიქოლოგია ზოგადი მნიშვნელობით ვიყენებ). ამ გზით ჩვენ ვამოწმებთ მორალური ნარცისიზმის ურთიერთობას: ა) უკუკათექსისის მრავალგვარობასთან; ბ) ნარცისიზმის სხვა ასპქტებთან; გ) ლიბიდოს განვითარებასთან- ეროგენულ ზონებსა და ობიექტთა ურთიერთობასთან; დ) იგი, მე, ზემე-სთან და ე) ბისექსუალობასა და სიკვდილის ინსტინქტთან.
უკუკათექსისის სახეები
ფროიდის შემდეგ დაცვითი მექანიზმების ცნება საგრძნობლად გაფართოვდა. თუმცა, დაცვის ფორმების მრავალგვარობა [კატალოგის ნახვა შეიძლება ანა ფროიდის ნაშრომში (1936)] არ გვაძლევს საშუალებას მხედველობაში მივიღოთ ნოზოგრაფიის მთავარი ფორმების სტრუქტურული თავისებურებანი, რაც ამაოდ არის იგნორიებული. ერთადერთ იმედად გვესახება უკუკათექსისთან დაკავშირებული გამოხატულება – განდევნა გამოიყურება, როგორც დაცვა, პირველი არა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ინდივიდის ფსიქიკური მომავალისთვის (მე ვფიქრობ აქ ლათინურ prima -“პირველი” და summa -“უმაღლესი”-ს შორის განსხვავებებზე ) ფროიდმა აღწერა ფორმათა სერიები, რომლებიც დღეს უნდა გადაიხედოს და რომელთა ფუნქციაა ყველა სხვა დაცვის რეგულაცია – მოცვა.
- Regection -მიუღებლობა; ეს არის ინსტინქტების ან ინსტინქტთა წარმოდგენების რადიკალური მიუღებლობა, რომელიც პირდაპირ ან დაფარულად გამოდევნის ინსტინქტებს და, რომლებიც, ამის მიუხედავად, რეალობის გავლით ბრუნდებიან პროექციის გზით.
2 Denial, disavowal, გააჩნია თარგმანს, წარმოდგენის განდევნა;
- repression-განდევნა; რაც პირდაპირ აფექტებისა და ინსტინქტთა წარმოდგენებისკენაა მიმართული.
- და, ბოლოს, negation- უარყოფა; ის მიმართულია განსჯის უნარისაკენ. ეს არის ცნობიერეაბში ნეგატიური ფორმით დაშვება- “ეს არ არის” იგივეა, რაც “ეს არის”.
როგორც ამ ძალიან ნათელი და ყველაზე დამახასიათებელი ასპექტებიდან ჩანს, მორალური ნარცისიზმი შუალედური სიტუაციის შესატყვისია, სადღაც უარყოფასა და მიუღებლობას შორის. აქ უნდა აღვნიშნოთ მისი სტრუქტურის სერიოზულობა, რაც მას ფსიქოზთან აახლოვებს. ამ აზრს რამდენიმე არგუმენტი ამყარებს. პირველი არის თავისთვად “ნარცისული ნევროზის” ფორმა, და კლინიკურმა კვლევებმა შეგვაჩვიეს, რომ მას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ამის შემდეგი თავად კონფლიქტის დინამიკაა, რომელიც ინსტინქტთა უარყოფას მოიცავს, რაც რეალობის უარყოფასთან ასოცირდება. აქ არის უარყოფა იმისა, რომ სამყარო დაინახო ისეთი, როგორიც არის, ანუ ბრძოლის ველად, სადაც ადამიანის დაუკმაყოფილებელი მადა ხელჩართულ ომებშია. და, ბოლოს, მორალურ ნარცისიზმში არის გარკვეული ოდენობის მეგალომანია, რომელიც მოიცავს ობიექტის კათექსისის უარყოფას მეს მიერ. თუმცა ეს არ არის რეალობის ისეთი განდევნა, როგორც ფსიქოზის შემთხვევაში. ეს უფრო სამყაროს წესრიგის და პირადი კავშირის უარყოფა პიროვნების სურვილებთან. ამ გაგებით, თუ გავიხსენებთ ფროიდის მიერ განდევნის disavowal აღწერას ფეტიშის კასტრაციასთან ბმის კავშირში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორაა მორალური ნარცისიც მსგავსად ჩაბმული სიცარიელის (ხვრელების) შევსების ფუნქციაში იმით, რომ აჩერებს ყოვლისშემძლე ღვთიურ იმიჯს, რათა გამოავლინოს დაცულობის არარსებობა; ამავე დროს, ის თავის თავს სთავაზობს ამ აუტანელი დეფიციტის შევსებას. “თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დაშვებულია”-ამბობს დოსტოევსკის გმირი. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ჩვენთვის დაშვებულია მისი ჩანაცვლება და მე უნდა გავხდე მაგალითი იმისა, რაც ღვთის რწმენას დააბრუნებს. ამისთვის მე მინდობილობით გავხდები ღმერთის წარმომადგენელი. გასაგებია, რომ ამ წამოწყების მარცხს დეპრესია მოაქვს ( შესაბამის რეჟიმში “ყველაფერი ან არაფერი”) მედიაციის გარეშე.
ნარცისიზმის სხვა ასპექტები
ნარცისიზმის ჩვენს მიერ გამოყოფილი სამი ასპექტი – მორალური, ინტელექტუალური და სხეულებრივი- წარმოადგენს კათექსისის ვერსიებს, რომელთაც უპირატესობა მიენიჭათ მოცემული ინდივიდუალური კონფლიქტის კონფიგურაციის შესაბამისად, დაცვის მიზნით, ან იდენტიფიკაციის გამო. მაგრამ როგორც ნარცისული ურთიერთობაა განუყოფელი ობიექტის ურთიერთობისაგან, ზუსტად ასევე ურთიერთდამოკიდებულია ნარცისიზმის განშტოებული ასპექტებიც.
მორალურ ნარცისიზმს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ინტელექტუალურ ნარცისიზმთან. ვიმეორებ, რომ ინტელექტუალური ნარცისიზმი გვესმის, როგორც თვითკმარობისა და თვითდაფასების ფორმა, რომელიც ინტელექტუალური მოხერხებულობის, ან ინტელექტუალური ცდუნების მეშვეობით ახერხებს ადამიანური სურვილების ნაკლებობის შევსებას. არც თუ იშვიათია, როცა მორალური ნარცისიზმი უკავშირდება ინტელექტუალურ ნარცისიზმს და ამ სახით ჩაენაცვლება ფსევდო სუბლიმაციაზე დამატებით. დესექსუალიზირებული კათექსის ჰიპერტროპია, რომელიც, ჩვეულებრივ, ნაწილობრივი პრეგენიტალური ინსტინქტების ჩანაცვლებას ახდენს (სკოპოფილია- ექსგიბიციონიზი და სადო-მაზოხიზმი), აძლიერებს მორალურ ნარცისიზმს. ჩვენ აქ გარკვეულ მსგავსებას ვხედავთ რელიგური ორდენების ინტელექტუალურ ერუდიციასთან; ამ მორალური ან ფილოსოფიური ხასიათის ინტელექტუალური გამოკვლების მიზანია ფილოსოფიის ან ღმერთის მეშვეობით იპოვის იმგვარი ეთიკის მიზეზები, რომელიც ინსტინქტურ ცხოვრებას ეწინააღმდეგება, ხედავს მასში იმას, რაც არა მხოლოდ ნებისმიერ ფასად უნდა განიდევნოს, არამედ სრულად უნდა აღმოიფხვრას. ინსტინქტური ცხოვრება განიცდება როგორც სირცხვილი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი აღიქმება ფარისეველად ამ საქმის დამალულ/საეჭვო მიზანთან კავშირში. ეს სირცხვილი ინტელექტუალურ აქტივობაშია გადატანილი, სადაც სრულიად მოცულია დანაშაულით. აქ ტერმინი აკლია: უნდა იყოს სირცხვილით მოცული, რადგან ფხიზელი ზემე გადაიქცევა ზენათელ /ექსტრა-ლუციდურ მდევნელად; ინტელექტუალური გამართლებების მიღმა იგი იხსენებს და ინანიებს ინსტინქტური ცხოვრების ნარჩენებს, რომლებიც მეს წამებას აგრძელებენ. ასევე დასჯილია განდიდების ფანტაზია, რომლის რაციონალური და ინტელექტუალური მიზანია პიროვნების მორალური უპირატესობის გაზრდა.
სხვა შემთხვევებში ინტელექტუალური აქტივობა, რაც მამის ფალოსის სინონიმია, ისე გადის ევოლუციას, რომ სკოლაში ჩატარებული ბავშვური ცდები მოზარდობაში იბლოკება. აქ უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ სუბლიმაციისა და რეგრესიის ანალიზს მოქმედებიდან ფიქრამდე. რადგან ამ საკითხმა ჩვენს მიერ დაწესებული ჩარჩოების გარეთ გავიყვანა, მოკლე დისკუსით შემოვიფარგლები:
ინტელექტუალური აქტივობა – იქნება ეს ფანტაზიის თანხლებით ან უმისოდ, უმაღლესად ეროტიზირებული და დანაშაულით მოცულია და ამ ყველაფრის გარდა, განიცდება, როგორც სამარცხვინოდ ყოფნა. მას თან ახლავს თავის ტკივილები, უძილობა, კონცენტრაციის სირთულეები კითხვისას და ცოდნის გამოყენების უუნარობა. ეს ყოველივე სამარცხვინოა, რადგანაც ამ აქტივობაში ჩართული პიროვნება ამას სექსუალობასთან აკავშირებს:” მე ვკითხულობ ნაშრომებს უმაღლესი მორალური და ჰუმანური ღირებულებების შესახებ, მაგრამ მე ამას ვაკეთებ ჩემს ირგვლივ მყოფთა მოსატყუებლად, რათა თავი მოვაჩვენო იმად, რაც სინამდვილეში არ ვარ, რადგანაც ჩემი გონება არაა წმინდა და მე მაქვს სექსუალური სურვილები”. მსგავს შემთხვევებში იშვითი არაა აღმოჩნდეს, რომ დედა ადანაშაულებს თავის შვილს არაჯანმრთელ ცნობისმოყვარეობაში.
ინტელექტუალური აქტივობა აგრესიული ინსტინქტებისათვის გასაქცევ სარქველსაც წარმოადგენს. წაკითხვა ნიშნავს დესტრუქციული ხასიათის ძლიერების ინკორპორირებას; კითხვა არის ჭამა მშობლების ცხედრების წინაშე, რომლებსაც ის კლავს კითხვით, ცოდნის შეძენით.
მორალური ნარცისიზმის შემთხვევაში ინტელექტუალურ აქტივობას და ფიქრის გავარჯიშებას სამყაროს გადაკეთება უდგას მხარში- ესაა მორალურობის დაფუძნება-ნამდვილი პარანოიდური აქტივობა, რომელიც გამუდმებით გადააკეთებს და ცვლის რეალობას იმ შაბლონის შესაბამისად, სადაც ყველაფერი ინსტინქტური გამოტოვებულ უნდა იქნას, ან კონფლიქტის გარეშე უნდა გადაწყდეს.
შევაჯამოთ: “წარმოდგენა – ცნობიერი სისტემა”, რომელიც ნარცისულად კათექსირებულია, მეთვალყურეობის ქვეშაა და მკაცრად კონტროლდება ზემეს მიერ სწორედ ისევე, როგორც თვალთვალის ბოდვისას; თუმცა მას ეკონომიური წონასწორობის განსხვავებული ტიპი ახასიათებს.
მაგრამ ყველაზე ახლო ურთიერთობა მორალურ ნარცისიზმს, უპირველეს ყოვლისა, აქვს სხეულებრივ ნარცისიზმთან, როგორც შეიძლებოდა გვევარაუდა. სხეული, როგორც გარეგნობა და სიამოვნების წყარო, როგორც მაცდუნებელი და სხვისი დამპყრობელი, გამქრალია. მორალური ნარცისიზმის შემთხვევაში, ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები კი არ არიან- სხვა ადამიანები მას განადგურებული ჰყავს – ეს სხეულია. სხეული არის სხვა, მკვდრეთით აღმდგარი, მიუხედავად მისი კვალის გაქრობის მცდელობისა. სხეული ნიშნავს შეზღუდვას, ყმობას, დასასრულს. სწორედ ამიტომაც, თავიდან განცდილი მოუსვენრობა სხეულებრივი მოუსვენრობაა, რომელიც თავის თავს გამოხატავს. სწორედ ამიტომაც, ეს სუბიექტები თავის თავთან არაკომფორტულად არიან. ანალიტიკური სეანსი მათთვის ტანჯვაა, რადგან აქ შესაძლებელია სხეულმა ილაპარაკოს (ნაწლავური ხმები, ვაზომოტორული რექციები, ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება ..) ისინი აკოტროლებენ თავის ფანტაზიებს, მაგრამ საკუთარი სხეულის მიმართ უძლურნი არიან. სხეული მათი აბსოლუტური ბატონია-მათი სირცხვილი. ( ეს აუტანელი სხეულებრივი რეაქცები ამჟღავნებს სხეულის მიმართ შურისძიების სურვილს და მისი ლტოლვები მიმართულია დედასთან უადრესი ურთიერთობებისაკენ- ავად ის ძნელად აღიარებს საკუთარ ლიბიდურ ტენდენციებს, რაც რეაქტივირდება ბავშვის რეაქციების საშუალებით). სწორედ ამიტომაც ანალიტიკოსის ტახტზე ეს პირები გაქვევებული, არამობილური არიან. ისინი სტერეოტიპულად წვანან, რაც არ აძლევს მათ პოზიციის შეცვალის, ან რაიმენაირი მოძრაობის გააკეთების საშუალებას. ეს, რასაკვირველია, სხვა არაფერია, თუ არა სექსუალური სხეულის ჩანაცვლება- იმისი, რაც ვერ ბედავს თავისი სახელის ხსენებას. ვაზომოტორულმა რეაქციებმა ანალიტიკური სეანსების დროს შეიძლება გააწითლოს პიროვნება; ემოციას ცრემლი მოაქვს, რაც დამამცირებელი სურვილის გამომხატველია. შესაბამისად, სხეულის მოთხოვნილების საწინააღმდეგოდ, მისი გამოხატულება ხდება ამაზრზენი, უხეში, სევდისმომგვრელი- ანალიტიკოსის მიმართაც კი, გულგრილია მიზიდულობის კრიტერიუმის მიმართ. ჩვენ აღვნიშნეთ ის ასპექტები, რომლებიც დაცვას წარმოადგენს, მაგრამ ამ დამცირების მიღმა არ უნდა უგულებელვყოთ დამალული სიამოვნება და სიამაყე. “მე არც ქალი ვარ და არც კაცი, არც ერთი არა ვარ-” მითხრა მსგავსმა პაციენტმა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს მოუსვენრობა -რაც არ უნდა მტკივნეული იყოს- სიცოცხლის ნიშანია. მას შემდეგ, რაც ანალიზირებული მოახერხებს აკონტროლოს განგაშის ყველანაირი გამოვლინება, ვისცერალურის ჩათვლით-და ეს სულაც არ არის ისეთი შეუძლებელი, როგორც ზოგიერთებს ჰქონიათ- დგება სიჩუმის მომენტი; ის განიცდის საშიშ სიცარიელეს. სპილენძის ჩაფხუტის სიმძიმეს ცვლის კუბოს სახურავი და ის, რასაც ახლა განიცდის, შესაძლოა აღიწეროს, როგორც არარსებობა. შინაგანი სიცარიელე ბევრად უფრო აუტანელია, ვიდრე ის, რისგანაც პიროვნება დაცული იყო. მანამდე, სხვა თუ არა, რაღაცა ხდებოდა, ხოლო სხეულის კონტროლი მოასწავებს საბოლოო ძალის, სიკვდილის წინათგრძნობას.
ფსიქიკური განვითარება: ეროგენული ზონები და ობიექტებთან მიმართება
სხეულზე იმგვარი დამოკიდებულება, როგორსაც ნარცისებში ვხვდებით – განსაკუთრებით, ორალურ ნარცისებში, დედასთან ურთიერთობიდან იღებს სათავეს. ჩვენ ვიცით, რომ სიყვარული წარმოადგენს ადამიანურ ურთიერთობათა გასაღებს. თავისი შრომის ბოლო ნაწილში ფროიდი გამუდმებით ადარებდა ერთმანეთს ინსტინქტების განუყოფელ მოთხოვნებს ცივილიზაციის არანაკლებ განუყოფელ მოთხოვნებთან – ინსტინქტებზე უარის თქმასთან. მთელი განვითარება ამ წინააღმდეგობრიობებითაა სავსე. “მოსე და მონოთიზმში” ფროიდი ამბობს: ” როცა მე მსხვერპლზე მიდის ზემეს გამო და ინსტინქტებზე ამბობს უარს, ამის სანაცვლოდ მისგან მეტ სიყვარულს ელის; საამაყოა იმის გაცნობიერება, რომ უყვართ. იმ დროს, როცა ავტორიტეტი ჯერ კიდევ არაა გაშინაგანებული ზემეს სახით, შესაძლოა, არსებობდეს მსგავსი ურთიერთობა სიყვარულის დაკარგვის საფრთხესა და ინსტინქტთა მოთხოვნას შორის. როცა ადამიანი მიაღწევს ინსტინქტებისგან განდგომას მშობლების სიყვარულის გამო, ჩნდება დაცულობისა და დაკმაყოფილების განცდა. მაგრამ ამ ბედნიერების განცდამ შეიძლება მხოლოდ გვავარაუდებინოს სიამაყის განსაკუთრებული ნარცისული ხასიათი მას შემდეგ, როცა ავტორიტეტი თავად გახდება მეს ნაწილი” (1939 გვ 117)
ეს ამონარიდი გვიჩვენებს, რომ აუცილებელია განვითარებას შევხედოთ არანაკლებ ორი მხრიდან: ერთი მხრივ, გვაქვს ობიექტ-ლიბიდოს განვითარება ორალურობიდან ფალიკური და გენიტალური ფაზისკენ; მეორე მხრივ კი განვითარებაა ნარცისული ლიბიდოს აბსოლუტური დამოკიდებულებიდან გენიტალურ დამოუკიდებლობამდე. დამსახურებული უსაფრთხოება ახლაღაა მიღწეული, ანუ – არ ინაღვლო მშობლის სიყვარულის დაკარგვა – ინსტინქტებისგან განდგომის საშუალებით ნებადართული ხდება თვითშეფასების შეძენა. სიამოვნების პრინციპის უზენაესობა, ისევე, როგორც ევოლუციისა, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დედა თავიდანვე იძლევა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარანტიას ისე, რომ სურვილების ველი მნიშვნელოვანი ხდება. ასევეა ნარცისიზმის სფროში, რომელიც თავს მხოლოდ იმდენად იმკვიდრებს, რამდენადაცაა გარანტირებული მეს დაცულობა დედის მიერ. თუმცა, ეს დაცულობა და სურვილთა რიგი, შესაძლოა, დაზარალდეს დედის მიერ მოტანილი ნაადრევი კონფლიქტუალიზაციით. ამის შემდგომ ხდება სურვილთა მსხვრევა და ეს განიხილება, როგორც აუცილებელი. ნარცისული ჭრილობა, რომელიც ჩნდება ყოვლისშემძლეობის განცდის უუნარობის გამო და, შესაბამისად, ამის გადასაფარავად, იწვევს დედაზე მეტისმეტ დამოკიდებულებას, რადგანაც ეს დაცულობას ჰპირდება. დედა ხდება ყოვლისშემძლეობის დედაბოძი. ამას თან დაჰყვება იდეალიზაცია, რომლის ფსიქოზისკენ მიდრეკილი ხასიათი -განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ამას თან სდევს ლიბიდური სურვილების მსხვრევა-კარგადაა ცნობილი. ეს ყოვლისშემძლეობა უფრო ადვილი შესაქმნელია, რადგან ის შეესაბამება დედის სურვილს, ჩასახოს და მუცლად ატაროს ბავშვი მამის პენისის წვლილის გარეშე. მოკლედ-თითქოსდა ეს ბავშვი გარყვნილი, გაფუჭებული შედეგია ამ პენისით კონსტრუირების/გაჩენის გამოისობით.
ვინიკოტი დამოკიდებულების პრობლემებზე მუშაობდა; მან გვიჩვენა, თუ როგორ გამოიწვია ფსიქიკის დანარჩენი ნაწილის გახლეჩამ იმისაგან, რაც უარყოფილ იქნა, მის მიერ წოდებული “ყალბი მეს” კონსტრუირება და გამოყენება.
ის ფაქტი, რომ ეს პრობლემური ნარცისიზმი დროში თანხვდება ორალურობას, სადაც ძუძუზე დამოკიდებულება ძალიან დიდია, კიდევ უფრო ზრდის დამოკიდებულებას. ანალურ ფაზაში, სადაც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია კულტურული შეზღუდვები, სურვილებზე უარის თქმის მოთხოვნები უფრო მბრძანებლური ხდება და რეაქციული ფორმაციები ჭარბობს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეიძლება დაგვირგვინდეს ობსესიული და რიგიდული ხასიათით; უარეს შემთხვევაში კი შენიღბული პარანოიდული ფსიქოპათიური ფორმით, რაც მოიცავს საშიში და ამკრძალავი ობიექტის შთანთქმის ფანტაზიებს, რომელიც ანიმირებულია ანტილიბიდური ყოვლისშემძლეობით. ეს პრეგენიტალური გადმონაშთები მძიმედ აწვება ფალიკურ ფაზას და ბიჭის კასტრაციულ შიშებს ფუნდამენტურად დამამცირებელ ხასიათს აძლევს, ხოლო გოგოს პენისის შურთან მიმართებაში უჩნდება სიხარბე/შური, რისაც მას შერცხვება და რასაც ყველანაირად დაემალება.
იგი, მე, ზემე
მოდი ვნახოთ, თუ რა მიმართებაშია ნარცისიზმი იგისთან. ჩვენ აქ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ პირველად ნარცისიზმზე. წინა ნაშრომში ხაზი გავუსვი, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს- ის, რაც განეკუთვნება იგის, რომელიც აღიწერება ტერმინით აღტკინება ან ნარცისული გაფართოება, და ის -რაც მხოლოდ პირველადი ნარცისიზმის სფეროა, და რომელსაც მე დავახასიათებდი როგორც დაძაბულობის შემცირებას ნულოვან დონემდე. ჩვენ ახლახანს დავრწმუნდით, რომ მორალური ნარცისიზმის დონე ყავარჯენივით იყენებს მორალურობას, რათა განთავისუფლდეს იმ პერიპეტიებისაგან, რაც ობიექტთან აკავშირებს. ამიტომ მას სურს ამ შემოვლით მეთოდით დაიმსახუროს ობიექტის ყმობისაგან გათავისუფლება, რათა იგისა და მეს მისცეს საშუალება, რომ უყვარდეთ მომთხოვნ ზემეს და ტირანულ მე-იდეალს. მაგრამ მისტიფიკაციის მცდელობა მარცხს განიცდის- პირველყოვლისა იმიტომ, რომ ზემე ასე ადვილად არ მ ტყუვდება; ასევე იმიტომ, რომ იგის მოთხოვნები გრძელდება მეს ასკეტური მანევრირების მიუხედავად.
თუ ეს ისეა, როგორც ვთქვი- რომ მორალური ნარცისიზმი მორალს აუტოეროტიულ სიამოვნებად აქცევს, მაშინ უკეთ ხდება გასაგები, რომ მე, შესაძლოა, დაინტერესდეს ამ ოპერაციით, იყენებს რა მეორადი ნარცისიზმის ყველა საშუალებას, რათა მიიტაცოს ობიექტებისათვის განკუთვნილი კათექსისი. ეს ფარსი აძლევს მას უფლებას, მიმართოს იგის ფროიდის სიტყვების შესაბამისად: ” შემხედე, მე ისე ვგავარ ობიექტს, რომ შენ შეგიძლია მეც გიყვარდე,” და დაამატოს: “სხვა თუ არა, სუფთა ვარ, სუფთა ყველანაერი ეჭვისაგან, ყველანაირი უსუფთაობისაგან.”
თუმცა უეჭველია, რომ ზემესა და მე იდეალს შორის ყველაზე ახლო ურთიერთობაა. ჩვენ ხშირად ვუსვამ ხაზს იმას, რასაც ფროიდი ამბობდა 1923 წელს- იდეალის ფუნქცია ზემესთვის იგივეა, რაც ინსტინქტია იგისთვის და წარმოდგენა მესთვის ( ფროიდი, 1923). მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ: თუ დასაწყისში ყველაფერი იგია, უფრო ზუსტად- ლტოლვათა ანტაგონიზმი ( ეროსი და დესტრუქციული ინსტინქტი), გარე სამყროსგან დიფერენცირებას მივყავართ მეს კორტიკალიზაციის ჩამოყალიბებისაკენ, რაც განასხვავებს აღქმას და ინსტინქტთა წარმოდგენას. მედ და ზემედ გაყოფა, ამას დამატებით ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი ფესვებით იგიშია, განდევნასთან ერთად ითხოვს სამყაროს წარმოდგენას ისეთად, როგორც ადამიანს სურს და არის კიდეც- ამ გზით ახდენს ამის კონტროლს ნიშნების/კონოტაციის სისტემა. ამას მეორადად ან საკომპენსაციოდ მივყავართ იდეალური სურვილის გარე სინამდვილეზე შურისძიების ფუნქციის ჩამოყალიბებამდე. ეს ფუნქცია- ილუზიის ფუნქცია- შესაძლებელს ხდის ფანტაზიის სფეროს, ხელოვნებისა და რელიგიის არსებობას.
მორალური ნარცისისათვის იდეალი, რომელსაც ევოლუციის უნარი აქვს და, ამავე დროს, არც ერთ პირველად მოთხოვნაზე არ ამბობს უარს, თავდაპირველი ძალითაა შენარჩუნებული. პოულობს რა თავის პირველ გამოხატულებას მშობლების განდიდებაში, რაც მშობლების იდეალიზაციას წარმოადგენს, მე იდეალი ინარჩუნებს მშობლებთან, განსაკუთრებით, დედასთან ურთიერთობისათვის დამახასითებელ ყველა თვისებას. ამ სუბიექტთა შემთხვევაში, მათი მე- იდეალის სიყვარული ისეთივე არსებითია, როგორ არსებით ნუგეშსაც მოელიან დედისაგან, რომლის სიყვარული პირველი ილუზიაა: ” მე ვარ დაკმაყოფილებული, ამიტომაც მიყვარხარ”, -ამბობს მორალური ნარცისი. “-მათ, ვინც არ არის მზად, რომ მკვებოს, მე ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ .” თერაპიის პროცესში მორალური ნარცისი ითხოვს და ცდილობს მოიპოვოს იგივე უპირობო კვება, ან სიყვარული კათექსისის შემცირებით და პრივატიზებით ( თერაპიის მიზნის სრულიად საპირისპიროდ). ეს არის მისი ცდა, დარწმუნდეს სხვაზე უპირატესობაში და სხვის მიერ მის მსახურებაში. აქ ისევ ვპოულობთ სიყვარულისა და დაცულობის ბმას, რაზედაც ვსაუბრობდით. იყოს დაცული- დაცული იმ სამყაროსგან, რომელიც სიამოვნებას სთავაზობს ანალიტიკოსის ნარცისული სიყვარულის საშუალებით, რომელიც გადარჩენის, დაცულობის, სიყვარულის გარანტიას აძლევს-ეს არის მორალური ნარცისის სურვილი.
ხოლო ზემე? ჩვენ აღმოვაჩინეთ მორალური ნარცისის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი. მორალური ნარცისი, ფაქტიურად, ცხოვრობს გამუდმებულ დაძაბულობაში მე- იდეალსა და ზემეს შორის. მე იდეალის მაიდეალიზირებელი ფუნქცია გვიჩვენებს, თუ რისთვისაა ის საჭირო: მისი ფუნქციაა, აღდგინოს უარყოფილი ოკულტური დაკმაყოფილება, ამღვრეული უმანკოება. ზემე უარს აცხადებს ამ ფარსში მონაწილეობასა და მასში ჩართვაზე. სამაგიეროდ, მე-იდეალი ცდილობს, დაამციროს ზემე მისი მსხვერპლად შეწირვითა და განადგურებით. ზემე “სიამაყის ცოდვით” განმსჭვალავს მას მეგალომანიის დროს და მკაცრად სჯის მეს ამ მასკარადისთვის.
მორალური ნარცისის მე-იდეალი საკუთარ თავს იდეალ -მეს ნაშთებისაგან აშენებს: ეს ხდება ყოვლისშემძლე იდეალიზირებული დაკმაყოფილების ძალით, რომელიც უარყოფს კასტრაციის ლიმიტაციას და რომელიც, ამის გამო, უფრო ნაკლებადაა კავშირში ოიდიპოსის კომპლექსის ოიდიპურ ფაზასთან, ვიდრე მის წინა ფაზასთან.
აქ ჩვენ გვსურს თქვენი ყურადღება მივმართოთ რელიგიური ზემესკენ. ყოველი ზემე თავის თავში ატარებს რელიგის ჩანასახს, რადგანაც ის წარმოქმნილია არა მშობელთან, არამედ უფრო მშობლის ზემესთან გაიგივების შედეგადა: ესა გაიგივება მკვდარ მამასთან, წინაპართან. თუმცა, ყველა ზემეს არ შეესატყვისება შესაფასებელ კვიალიფიკაციად რელიგიური. ყველა რელიგიის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ის საფუძველად იღებს ზემეს და ახდენს მის ფორმირებას სისტემად – დოგმად, რაც მშობლების აკრძალვების აუცილებელი მედიატორია. ეს თვისება იგულისხმა ფროიდმა, როცა რელიგიას კაცობრიობის ობსესიური ნევროზი უწოდა. ამის საწინააღმდეგოდ, ნაცვალგების პრინციპით, მან ასევე განავითარა იდეა, რომ ობსიესიური ნევროზი არის ცალკეული რელიგიის ტრაგიკომიკური ფარსი. მორალური ნარცისი ბევრი რამით ჰგავს ობსესიურ პაციენტს, განსაკუთრებით ინტენსიური დესექსუალიზაციის ცდით ობიექტებთან ურთიერთობებში და ასევე შენიღბული დიდი აგრესიით. ჩვენ აღვნიშნეთ პარანოიასთან მიმართებაც. ეს დაკვირვებები რომ დავაჯგუფოთ, შეიძლება ითქვას, რომ რაც მეტი სიახლოვეა ობიექტებთან, მით უფრო მეტადაა ურთიერთობა ობსესიური. რაც უფრო ნაკლებია ეს კავშირები ობიექტებთან, მით უფრო პარანოიდულია ურთიერთობანი. ნებისმიერი მარცხი, როგორც პირველ, ასევე მეორეში შემთხვევაში, მე-იდეალის ნებისმიერი მოტყუება ობიექტის მიერ, დეპრესიას იწვევს.
მოდი, ვისაუბროთ სირცხვილისა და დანაშაულის ურთიერთმიმართებაზე და დოდსის იმ ვარაუდზე, რომ ბერძნული მითოლოგია გამოხმაურებას ჰპოვებს ნებისმიერ ინდივიდუალურ პათოლოგიურ სტრუქტურაში. სირცხვილი, როგორც უკვე ვთქვით, ნარცისული რიგისაა, ხოლო დანაშაული – ობიექტური რიგისა; მაგრამ ეს არ არის მთავარი. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს განცდები დაფუძნებულია პირველ რეაქციულ ფორმაციამდე დიდი ხნით ადრე, იოდიპოსის კომპლექსამდე, და ზემეს წინამორბედების შემადგენელია. ეს ხდება ზემეს გაშინაგანებამდე, ანუ ოიდიპოსის კომპლექსამდე. ამიტომაც, შესაბამისად, სირცხვილის დაკავშირება განვითარების პრეგენიტალურ ფაზებთან ხსნის არა მარტო მის ნარცისულ უპირატესობას, არამედ ასევე მის სასტიკ და უკომპრომისო ხასიათს, რაც რეპარაციის/აღდგენის არანაირ საშუალებას არ იძლევა.
ეს არის სქემატური ოპოზიციის ამბავი. ორივე- სირცხვილი და დანაშაული- ყოველთვის თანაარსებობს; თუმცა ანალიზში მათი გარჩევა უნდა მოხდეს. მასტურბაციასთან დაკავშირებული დანაშაული კასტრაციის შიშთანაა მიმართებაში; სირცხვილს აქვს ირაციონალური, პირველადი და აბსოლუტური ხასიათი. სირცხვილი არ არის კასტრაციის შიშის ამბავი, უფრო მაკასტრირებელ პირთან ნებისმიერი კომტაქტის აკრძალვაა. უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ნარცისიზმის დიფუზია და ობიექტებთან კავშირები აძლევს სირცხვილს ასეთ დიდი მნიშვნელობას. რადგანაც ნებისმიერი დიფუზია კავშირშია სიკვდილის ინსტინქტის გაძლიერებასთან, უფრო გასაგები ხდება სირცხვილის გამო თვითმკვლელობის შემთხვევა.
დავუბრუნდეთ მეს; სუბლიმაციის საკითხი გადადებული იყო და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. მე აღვნიშნე ფსევდოსუბლიმაცია, რომელსაც ზოგიერთმა შეიძლება დაცვითი სუბლიმაცია უწოდოს. მე ვთვლი, რომ ეს არაა შესაფერისი ცნება. ეს ტერმინი ნამდვილ სუბლიმაციას- იმას, რაც ყველაზე უფრო კეთილშობილია ადამიანში, დაცვით სუბლიმაციას უპირისპირებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა დამარცხებული სუბლიმაცია. უეჭველია, რომ არსებობს სუბლიმაციები, რომლებიც გარკვეული პათოლოგიური ფორმის წარმონაქმნები არიან. ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კონფლიქტის საავარიო გასასვლელი რეაქციულ ფორმაციად გადაქცევის აუცილებლობის გარეშე. რადგანაც ნებისმიერი სუბლიმაცია კასტრაციის შიშიდან იმართება, ამას მივყავართ ოიდიპოსის კომპლექსის დასასრულის საჭიროებისაკენ, რადგანაც არსებობს რისკი უფრო სერიოზული რისკების წარმოშობისა ლიბიდური ეკონომისათვის. მსგავს სუბლიმაციებს ინსტინქტთა ბედისწერა აქვთ. შესაბამისად, ის იმ ინსტინქტებით ხელშეწყობილი დაცვაა, რომელთა მიზანიც დათრგუნულია.
ის, რაც ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ მორალური ნარცისიზმის შესახებ, სასწავლებელია. შესაძლებელია დავაკვირდეთ არა მარტო ამ ცრუ სუბლიმაციას – რისი შედეგადებიც ძვირი უჯდება პიროვნებას, არამედ დავაკვირდეთ ასევე შეკავების პროცესსაც, რაც აჩერებს სუბლიმაციის პროცესს მეორადი დანაშაულით ( არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სირცხვილი ყოველთვის პირველია), ნაწილობრივ იმპულსებით, განსაკუთრებით, სკოპოფიილისას. როცა პიროვნება მიდრეკილია ფსევდო-სუბლიმაციისაკენ, ეს მექანიზმი სიამოვნების ერთადერთი იშვიათი წყაროა, უფრო ნაკლებხარისხიანი, ვიდრე სექსუალური სიამოვნება და უფრო ძვირადღირებული, მაგრამ მაინც სიამოვნებაა. მეზე ამ დაკვირვების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ის კონსტრუქცია, რასაც ვინიკოტი უწოდებს ყალბ მეს. აუთენტურობის ხარჯზე ის თავის თავზე იღებს იდეალიზირებულ და დეპრივატულ ქცევას; განსხვავება ისაა, რომ ეს პროცესი სრულიად არაცნობიერია.
ამ ყალბი მეს შემთხვევაში მნიშვნელოვანია არ დავაკნინოთ მისი ეკონომიკური ფუნქცია. მე უკვე აღვნიშნე, რომ ის, რაც მორალურ ნარცისიზმში დაცვითი ფუნქციაა, ასევე დაკმაყოფილების ჩამნაცვლებელიცაა (სიამაყე). მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ ძირითადი ეკონომიკური განხილვა, რომელიც ყალბ მეს და მორალურ ნარცისიზმს აერთებს ამ პიროვნებათა მეს ხერხემალში. ამიტომაც საშიშია მათზე იერიში, რადგანაც არსებობს ამ შინაგანი სტრუქტურის ჩამოშლის რისკი. სიცოცხლე, იმედგაცრუებების პოტენციური შესაძლებლობებით, ძალიან ხშირად აკეთებს ამას და მაშინ დგება დეპრესია ან მისი მომდევნო- სუიციდი.
ბისექსუალობა და სიკვდილის ინსტინქტი
ნარცისიზმის ბოლო მიზანი არის სხვისი სურვილის კვალის განადგურება და, შესაბამისად, მესა და სხვას შორის პირველსაწყისი განსხვავების გაუქმება. მაგრამ რა არის პირველსაწყისი განსხვავების გაუქმება დედის ძუძუსთან დაბრუნების შემთხვევაში? მორალური ნარიცსიზმის მიზანი- დაძაბულობის შემცირება ნულოვან დონემდე – არის სიკვდილი ან უკვდავება, რაც ერთი და იგივეა. ეს ხსნის, თუ რატომ გვაქვს ასეთ პაციეტებთან მუშაობისას განცდა, რომ მათი ცხოვრება არის გაჭიანურებული თვითმკვლელობა მაშინაც კი, როცა ისინი თავს ანებებენ საშინელი სიკვდილის იდეას. მაგრამ ეს სუიციდური ფორმა ავლენს ფაქტს, რომ ობიექტის გამოფიტვა, მოხმარება, მსხვერპლად ეწირება საშინელი ღმერთის სიყვარულს: თვით იდეალიზაიციას. ამავე დროს, პირველსაწყისი განსხვავების განდევნით ხდება ყველა სხვა განსხვავებისა და, რაღა თქმა უნდა, სექსუალური განსხვავების გაუქმება. არსებითად ეს იგივეა, რომ სურვილი ნულოვან დონემდე უნდა შემცირდეს და ობიექტის გარეშე დარჩეს, რომელიც ნაკლებობის ობიექტია; ობიექტი ხდება ნიშანი იმისა, რომ პიროვნება ლიმიტირებული, განუხორციელებელი და არასრულყოფილია. ფროიდი ” სიამოვნების პრინციპის მიღმა- ში” (1920) იშველიებს პლატონის მითს ანდროგენებზე, ფიგურაზე, რომელიც აღვიძებს პრიმიტიული დასრულების ფანტაზიას სექსუალური განსხვავებების არსებობამდე. მორალური ნარცისისათვის სექსუალური განსხვავებების უხერხულობა შესაძლოა განდევნილი იყოს თვითკმარობის მიერ. ნარცისული მთლიანობა ჯანმრთელობის ნიშანი კი არა, სიკვდილის მირაჟია. მორალური ნარცისიზმი არის ნარცისიზმი, რომელიც ერთდროულად პოზიტიურია და ნეგატიური. პოზიტიურია, რადგან ახდენს მისთვის ჩვეული ენერგიის კონცენტრაციას სუსტ და შეშინებულ მეში: ნეგატიურია, რადგანაც ეს არის გადაფასება არა დაკმაყოფილების, არა ფრუსტრაციის (ეს ასე იქნებოდა მაზოხიზმის შემთხვევაში), არამედ დანაკარგისა/უკმარობისა. თვითგვემა ხდება კასტრაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ბასტიონი.
აქ ჩნდება განსხვავებული ანალიზის მოთხოვნილება დეფიციტურობის ბუნების შესაბამისად; ეს იგივეა, რაც -სქესის შესაბამისად; კასტრაციის შიში ორივე სქესს ეხება. პენისის შური ორივე სქესს ეხება, მხოლოდ საწყისი განსხვავებებით: შური ეხება ორივე სქესს, მაგ. კაცს ეშინია იმის კასტრაციისა, რაც აქვს, ქალს ეშინია იმის კასტრაციისა, რაც შესაძლოა ჰქონოდა. ქალს სურს პენისი იმდენად, რამდენადაც ის მისი ბედისწერაა, კოიტუსიის ან გამრავლების გზით, მაგალითად. კაცს პენისი უნდა იმდენად, რამდენადაც მისი, ისევე როგორც ქალის კლიტორი, არასდროსა არაა საკმარისად დაფასებული. ჩვენ უნდ აგვახსოვდეს ამ სურვილების ურყევობა.
ამ მხრივ მორალური ნარცისიზმი გვანათლებს. კაცის შემთხვევა დეპრივაციული ქცევის გავლით შემდეგ დაცვამდე მიდის: არ შეიძლება კასტრირებული ვიყო, იმიტომ რომ მე აღარაფერი დამრჩა, მე ყველაფრისგან განვთავისუფლდი და ისეთ პოზიციაში ვარ, როცა ყველას შეუძლია აიღოს ის, რაც მაქვს. ქალის შემთხვევაში მიზეზის ასეთი იქნება:” მე არაფერი მაქვს, მაგრამ იმაზე მეტი არაფერი მინდა, ვიდრე ის არაფერი, რაც მაქვს.” ეს არის ნაკლულობის უარყოფა ან, პირიქით- მისი სიყვარული. ” მე არაფერი მაკლია. ამიტომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს და თუ კიდევაც დამაკლდება რამე, მე მეყვარება ეს დანაკლისი, თითქოს ის მე ვიყო.” კასტრაცია აგრძელებს ამ დევნის ხელმძღვანელობას, რადგანაც ეს დეფიციტურობა გადანაცვლდება მორალური სრულყოფილების მიმართულებით, რისკენაც მიისწრაფვის მორალური ნარცისი და რაც მას მუდმივად აშორებს თვითდაკისრებულ მოთხოვნებისაგან. აქ სირცხვილი ააშკარავებს მის სახეს, რომელიც თავსაბურით უნდა იყოს დაფარული.
ერთი არ შლის სხვის ნაკვალევს, არც სხვისი ნდომის სურვილში, რადგანაც სხვა იქნება მის სახეზე მიდებული და განუწყვეტლად გაიმეორებს: “შენ მარტო მე უნდა გიყვარდე. მხოლოდ მე ვიმსახურებ სიყვარულს.” მაგრამ ვინ იმალება ნიღბის უკან? ანარეკლი, სახე სარკეში? ეს ანარეკლები ცოცხლდება დედის ნეგატიური ჰალუცინაციის ჩარჩოში.
ჩვენ ვერ მივუბრუნდებით ამ საკითხს, რომელიც მე ახლახანს შევიმუშავე ( 1967). აქ ჩვენ განვავრცობთ ჰიპოთეზას იმის დემონსტრირებით, რომ თუ ნეგატიური ჰალუცინაცია საფუძველია იმისა, რაზეც დგას მორალური ნარცისიზმი პირველად ნარცისიზმთან მიმართებაში, მაშინ მამა არის ჩართული. დედობრივი გარემოს არარსებობის უარყოფა უერთდება მამის დასაბამიერ არყოფნას, როგორც ნათესაობის პრინციპის არქონას, რომლის შინაგანი კავშირებიც კანონთან აღიქმება. მორალური ნარცისიზმის შემთხვევაში შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამ შემოვლითი გზის მიზანი მხოლოდ პენისის – როგორც უნივერსალური დომინანტობის პრინციპის- ფლობაა. ამ სურვილის უარყოფა საზეიმო უარით არ ცვლის მის საბოლოო მიზანს. ასევე შემთხვევით არ ხდება, რომ ორივე სქესში ეს კასტრაციის საკითხია. ღმერთი ასექსუალურია, მაგრამ ღმერთი მამაა. მორალური ნარცისისთვის მისი ფალოსი უკუინკარნაციაა, მისი სუბსტანციის გაბათილებაა, აბსტრაქტული და ფუტურო შაბლონი.
სანამ მორალური ნარცისიზმისა და სიკვდილის ინსტინქტის ურთიერთდამოკიდებულებას დავასრულებდეთ, იდეალიზაციის საკითხს უნდა დავუბრუნდეთ. მელანი კლაინის დიდი დამსახურებაა, რომ იდეალიზაციას კუთვნილი ადგილი აქვს მინიჭებული. მისი გაგებით, იდეალიზაცია წარმოადგენს პირველსაწყისი გახლეჩის შედეგს კარგ და ცუდ ობიექტებად, და შესაბამისად, კარგ და ცუდ მედ. ეს გაორება/დიქოტომია მოიცავს იმას, რაც არსებობს იდეალიზირებულ ობიექტს (ანუ მეს) და მდევნელ ობიექტს შუა (ანუ მეს) პარანოიდულ შიზოიდურ ფაზაში. შესაბამისად, ობიექტის ან მეს გადამეტებული იდეალიზაცია ჩანს, როგორც გახლეჩის შედეგი….135
აქ უფრო ნათლადაა შესაძლებელი მაზოხიზმთან ურთიერთობის წარმოდგენა, რომელიც მრავალ კითხვას ბადებს მორალური ნარცისიზმთან მიმართებაში .
ტექნიკური დასკვნები მორალური ნარცისების მკურნალობაში
მორალური ნარცისების მკურნალობა დელიკატურ პრობლემებს ჰქმნის. ზემოთ უკვე მივანიშნე უფრო სერიოზულ წინააღმდეგობებზე მკურნალობის მსვლელობაში. ამ სირთულეებს მიეკუთვნება იმ მასალასთან წვდომა, რაც ობიექტთა ურთიერთობებთანაა მიბმული დედაზე (ასევე ანალიზის მიმართაც) ნარცისული დამოკიდებულების რეკონსტიტუციის მიღმა. ჩემი გამოცდილებით, ამ მკურნალობის გასაღებს, როგორც ყოველთვის, წარმოადგენს ანალიტიკოსის სურვილი(desire for the analyst) და ანალიტიკოსის უკუგადატანის პროვოცირება. ანალიტიკოსი, რომელმაც იცის, რომ უნდა გააგრძელოს ანალიზი, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პაციენტის ტყვე ხდება. ის ხდება დამოკიდებულების საპირისპირო პოლუსი, რადგანაც ამგვარ შემთხვევებში გაუგებარია, რით განსხვავდება პატიმარი საპყრობილის ზედამხედველისაგან. შესაბამისად, ანალიტიკოსი დგება ცდუნების წინაშე, შეცვალოს ანალიტიკური სიტუაცია, რათა ის წარმატებული გახადოს. რადგანაც სიკეთე ყველაზე ნაკლებად ახდენს დანაშაულის განცდის ინდუცირებას, ანალიტიკოსი სთავაზობს სიყვარულს იმის გაუაზრებლად, რომ დანაიდების უძირო კასრში პირველ ნაკადი უკვე ჩაასხა.[1] მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიყვარულის სურვილი მარად დაუკმაყოფილებელია და შესაძლებელია იმის დანახვა, თუ რა წყაროდან ივსებს მარაგებს სიყვარული: ისინი ლიმიტირებულია და, შესაბამისად, ამოწურვადი. მე მგონი, ამ შემთხვევაში ანალიტიკოსი ჩადის ტექნიკურ შეცდომას; ის პასუხობს პაციენტის სურვილს, რაც, როგორც ვიცით, საშიში ნაბიჯია. რადგანაც ეს მორალური ნარცისიზმის შემთხვევაა, ანალიტიკოსი მორალისტი ჩამნაცვლებელი ხდება, და, შესაბამისად, მოძღვარი. ამის შედეგად ანალიტიკოსი კარგავს თავის დამახასიათებელ ნიშანს, მისი ქმედითობის წყაროს. ეს ზუსტად იგივეა, ჰალუცინატორულ სიმპტომატოლოგიას რომ უპასუხო მანიფეტურ დონეზე. ამგვარი მოქმედებით ჩიხი იქმნება.
მეორე შესაძლებლობა არის გადატანის განმარტებები. სანამ ის ანალიტიკოსის სიტყვებით ობიექტურად გამოიხატება, მანამ ამ მასალისა მხოლოდ მსუბუქი ექო გაისმის, რომელიც ნარცისული ჯავშნით არის დაფარული. ზუსტად ამდენადვეა შესაძლებელი სექსუალური სურვილის გამოწვევა ჯავშანჩაცმულ ადამიანში. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლებად საშიშია. დაე, იყოს, ასეც მოხდეს. რადგანაც თერაპიის მიერ დადგენილ შეზღუდვებს სხვა ეფექტი არა აქვთ გარდა იმისა, რომ გააძლიერონ მორალური ნარცისიზმი, ანალიტიკოსი არის რისკის წინაშე, აწარმოოს დაუსრულებელი ანალიზი, და, შესაბამისად, ამგვარად დაკმაყოფილებულია პაციენტის დამოკიდებულების მოთხოვნილება.
ასე ჩანს, რომ გამოსავალი არაა. მაგრამ არის ერთი, რის დაწერასაც აქ მე ვერ გავბედავდი სუფრთხილის გამო, ზოგ შემთხვევაში საგრძნობი წინსვლა რომ არ მოყვებოდეს. ეს შეეხება ნარცისიზმის ანალიზს (და მისი გამოყენება სახიფათოა). ნარცისიზმის ანალიზი ეს არის პროექტი, რომელიც, შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც გადატანა კარგადაა დამყარებული და გაანალიზირებულია განმეორებითი ქცევები, ანალიტიკოსი გადაწყვეტს საკვანძო სიტყვების წარმოთქმას: სირცხვილი, სიამაყე, ღირსება, დამცირება, მიკრომანია და მეგალომანია. ამით, შესაბამისად, პიროვნება თავისუფლდება გარკვეული ტვირთისაგან, რადგანაც პაციენტის ყველაზე დიდი ფრუსტრაცია ანალიზის პროცესში არის ის, რომ მისი არ ესმით. იმდენად მკაცრი, რამდენადაც შეიძლება განმარტება იყოს, იმდენად სასტიკი, რამდენადაც სიმართლის გაგონებაა, ის ნაკლებად სასტიკია, ვიდრე რკინის უღელი, რომელშიც პაციენტია დატყვევებული. ხშირად ანალიტიკოსი ვერ იყენებს ამ მეთოდს, მას აქვს განცდა, რომ პაციენტის ტრავმირებას ახდენს. შესაბამისად, ის თავს იტყუებს, რომ კარგადაა საქმე. თუ ჩვენ გვჯერა არაცნობიერის, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება, შენიღბული ანალიტიკური ურთიერთობების ცივილურობით, პაციენტისათის ცნობილია ხდება ყველაზე უფრო შეუმჩნეველი მინიშნებების გზით.
ანალიტიკოსი პაციენტისათვის, შესაძლოა, იყოს სეპარაციის ოსტატი, მაგრამ ამ დროს ვერ გრძნობდეს, რომ ეს სეპარაცია მისი თავიდან მოშორების გზა არის. უფრო მეტიც, ხშირად ისინი, ვინც ამდაგვარ პაციენტებს მკურნალობენ და მათი შეუვალობის პირისპირ ხვდებიან, ყველაზე უფრო მეგობრული გზით გაურბიან ამას, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად მაინც. მოკლედ- აქ ჩვენ სხვას არაფერს გთავაზობთ, გარდა სიმართლის ტექნიკისა, და ეს არაა ორთოპედიული ტექნიკა.
ეს განმარტებითი მიდგომა დროდადრო, შესაძლოა, მივიდეს იდეალიზაცია-დევნის პრობლემამდე და გამოავლინოს, თუ რა იმალება დევნაში იდეალიზაციის ფასადის მიღმა. დაცვა დევნისაგან ( ობიექტის მხრიდან და მეს ტანჯვა; მეს მხრიდან და ობიექტის ტანჯვა) ამავე დროს არის შენიღბული ფორმით გაქცევა დევნისაგან. ამის საშუალებით ხდება დედასთან ობიქტური ბმის აღდგენა. ნათელი ხდება მეს საყვედური ობიექტის მიმართ და ობიექტის საყვედური მეს მიმართ. ნარცისული დაკმაყოფილებისათვის რესურსი შეიძლება აღირცხოს მარტო ობიექტის დეფიციტით, თუ ეს დეფიციტი ნამდვილია, ან წარმოადგენს ბავშვის დაუოკებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უუნარობის შედეგს.
მორალური ნარცისიზმის ჰეროიკული მოღვაწეები
ყველაფერი, რაც აქ დავწერე, გარდა ჩემი აპოლოგიისა აიაქსისა და ოიდიპოსის შესახებ, პაციენტებზე დაკვირვებიდან მოვიტანე. ნაგულისხმევი ნარცისული რეგრესია მათ აქცევს ნამდვილი სურათის კარიკატურებად, რომელთა აღმოაჩენა ჩვენს ირგვლივ ძნელი არაა. შეიძლება მთლად კარიკატურები არა, ზოგი გმირი შეიძლება განვიხილოთ – აიაქსისგან განსხვავებული, ვინც უკიდურესი შემთხვევაა.
გავიხსენოთ, მაგალითად, ბრუტუსი, რომელიც აღწერილია შექსპირის “იულიუს კეისარში”. ბრუტუსი კეისარს კლავს არა შურისძიების ან ამბიციის გამო, არამედ პატრიოტიზმის გამო, რადგანაც ის რესპუბლიკელია და თავის მამინაცვალსში ხედავს საფრთხეს რომის ღირსებითვის. როდესაც ვინმე ღირსებისათვის კლავს, ამის შემდეგ აღარ არის იმდენად ღირსეული, რომ მკვლელობა გაასამართლოს; შესაბამისად, ის უარს ამბობს ფიცით დაუკავშირდეს სხვა შეთქმულებს, რადგანაც თითოეულმა მათგანმა მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე უნდა აგოს პასუხი:
…….. რა ფიცი გვინდა,
რაკი ვპირდებით ერთმანეთსა პატიოსნურად,
ეს განაზრახი შევასრულოთ, ან გავწყდეთ მისთვის?
( აქტი 2,სც I)
” ღირსება უპირველესია! ბრუტუსმა უკვე გაგვაფრთხილა: მე ღირსება უფრო მიყვარს, ვიდრე სიკვდილისა მეშინია.” ( აქტი 1,სც II)
ამ პრინციპის შესაბამისია ეს არაჯანმრთელი აქტი სულ მცირე, პოლიტიკური დებიუტანტებისა (კასიუსმა იცის ეს, მან გააფრთხილა ბრუტუსი, რომ მან არ იცოდა, თუ რას სჩადიოდა, როდესაც კეისარის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს, მარკუს ანტონიუსს, მის საფლავზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა მისცა ). სწორედ ამიტომ მიმართავს სასტიკი საყვედურებით ბრძოლის წინ გაბედულ კასიუსს, მოკავშირეს, რომელიც დაადანაშაულა იმაში, რასაც დღეს ომით სარგებლობას ვუწოდებთ და, ბოლოს, მისი თვითმკვლელობა, რომელიც წარმოადგენს მისი შეულახავი ღირსების დამატებით დასტურს. თუმცა ამის მიუხედავად, მისი ჰეროიკული მოტივი არ წარმოადგენს აუცილებლობას არც რესპუბლიკისთვის, არც ქვეყნისთვის, არც ძალაუფლებისთვის.
სიყვარულსაც ჰყავს თავისი მორალური ნარცისი გმირები. მათ შორის საუკეთესო დონ კოხოტია, ანალიზის მფარველი წმინდანი, განსაკუთრებულად სანუკვარი ფროდისათვის. გავიხსენოთ ეპიზოდი, სადაც დონ კიხოტი სიერა მორენაში მიდის, რათა იქ განდეგილივით იცხოვროს. ის ანაკუწებს თავის მცირე კუთვნილებას, იწყებს ტანსაცმლის გლეჯას, სხეულს იწკეპლავს და გიჟურად დახტის, რაც ძლიერ აკვირვებს სანჩო პანსას. როცა ეს უკანასკნელი ახსნა- განმარტებას თხოვს, ილუზიონისტი იდალგო უხსნის ამ უბრალო კაცს, რომ ის მხოლოდ რაინდული რომანების სასიყვარულო კოდს ასრულებს. დონ კიხოტი ეძებს გმირობას, რომელსაც შეუძლია სიყვარულის სახელით მისი უკვდავყოფა, სიყვარულისა, რომელიც არა მხოლოდ სრულიად წმინდა, ხორციელი სურვილების გარეშე უნდა იყოს, არამედ, რომელმაც შეიძლება სრულიად დააღატაკოს. ამდაგვარ თვით გაღატაკებამდე დონ კიხოტი ამადისის ან როლანდის მიბაძვით მივიდა, სიგიჟის ჩათვლით ან, თუნდაც, მისი იმიტირებით. -” მე ვარ გიჟი და მე უნდა ვიყო გიჟი”-ამას ეუბნება სანჩო პანსას დონ კიხოტი, ვიცი სიგიჟეც აქ ღირსების ნიშანია. დონ კიხოტის მიერ დულცინეას – “ღირსეული ქალბატონის” აღწერისას, სანჩო ხედავს “მრევლში ყველაზე ავხორც მწყემს ქალს….” შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ აქ ნარცისიზმი კი არა, ობიექტის სიყვარულია- საყვარელი ობიექტისათვის დონ კიხოტი დანაკლისს და სისასტიკეს იტანს- მაგრამ არა, ეს მხოლოდ იდეალური იმიჯის ნარცისული პროექციაა და გენიალური სერვანტესი შემთხვევით არ ამთავრებს ამ რომანს თავისი გმირის უარყოფით: “- კმარა, ჩემო მეგობრებო, – გააწყვეტინა დონ კიხოტმა, … აგრემც იყოს, რომ ჩემმა გულწრფელმა მონანიებამ თქვენი უწინდელი პატივისცემა დამიბრუნოს. ”
ეჭვშგარეშეა, რომ დონ კიხოტი და სანჩო პანსა მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. მაგრამ ისინი თავისთავად ცხოვრობენ ჩვენში. ფალსტაფი, იგივენაირად, სრულად და აბსოლუტურად ამორალური ნარცისია, რომლიც მონოლოგიც ღირსებაზე გაკიცხვას იმსახურებს უხეშობის გამო და იმსახურებს აღფრთოვანებასაც სიმართლისათვის. ჩვენ დაბმულები ვართ აუცილებელ ილუზიასა და არანაკლებ აუცილებელ სიმართლეს შორის.
ეს გმირები ფილოსოფოსის მიერაა აღწერილი. ვერ იცანით აქ, ამ ფურცლებზე, ისევ და ისევ ჰეგელი და მისი მშვენიერი სული სამყაროს წესრიგზე ზრუნვით, მისი შეცვლის სურვილით მაგრამ მისი ღირსებით შეწუხებული? მას იმ ცომის გადაზელვა უნდა, რა ცომისაგანაც ადამიანები არიან მოზელილნი, მაგრამ თან უნდა, რომ ხელები სუფთა ჰქონდეს. ვიცით, თუ რას აკეთებდა ჰეგელი, როცა ის უკვდავყოფდა მშვენიერ სულს თავის კალმით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივიღოთ ” გონის ფენომენოლოგია” იმ ტრიუმფად, რაც შესაძლოა ჰქონდეს ამ მშვენიერ სულს.
ეს მშვენიერი სული მორალური სინდისისა-განა ვერ ვხვდებით, თუ რამდენად უახლოვდება ის პრეზუმფციის ილუზიას/უდანაშაულობის ბოდვას, გულის ამ კანონს, რომლის ათვლის წერტილი პარანოიაა? ყოველ შემთხვევაში, ჰეგელს არ გამოჰპარვია მისი ნარცისული ბუნება “…” აქ არის მისი კავშირი ყველაზე უფრო პირველად ნარცისიზმთან: ” ჩვენ ვხედავთ, რომ აქ თვითშეფასება სრულიად უარყოფილია, და მასთან ერთად მთელი გარემოც ისე, რომ უარყოფილი გაქრობის შემდეგ ბრუნდება მეს ინტუიციაში[2], რადგანაც მეს იდენტურია და ინტუიციაში, სადაც მხოლოდ ეს მეა მნიშვნელოვანი დამხოლოდ ის არსებობს”. ამის შედეგია “აბსოლუტური ურწმუნობა, რომელიც თავის თავში კოლაფსს განიცდის”.
ხომ არ არის ისე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სიკეთის უარყოფაზე და საპირისპიროს დაცვაზე?
დასკვნა
რამდენიმე საკითხი გაურკვეველი დავტოვეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მორალური ნარცისიზმის სტრუქტურა აქ მკაცრად საბოლოოა. ის გარკვეული ტიპის პაციენტებისთვის დამახასიათებელი თვისებების დომინირებაა. არავინაა სრულიად თავისუფალი მორალური ნარცისიზმისაგან. ასევ შესაძლებელია ყურადღება გავამახვილოთ ამ სტრუქტურულ თავისებურებაზე, როგორც ზოგიერთი პაციენტის ანალიზის გარკვეულ ფაზაზე. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ზოგიერთ შემთხვევასთან დაკავშირებით-მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ამ სტრუქტურის მონახაზები, ისინი არ არიან მასზე ტოტალურად მიბმულნი. მათ, შესაძლოა, განავითარონ – გამოცდილება ამას გვასწავლის- და მიაღწიონ სხვა პოზიციას. ჩვენ კმაყოფილებით ვართ იმით, რომ სასურველ ევოლუციას ვხედავთ იმ შემთხვევებში, სადაც სხვაგვარად ამის იმედი აღარ გვქონდა.
მოდი, ისევ შევხედოთ კავშირებს მორალურ ნარცისიზმსა და მორალურ მაზოხიზმს შორის. სასარგებლოა მათი გარჩევა ერთმანეთისაგან; ხომ არ არის ერთი მეორის შემნიღბველი? თუ ჩვენ მათ ურთიერთობას დავინახავთ იმ ტერმინებში, რომ ისინი ერთი მეორეს გადაფარავენ- მაშინაც კი, თუ ვფიქრობ, რომ მათი ურთიერთობა დიალექტიკურია, ეს მაინც განსხვავებული სერიების ამბავია. თუ ვინმე მაინც მიიღებს მათ ერთობას, მე ვეტყოდი, რომ ნამდვილი მაზოხიზმი მორალური ნარცისიზმია, რადგანაც უკანასკნელში არსებობს ცდა, შეამციროს დაძაბულობა ნულოვან დონემდე- ესაა მაზოხიზმის ფინალური მიზანი, რადგანაც მისი ბედისწერა მიმაგრებულია სიკვდილის ინსტინქტთან და ნირვანას პრინციპთან. რომ გავიმეოროთ: ტანჯვასთან კავშირი მოიცავს ობიექტებთან ურთიერთობას-ნარცისიზმი თავად სუბიექტს აპატარავებს თავის თავში, იმ ნულამდე, რაც არის სუბიექტი.
დესექსუალიზიაცია მიმართულია ლიბიდური და აგრესიული ინსტინქტებისკენ, ობიექტისა და მე-სკენ. სიკვდილის ინსტინქტისთვის მიცემული დიდი სპექტრი მიზნად ისახავს პიროვნების განადგულებას, რომელიც ბოლო ფანტაზიად მიიჩნევა. სიკვდილი და ამორალურობა აქ ერთდება.
სიმართლე რომ გითხრათ, უკიდურესი გადაწყვეტილება არასოდეს არაა ანგარიშში ჩასაგდები; ის, რაც შეიძლება გაკეთდეს კლინიკაში, და, განსაკუთრებით, ფსიქოანალიტიკურ კლინიკაში, ორიენტირებულია დიაგრამებზე, რომლებიც ასიმპტოტიკურ ჩარჩოებში მოძრაობენ. ამ გაგებით, სირცხვილსა და დანაშაულს შორის ურთიერთმიმართება უფრო კომპლექსურია, ვიდრე ზემოთ აღვწერეთ; მაგრამ სირცხვილის დესტრუქციული ხასიათი წამყვანია: შესაძლოა, დანაშაული გაზიარებული იქნას, მაგრამ სირცხვილს ვერავის გაუზიარებ. თუმცა, არსებობს კავშირები სირცხვილსა და დანაშაულს შორის- შესაძლოა, გრცხვენოდეს შენი დანაშაულის, შესაძლოა, დამნაშავედ გრძნობდე თავს შენი სირცხვილის გამო. მაგრამ ანალიტიკოსი ნათლად განასხვავებს გახლეჩილ დონეებს, როცა თავისი პაციენტის პირისპირ მყოფი გრძნობს იმ მასშტაბებს, რითიც მიბმულია დანაშაული არაცნობიერ წყაროებთან და თუ როგორ შეიძლება ნაწილობრივ შემცირდეს ეს ანალიზის შედეგად. ამის საპირისპიროდ, სირცხვილს გამოუსწორებელი ხასიათი აქვს. დანაშაულის გამოსავალი სიამოვნების უსიამოვნებაში ტრანსფორმაციაა; სირცხვილისათვის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ნარცისიზმის გზაა შესაძლებელი. ხდება აფექტთა ნეიტრალიზაცია; ეს სასიკვდილო ორგანიზაციაა, რომელიც სიზიფეს შრომის ტოლფასია. მე არც ერთი არ მიყვარს. მე მხოლოდ ჩემი თავი მიყვარს. მე მხოლოდ ჩემი თავი მიყვარს. არა. მე.. … იგივე პროგრესიაა სიძულვილის შემთხვევაშიც: მე არავინ მძულს, მე მხოლოდ ჩემი თავი მძულს, მე ჩემი თავი მძულს. მე არ მძულს, მე არა. მე. ამ წინადადებების პროგრესია თვალსაჩინოს ხდის მეგალომანიაკალური ” მეს” განაცხადის ევოლუციას ბოლო სტადიაში, სანამ გაქრება.
[1] იმ დიდი დანაშაულისათვის კი, რომელიც დანაიდებმა თავისი პირველი ქმრების და ნათესავების მკვლელობით ჩაიდინეს, საიქიოში სასტიკ სასჯელს იხდიან და განუწყვეტლივ იტანჯებიან. ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით დანაიდები ყოველდღე უძირო კასრში წყალს ასხამენ და ამ კასრის ამოვსებას ბოლო არ ეღება. აი ეს–ესაა უნდა გაივსოს ჭურჭელი, მაგრამ უეცრად გაეცლება წყალი და კასრი კვლავ ცარიელია. ისევ მოაქვთ დანაიდებს წყალი, ასხამენ უძირო ჭურჭელში, და ასე დაუსრულებლად გრძელდება მათი უნაყოფო მუშაობა. https://berdznulimitologia.wordpress.com/2012/03/14/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
[2] ინტუიცია- იდელისტურ ფილოსოფიაში- ჭეშმარიტების გაგება “უშუალო ჭვრეტით”, მისტიკური განსხივოსნებით მეცნიერული ანალიზის გარეშე