მოცემული სტატია თამაშის ტექნიკას ეძღვნება და ამ წიგნის ერთგვარ შესავალს წარმოადგენს. ჩემი მუშაობა ბავშვებთან და მოზრდილებთან, ჩემი წვლილი ფსიქოანალიზის თეორიის განვითარებაში, საბოლოო ჯამში, პატარა ბავშვებთან თამაშის ტექნიკიდან გამომდინარეობს. ამით იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მთელი ჩემი შემდგომი მუშაობა თამაშის ტექნიკის პირდაპირ გადაღებას წარმოადგენს; მაგრამ მისი საშუალებით შევძელი ჩავწვდომოდი ადრეული განვითარების პროცესს, ჩამეხედა არაცნობიერში, გამეგო იმ განმარტებათა ბუნება, რომელთა საშუალებითაც ხდება არაცნობიერთან მიახლოვება. ყოველივე ამან უდიდესი გავლენა იქონია ჩემს მუშაობაზე უფროსი ასაკის ბავშვებთან და ზრდასრულებთან.
მოკლედ გადმოვცემ, თუ როგორ განვითარდა ჩემი მუშაობა ფსიქოანალიტიკური თამაშის ტექნიკიდან და თავს შევიკავებ მიღწევათა სრული აღნუსხვისაგან.
როდესაც 1913 წელს პირველ ცდას შევუდექი, ბავშვებთან ფსიქოანალიტიკური მუშაობას გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო დოქტორი ჰაგ-ჰელმუტი, თუმცა იგი ხელს არ ჰკიდებდა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს. ფსიქოანალიტიკურ მასალად დოქტორი ჰაგ-ჰელმუტი იყენებდა ბავშვთა ნახატებსა და თამაშს, მაგრამ მას არ განუვითარებია თამაშის სპეციალური ტექნიკა.
მუშაობა რომ დავიწყე, იმ დროისთვის მიღებული იყო რაც შეიძლება ნაკლები განმარტებების გაკეთება. მცირე გამონაკლისის გარდა ფსიქოანალიტიკოსები არ ეხებოდნენ არაცნობიერის ღრმა ფენებს ბავშვებთან მუშაობისას; ითვლებოდა, რომ ამგვარი გამოკვლევები საშიში იყო.Aამ სიფრთხილის გამო წლების შემდეგაც კი ფსიქოანალიზს მხოლოდ ლატენტურ პერიოდს გადაცილებულ ბავშვებს უტარებდნენ.A
ჩემი პირველი პაციენტი ხუთი წლის ბიჭი იყო. ყველაზე ადრეულ სტატიაში მე მას “ფრიცი” ვუწოდე. თავიდან ჩავთვალე, რომ საკმარისი იქნებოდა დედის დამოკიდებულების შეცვლა ბავშვის მიმართ. შევეცადე დამერწმუნებინა დედა, მიეცა ბავშვისთვის საშუალება თავისუფლად ესაუბრა იმ მრავალი გამოუთქმელი კითხვის გარშემო, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა .
1 Bასედ ონ ა პაპერ რეად ტო ტჰე ღოყალ Mედიცო-Pსყცჰოლოგიცალ Aსსოციატიონ ონ 12ტჰ Fებრუარყ,1953.
.
ფრიცის გონებას და ამუხრუჭებდა მის ინტელექტუალურ განვითარებას. ამან, მართალია, კარგი შედეგი გამოიღო, მაგრამ ნევროზული გამოვლინებები არასაკმარისად შესუსტდა. მე გადავწყვიტე მისთვის ფსიქოანალიზი ჩამეტარებინა. ანალიზის პროცესში გადავუხვიე ზოგ მკვიდრად დადგენილ წესს და, როცა საჭიროდ ჩავთვლიდი, განვმარტავდი ბავშვის მიერ წარმოდგენილ მასალას.
მთელი ყურადღება ბავშვის შიშებსა და მათ წინააღმდეგ თავდაცვას მივაპყარი. ამ ახლებურმა მიდგომამ მალე სერიოზული პრობლემების წინაშე დამაყენა. შიში ძალიან ძლიერი იყო. განმარტებების შედეგად მოხდა მისი შესუსტება. ამან გამიძლიერა რწმენა იმისა, რომ სწორ გზას ვადექი. ამავე დროს მაფიქრებდა იმ ახალ-ახალი შიშების სიძლიერე, რომლებიც სააშკარაოზე გამოდიოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს რჩევით მივმართე დოქ. კარლ აბრაჰამს. მან მითხრა, რომ რადგანაც ჩემს განმარტებებს შვება მოაქვს და ანალიზი ნამდვილად წარმატებულია, ჩემი აზრით, მიდგომის მეთოდის შეცვლა საჭირო არ არისო. ამით გამხნევებულმა მუშაობა განვაგრძე. მომდევნო დღეებში ბავშვის შიშები დიდად შემცირდა, რამაც შემდგომი გაუმჯობესება გამოიწვია. მე დავრწმუნდი ამგვარი მეთოდის უპირატესობაში; ამან გავლენა მოახდინა მთელ ჩემს შემდგომ მუშაობაზე.
მკურნალობა ჩატარდა ბავშვის სახლში მისივე სათამაშოებით. ეს ანალიზი ფსიქოანალიტიკური თამაშის ტექნიკის დასაწყისი იყო. თავიდან ბავშვი თავის ფანტაზიებსა და შიშებს ძირითადად თამაშით გამოხატავდა. მე თანმიმდევრულად განვუმარტავდი პიტერს მათ მნიშვნელობას. ამის შედეგად თამაშის პროცესში ახალი მასალა ჩნდებოდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პაციენტთან ძირითადად განმარტებების მეთოდს ვიყენებდი. ესეც დამახასიათებელი გახდა ჩემი ტექნიკისათვის. ამგვარი მიდგომა ეყრდნობა ფსიქოანალიზის ძირითად პრინციპს-თავისუფალ ასოციაციებს. როდესაც განვმარტავდი ბავშვის სიტყვებს და მის დამოკიდებულებას სათამაშოებთან, ამით ბავშვის გონებას მივმართავდი შემდეგი ძირითადი პრინციპისაკენ-ბავშვის თამაში და მოქმედება, მთლიანად მისი ქცევა იგივეს გამოხატავს, რასაც მოზრდილი ძირითადად სიტყვებით გადმოგვცემს. ამის გარდა ვხელმძღვანელობდი ფროიდის მიერ განვითარებული ორი სხვა პრინციპით (რომელთაც თავიდანვე ძირეულად მივიჩნევდა), რომ: არაცნობიერის გამოკვლევა წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური პროცედურის ძირითად ამოცანას და რომ ტრანსფერული ანალიზი ნიშნავს ამ მიზნის მიღწევას.
1920-1923 წლებში ვაგრძელებდი შემდგომ კვლევას სხვა ბავშვებთანაც, მაგრამ გარკვეულ წინსვლას თამაშის ტექნიკის განვითარებაში უბიძგა ორი წლის და ცხრა თვის ბავშვის მკურნალობამ 1923 წელს. მე აღვწერე ამ ბავშვის, სახელად ‘რიტას’ ფსიქოანალიზის ზოგი დეტალი წიგნში “ბავშვის ფსიქოანალიზი”. რიტას აწუხებდა ღამეული შიშები, ცხოველთა ფობია, ძალიან ამბივალენტური იყო დედის მიმართ. ამავე დროს ისე ძლიერ იყო მასზე მიჯაჭვული, რომ საკმაოდ გამიჭირდა მასთან ერთად მარტო დარჩენა. რიტას ჰქონდა ჩამოყალიბებული აკვიატებული (ობსესიური) ნევროზი, დროდადრო ძლიერი დეპრესია. მისი თამაში უსახური იყო. მარცხის ატანის უნარობა უფრო და უფრო მეტად ართულებდა ბავშვის აღზრდას. ძალიან დამაფიქრა იმან, თუ როგორ უნდა მომეკიდებინა ხელი ასეთი პატარა ბავშვის ანალიზისათვის. ეს იმ დროისთვის ახალი ექსპერიმენტი იყო. პირველმა სეანსმა დაასაბუთა ჩემი შიში: როგორც კი მე და რიტა ოთახში მარტო დავრჩით, მაშინვე დაეწყო ჩემს მიმართ ნეგატიური ტრანსფერი; შეშინებული იყო, ხმას არ იღებდა და მალე მთხოვა, ბაღში გამიყვანეო. გავედით ბაღში (უნდა დავძინო, რომ ეს ხდებოდა დედის და დეიდის ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ ), მათ ეს ამბავი მარცხად ჩამითვალეს. გენახათ მათი გაკვირვება, როცა 10-15 წთ -ს შემდეგ მე და რიტა ძალიან მეგობრულად დავბრუნდით მის ოთახში. ეს იმით აიხსნება, რომ გარეთ ყოფნის დროს განვუმარტე ბავშვს მისი ნეგატიური ტრანსფერი (ესეც დადგენილი წესის საწინააღმდეგო იყო); ბავშვის მიერ წარმოთქმული რამდენიმე სიტყვიდან გამომდინარე (იქიდანაც, რომ გარეთ ნაკლებ Aშეშინებული იყო, ვიდრე ოთახში, დავასკვენი, რომ მას ჩემთან ერთად ოთახში მარტო ყოფნის ეშინოდა. ეს განვუმარტე; Aშემდეგ გავახსენე მისი ღამეული შიშები. ჩემს მიმართ უნდობლობა მის ღამეულ შიშებს დავუკავშირე -რომ ცუდმა ქალმა არ წაიყვანოს, როცა ლოგინში წვება. ამ საუბრის შემდეგ ვთხროვე ოთახში დაბრუნება და იგი დამთანხმდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რიტას თამაში თავშეკავებული იყო, მხოლოდ აკვიატებულად აცმევდა და ხდიდა თავის თოჯინებს. მალე მივედი იმ შიშების ახსნამდე, რაც საფუძვლად ედო მის აკვიატებებს და განვმარტე ისინი. ამ Aშემთხვევამ განმიმტკიცა რწმენა იმისა, რომ ბავშვთა ფსიქოანალიზის წარმატების საწინდარია თამაშით გამოხატული მათი ფანტაზიების, შიშების, გრძნობების, მოქმედების გაგება და განმარტება. თუ თამაშის აქტივობა შეკავებულია, საჭიროა ამ შეკავების მიზეზების გაგება და განმარტება.
ისევე როგორც ფრიცის ანალიზი, ამ ბავშვის ანალიზიც მის სახლში და მისი საკუთარი სათამაშოებით ჩატარდა. ამ მკურნალობის შემდეგ- რაც მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა, იმ დასკვნემდე მივედი, რომ ფსიქოანალიზი არ უნდა ტარდებოდეს ბავშვის სახლში.
როცა მე ამ დასკვნამდე მივედი, დედის დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან ამბივალენტური გახდა. მთელი ატმოსფერო გაჟღენთილი იყო ფსიქოანალიზისადმი მტრული განწყობით მოუხედავად იმისა, რომ ბავშვი აუცილებლად საჭიროებდა დახმარებას და მისმა მშობლებმა თავის დროზე თვითონ გადაწყვიტეს ფსიქოანალიზი. მე დავრწმუნდი, რომ ტრანსფერული სიტუაცია –ფსიქოანალიტიკური პროცესის თავი და თავი – მხოლოდ ისეთ სიტუაციაში დამყარდება, თუ პაციენტი იგრძნობს, ირწმუნებს, რომ სეანსის ოთახი ან სამუშაო ოთახი, ისევე როგორც მთელი ანალიზი, გამოყოფილია ჩვეული ოჯახური ცხოვრებისაგან. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ პირობებში შეუძლიათ მათ გადალახონ წინააღმდეგობანი პირობითობებთან შეუთავსებელი გრძნობების, ფიქრების, სურვილების გამოხატვის მიმართ. ბავშვების შემთხვევაში ეს გრძნობები ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მათ ასწავლიან.
1923 წელსვე მოვახდინე შემდგომი მნიშვნელოვანი დაკვირვება 7 წლის გოგონას ფსიქოანალიზის დროს. მისი ნევროტული სირთულეები მაინცა და მაინც საგანგაშო არ იყო. მშობლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ გოგონას გონებრივი განვითარების შეფერხების გამო. საკმაოდ გონიერი გოგონა ჩამორჩებოდა თავის ასაკს, არ უყვარდა სკოლა, აცდენდა გაკვეთილებს. მას შემდეგ, რაც სკოლაში დაიწყო სიარული, დედასთან უწინდელი ნაზი და გულღია დამოკიდებულება შეეცვალა-გახდა ჩუმი და ჩაკეტილი. მე რამდენიმე სეანსის განმავლობაში ვერ შევძელი მასთან კონტაქტის დამყარება. სკოლას რომ ვერ იტანდა, ნათელი იყო. გავაკეთე რამდენიმე განმარტება მისი ზოგი ფრთხილი გამონათქვამის მიხედვით. ამან გარკვეული მასალა მოგვცა, მაგრამ ვგრძნობდი რომ, ამ გზით უფრო წინ ვეღარ წავიდოდით. ერთი სეანსის დროს, როცა ბავშვი წინანდებურად მოწყენილი და ჩაკეტილი იყო, დავტოვე იგი-ვუთხარი, ახლავე დავბრუნდები-მეთქი; Dშევედი ჩემი ბავშვების Oოთახში, ავიღე ყუთი, შიგ ჩავალაგე რამდენიმე თოჯინა, მანქანები, პატარა ფიგურები, რამდენიმე კუბი, მატარებელი და პაციენტთან დავბრუნდი. ბავშვმა ყურადღება მიაქცია პატარა თოჯინებს და მაშინვე დაიწყო თამაში. თამაშის დროს ერთი თოჯინა თავად მას წარმოადგენდა, მეორე კი თანაკლასელ ბიჭს, რომლის შესახებ ადრეც მსმენოდა. ამ ორი ფიგურის საქციელში რაღაც საიდუმლო იმალებოდა. სხვა სათამაშოები გვერდზე იყო გაწეული. ამ ორი სათამაშოს მოქმედებას კატასტროფა მოყვებოდა ხოლმე, ვარდნა ან შეჯახება. გამეორებისას შეიმჩნეოდა ზრდადი შიშის ნიშნებიც. მე განვუმარტე, რომ თამაშის მიხედვით მასა და მის ამხანაგს შორის გარკვეულ სექსუალურ აქტივობას ჰქონდა ადგილი. მას ძალიან ეშინოდა ეს არ გამჟღავნებულიყო და უნდობლობას უცხადებდა ხალხს. აღვნიშნე, რომ თამაშის დროს შიშმა იმატა და თამაში შეაწყვეტინა. შემდეგ შევახსენე, რომ მას არ უყვარს სკოლა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმის შიშთან, რომ მასწავლებელმა არ აღმოაჩინოს მათი ურთიერთობა და არ დასაჯოს. ყოველივე ამან დააფრთხო იგი და გამოიწვია უნდობლობა დედის მიმართ. შეიძლება ჩემს მიმართაც იგივე გრძნობა აქვს. ამ განმარტებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე -შიშმა და უნდობლობამ ჯერ იმატა, შემდეგ მალე შეიცვალა შესამჩნევი შვებით; სახის გამომეტყველებაც შეეცვალა. მართალია, განმარტებებს არც დაეთანხმა და არც უარუყვია, მაგრამ ახალი თამაშით არაპირდაპირი თანხმობა გამოაცხადა – მეტი თავისუფლება გამოამჟღავნა თამაშსა და მეტყველებაში. ჩემს მიმართაც უფრო მეგობრული და ნაკლებად ეჭვიანი გახდა. რა თქმა უნდა, ნეგატიურო ტრანსფერი დროდადრო ისევ ცვლიდა პოზიტიურს, მაგრამ ამ სეანსიდან მოყოლებული ანალიზი წარმატებით მიმდინარეობდა. პარალელურად მოხდა დიდი ცვლილება, როგორც შემატყობინეს, ოჯახთან მის ურთიერთობაში, ძირითადად დედის მიმართ. სკოლისადმი სიძულვილი თანდათან შემცირდა, ბავშვი უფრო დაინტერესდა გაკვეთილებით, თუმცა სწავლაში ჩამორჩენა ძალიან ღრმა მომენტებთან იყო შეზრდილი და ძალიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა დაძლეული შემდგომი მკურნალობის პროცესში.
11
ზემოთ აღვწერე, თუ როგორი წარმატება მოგვიტანა სათამაშოების გამოყენებამ მკურნალობის პროცესში. იგივე სათამაშოებს ამ ბავშვისთვის სპეციალურად ვინახავდის სწორედ იმ ყუთში, რომლითაც თავდაპირველად შემოვუტანე. ამ და სხვა შემთხვევებმა დამანახა, თუ რა სახის სათამაშოების გამოყენება ჯობდა.
ჩემი აზრით, ძირითადად პატარა ფიგურებია საჭირო, რადგან მათი მრავალგვარობა საშუალებას მისცემს ბავშვს სხვადასხვაგვარ
ფანტაზიას შეასხას ხორცი.* ეს სათამაშოები არ უნდა იყოს მექანიკური, ადამიანის ფიგურებს არ უნდა ჰქონდეთ სპეციფიკური ჩაცმულობა ან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი. სასურველია ისინი მხოლოდ ფერითა და ზომით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მათი სისადავე ხელს შეუწყობს ბავშვს გამოიყენოს ისინი სხვადასხვა სიტუაციაში და შეესაბამებოდეს იმ მასალას, რაც მისი თამაშისთვის არის საჭირო. თავად ის ფაქტი, რომ ბავშვს საშუალება ეძლევა წარმოიდგინოს მრავალგვარი ფანტაზია და განსხვავებული სიტუაცია, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მისი გონების თანმიმდევრული მუშაობა. სათამაშო ოთახიც მარტივად უნდა იყოს მოწყობილი. მასში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოანალიზისათვის აუცილებელი რამ.**
თითოეული ბავშვის სათამაშო ცალ-ცალკე ინახება ჩაკეტილი
*ძირითადად ხის პატარა კაცუნები ორივე სქესისა, ორი ზომის, მატარებელი, თვითმფრინავი, ცხოველები, ხეები, კუბიკები, სახლები, ქაღალდი, მაკრატელი, დანა, ფანქრები, ცარცები, საღებავი, წებო, ბურთი, პლასტელინი..
.**ესენია: ადვილად მოსარეცხი იატაკი, გამდინარი წყალი, მაგიდა, რამდენიმე სკამი, პატარა ტახტი ბალიშებით, კომოდი.
მისთვის განკუთვნილ ყუთში. ბავშვმა იცის, თუ სად არის მისი სათამაშოები და იცის როგორ ათამაშოს ისინი, რაც მოზრდილი პაციენტის იმ ასოციაციათა ტოლფასია, რომლებიც მხოლოდ მისთვის და ფსიქოანალიტიკოსისთვის არის ცნობილი. ყუთი, რომელშიც ჩავაწყვე სათამაშოები ზემოხსენებული გოგონასათვის, გადაიქცა ინდივიდუალური ყუთის პროტოტიპად. იგი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკოსსა და პაციენტს შორის იმ ინტიმური ურთიერთობის ნაწილს, რაც დამახასიათებელია ფსიქოანალიტიკური პროცესისათვის. არ არის სავალდებულო თამაშის ტექნიკის აუცილებლად ჩემი არჩეული სათამაშო მასალით წარმართვა. ზოგჯერ ბავშვებს თავისი სათამაშოებიც მოაქვთ. ცხადია, ამ სათამაშოებით თამაშიც შედის ფსიქოანალიტიკურ მუშაობაში. მაგრამ მე მწამს, რომ ფსიქოანალიტიკოსის მიერ შერჩეული სათამაშოები სწორედ იმდაგვარი უნდა იყოს, როგორც აღვწერე -პატარა, მარტივი და არამექანიკური. მხოლოდ სათამაშოები არ წარმოადგენს თამაშის ტექნიკისათვის აუცილებელ რეკვიზიტს. ბავშვებს უყვართ ხოლმე პირსაბანთან თამაში, რომელშიც აწყვია ერთი-ორი პატარა ბურთი, კოვზი, ჭიქა. ბავშვი ხშირად ხატავს, წერს, აფერადებს, ჭრის, აკეთებს სათამაშოებს და ა.შ. ზოგიერთი მათგანი ფსიქოანალიტიკოსსაც ჩართავს ხოლმე მაღაზიობანას, ექიმობანას, სკოლობანას, დედობანას თამაშში. ასეთი თამაშის დროს ბავშვი ხშირად მოზრდილის როლს ირჩევს. ამით იგი მხოლოდ როლების შეცვლის სურვილს როდი გამოხატავს. ბავშვი წარმოიდგენს, თუ როგორ ეპყრობიან, ან, მისი აზრით, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ მას მშობლები და სხვა ავტორიტეტული პირები. ზოგჯერ სასტიკი მშობლის როლში მყოფი ბავშვი თავის აგრესიას, ბოღმას აძლევს გასაქანს. განმარტებების პრინციპი იგივე რჩება იმის მიუხედავად, ფანტაზიები სათამაშოებით იქნება წარმოდგენილი თუ ინსცენირებით. როგორც არ უნდა გამოვიყენოთ მასალა, ძირითადად ეს უნდა ხდებოდეს ანალიტიკურ პრინციპებზე დაყრდნობილი ტექნიკის გამოყენებით.
ბავშვის თამაშში აგრესიულობა შეიძლება სხვადასხვაგვარი სახით გამოვლინდეს, პირდაპირ და არაპირდაპირ: ხშირად ტყდება ხოლმე სათამაშო, უფრო აგრესიული ბავშვი დანით ან მაკრატლით სერავს მაგიდას ან ხის ნატეხებს, იღვრება წყალი ან საღებავი და ოთახი ბრძოლის ველს ემსგავსება. მთავარია, ბავშვმა შეძლოს თავისი აგრესიის გამოვლენა; მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელო- ვანია იმის გაგება, თუ რატომ გამოიწვია ტრანსფერული სიტუაციის სწორედ ამ მომენტმა აგრესიული იმპულსები. საჭიროა დაკვირვება, თუ რა ხდება ამის შედეგად ბავშვის გონებაში. მაგალითისთვის: პატარა ფიგურების გატეხვას მალე მოყვება ხოლმე დანაშაულის განცდა. დანაშაული განიცდება არა მხოლოდ მომხდარი დაზიანების მიმართ, არამედ იმ პიროვნების მიმართაც, ვისაც ჩაენაცვლება ბავშვის ცნობიერებაში ეს თოჯინა – ეს იქნება, მაგ, უმცროსი და ან ძმა, მშობელი………განმარტებები ამ ღრმა ფენაშიც კარგად მოქმედებს. ზოგჯერ ბავშვის დამოკიდებულება ანალიტიკოსის მიმართ გვიჩვენებს, რომ დესტრუქციულ იმპულსებს არა მარტო დანაშაულის განცდა მოსდევს, არამედ დევნის შიშებიც; მას ეშინია, რომ სამაგიეროს გადაუხდიან. მე, ჩვეულებრივ, ვაგრძნობინებდი ხოლმე ბავშვს, რომ არ დავუშვებდი ჩემს მიმართ ფიზიკურ შეტევას. ასეთი პოზიცია მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსს კი არ იცავს, არამედ მთლიანად ანალიზისთვისაა მნიშვნელოვანი. ამგვარმა შეტევებმა, თუ ისინი ჩარჩოებით არ შემოიზღუდა, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი შიში და დანაშაულის განცდა. ეს კი დამატებით სირთულეებს შეუქმნის მკურნალობას. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ ფიზიკური შეტევების თავიდან აცილებას. პასუხი ის არის, რომ ძალიან ვფრთხილობ, არ ვაკავებ ბავშვის აგრესიულ ფანტაზიებს. ამით ბავშვს შესაძლებლობა ესპობა გამოავლინოს ისინი სხვადასხვა გზით, მათ შორის ჩემს მიმართაც სიტყვიერი იერიშის გზით. რაც უფრო მეტად შევძლებ დროულად განვუმარტო ბავშვს აგრესიულობის მოტივი, მით უფრო ექვემდებარება სიტუაცია კონტროლს. თუმცა ფსიქოზიანი ბავშვის შემთხვევაში ზოგჯერ ძნელი ხდება მისი აგრესიულობისაგან თავდაცვა.
111
შემჩნეული მაქვს, რომ ბავშვი ადვილად ამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას მის მიერ დამტვრეული სათამაშოს მიმართ; იგი
ხშირად გვერდზე მიაგდებს ხოლმე მშობლის ან და-ძმის განმასახიერებელ სათამაშოს და გარკვეული დროის განმავლობაში აღარავითარ ყურადღებას აღარ აქცევს მას. ეს ნიშნავს, რომ დაზიანებილი ნივთი არ უყვარს. ეს კი დევნის შიშს იწვევს, რადგან დაზიანებული პირი (სათამაშოს სახით წარმოდგენილი) გადაიქცევა სამაგიეროს გადამხდელად და საფრთხედ. დევნის განცდა შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ გადაფაროს დანაშაულის განცდა და დეპრესია, რომელიც დაზიანების შედეგად წარმოიქმნება. თუ ნაშაული და დეპრესია ძალიან მძაფრია, დევნის განცდა ძლიერდება. მიუხედავად ამისა ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა შეიძლება ძებნა დაუწყოს ყუთში თავის დამტვრეულ სათამაშოს. ეს მიგვანიშნებს, რომ საშუალება გვეძლევა გავაანალიზოთ ზოგი მნიშვნელოვანი დაცვა, ამ გზით შევამსუბუქოთ დევნის განცდა, საშუალება მივცეთ დანაშაულის განცდას უბიძგოს გამოსწორების სურვილს. ამით კი შესაძლებლობა გვეძლევა შევცვალოთ ბავშვის დამოკიდებულება იმ კონკრეტული პირის მიმართ, რომელსაც სათამაშო განასახიერებს. შეიძლება მოხდეს მთლიანად მისი ურთიერთობების, დამოკიდებულებების შეცვლა. ეს ცვლილება განამტკიცებს ჩვენს შთაბეჭდილებას, რომ დევნის შიში შემცირდა და იზრდება სიყვარულის განცდა. ეს განცდა ძლიერი შიშის გამო იყო შემცირებული. ანალიზის შემდგომ საფეხურზე აგრესიულ აქტს შეიძლება ძალიან მალე მოჰყვეს დანაშაულის განცდის შემცირება და გამოსწორების სურვილი; Fფანტაზიაში აშკარად ჩანს დაზიანებული დის ან ძმისადმი სინაზე. ხოლო რაოდენ მნიშვნელოვანია ამგვარი სახის ცვლილებები ხასიათის ფორმირების, ობიექტთა ურთიერთობისა და, ასევე, სულიერი წონასწორობისათვის, თავად განსაჯეთ. განმარტებითი მუშაობის ძირითადი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ანალიტიკოსი მუდმივად უნდა აწონასწორებდეს მერყეობას: სიყვარულსა და სიძულვილს შორის; ბედნიერებასა და სიამოვნებას შორის ერთის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ – დევნის შიშსა და დეპრესიას შორის; ეს იმასაც გულისხმობს, რომ ანალიტიკოსმა არ უნდა გამოხატოს უკმაყოფილება, როცა ბავშვი სათამაშოს ტეხავს. ამავე დროს არც აგრესიის გამოხატვისაკენ უნდა უბიძგოს მას; არ უნდა მიუთითოს, რომ შეაკეთოს სათამაშო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან საშუალება უნდა მისცეს ბავშვს იმგვარად გამოხატოს თავისი ემოციები და ფანტაზიები, როგორც ისინი მოდიან. ამ ტექნიკით მუშაობისას არ უნდა მივმართოთ აღზრდას, მორალურ შეგონებებს; უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფსიქოანალიტიკური პროცედურა. ორი სიტყვით ეს ნიშნავს: შევიცნოთ პაციენტის გონება და მივყვეთ მას ისე, როგორც მიდის.
თამაშის პროცესში წარმოშობილი ემოციური მდგომარეობანი მრავალგვარია: შეგრძნება იმისა, რომ გარიყული და განადგურებუ ლია; სიძულვილი ორივე მშობლის მიმართ, თამაშში ამხანაგის ყოლისა და მშობლების წინააღმდეგ მოკავშირის ყოლის სიამოვნება; ახალშობილი ან მოსალოდნელი ბავშვისადმი სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობა, ასევე აქედან გამომდინარე შიში, დანაშაულის განცდა და გამოსწორების სურვილი. ბავშვის თამაში იმეორებს ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსა და შთაბეჭდილებებს, ამას ხშირად ფანტაზიასაც ჩაურთავს ხოლმე. ხდება ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ შემოაღწევს მის თამაშსა და ასოციაციებში. ასეთ დროს მთელი მახვილი გადატანილია სრულიად უმნიშვნელო ამბებზე, თუმცა მათი როლი ფანტაზიების და ემოციების წარმოქმნაში უმნიშვნელოვანესია.
1V
ბევრი ბავშვი თამაშისგან თავს იკავებს. ეს თავშეკავება ზოგჯერ მთლიანად არ ზღუდავს თამაშს, მხოლოდ მალე გააწყვეტინებს ხოლმე. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ პატარა ბიჭს. მაგიდაზე რამდენიმე სათამაშო მედო. ბავშვმა თამაში დაიწყო, თამაში მალე გადაიქცა კატასტროფებად, შეჯახებებად. ააყენებდა სათამაშო კაცუნებს, ისევ დააგდებდა; ყოველივე ამით ბიჭუნა დიდ შიშს ამჟღავნებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ჩუმად ადგა სკამიდან, თქვა: მეყოფა თამაში! და ოთახიდან გაიძურწა.…გამოცდილებით ვიცი-ანალიზი დაწყებული რომ ყოფილიყო (იგი ერთხელ მოიყვანეს საცდელად მომავალი ანალიზისათვის), და განმემარტა მისი მოქმედებიდან გამომდინარე შიში, ჩემსკენ მომემართა უარყოფითი ტრანსფერი, დარწმუნებული ვარ, შიში იმდენად შემცირდებოდა, რომ ბავშვი შეძლებდა თამაშის გაგრძელებას.
სხვა შემთხვევამ დამანახა თამაშისგან თავშეკავების რამდენიმე მიზეზი. ეს იყო სამი წლისა და ცხრა თვის ძალიან ნევროზული ბავშვი. სტატიაში “ბავშვთა ფსიქოანალიზი” მას “პიტერი” დავარქვი. მას არ შეეძლო თამაში, ვერ იტანდა მარცხს, იყო მორცხვი, უნიათო, წუწუნა, დროდადრო აგრესიული და აუტანელი. ბავშვი ძალიან ამბივალენტური იყო თავისი ოჯახის მიმართ და უსაშველოდ მიჯაჭვული დედაზე. დედამ მიამბო, რომ 18 თვის ასაკში პიტერი შეესწრო მშობლების კოიტუსს, რის შემდეგაც ძალიან შეიცვალა უარესობისაკენ. ძალიან ძნელად მოსავლელი გახდა, ცუდად ეძინა, ისევ დაიწყო ლოგინში ჩასვრა. მანამდე ბავშვი თავისუფლად თამაშობდა; იმ გაზაფხულის შემდეგ კი შეწყვიტა თამაში. თუUპიტერი ხელს მოკიდებდა სათამაშოს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეფუჭებინა და დაემტვრია. ცოტა ხნის შემდეგ ძმაც შეეძინა და ამან უფრო გაართულა მისი მდგომარეობა.
პირველ სეანსზე პიტერმა თამაში დაიწყო; მალე ორი ცხენი შეაჯახა ერთმანეთს. ეს მოქმედება სხვა სათამაშოებითაც გაიმეორა. მითხრა, პატარა ძმა მყავსო. განვუმარტე, რომ ცხენები და სხვა შეჯახებული სათამაშოებიც ადამანებს განასახიერებდნენ. ეს განმარტება თავიდან უარყო, Dშემდეგ კი დამეთანხმა. ისევ დააჯახა ერთმანეთს ცხენები – უნდა დაიძინოთო, თქვა, დააფარა კუბიკები და დაამატა: ”ახლა ბოლომდე მოკვდნენ, დავმარხე!” -მერე აიღო მოტორიანი მანქანები, ერთი მეორეზე შეაყენა-რაც, როგორც შემდგომი ანალიზით გამოირკვა, წარმოადგენდა მამის პენისის სიმბოლოს და აქეთ-იქით დაარბენინებდა. მერე პიტერი წყობილებიდან გამოვიდა, მოისროლა მანქანები ოთახში და თქვა: “ჩვენ ყოველთვის შორს ვაგდებთ საშობაო საჩუქრებს, ჩვენ ისინი არ გვინდა!”სათამაშოების დამტვრევა მის არაცნობიერში ჩაენაცვლებოდა მამის გენიტალიების განადგურებას. პირველი სეანსის დროს პიტერმა რამდენიმე სათამაშო გატეხა. მეორე სეანსზე
პიტერმა გაიმეორა პირველი სეანსის მასალა, ძირითადად მანქანების, ცხენების, და ა.შ. ერთმანეთთან შეჯახება. ისევ ლაპარაკობდა თავის პატარა ძმაზე. ყოველივე ამის შემდეგ განვმარტე, რომ იგი მიჩვენებდა, თუ როგორ შეაჯახებდნენ დედა და მამა ერთმანეთს განიტალიებს (რასაკვირველია, გენიტალიების აღმნიშვნელი მისი საკუთარი სიტყვა ვიხმარე). ის თვლის, რომ ძმის დაბადება მათი ამგვარი მოქმედების შედეგია. ამ განმარტებამ ბევრი მასალა მომცა, რომელმაც თავის მხრივ ნათელყო მისი ამბივალენტური დამოკიდებულება პატარა ძმისა და მამის მიმართ. პიტერმა დააწვინა პატარა კაცუნა კუბიკზე- ლოგინზეო – გადმოაგდო იქიდან და თქვა: ”მოკვდა და ბოლო მოეღო”. მეორეჯერ იგივე გაიმეორა ორი სათამაშო კაცუნათი. ამ მიზნისათვის შეარჩია თავის მიერ მანამდე დაზიანებული სათამაშოები. მე განვუმარტე, რომ პირველი კაცუნა წარმოადგენდა მამას, რომლის ჩამოგდება უნდოდა დედის ლოგინიდან და მოკვლა. შემდეგი ორი თოჯინიდან ერთი ისევ განასახიერებდა მამას, მეორე კი თავად მას და მამას იგივე უნდა ექნა მისთვის. ორივესათვის დაზიანებული სათამაშოები იმიტომ შეარჩია, რომ თუკი მამაზე იერიშს მიიტანდა, ორივე დაზარალდებოდა.
ეს მასალა ბევრ მომენტს ჰფენს ნათელს. ამათგან მხოლოდ ერთ-ორს აღვნიშნავ. მშობლების კოიტუსის შესწრებამ პიტერის გონებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. წარმოიშვა ძლიერი ემოციები ეჭვიანობის, აგრესიისა და შიშის სახით. თამაშის დროს პიტერი პირველ რიგში ამ მოვლენას გამოხატავდა. თქმა არ უნდა, რომ ეს ცნობიერად არ იცოდა, რადგანაც ეს მიჭირხნა. ამის გამო მისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სიმბოლურად გამოხატვა. რომ არ განმემარტა, შეჯახებული მანქანები ადამიანები არიან-მეთქი, დაეწმუნებული ვარ, ის ვერ შეძლებდა იმ მასალის წარმოდგენას, რომელიც მეორე სეანსზე ამოტივტივდა. მეორე შეხვედრისას განმარტებით რომ არ დამენახვებინა, თუ რატომ დააზიანა სათამაშოები, ძალიანაც შესაძლებელია, რომ სათამაშოების გატეხვის შემდეგ თამაში შეეწყვიტა.
ზოგიერთ ბავშვს მკურნალობის დასაწყისში ისეთი თამაშიც კი არ Dშეუძლია, როგორც პიტერს, ან იმ ბიჭს, მხოლოდ ერთხელ რომ მოიყვანეს. თუმცა ძალიან იშვიათია ბავშვი, რომელიც უგულებელყოფს მაგიდაზე დაწყობილ სათამაშოებს. ბავშვი ხშირად მიახვედრებს ანალიტიკოსს იმ მოტივის შესახებ, რამაც თამაში შეაწყვეტინა თუნდაც იმით, რომ ზურგს შეაქცევს სათამაშოებს. პაციენტ ბავშვს სხვა გზითაც შეუძლია მისცეს ანალიტიკოსს მასალა განმარტებისათვის. ნებისმიერი მოქმედება, მაგ. ქაღალდის ჩხაპნა, დაჭრა, ქცევის ნებისმიერი წვრილმანი- პოზის ან გამომეტყველების შეცვლა- გვაძლევს იმის გაგების საშუალებას, თუ რა ხდება ბავშვის გონებაში; ამავე დროს შეძლებისდაგვარად უნდა გამოვიყენოთ მშობლების მიერ მოწოდებული მასალაც. ბევრი ვილაპარაკე იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თამაშის ტექნიკისათვის განმარტებებს და საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე. ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ ხოლმე: აქვთ კი ბავშვებს ამგვარი განმარტებების გაგების უნარი?- ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილებით, თუკი განმარტებები ეხება იმ დაგროვილ მასალას, რომელიც მზად არის ცნობიერებაში შემოსასვლელად, ისინი მთლიანად იქნება გაგებული. რა თქმა უნდა, ბავშვს განმარტებები ისე უნდა მივაწოდოთ, რომ აღიქვას; განმარტებისას საჭიროა გამოხატვის მისივე საშუალებები ვიხმაროთ. თუ მარტივ სიტყვებად და ძირითად ცნებებად ვთარგმნით წარმოდგენილ მასალას, მაშინ პირდაპირ ვეხებით ამ მომენტისათვის ყველაზე ძლიერად მოქმედ ემოციებს და შიშებს. გაცნობიერება და ინტელექტუალური გაგება ამის მომდევნო პროცესია. ბავშვის ანალიზში დამწყები ანალიტიკოსისათვის ყველაზე უფრო საინტერესო და გასაოცარია იმის აღმოჩენა, რომ ყველაზე პატარა ბავშვსაც აქვს განჭვრეტის უნარი, ხშირად ბევრად უფრო მეტი, ვიდრე დიდს. გარკვეულ წილად ეს იმით აიხსნება, რომ ბავშვებში უფრო მჭიდროა კავშირი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის და რომ ინფანტილური მიჭირხვნა (რეპრესია) ნაკლები ძალით მოქმედებს. მე ვთვლი, რომ ბავშვის გონებრივი უნარი ხშირად სათანადოდ არ ფასდება და რომ ფაქტიურად მას უფრო მეტი ესმის, ვიდრე მიეწერება.
მოვიყვან მაგალითებს, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს განმარტებების ახსნა. პიტერმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჩემს განმარტებას, რომ “ლოგინიდან ჩამოგდებული” და “მოკლული და ბოლომოღებული” სათამაშო მამამისს განასახიერებდა (განმარტებები საყვარელი ადამიანის სიკვდილის ნატვრის შესახებ ჩვეულებრივ დიდ წინააღმდეგობას აწყდება ბავშვებთან და მოზრდილებთან).
მესამე შეხვედრისას პიტერმა წარმოადგინა მსგავსი მასალა, მაგრამ ამჯერად დაეთანხმა განმარტებებს და ფიქრიანად თქვა:” მე რომ მამიკო ვიყო და ვინმეს უნდოდეს ჩემი ლოგინიდან ჩამოგდება, რომ მომკლას და ბოლო მომიღოს, როგორ მომეწონებოდა?” ეს იმას გვიჩვენებს, რომ მან არა მარტო გაიგო და დაეთანხმა ჩემს განმარტებას, არამედ ბევრად მეტს მიხვდა – იმიტომ აქვს აგრესია მამის მიმართ, რომ ეშინია მისი, რომ მოახდინა საკუთარი იმპულსების მამაზე პროეცირება, გადატანა.
თამაშის ტექნიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ტრანსფერის ანალიზი. როგორც ვიცით, ანალიტიკოსთან ტრანსფერში პაციენტი იმეორებს ადრეულ ემოციებს და კონფლიქტებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირეულ შვებას მოვგვრით პაციენტს, თუკი ტრანსფერული განმარტებებით უკან დავაბრუნებთ მის ფანტაზიებს და შიშს იქ, სადაც ისინი წარმოიქმნენ- სახელდობრ, პირველად ობიექტებთან ურთიერთობაში. ადრეული ემოციებისა და ფანტაზიების თავიდან განცდით და პირველად ობიექტებთან მისი ურთიერთობის გაგებით იგი შეძლებს, ასე ვთქვათ, მოახდინოს ამ ურთიერთობების გადაფასება მათივე საძირკველში და ამ გზით ეფექტურად შეამციროს შიშები…
როდესაც თვალს გადავავლებ ხოლმე მუშაობის პირველ წლებს, მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ფაქტზე. ზემოთ აღვნიშნე, რომ ბავშვის ანალიზის პირველი ცდის დროს მთელი ყურადღება მივაპყარი მის შიშებსა და მათ წინააღმდეგ დაცვებს, შიშებზე ყურადღების გამახვილებამ სულ უფრო ღრმად ჩამახედა ბავშვის არაცნობიერსა და ოცნებებში. ამგვარი ინტერესი ეწინააღმდეგებოდა ფსიქოანალიტიკური მიდგომის იმ თვალსაზრისს, რომ განმარტებები ძალიან ღრმად არ უნდა ჩავიდეს და ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემეული მიდგომა ტექნიკის რადიკალურ შეცვლას მოასწავებდა, მე მაინც ჩემს გზას ვადექი. ამ მიდგომამ ახალ, უცნობ მიწაზე გამიყვანა, გამიხსნა რა გზა ადრეული ინფანტილური ფანტაზიების, შიშებისა და დაცვების გაგებისაკენ. ყოველივე ეს მას შემდეგ გახდა ნათელი, როდესაც შევუდექი ჩემი კლინიკური მიგნებების თეორიულ ჩამოყალიბებას.
ერთ-ერთი ფენომენი, რომელმაც გამაოცა რიტას ანალიზის დროს, იყო მისი სუპერეგოს სიმკაცრე. ”ბავშვთა ფსიქოანალიზში” აღწერილი მაქვს, თუ როგორ თამაშობდა ხოლმე რიტა სასტიკი დედის როლს. ეს “დედა” ძალიან უხეშად მკურნალობდა ბავშვს (ბავშვს ხან თოჯინა წარმოადგენდა, ხან მე). რიტას გაორებულმა დამოკიდებულებამ დედის მიმართ, დასჯის უკიდურესმა მოთხოვნილებამ, დანაშაულის განცდამ და ღამის შიშებმა მიმახვედრა, რომ ორი წლისა და ცხრა თვის ბავშვში- და ბევრად უფრო ადრეულ ასაკშიც – მოქმედებს მკაცრი და შეუბრალებელი სუპერ-ეგო. ეს აღმოჩენა განამტკიცა მეორე ბავშვის ანალიზმა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ სუპერ-ეგო ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე გვხვდება, ვიდრე ფროიდი თვლიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ აღწერილი სუპერ-ეგო წარმოადგენს განვითარების საბოლოო პროდუქტს და წლების მანძილსე გაჰყვება. შემდგომმა დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ბავშვის მიერ სუპერ-ეგო განიცდება როგორც კონკრეტული სახით არსებული, შინაგანად მოქმედ რამ. იგი შედგება ბავშვის ფანტაზიისა და გამოცდილების მიერ აგებული სხვადასხვა ადამიანისაგან.
სუპერ-ეგო სათავეს იღებს განვითარების იმ საფეხურიდან, როცა ბავშვი ახდენს თავისი მშობლების გაშინაგანებას (ინტროეცირებას). ამ დაკვირვებამ პატარა გოგოს ანალიზისას თავის მხრივ მიმიყვანა მთავარი ქალური შიშის აღმოჩენასთან: დედა განიცდება როგორც პირველი მდევნელი. იგი, როგორც გარეგანი და გაშინაგანებული ობიექტი, თავს ესხმის ბავშვის სხეულს და იქიდან ამოყავს მისი წარმოსახული არარსებული შვილები. ამგვარი შიშები წარმოიქმნება გოგონას ინ ფანტაზიებიდან, რომ თავად გოგონა თავს ესხმის დედის სხეულს გაძარცვის მიზნით, ე. ი. უნდა წაართვას ის, რისგანაც დედა შესდგება- განავალი, მამის პენისი და ბავშვები. ამის შედეგია ასეთივე თავდასხმის გზით სამაგიეროს გადახდის შიში. შენიშნული მაქვს, რომ ამგვარი მდევნელი შიშები ენაცვლება ხოლმე ან კომბინირებულია ღრმა დეპრესიასა და დანაშაულთან. ამ დაკვირვებამ მიმიყვანა საღი ნაწილის აღმოჩენამდე. ამ საღ ნაწილს მიდრეკილება აქვს გამოასწოროს სულიერი მდგომარეობა; ამ გაგებით რეპარაცია ანუ გამოსწორება (შერიგება) უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ფროიდის კონცეფცია “განადგურება აკვიატების ნევროზებში” და “რეაქციული წარმონაქმნი.” იგი შეიცავს სხვადასხვა პროცესს, მათი საშუალებით ეგო Dშეიგრძნობს, თუ როგორ ანადგურებს ფანტაზიაში მიყენებულ ზიანს, აღადგენს, იცავს, გააცოცხლებს ობიექტებს. ეს ტენდენცია, ისევე როგორც დანაშაულის განცდა, ძირითადი ფაქტორია ყველა სახის სუბლიმაციის წარმოქმნისათვის, და, ამ გაგებით, სულიერი ჯანმრთელობისათვის.
დედის სხეულზე თავდასხმის ფანტაზიების შესწავლისას მალე მივადექი ანალურ და ურეტრულ იმპულსებს. ზემოთ ვთქვი, რიტას სუპერ-ეგოს სიმკაცრე აღმოვაჩინე-მეთქი. მისი ანალიზი დიდად დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რა გზით გადაიქცევა დედისკენ მიმართული დესტრუქციული იმპულსები დანაშაულის განცდისა და დევნის წარმოშობის მიზეზად. “ტრუდის” ანალიზის დროს ნათელი გახდა ამ დესტრუქციულ იმპულსთა ანალური და ურეტრულ-ანალური ხასიათი. ტრუდი იყო სამი წლისა და სამი თვის; ანალიზი მიმდინარეობდა 1924 წელს. ბავშვს ჰქონდა ღამის შიშები, შარდვისა და განავლის შეუკავებლობა. ერთხელ, ანალიზის ადრეულ საფეხურზე, მთხოვა: მოდი, ვითამაშოთ, ვითომ ლოგინში წევხარ და გძინავსო. მერე მითხრა, რომ აპირებდა ჩემზე მოეტანა იერიში და ჩემს დუნდულებში განავალი ეპოვა (რაც, ჩემი Aაზრით, ბავშვებს წარმოადგენდა.) და აეღო. ამგვარი შეტევების შემდეგ იგი განერთხმებოდა ხოლმე იატაკზე, დაიფარებდა ბალიშებს (ისინი მის სხეულს იცავდნენ და თანაც ბავშვებს წარმოადგენდნენ) და ხშირად ქვეშ ისველებდა. ყოველივე ამით ნათლად მიმანიშნებდა, რომ ეშინოდა, თავს არ დავსხმოდი. გაშინაგანებული საშიში დედის შიშმა დაასრულა ის შეხედულება, რომელიც თავდაპირველად რიტას ანალიზის დროს ჩამომიყალიბდა. ეს ორივე ანალიზი ხანმოკლე იყო, რადგან მშობლებმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს ბავშვების მდგომარეობა (რიტა-85 სეანსი, ტრუდი-82). შემდგომ ამისა მალე დავინახე, რომ ამგვარი დესტრუქციული იმპულსებისა და ფანტაზიების კვალმა ყოველთვის შეიძლება მიგვიყვანოს ორალურ-სადისტურ იმპულსებამდე. რიტას შემთხვევაში ეს ნათლად გამოჩნდა. ერთხელ მან დასვარა ქაღალდი, დაანაკუწა და წყლიან ჭიქაში ჩაყარა. ჭიქა პირთან მიიტანა, ვითომ სვამდა და ჩურჩულით თქვა: ”მკვდარი ქალი.” ქაღალდის დასვრა და დახევა ავხსენი როგორც დედაზე თავდასხმისა და მოკვლის ფანტაზია. ამგვარმა ფანტაზიებმა გამოიწვია სამაგიეროს გადახდის შიში. ტრუდის ანალიზის დროსაც შევამჩნიე ამგვარი შეტევების სპეციფიკური ანალური და ურეტრულ-სადისტური ხასიათი. 1924-1925წწ. ანალიზების შედეგად დავრწმუნდი, რომ დესტრუქციულ ფანტაზიებსა და შიშებს ძირითად ორალუ- სადისტური იმპულსები კვებავენ. ამგვარად, ბავშვთა ანალიზით აღმოჩენილი მიგნებანი სრულ შესატყვისობაში აღმოჩნდნენ აბრაჰამის აღმოჩენებთან. ხანგრძლივმა ანალიზებმა უფრო ღრმა და შორს მიმავალი დაკვირვებების საშუალება მომცა; შევძელი უფრო სრულად განმეჭვრიტა ორალური ნატვრისა და შიშების წამყვანი როლი ნორმალური და არანორმალური სულიერი განვითარებისა-თვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, რიტასა და ტრუდში აღმოვაჩინე და დავაფიქსირე თავდამსხმელი, და ამის გამო საშიში, დედის გაშინაგანება, ამუ მკაცრი სუპერ-ეგო. 1924-1926 წწ.-ში ანალიზს ვუტარებდი ძალიან მძიმე ავადმყოფ ბავშვს -“ერნას”. ამ ანალიზმა ბევრი რამ შემძინა ამგვარი გაშინაგანების სპეციფიკური დეტალების, პარანოიდული და მანიაკალურ-დეპრესიული შიშებისთვის დამახასიათებელი ფანტაზიებისა და იმპულსების გაგების მხრივ. დავინახე ამ ბავშვის ინტროეცირების პროცესების ანალური და ურეტრული ხასიათი, მათი წარმომშობი შინაგანი დევნის სიტუაციე-ბი. უკეთ დავინახე ის მექანიზმები, Uრის საშუალებითაც შინაგანი მდევნელი პროექციის საშუალებით გავლენას ახდენს გარეგან ობიექტებთან ურთიერთობაზე. მისი შურისა და სიძულვილის ინტენსივობა შეუცდომლად მიმანიშნებდა მათ წარმომავლობას დედის მკერდის მიმართ ორალურ-სადისტური ურთიერთობიდან; ამაში ჩართული იყო ოიდიპოსის კომპლექსის ჩანასახიც. ერნას შემთხვევამ საშუალება მომცა იმ უამრავი დასკვნის გასაკეთებლად, რომელიც წარმოვადგინე მე-10 საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ კონგრესზე. იქ გამოხატული იყო თვალსაზრისი, რომ ფსიქოზებში ძირითად როლს თამაშობს ადრეული სუპერ-ეგო; იგი მაშინ ყალიბ-დება, როცა მძლავრობს ორალურ-სადისტური იმპულსები და ფანტა-ზიები. ორი წლის შემდეგ ეს თვალსაზრისი განვავრცე იმით, რომ ხაზი გავუსვი ორალ-სადიზმის მნიშვნელობას შიზოფრენიაში.
ამ საინტერესო ანალიზისას პარალელურად საშუალება მქონდა დავკვირვებოდი შიშის სიტუაციას ბიჭების შემთხვევაში.
ბიჭებისა და კაცების ანალიზი სრულიად ამტკიცებს ფროიდის იმ თვალსაზრისის სისწორეს, რომ მამაკაცთა შიშებში წამყვანია კასტრაციული შიშები. თუმცა მე აღმოვაჩინე, რომ დედასთან ადრეული იდენტიფიკაციიდან წარმოშობილი (ქალური პოზიცია, რომელსაც ოიდიპოსის კომპლექსის ადრეულ ეტაპზე შევყავართ). სხეულზე შინგიდან შეტევის შიშები კაცებშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებში. ეს სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათში კასტრაციული შიშების ჩამოყალიბებაზე. შიშები, რომლებიც წარმოიშვება დედის სხეულზე და მასში სავარაუდოდ არსებული მამის სხეულზე თავდასხმის ფანტაზიების შედეგად ორივე სქესში, საფუძვლად ედება კლაუსტროფობიას (მათ შორისაა დედის სხეულში ჩამწყვდევის ან ჩამარხვის შიშები). ამ შიშების კავშირი კასტრაციულ შიშებთან შეიძლება დავინახოთ, მაგ. პენისის დაკარგვისა ან დედის სხეულში მისი დაზიანების Fფანტაზიაში. ამ ფანტაზიებმა შეიძლება იმპოტენცია გამოიწვიოს.
მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ სხეულზე თავდასხმისა და შინა და გარე ობიექტებისაგან თავდასხმის შიშები განსაკუთრებით ძლიერია, რაც ადასტურებს მათ ფსიქოზურ ხასიათს. როდესაც ვიკვლევთ ბავშვის დამოკიდებულებას გაშინაგანებულ ობიექთან, ნათელი ხდება შინაგანი დევნის სხვადასხვა სიტუაცია და მათი ფსიქოზური შემადგენლობა. უფრო მეტიც – იმის გაგებამ, რომ სამაგიეროს გადახდის შიში წარმოიქმნება თავად ინდივიდის აგრესიულობიდან, მიმიყვანა შემდეგ დასკვნამდე: ეგოს თავდაპირველი დაცვები მიმართულია დესტრუქციული იმპულსებისა და ფანტაზიების მიერ წარმოქმნილი შიშების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფსიქოზურ შიშებს კვალში მივყვებით მათ წარმომავლობამდე, ისევ და ისევ ორალურ სადიზმს მივადგებით ხოლმე. ისიც შევამჩნიე, რომ დედისადმი ორალურ – სადისტური დამოკიდებულება და გაშინაგანება შთანთქმული, ე.ი. შთანმთქმელი დედის მკერდისა
ყველა შინაგანი მდევნელის პროტოტიპია. ერთის მხრივ, დაზიანებული და ამიტომ შიშის მომგვრელი მკერდის, მეორე მხრივ, დამაკმაყოფილებელი და მშველელი მკერდის გაშინაგანება წარმოადგენს სუპერ-ეგოს არსს. მეორე დასკვნა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ორალური შიშები პირველადია, ყველანაირი წარმომავლობის სადისტური ფანტაზიები და სურვილები მოქმედებენ განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე და გადაფარავენ ორალურ შიშებს.
ზემოთ აღწერილი ინფანტილური შიშების მნიშვნელობა ნაჩვენები მაქვს ძალიან მძიმე მოზრდილ ავადმყოფთა ანალიზში. მათგან ზოგიერთს ფსიქოზის მოსაზღვრე მდგომარეობა ჰქონდა.
სხვა შემთხვევები დამეხმარა შემდგომი დასკვნების გაკეთებაში. უდავოდ პარანოიდ ერნას შედარებამ სხვა ავადმყოფ ნევროტიკ ბავშვთა ფანტაზიებსა და შიშებთან დამარწმუნა, რომ ფსიქოზური შიშები (პარანოიდული და დეპრესიული) ძირითადია, წამყვანია ინფანტილურ ნევროზებში. მსგავსი დაკვირვება მოვახდინე ზრდასრულ პაციენტთა ნევროზებშიც. ყველა ამ გამოკვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჰიპოთეზა, რომ ფსიქოზური ბუნების შიშები გარკვეული რაოდენობით ახლავს ნორმალურ ინფანტილურ განვითარებას… ამ ინფანტილური შიშების აღმოსაჩენად ანალიზი უნდა ჩასწვდეს არაცნობიერის ღრმა ფენებს როგორც ბავშვებთან, ისე დიდებთან.
შესავალში აღვნიშნე, რომ თავიდან ჩემი ყურადღება ბავშვთა შიშებმა მიიპყრო. დავინახე, რომ მათი შინაარსის განმარტების გზით შეიძლება მათი შემცირება. ამ მიზნისათვის გამოვიყენე თამაშის სიმბოლური ენა. ჩემი გაგებით, ეს ენა ბავშვთა განცდების გამოხატვის ძირითადი საშუალებაა. როგორც დავინახეთ, Kკუბიკი, პატარა ფიგურა, მანქანა ბავშვისათვის არა მხოლოდ თავისთავად საინტერესო სათამაშოა; თამაშის დროს სათამაშოებს ყოველთვის აქვთ სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის ფანტაზიებთან, ნატვრასთან, გრძნობებთან. გრძნობათა გამოხატვის ამ არქაულ სახეს ჩვენ ვიყენებთ ოცნების დროს; ბავშვთა თამაშს ფროიდისეული სიზმრის განმარტების კუთხით რომ მივუდექი, ამან გზა მომცა ბავშვის არაცნობიერისკენ. ბავშვის მიერ გამოყენებული ყოველი სიმბოლო უნდა განვიხილოთ მის ძირითად ემოციებთან და შიშებთან კავშირში. გათვალისწინებული უნდა იყოს ის მთლიანი სიტუაცია, რაც გვაქვს ანალიზის დროს. განზოგადებულ თარგმნას, ახსნას აზრი არ აქვს.
სიმბოლიზმისთვის მნიშვნელობის მინიჭებამ დროთა განმავლობაში მიმიყვანა სიმბოლოთა ფორმირების თეორიის ჩამოყალიბებამდე. თამაშის ანალიზმა გვიჩვენა, რომ სიმბოლიზმი საშუალებას აძლევს ბავშვს მოახდინოს არა მარტო ინტერესთა, არამედ ფანტაზიების, შიშების და დანაშაულის ტრანსფერი უფრო მეტად საგნებზე, ვიდრე ადამიანებზე. თამაშის დროს ხდება განცდათა ძლიერი შემსუბუქება. ეს განაპირობებს თამაშის აუცილებლობას. როდესაც პიტერს განვუმარტე, სათამაშოს დაზიანება შენს ძმაზე თავდასხმას წარმოადგენს მეთქი, მიპასუხა: ამას ჩემს ნამდვილ ძმას კი არ ვუკეთებ, არამედ სათამაშო ძმასო. რა თქმა უნდა, ჩემმა განმარტებებმა ნათელი გახადა, რომ მას ნამდვილ ძმაზე უნდოდა იერიშის მიტანა. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ მან მხოლოდ სიმბოლური სახით შეძლო დესტრუქციულ ტენდენციათა გამოხატვა ანალიზის დროს.
ბავშვებში სიმბოლოთა წარმოქმნისა და გამოყენების უნარის ძლიერი შეფერხება, და, შესაბამისად, ოცნებებში ცხოვრების უუნარობა, სერიოზული დარღვევის ნიშანია. მე დავრწმუნდი, რომ ამგვარი შეფერხება და შედეგად გარე სამყაროსა და რეალობასთან ურთიერთობის დარღვევა შიზოფრენიისათვისაა დამახასიათებელი.
გაკვრით აღვნიშნავ, რომ კლინიკური და თეორიული თვალსაზრისით მიდგომის მეთოდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ერთდროულად ვაწარმოებდი ბავშვთა და დიდების ანალიზს. მოზრდილებშიც მოქმედებს ბავშვური ფანტაზიები და შიშები. მე შემიძლია ვთქვა, თუ როგორ განვითარდება ესა თუ ის ბავშვი მომავალში. ეს შევძელი მძიმედ ავადმყოფ, ნევროზულ და ნორმალურ ბავშვთა მდგომარეობის ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. აღმოვაჩინე, რომ ფსიქოზური ხასიათის ინფანტილური შიშები წარმოადგენს ზრდასრულ ნევროტიკთა დაავადების მიზეზს, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე.
VI
ბავშვთა და მოზრდილთა ანალიზმა მიმიყვანა იმპულსთა, ფანტაზიათა, შიშების წარმომავლობამდე. ისინი სათავეს იღებენ შეგრძნებებიდან დედის მკერდის მიმართ (ასეა იმ ბავშვებთანაც, ვისაც ძუძუUარ უწოვია). ობიექტთან ურთიერთობა დაბადებიდან ჩნდება და იზრდება პირველი კვებიდანვე; მეტსაც ვიტყვი- სულიერი ცხოვრების ყველა ასპექტი მჭიდროდ უკავშირდება ობიექტთა ურთიერთობას. იგი გამოვლინდება ბავშვის მიერ გარე სამყაროს შეცნობის დროს. მას მალე ემატება ამბივალენტური დამოკიდებულება მამისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ობიექტთა ურთიერთობა მუდმივ ზეგავლენას განიცდის და, ამ მხრივ, გავლენას ახდენს მის მიერ აგებულ შინაგან სამყაროზე. გარეგანი და შინაგანი მდგომარეობა ურთიერთქმედებს მას შემდეგ, რაც სიცოცხლის დასაწყისადან გვერდი-გვერდ მოქმედებს ინტროქცია და პროექცია.
ჩემი დაკვირვებით, ახალშობილის გონებაში დედა პირველად ჩნდება დაცალკევებული კარგი და ცუდი მკერდის სახით. რამდენიმე თვის განმავლობაში ეგოს ინტეგრაციის ზრდასთან ერთად გაერთიანებას იწყებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტები. ეს მიხვედრა დამეხმარა გამეგო როგორც გახლეჩის პროცესების მნიშვნელობა, კარგი და ცუდი ფიგურების დაცალკევება, ასევე ამგვარი პროცესების გავლენა ეგოს განვითარებაზე. იმან, რომ დეპრესიული შიშები წარმოიშვება ეგოს მიერ ობიექტის ცუდი და კარგი (საყვარელი და საძულველი) მხარეების გაერთიანების შედეგად, თავის მხრივ მიმიყვანა კონცეფციამდე დეპრესიული მდგომარეობის შესახებ. ეს მდგომარეობა თავის მწვერვალს სიცოცხლის პირველი წლის შუაში აღწევს, მას წინ უსწრებს პარანოიდული მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სიცოცხლის პირველ სამ-ოთხ თვეს და ხასიათდება დევნის შიშებითა და გახლეჩის პროცესით. მოგვიანებით, 1946 წ.-ში მოვახდინე ჩემი შეხედულების რევიზია 3-4 თვის ასაკის შესახებ და ამ ეტაპს ვუწოდე (ვისარგებლე რა ფერბერნის შეხედულებით) პარანოიდულ-შიზოიდური მდგომარეობა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ვეცადე მომეხდინა ჩემი მიგნებების კოორდინაცია გახლეჩის, პრიექციის, დევნისა და იდეალიზაციის შესახებ.
ბავშვებთან ჩემი მუშაობა და ამის შედეგად გაკეთებული თეორიული დასკვნები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენდა ჩემი მუშაობის ტექნიკაზე მოზრდილებთან. ბავშვის გონებაში წარმოქმნილი არაცნობიერის გამოკვლევა მოზრდილებთან ყოველთვის იყო ფსიქოანალიზის არსი. ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შედეგად ამ მიმართულებით უფრო ღრმად შევაღწიე, ვიდრე მიღებული იყო. ამგვარად შევიმუშავე ტექნიკა, რომელმაც საშუალება მომცა ჩავწვდომოდი ღრმა ფენებს, თამაშის ჩემეული ტექნიკის დახმარებით უკეთ ვხედავდი, თუ რა მასალა მოითხოვდა ყველაზე მეტად განმარტებებს მოცემულ მომენტში და რა გზით, რა სახით მიმეტანა ეს მასალა უფრო გასაგებად პაციენტამდე. ამ გამოცდილებიდან ზოგი რამ გამოვიყენე ზრდასრულთა ანალიზში. როგორც აღვნიშნე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებთან გამოყენებული ტექნიკა იდენტურია ფსიქოანალიტიკური მიდგომისა ზრდასრულებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაკვლიეთ უადრეს საფეხურებთან მისვლის საკუთარ გზას, მოზრდილთა ანალიზის შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ეგოს. სწორედ მოზრდილი პაციენტის ეგოს ვეყრდნობით ანალიზისას. სწორედ ასევე, ბავშვის ანალიზისას მხედველობაში გვაქვს განვითარების ეტაპის შესაბამისი ინდივიდუალური ეგო.
განვითარების უადრესი საფეხურების უფრო ღრმა გაგებამ, ბავშვის სულიერ სამყაროზე ფანტაზიების, შიშებისა და დაცვების როლის გამოკვლევამ ნათელი მოჰფინა ფსიქოზთა წარმომავლობის საკითხს მოზრდილებთან. შედეგად გამოიკვეთა ფსიქოზიან პაციენტთა მკურნალობის ახალი გზა ფსიქოანალიზის საშუალებით. ეს სფერო, განსაკუთრებით შიზოფრენიკთა ფსიქოანალიზი, საჭიროებს უფრო ღრმა კვლევას. ამ წიგნში წარმოდგენილი ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსის მუშაობა ამ მიმართულებით ამართლებს მომავალზე დამყარებულ იმედებს.