დონალდ ვინიკოტი, ობიექტის გამოყენება
(თავი დონალდ ვინიკოტის წიგნიდან “ თამაში და რეალობა”)
ამ თავში მე მსურს განვიხილოთ ობიექტის გამოყენების იდეა. ობიექტთა ურთიერთმიმართების თემა, ვფიქრობ, დაწვრილებით გვაქვს განხილული, ობიექტის გამოყენების თემა კი, შესაძლოა, არც არასდროს გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი.
ეს ნაშრომი ობიექტის გამოყენების საკითხის შესახებ სათავეს იღებს ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან და U ჩემი პირადი განვითარების პროცესიდან. მე, რა თქმა უნდა, არა მაქვს იმის პრეტენზია, რომ სხვებმაც ის გზა უნდა გაიარონ, რომლითაც ჩემი იდეები ვითარდებოდა. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო იდეების არსებულ თანმიმდევრობაზე. მით უმეტეს, რომ ის, რაც მე მინდა ვთქვა ამ თავში, საოცრად მარტივია. ეს სათქმელი გამომდინარეობს ჩემი ფსიქოანალიტიკური გამოცდილებიდან, თუმცა ფსიქოანალიტიკოსად მუშაობის ორი ათეული წლის წინ ვერ შევძლებდი მესაუბრა ტრანსფერული პროცესების შესახებ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვფლობდი სათანადო ტექნიკას. მაგალითად, მე სულ ახლახან ვისწავლე, თუ როგორ უნდა დაველოდო ტრანსფერის ბუნებრივ განვითარებას-იგი ვითარდება, როდესაც იზრდება პაციენტის ნდობა ფსიქოანალიტიკური მეთოდის და ანალიტიკური სიტუაციის მიმართ. Dდიდი ხანი არ არის, რაც შევძელი ხელი არ შევუშალო ამ ბუნებრივ პროცესს ჩემი Eინტერპრეტაციებით . ყურადღება მიაქციეთ – მე ვსაუბრობ ინტერპრეტირებაზე, და არა თვითონ განმარტებაზე. ვშიშობ, რომ ინტერპრეტირებისადმი ჩემი მიდრეკილების გამო შევაფერხე, ან არ დავუშვი მნიშვნელოვანი ცვლილებები პაციენტებში, რომელთა კლასიფიკაციას ვახდენდი და გარკვეულ კატეგორიას მივაკუთვნებდი. პაციენტსა და ფსიქოანალიტიკოსს შორის მხოლოდ მაშინ მიიღწევა შემოქმედებით ურთიერთგაგება, თუ მოცდა შეგვიძლია. ეს ყოველთვის დიდი სიხარულია; ახლა ამ სიხარულს ჩემთვის უფრო მეტი კმაყოფილება მოაქვს, ვიდრე ოდესღაც მოჰქონდა ჩემი თავის ჭკვიან ადამიანად შეგრძნებას. მე ვფიქრობ, რომ ინტერპრეტირებას ვახდენ ძირითადად იმისთვის, რომ ვაჩვენო პაციენტს ჩემი გაგების საზღვრები. პრინციპი კი ისაა, რომ პასუხები მხოლოდ პაციენტმა იცის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ან, არ შეგვიძლია მივცეთ მას იმის რეალიზების საშუალება, რაც მან იცის, ან რის გაცნობიერებასაც იწყებს.
სხვა საქმეა მუშაობა ინტერპრეტაციით; ეს ისაა, რაც განასხვავებს ანალიზს თვითანალიზისგან და რომელიც (თვითანალიზი) ანალიტიკოსისთვის, უბრალოდ, სავალდებულოა. ასეთი განმარტება ეფექტური რომ იყოს, ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის უნარს ანალიტიკოსი საკუთარი შინაგანი სამყაროს საზღვრებს მიღმა განათავსოს ( ტო პლაცე ტჰე ანალყსტ ოუტსიდე ტჰე არეა ოფ სუბჯეცტივე პჰენომენა ). ამის შემდეგ პაციენტი უკვე შეძლებს გამოიყენოს ანალიტიკოსი. სწორედ ეს საკითხია ამ სტატიის თემა. სწავლა, ისევე როგორც ბავშვის კვება, არ საჭიროებს ბავშვის მიერ გარე ობიექტების გამოყენების უნარის მტკიცებულებას. ჩვენს საქმეში კი აუცილებელია სპეციალურად მუშაობა ამ უნარის ფორმირებისა და განვითარებისთვის, ისევე, როგორც ჩვენს მიერ ამ საკითხში პაციენტის უუნარობის აღიარება.
მოსაზღვრე შემთხვევების ანალიზისას ხანდახან წავაწყდებით ხოლმე ისეთ ფაქიზ მოვლენებს, რომლებიც წარმოადგენს ხელმოსაჭიდს რეალური შიზოფრენიული მდგომარეობის შემეცნებაში. ტერმინით “მოსაზღვრე შემთხვევა” მე აღვნიშნავ სიტუაციებს, როდესაც სახეზეა ფსიქოზური დარღვევა, მაგრამ პაციენტს გააჩნია პიროვნების ფსიქონევროტული ორგანიზაციის საკმარისი დონე იმისათვის, რომ განუვითარდეს ფსიქონევროზი ან ფსიქოსომატური აშლილობა , როდესაც დგება ცენტრალური ფსიქოზური შფოთვის უხეში ფორმით გამოვლენის საშიშროება. ასეთ შემთხვევებში ფსიქოანალიტიკოსი შეიძლება წლების განმავლობაში უწყობდეს ხელს პაციენტის მოთხოვნილებას იყოს ფსიქონევროტიკი ( რაც შეშლილობის საპირისპიროა) და მკურნალობდეს მას, როგოც ფსიქონევროტიკს. ასეთი ანალიზი მიმდინარეობს ძალიან კარგად და ყველა კმაყოფილია. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ანალიზი არასდროს დამთავრდება. ის შესაძლოა შეწყდეს, პაციენტს ისიც შეუძლია, რომ აამოქმედოს თავის ცრუ ფსიქონევროტულობა, რათა ყველაფერი მადლიერების გამოხატვით დაამთავროს. მაგრამ სინამდვილეში პაციენტი ხვდება, რომ ფსიქოზური მდგომარეობის ძირეული ცვლილება არ მომხდარა და რომ ანალიტიკოსის და პაციენტის ფარულმა გარიგებამ წარმატებით ჩააფლავა ანალიზი. მაგრამ ეს მარცხიც კი შესაძლოა ღირებული იყოს იმ პირობით, რომ ორივე – ანალიტიკოსიც და პაციენტიც – აღიარებს მას. პაციენტს ასაკი მოემატა, გაიზარდა უბედური შემთხვევით ან დაავადებით მისი სიკვდილის ალბათობა, რაც ნამდვილი სუიციდის შესაძლებლობას ამცირებს. უფრო მეტიც, მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო. ფსიქოანალიზი ცხოვრების წესი რომ იყოს, მაშინ ასეთი მკურნალობა მისცემდა ადამიანს იმას, რაც ფსიქოანალიზს ეგების. მაგრამ ფსიქოანალიზი არ არის ცხოვრების წესი. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაასრულებენ მკურნალობას, დაგვივიწყებენ და აღმოაჩენენ, რომ თვითონ ცხოვრებაა სავსებით გააზრებული თერაპია. თუმცა ჩვენ ვწერთ ამ მოსაზღვრე მდგომარეობების შესახებ, გულის სიღრმეში ყოველთვის ვწუხვართ, რომ ეს სიღრმისეული აშლილობა ამოუცნობი და აუხსნელი რჩება. უფრო მკაფიოდ ამ საკითხს შევეხე ჩემს ნაშრომში კლასიფიკაციის შესახებ (ჭინნიცოტტ, 19.59-1964).
ალბათ ღირს კიდევ ცოტა ხნით შევჩერდეთ იმაზე, თუ რა განსხვავებას ვხედავ ობიექტთა ურთიერთმიმართებასა და ობიექტის გამოყენებას შორის. ობიექტთა ურთიერთმიმართებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ პიროვნულ ცვლილებებს, რამაც წარმოშვა ტერმინი “კატექსისი”- -ობიექტი გახდა მნიშვნელოვანი; ამუშავდა პროექციის და იდენტიფიკაციის მექანიზმები. ამის შედეგად სუბიექტი იმდენად დაცარიელდა, რომ მისი ნაწილები აღმოჩდა ობიექტში. თუმცა, ამავდროულად, სუბიექტი მდიდრდება ემოციური თვალსაზრისით. ამ ცვლილებებს თან ახლავს (უმნიშვნელო) ფიზიკური აგზნება გაძლიერებული ფუნქციონირებით (ორგაზმის მსგავსი მდგომარეობა). მოცემულ კონტექსტში მე განზრახ გვერდს ვუვლი ობიექტური დამოკიდებულების იმ ასპექტებს, რომელიც მიეკუთვნება ჯვარედინ იდენტიფიკაციას ( იხილეთ ქვევით, თავი 10, გვ. 210). ის დარჩება ჩვენი კვლევის მიღმა, რადგან წინ უძღვის ამ ნაშრომში განხილულ პროცესს- თვითჭვრეტიდან და სუბიექტის ობიექტებთან ურთიერთმიმართების სწავლიდან ობიექტების გამოყენებაზე გადასვლას.
ობიექტური ურთიერთმიმართებების გაგება შეიძლება მაშინ, როცა პიროვნებას წარმოვიდგენთ იზოლირებულ, ცალკე მდგომ სუბიექტად (ჭინნიცოტტ, 1958ბ, 1963а). თუმცა, როდესაც ვსაუბრობ ობიექტის გამოყენებაზე, მე ვიღებ ობიექტთა ურთიერთმიმართებას, როგორც თავისთავად არსებულს, მაგრამ ვუმატებ ახალ თვისებებს, რომელიც ეხება თვითონ ობიექტის ქცევის ბუნებას. მაგალითად, ობიექტის გამოყენება შესაძლებელი რომ იყოს, ის უნდა იყოს რეალური; უნდა წარმოადგენდეს ადამიანებს შორის განაწილებული რეალობის შემადგენელს და არა პროექციების კონგლომერატს. ვფიქრობ, სწორედ აქედან ჩნდება უდიდესი სხვაობა ობიექტთან დამოკიდებულებასა და ობიექტის გამოყენებას შორის.
თუ ჩემი მოსაზრება მართებულია, უნდა ვაღიარო, რომ ანალიტიკოსისთვის ობიექტთა ურთიერთმიმართების პრობლემების განხილვა უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე ობიექტების გამოყენების განხილვა. დამოკიდებულება სუფთა სუბიექტური ფენომენია და ფსიქოანალიზი ამაყობს, თუ შეძლო ყველა გარემო ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა – გარდა გარემოს განხილვისა პროექციის მექანიზმის თვალსაზრსით. რაც შეეხბა ობიექტის გამოყენებას, გამოსავალი აღარ არის: ანალიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს ობიექტის, არა როგორც პროექციის, არამედ არსებულის ბუნება.
ჯერჯერობით შევჩერდები ასეთ ფორმულირებაზე: ობიექტთა ურთიერთ- -მიმართება შეიძლება აღიწეროს სუბიექტის თვალსაზრისით, რომელიც გამოცალკევებულია გარე სამყაროსგან, ხოლო გამოყენება – მხოლოდ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ობიექტი არსებობდა ყოველთვის და სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ეს სწორედ ის პრობლემა და სფეროა, რაზედაც მე ვმუშაობ, სწორედ ამას ვუწოდებ მე გადასვლის ფენომენს. მაგრამ დამოკიდებულებიდან გამოყენებაზე გადასვლა არ ხდება ავტომატურად და მხოლოდ მომწიფების პროცსზეა არაა დამოკიდებული.
კლინიკური ტერმინოლოგიით: ორი ჩვილი ძუძუთი იკვებება. ერთისათვის კვება თვითონ მასშია, რადგანაც ძუძუ მისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მისგან გამოცალკევებულ ფენომენს. მეორე ჩვილი იკვებება არა “მე”-ს წყაროდან, არამედ ობიექტისგან, რომელსაც ის უცერემონიოდ ეპყრობა, თუ თვითონ ობიექტიც იმავეთი არ პასუხობს. დედები, ისევე როგორც ანალიტიკოსები, შეიძლება იყონ ან კარგები, ან არასაკმარისად კარგები: ზოგს შეუძლია, ზოგს კი არა, ხელი შეუწყოს ბავშვის დამოკიდებულებიდან გამოყენებაზე გადასვლის პროცესს. მინდა შეგახსენოთ, რომ გარდამავალი ობიექტების და ფენომენების კონცეფციის უმნიშვნელოვანესი თავისებურება (ჩემს მიერ წარმოდგენილი პრობლემის შესაბამისად) არის პარადოქსი და პარადოქსის მიღება: ბავშვი ქმნის ობიექტს, მაგრამ ეს ობიექტი უკვე ელოდა რომ ყოფილიყო შექმნილი და გამხდარიყო თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. მე ვცდილობდი გამემახვილებინა ამაზე ყურადღება, როცა ვამბობდი – ამ თამაშის წესების თანახმად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არასდროს მოვთხოვთ ბავშვს პასუხს შეკითხვაზე: შენ თვითონ შექმენი ეს თუ უბრალოდ იპოვე?
მე მზად არა ვარ ახლავე ჩამოვაყალიბო ჩემი თეზისი. როგორც ჩანს, მე იმის მეშინია, რომ ყველაფერი მეტად მარტივია და ძირითადი იდეა გაჟღერდება თუ არა, ჩემი მიზანიც მიღწეული იქნება.
ობიექტის გამოყენებისთვის სუბიექტს უნდა ჰქონდეს განვითარებული ამის უნარი. ეს არის რეალობის პრინციპზე გადასვლის პროცესის ნაწილი.
იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს უნარი თანდაყოლილია, ისევე როგორც იმას, რომ ის ვითარდება ინდივიდის შიგნით. ობიექტის გამოყენების უნარის განვითარება- ზრდის პროცესის ნიმუშია, რომელიც დამოკიდებულია კარგ სოციალურ გარემოზე.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდევრობა ასეთია: იწყება ობიექტური დამოკიდებულებით და მთავრდება ობიექტის გამოყენებით; შუალედში ხდება, შესაძლოა, ყველაზე რთული რამ ადამიანის განვითარებაში. შესაძლოA საჭირო იყოს ყველაზე უსიამოვნო ადრეული წარუმატებლობის გამოსწორება, რომელიც მუდმივად თავს იჩენს. ობიექტთან დამოკიდებულებასა და ობიექტის გამოყენებას შორის შუალედში სუბიექტი გადაადგილებს ობიექტს თავისი ყოვლისშემძლეობის ზონის მიღმა. ეს არის ობიექტის, როგორც გარე ფენომენად და არა პროეცირებულ მთლიანობად აღქმა, ანუ, ამ მთლიანობის, როგორც ავტონომიურობის, აღიარება.
ეს ცვლილება ( დამოკიდებულებიდან გამოყენებისაკენ) ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი ანგრევს ობიექტს. აქ ფილოსოფოსი დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ობიექტის გამოყენების მოვლენა: თუ ობიექტი არის შინაგანი, მაშინ ის ინგრევა სუბიექტის მიერ. მაგრამ თუ ეს ფილოსოფოსი წამოდგება თავისი სავარძლიდან და იატაკზე, პაციენტის გვერდით დაჯდება, ის აღმოაჩენს, რომ სიტუაცია შუალედურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის დაინახავს, რომ მას შემდეგ, რაც “სუბიექტი ააგებს თავის დამოკიდებულებას ობიექტის მიმართ”, ის დაიწყებს “ობიექტის ნგრევას” (რადგან ობიექტი შინაგანი ხდება). შემდგომში შეიძლება წარმოიშვას პროცესი “ობიექტი უძლებს სუბიექტის მხრიდან ნგრევას”.
მაგრამ ობიექტი შეიძლება გადარჩეს, შეიძლება არა. ამგვარად, ჩნდება ახალი ასპექტი ობიექტური დამოკიდებულების თეორიაში. სუბიექტი ეუბნება ობიექტს: “ მე დაგანგრიე შენ”, და ობიექტმა უნდა მიიღოს ეს შეტყობინება. სუბიექტი ამიერიდან იტყვის: “ გამარჯობა! მე დაგანგრიე შენ. მე მიყვარხარ შენ. შენ ჩემთვის რაღაცას ნიშნავ, შენ ხომ გადარჩი მას შემდეგ, რაც დაგანგრიე. სანამ მიყვარხარ, მანამადე მუდმივად დაგანგრევ ხოლმე ჩემს (არაცნობიერ) ფანტაზიაში”. აქ ინდივიდისთვის იწყება ფანტაზია. ახლა სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ობიექტი, რომელიც გადარჩა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სუბიექტი ანგრევს ობიექტს არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ობიექტი მდებარეობს მისი ყოვლისშემძლე (ომნიპოტენტ) კონტროლის მიღმა. აქ მნიშვნელოვანია ხელახალი, საპირისპირო ფორმულირება: თვითონ ობიექტის დანგრევას გააქვს ის ბავშვის ყოვლისშემძლეობის ზონიდან. ასე ვითარდება ობიექტის ცხოვრება და ავტონომია, ხოლო ობიექტს (თუკი ის გადარჩა) თავის მხრივ, თავისი თვისებების შესაბამისად, შეაქვს წვლილი სუბიექტის განვითარებაში. სხვა სიტყვებით, ობიექტები გადარჩებიან, და სუბიექტს საშუალება ეძლევა იცხოვროს ობიექტების სამყაროში. ასე რომ, მან უარი არ უნდა თქვას ასეთ ფასდაუდებელ სარგებელზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ობიქტთან დაკავშირებულ არაცნობიერ ფანტაზიაში ნგრევის მიღების ფასად.
სხვა სიტყვებით, ობიექტები გადარჩებიან, ხოლო სუბიექტს საშუალება ეძლევა იცხოვროს ობიექტების სამყაროში, ასე რომ, მან უარი არ უნდა თქვას ასეთ ფასდაუდებელ სარგებელზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ობიექტთან დაკავშირებულ არაცნობიერ ფანტაზიაში ნგრევის მიღების ფასად.
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო: ემოციური განვითარების ადრეულ სტადიებზე ინდივიდი ამ მდგომარეობას აღწევს მხოლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დანგრევის და ამის შემდეგ მათი გადარჩენის წყალობით. ისინი ინგრევა, რადგანაც რეალურია, და ხდება რეალური, რადგანაც დანგრეულია.
როცა ეს სტადია უკვე განვლილია, პროექციის მექანიზმები საშუალებას იძლევიან შევნიშნოთ გარშემო მყოფი საგნები, მაგრამ ისინი არ განაპირობებენ თავად ობიექტის იქ არსებობას. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სცილდება იმ თეორიის ფარგლებს, რომელიც გარე რეალობას მხოლოდ ინდივიდის პროექციის მექანიზმის თვალთახედვით განიხილავს.
ამგვარად, მე თითქმის მთლიანად ჩამოვაყალიბე ჩემი დასკვნა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ სუბიექტის პირველი იმპულსი ობიექტის მიმართ არის დესტრუქციული. ჩემი თეზისის ცენტრალური პოსტულატი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტი არ ანგრევს სუბიექტურ ობიექტს ( პროექციის მასალას), დესტრუქციულობა რჩება და ხდება ცენტრალური, რამდენადაც ობიექტი აღიქმება ობიექტურად, იძენს ავტონომიურობას, “გაყოფილი” რეალობის ნაწილი ხდება. ჩემი თეზისის ეს ნაწილი რთულია, ყოველ შემთხვევაში თვითონ ჩემთვის.
ძირითადად და მთლიანობაში გასაგებია, რომ რეალობის პრინციპი იწვევს ინდივიდის მრისხანების განცდას და რეაქტიულ დესტრუქციას, მე კი ვამტკიცებ, რომ დესტრუქციის როლი – თვითონ ამ რეალობის შექმნაა, ანუ ობიქტის მე-ს საზღვრებს გარეთ მოთავსება. Eეს რომ მოხდეს, საჭიროა სათანადო პირობები.
ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ არღვევს პროექციის მექანიზმები სუბიექტის მიერ ობიექტის შეცნობის უნარს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტი არსებობს სუბიექტის პროექციული მექანიზმების ფუნქციონირების გამო. თავიდან დამკვირვებელი იყენებს ტერმინებს, რომელიც თითქოს გამოსადეგია ერთდროულად ორივე ამ კონცეფციისთვის, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, თქვენ ვერ ნახავთ ვერანაირ სხვაობას ამ იდეებს შორის. სწორედ ამ პრობლემას ეხება ახლა ჩვენი კვლევა.
განვითარების იმ ეტაპზე, რომელსაც ახლა ვსწავლობთ, სუბიექტი იმყოფება ობიექტის შექმნის პროცესში, გარე სამყაროს შეცნობის თვალსაზრისით. აუცილებელია დავძინოთ, რომ ეს გამოცდილება დამოკიდებულია თვითონ ობიექტის გადარჩენის უნარზე. (მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ კონტექსტში “გადარჩენა” არ ნიშნავს საპასუხო შეტევაზე გადასვლას ). როცა ანალიზის პროცესში მსგავსი რამ ხდება, ანალიტიკოსი, ფსიქოანალიტიკური ტექნიკა და სიტუაცია პაციენტის დამანგრეველი აქტების შედეგად ან გადარჩება, ან იღუპება. პაციენტის ასეთი დესტრუქციული აქტივობა წარმოადგენს მცდელობას მოათავსოს ანალიტიკოსი საკუთარი განუსაზღვრელი კონტროლის მიღმა, ანუ გარე სამყაროში.
თუ სუბიექტს არა აქვს გაცნობიერებული საკუთარი დამანგრეველი ძალის მაქსიმუმი (ობიექტი არ არის დაცული), მაშინ ის არასდროს გადაიყვანს ანალიტიკოსს გარეთ, შესაბამისად, ვერასდროს წაიწევს წინ და შეფერხდება თვითანალიზის იმ ეტაპზე, როდესაც ფსიქოანალიტიკოსს იყენებენ მხოლოდ საკუთარი პიროვნების პროექციულ ნაწილად. კვების თვალსაზრისით, პაციენტი შეძლებს მიიღოს საკვები მხოლოდ საკუთარი მე-სგან და ვერ შეძლებს გამოიყენოს დედის ძუძუ წონაში მოსამატებლად. პაციენმა შეიძლება სიამოვნება მიიღოს ანალიზის შედეგად, მაგრამ მასში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება.U
და თუ თვითონ ანალიტიკოსი სუბიექტური ფენომენია, მაშინ რა შეიძლება ითქვას ნარჩენების მოცილებაზე? შემდგომში აუცილებელია ფორმულირება იმ კუთხით, თუ რა გამოგვაქვს გარეთ.
ფსიქოანალიზის პრაქტიკაში ამ სფეროში პოზიტიური ცვლილება, შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი. ის არ არის დამოკიდებული ინტერპრეტირებაზე. ის დამოკიდებულია ანალიტიკოსის გადარჩენაზე, რაც გულისხმობს რეაქციის უცვლელობის იდეას – საპასუხო დარტყმის არ- არსებობას. ამ დარტყმების გაძლება ძალინ ძნელია განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ღებულობენ მანიაკალურ, ბოდვით ფორმას, რაც აიძულებს ანალიტიკოსს ტექნიკურად არაადექვატურად მოიქცეს. ( მე ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როდესაც არასაიმედო ხარ ისეთ სიტუაციაში, როცა საიმედოობას მნიშვნელობა აქვს, ასევე გადარჩენაზე ცხოვრების შენარჩუნებაზე და საპასუხო თავდასხმის არ არსებობაზე).
ანალიტიკოსი მომართულია ინტერპრეტირებაზე, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პროცესი, და რომელიც პაციენტმა შესაძლოა აღიქვას ანალიტიკოსის თავდაცვად პაციენტიც შემოტევისაგან. უმჯობესია დაველოდოთ ამ ფაზის დასრულებას და შემდგომ განვიხილოთ პაციენტთან, რა მოხდა. ბუნებრივია, ანალიტიკოსს აქვს თავისი საკუთარი ადამიანური მოთხოვნილებები, მაგრამ ამ ეტაპზე განმარტება არ წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს და თავად არის გარკვეული საფრთხის შემცველი. ასეთი აუცილებელი ელემენტი აქ იქნება ანალიტიკოსის გადარჩენა და ფსიქოანალიტიკური ტექნიკის გამძლეობა.
წარმოიდგინეთ, რამდენად ტრავმატული შეიძლება აღმოჩნდეს ანალიტიკოსის დაღუპვა ასეთი ტიპის სამუშაო პროცესში. თუმცა ანალიტიკოსის ფაქტობრივი სიკვდილი იმდენად ცუდი არ არის, როგორც ანალიტიკოსის პოზიციის შეცვლა საპასუხო თავდასხმების მიმართულებით. ეს ის რისკია, რომელიც პაციენტმა, უბრალოდ, თავის თავზე უნდა აიღოს. როგორც წესი, ანალიტიკოსი ახერხებს გადაიტანოს ტრანსფერის მოძრაობის ეს ფაზები. ჯილდო, რომელიც მოყვება ყოველი ამ ეტაპის დასრულებას, არის სიყვარული, რომელიც ძლიერდება არაცნობიერი დანგრევის ფონზე.
მე ვფიქრობ, რომ განვითარების ეტაპის იდეა, რომელიც ობიექტის გადარჩენას მნიშვნელოვან მახასიათებლად განიხილავს, ეხება აგრესიის თეორიის ფესვებს. იმის თქმა, რომ რამდენიმე დღის ჩვილი ბავშვი გრძნობს შურს დედის ძუძუს მიმართ, არ იქნებოდა მართებული. თუმცა სავსებით მისაღებია ვისაუბროთ იმაზე, რომ დედის ძუძუს განადგურდება ხდება ბავშვის იმ ნებისმიერ ასაკში, როდესაც ძუძუ გადაიქცევა გარე ობიექტად ( პროექციის ფარგლებს მიღმა). მხედველობაში მაქვს განადგურებისკენ მიმართული აქტუალური იმპულსი.
დედის როლში უმნიშვნელოვანესია ის, რომ პირველი ადამიანია, რომელიც ბავშვს აიძულებს გადალახოს თავდასხმის შემდეგ გადარჩენის სიტუაცია (ამ მდგომარეობაში ბავშვი შემდგომში ბევრჯერ ჩავარდება). ბავშვის განვითარებაში ეს სწორედ შესაფერისი დროა, რადგან მას ჯერ კიდევ შედარებით ცოტა ძალა აქვს, და მისი დესტრუქციულობის გადატანა საკმაოდ ადვილია. დედები ადვილად რეაგირებენ კეთილად მანამ, სანამ მისი შვილი მხოლოდ კბენს ან ჩქმეტს მას. “ძუძუ” აქ ჟარგონია. იგულისხმება ადამიანის მთელი პიროვნული სფეროს განვითარება და ფორმირება, რომელშიც ადაპტაცია და დამოკიდებულება ურთიერთკავშირშია.
დააკვირდით, რომ სიტყვა “დანგრევას” ვიყენებ იმის აღსანიშნავად, რომ ობიექტი ვერ ახერხებს გადარჩენას. თუ ის ამას ახერხებს, მაშინ დანგრევა მხოლოდ შესაძლებლობის სახით რჩება. სიტყვა “დანგრევა” აუცილებელია, და არა იმიტომ, რომ ჩვილს აქვს დესტრუქციული იმპულსი, არამედ იმ მიზეზით, რომ ობიექტი მიდრეკილია მტვრევისა და არა გადარჩენისაკენ, და მაშასადამე, “თვისობრივი ცვალებადობისაკენ”.
მოცემულ თავში მე გთავაზობთ ახლებურ მოსაზრებას აგრესიის და მისი წარმომავლობის შესახებ. მაგალითად, არ არის საჭირო მივაწეროთ თანდაყოლილ აგრესიულობას მეტი, ვიდრე სხვა თანდაყოლილ თვისებებს. უდავოა, რომ ინდივიდების თანდაყოლილი აგრესიულობა რაოდენობრივად განსხვავებულია- ზუსტად ისევე, როგორც სხვა მემკვიდრული თვისებები. ახალშობილის ამ მძიმე ეტაპის გავლის გამოცდილებასთან დაკავშირებული განსხვავება კი პირიქით, უზარმაზარია.
სხვაობა თავად გამოცდილებაში, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ბავშვები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ეს ეტაპი, როგორც წესი, კლინიკურად უფრო აგრესიულები იქნებიან, ვიდრე ისინი ვისაც ეს ფაზა არ გაუვლია და აგრესია აკრძალული დარჩა (ეგო-სინტონური გახდა), ან გარდაიქმნა იმად, რაც შეკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ თავდასხმის ობიექტი არ გახდეს.
აქედან გამომდინარეობს აგრესიის თეორიის გადახედვის აუცილებლობა. ორთოდოქსულ ფსიქოანალიზში დომინირებს იდეა, რომ აგრესია არის რეაქცია რეალობის პრინციპთან შეჯახებაზე, ხოლო ჩვენ ის წარმოვადგინეთ დესტრუქციული აქტივობად, რომელიც ქმნის გარე სამყაროს, როგორც თვისობრივად ახალ რეალობას. ეს დებულებები იკავებს ცენტრალურ ადგილს ჩემი არგუმენტების აგებისას.
მოდით ცოტა ხნით მივუბრუნდეთ ზემოთაღწერილ თავდასხმებისა და გადარჩენის პროცესებს ადამიანური დამოკიდებულებების იერარქიაში. განადგურება – უფრო პრიმიტიული მოვლენაა, რომელიც ძლიერ განსხვავდება დანგრევისგან. განადგურება ნიშნავს “უიმედობას”, კატექსის შემცირებას, რადგანაც რეფლექსი, რომელიც აუცილებელია პირობითი რეაქციის ფორმირებისთვის არაფრით სრულდება. მეორე მხრივ, თავდასხმის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს რეალობის პრინციპთან შეჯახებისას რისხვით რეაქციას, უფრო რთულია და წინასწარ მოიცავს დანგრევის იდეას. ობიექტის დანგრევაში არ არის რისხვა, შეიძლება ითქვას, რომ ობიექტის გადარჩენას სიხარული მოაქვს. ამ ეტაპის დადგომიდან, ფანტაზიაში ობიექტს ყოველთვის ემუქრება განადგურება. “ყოველთვის განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი” ობიექტის რეალობა გადარჩენის შემდეგ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძლიერდება ემოციური ტონუსი, ამგვარად ობიექტის მუდმივობა უფრო მტკიცე ხდება. ახლა ეს ობიექტი შეიძლება იყოს გამოყენებული.
ბოლოს მინდა ვისაუბრო თვითონ ცნება “გამოყენების” შესახებ. როცა ვამბობ “გამოყენებას”, მე არ ვგულისხმობ “ექსპლუატაციას”. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს- იყო გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ თერაპიის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენთან მოსულ ბევრ პაციენტს უკვე მოგვარებული აქვთ ეს პრობლემა – მათ შეუძლიათ ობიექტების გამოყენება და ჩვენი გამოყენება, შეუძლიათ გამოიყენონ ანალიზი ზუსტად ისევე, როგორც გამოიყენეს თავისი მშობლები, ძმები, დები, სახლი. თუმცა ბევრი პაციენტი საჭიროებს დახმარებას, რათა ისწავლონ ჩვენი გამოყენება. ისინი ამას ანალიზის ამოცანად აღიქვამენ. ასეთ პაციენტებთან მუშაობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ზემოთაღნიშნული; პაციენტების დესტრუქციულობა და ანლიტიკოსის გადარჩენის პრინციპი. არაცნობიერად ანალიტიკოსის დანგრევა ხდება ანალიზის თანმდევი ფონი. ჩვენ ან ვუმკლავდებით და ვრჩებით ცოცხლები, ან ვღებულობთ კიდევ ერთ დაუსრულებელ ანალიზს.
შეჯამება
ობიექტური მიმართება შეიძლება აღიწეროს სუბიექტის გამოცდილების საფუძველზე. ობიექტის გამოყენების აღწერა გულისხმობს თვითონ ობიექტის ბუნების განხილვას. მე გთავაზობთ იმ მიზეზებზე მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, ობიექტის გამოყენების უნარი უფრო რთულია, ვიდრე ობიექტთან მიმართების დამყარების უნარი. მიმართება შეიძლება დამყარდეს სუბიექტურ ობიექტთან, ხოლო ობიექტის გამოყენება გულისხმობს, რომ ის წარმოადგენს გარე რეალობის ნაწილს.
თანმიმდევრობა ასეთია:
1) სუბიექტი ამყარებს მიმართებას ობიექტთან;
2) სუბიექტი აღმოაჩენს ობიექტს გარე სამყაროში, ნაცვლად იმისა, რომ იქ თავად მოათავსოს;
3) სუბიექტი ანგრევს ობიექტს;
4) ობიექტი ნგრევის შედეგად გადარჩება;
5) სუბიექტს შეუძლია ობიექტის გამოყენება.
ობიექტს ყოველთვის ემუქრება დანგრევა. ეს ნგრევა ხდება ობიექტის მიმართ რეალური სიყვარულის არაცნობიერი ფონი, ამგვარად, ობიექტი გამოდის სუბიექტის განუსაზღვრელი კონტროლის სფეროდან.
მოცემული პრობლემის კვლევა გულისხმობს სუბიექტის დესტრუქციის პოზიტიურობის აღიარებას. დესტრუქციულობას და ობიექტის გადარჩენას, გააქვს ობიექტი იმ საგნების სივრციდან, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის პროექციული მექანიზმების ფუნქციონირებასთან. ამგვარად ხდება ადამიანებს შორის განაწილებული რეალობის შექმნა, რომლის გამოყენებასაც სუბიექტი შეძლებს. და რომელიც საპასუხოდ მოახდენს ზემოქმედებას “არა მე” ფენომენების დახმარებით.