ჯეიმს სტრეიჩი, ფსიქოანალიზის თერაპიული ზემოქმედების არსი

                                                                                                                                                  ჯეიმს სტრეიჩი

შესავალი

ფსიქოანალიზი თერაპიული პროცედურიდან წარმოიშვა და  მთავარი დატვირთვა დღემდე ანალიტიკურ ტექნიკაზე მოდის.  მიუხედავად ამისა,    გასაოცარად  მწირეა  ის ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა, რომელიც  აღწერს თერაპიული ეფექტის მიღწევის მექანიზმებს. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში დაგროვილ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი   მონაცემები, რომლებმაც ნათელი მოფინეს ადამიანის ბუნებისა და აზროვნების თავისებურებას. გაცილებით უკეთ ხდება ამ  მონაცემთა კლასიფიკაცია და  ზოგად ჰიპოთეზურ და მეცნიერულ ჩარჩოებში მოქცევა. მაგრამ   ეს  აღმოჩენები დღემდე  ძალიან ძნელად და   ფრთხილად  ინერგება თერაპიულ პროცესში.  ჩემი აზრით,  ამ  თავშეკავების გამოა,  რომ   ის  უამრავი დისკუსია, რომელიც ეხება ანალიტიკური ტექნიკის პრაქტიკულ  დეტალებს,  ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსრულებელია.  მაგალითად, როგორ უნდა   შევთანხმდეთ შემდეგ საკამათო საკითხზე:  საერთოდ საჭიროა  თუ არა,  ან როდის არის საჭირო   “ღრმა განმარტება”,   როცა ამ დროს არა გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე,  თუ რა  იგულისხმება ცნებაში “ ღრმა განმარტება”. ამავე დროს,  არა გვაქვს ზუსტად  ფორმულირებული “განმარტების” კონცეფცია -ანუ   არ ვიცით რა არის  “განმარტება” და რა ეფექტს ახდენს ის პაციენტზე. მე ვფიქრობ,  რომ  ჩვენ მეტს მივაღწევდით,  ამდაგვარი პრობლემებისთვის მეტი ყურადღება რომ  მიგვექცია.  ჩვენ რომ შევძლებდეთ თერაპიული პროცესის მუშაობის უფრო დეტალურად გააზრებას, ნაკლებად   აღმოცენდებოდა  დროდადრო სრული დეზორიენტაციის გრძნობა, რომლისგანაც თავსუფალი მხოლოდ ერთეულები არიან. შესაბამისად, …  ჩემი ნაშრომი წარმოადგენს  ფრთხილ  შეტევას ამ პრობლემებზე.   მისი საკამათო დასკვნები თუნდაც  არ იყოს  მიიღებული, ჩემი მიზანი  მიღწეული იქნება,  თუკი ჩათვლიან,  რომ ეს პრობლემა გადაუდებელია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის პრაქტიკული დისკუსია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის შესახებ; ამას   პრეტენზია აქვს  წმინდა  თეორიული თვალსაზრისით.  პირველად  მასალად მე გამოვიყენე  სხვადასხვა სახის პროცედურა,  რომელიც   განიხილება ორთოდოქსული ფსიქოანალიზის საზღვრებში და ამ პროცედურის გამოყენებით გამოწვეული სხვადასხვა ეფექტი.   ჩემი ჰიპოთეზა ცდილობს,  მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით და ლოგიკით ახსნას, თუ რატომ იწვევს მოცემული ტექნიკა მოცემულ შედეგს. მე აგრეთვე შევეცადე მეჩვენებინა, რომ, თუ ჩემი ჰიპოთეზა ფსიქოანალიტიკური პროცედურის ბუნების შესახებ ღირებულია,  აქედან გარკვეული დასკვნების  გამოტანა შეიძლება. ეს დასკვნები შემდგომ  შესაძლებელია გამოვიყენოთ  როგორც კრიტერიუმები ნებისმიერი სახის პროცედურის   ეფექტურობის შეფასების დროს.

რეტროსპექტულად

წარმოადგენს თუ არა    სიახლეს ეს თემა, რომელსაც მე დღეს განვიხილავ, უეჭველად  კამათის საგანი გახდება. სხვა თუ არა,   იმას მაინც იტყვიან, რომ მათთვის  დიდი ხანია ცნობილია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის მთავარი პრინციპები. ამას  მე,  რა თქმა უნდა,  დავეთანხმები. უფრო მეტიც, მე მინდა დავიწყო მოცემული საკითხის გარშემო იმ შეხედულებების მოკლედ შეჯამებით რომლების  ყველასთვის მისაღებია. ამ მიზნით მე დავუბრუნდები 1912-1917 წ, პერიოდს როდესაც ფროიდმა დაწერა ნაშრომი უშუალოდ ფსიქოანალიტიკური ტექნიკის შესახებ და ასევე  “შესავალი ლექციების” ოცდამეშვიდე და ოცდამერვე თავებს.

“წინააღმდეგობის ანალიზი”
ეს პერიოდი ხასიათდება იმ მეთოდის სისტემური გამოყენებით,  რომელსაც ეწოდებოდა “წინააღმდეგობის ანალიზი”. მოცემული მეთოდი  იმ დროისთვის  ახალი იყო და ეფუძნებოდა ანალიტიკური თეორიის იდეებს,   განსაკუთრებით, ფროიდის წარმოდეგენას ნევროტული სიმპტომების ფუნქციის შესახებ. ამ შეხედულების თანახმად (რომელიც  ჩამოყალიბდა ძირითადად ისტერიის შემთხვევების ანალიზიდან), ნევროტული სიმპტომი წარმოადგენდა კომპრომისს, რომელიც ერთის მხრივ, იცავდა პაციენტს მისი პიროვნებისთვის მიუღებელი არაცნობიერი აზრების ნაკადისგან და,  იმავდროულად,  ნაწილობრივ აკმაყოფილებდა არაცნობიერ ლტოლვას. აქედან გამომდინარე,  თუ ანალიზის შედეგად აღმოჩენილ იქნებოდა ეს არაცნობიერი ლტოლვა და,  შესაბამისად,  პაციენტი გააცნობიერებდა მას (არაცნობიერი გახდებოდა ცნობიერი), სიმპტომი ავტომატურად გაქრებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ორი დაბრკოლება; უპირველეს ყოვლისა,  პაციენტის გონება თურმე წინააღმდეგობას უწევს ანალიტიკოსს, როდესაც ის ცდილობს იპოვოს და გამოიკვლიოს არაცნობიერი ნაკადი.  ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ეს პაციენტის გონების ის ნაწილია, რომელმაც თავის დროზე ხელი შეუშალა ამ არაცნობიერი ნაკადის ცნობიერში გადმოსვლას და შესაბამისად ნევროტული სიმპტომის ჩამოყალიბება განაპირობა.  მეორე სიძნელე მდგომარეობდა იმაში, რომ იმ შემთხვევაშიც კი,  როცა ფსიქოანალიტიკოსის მიერ ამ წინააღმდეგობის დაძლევის გზით არაცნობიერი ნაკადი აღმოჩენილ  იყო  და გაცნობიერებული პაციენტის მიერ, სიმპტომი ხშირად მაინც  არ ქრებოდა. ამ სიძნელეების გააზრებამ მიგვიყვანა სერიოზულ თეორიულ და პრაქტიკულ შედეგებამდე.  თეორიულად ნათელი გახდა, რომ პაციენტის მიერ არაცნობიერის გაცნობიერების 2 დონე არსებობს. მან შეიძლება ანალიტიკოსის დახმარებით ინტელექტუალურად გააცნობიეროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს       “ნამდვილ” გაცნობიერებას. უფრო ნათელი წარმოდგენისთვის ფროიდმა შექმნა ადამიანის გონების პიქტორიალური ალეგორია რუქის სახით. თავდაპირველი არაცნობიერი ნაკადი მოათავსა გონების ერთ ნაწილში და ახალი, ანალიტიკოსის დახმარებით აღმოჩენილი ინფორმაცია იმ ნაკადის შესახებ_ მეორეში. მხოლოდ ამ ორი შთაბეჭდილების ერთდროულად განცდის შემთხვევაში ხდებოდა ჭეშმარიტი გაცნობიერების პროცესი. სწორედ აქ აღმოცენდა პრქტიკული გაკვეთილი, რომ ანალიტიკოსის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს არა იმდენად იმ არაცნობიერი ნაკადის აღმოჩენაში, რამდენადაც პაციენტის წინააღმდეგობის მოშორებაში.
მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? ისევ და ისევ იმავე პროცედურით,  რასაც არაცნობიერი ნაკადის აღმოჩენის და კვლევის დროს ვიყენებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიძნელეები, რადგან რეპრესიის (მიჭირხვნის) გამომწვევი ძალა, რომელიც ნაწილობრივ არაცნობიერია, ეხლა უკვე პაციენტის მე-ს ნაწილს შეადგენს,   გვეხმარება  და,  შესაბამისად,  უფრო მისწვდომია. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ფსიქიკაში არსებული წონასწორობა უნდა დაირღვეს და მე-მ უნდა იმუშავოს, რათა   ხელახლა მოახდინოს შეგუება,  ახალი წონასწორობის დამყარება. აღწერილი პროცესი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ჩვენი მხრივ მოვახდენთ გარკვეული ძალების მობილიზებას ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების გზით.
მაგრამ რა ძალებს ვეყრდნობით? – უპირველეს ყოვლისა, ეს არის  პაციენტის გამოჯანმრთელების სურვილი, ის, რამაც იგი მოიყვანა. გვეხმარება აგრეთვე პაციენტის მიერ მთელი რიგი ინტელექტუალური მიგნებების გააზრება. ჩვენ შეგვიძლია მას გავაცნობიერებინოთ მისი სიმპტომის სტრუქტურა და მოტივი,  თუ რატომ ეწინააღმდეგება იგი არაცნობიერ ნაკადს. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ეს მოტივები მოძველებულია და ბავშვობას უფრო ეკუთვნის, იმ პერიოდს, როცა მათი აქტუალობა გამართლებული იყო. საბოლოოდ ჩვენ  შეგვიძლია დავანახოთ პ-ს, რომ მისი თავდაპირველი გამოსავალი ( მიგნებული  ბავშვობის ასაკში) მისი ნევროზის მიზეზია და გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ახალი, ზრდასრულისთვის მისაღები გამოსავლის მოძებნა. აქ ჩამოთვლილი მოტივები,  შესაძლოა, გარკვეულ  როლს თამაშობენ მისი წინააღმდეობის მოშორებაში,  თუმცა  გადამწყვეტი ფაქტორები სხვა სფეროდან მომდინარებს.  ეს ფაქტორი გადატანაა. მე   აქ მოკლედ გავიხსენებ ყველა იმ იდეას ამ საკითხის ირგვლივ, რომელსაც ფროიდი განიხილავდა მოცემულ პერიოდში.

გადატანა

დავიწყებ ასე:   თუმცა ფროიდმა  ადრევე მიაქცია ყურადღება იმას,  რომ გადატანა ვლინდება ორნაირად: ნეგატიურად და პოზიტიურად, ჩვენ გაცილებით ნაკლები ვიცით ნეგატიურ გადატანაზე პოზიტიურთან შედარებით. ეს შეესაბამება იმ გარემოებას, რომ ზოგადად ინტერესი დესტრუქციული და აგრესიული იმპულსების მიმართ შედარებით ახალი ხილია. გადატანა ძირითადად მიღებული იყო როგორც ლიბიდინალური  ფენომენი. ითვლებოდა, რომ ყველას აქვს დაუკმაყოფილებელი ლიბიდინალური იმპულსების გარკვეული რაოდენობა და ახალი ადამიანის სცენაზე გამოსვლა განაპირობებდა ამ იმპულსების მისკენ მიმართვას,  რაც იმას ნიშნავს, რომ გადატანა უნივერსალური ფენომენია. ნევროზით დაავადებულებში, არა-ბმული, დაუკმაყოფილებელი ლიბიდინალური იმპულსების რაოდენობა გაცილებით დიდია, რაც შესაბამისად განაპირობებს უფრო მეტ ტენდენციას გადატანისადმი. ამას ემატება ანალიტიკური სიტუაციის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს გადატანას. სწორედ გადატანის შედეგად აღმოცენებული სიყვარული  ანალიტიკოსის მიმართ არის  ის ძალა, რომელიც წარმოადგენს იმ ექსტრა ძალას, რომელიც უბიძგებს ეგოს თავი დაანებოს წინააღმდეგობას, მოაშოროს რეპრესია და მოიფიქროს ახალი გამოსავალი (გადაწყვეტილება) ძველი პრობლემის გადასაჭრელად.
ეს ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც არანაირი თერაპიული ეფექტი არ მიღწევა, არ წარმოადგენდა სიახლეს. სინამდვილეში ის იყო ჰიპნოზის გამომწვევი ძალა, რომელიც დიდი ხნის წინ დაივიწყეს. თუმცა ეხლა ის სხვანაირად იქნა გამოყენებული- ჰიპნოზური მექანიზმის საპირისპირო მიმართულებით. ანალიტიკურ ხანამდე ის გამოყენებული იყო რეპრესიის ხარისხის გასაძლიერებლად, მაშინ როცა ფსიქოანალიზში ის გამოიყენება ეგოს მიერ წინააღმდეგობის დაძლევის გზით რეპრესიის მოსაცილებლად.

სიტუაცია თანდათან გართულდა,  რაც უფრო მეტი გახდა ცნობილი გადატანის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ანალიტიკოსისკენ მიმართული გრძნობები მრავალფეროვანი აღმოჩნდა. პოზიტიური გრძნობების გვერდი გვერდ აღმოჩნდა მტრული, ნეგატიური იმპულსებიც, რომლებიც თერაპიული პროცესის ხელშემშლელ ფაქტორებში ირიცხებოდნენ. მაგრამ გარდა მტრული იმპულსებისა, თვითონ სასიყვარულო იმპულსებიც ორ ჯგუფად იყოფა: მეგობრულ  და მოსიყვარულედ, რომლებიც ცნობიერებისთვის მისაწვდომია,   და სუფთა  ეროტიული, რომელიც, ჩვეულებრივ, მთლიანად არაცნობიერში ბინადრობს. ამ ეროტიული იმპულსების სიმძაფრის შემთხვევაში ისინი  მე-ს წინააღმდეგობას აძლიერებენ  შესუსტების მაგიერ და MMმათი მოქმედების შედეგი   ნეგატიური იმპულსების  მოქმედების მსგავსია .
ხოლო ამ ყოველივეს  მიღმა არსებობდა სუგესტიური თერაპიის პერმანენტულობის შესახებ დიდი კითხვა: ტოვებს თუ არა გადატანა პაციენტს მუდმივად მიჯაჭვულს ანალიტიკოსზე?

ყველა ეს სიძნელე გადალახულ იქნა იმის აღმოჩენით, რომ თვითონ გადატანის ანალიზი იყო შესაძლებელი.   მალევე სწორედ გადატანის ანალიზი იქნა აღიარებული  მკურნალობის მნიშვნელოვან  ნაწილად. მისი ფესვები იყო ნაპოვნი იმავე რეპრესირებულ არაცნობიერში და ეს პროცესიც მოიცავდა არაცნობიერის გაცნობიერების პროცედურას.    არ არის ურთერთგამომრიცხავი  გადატანის ანალიზისთვის თვითონ გადატანის ძალა გამოყენება.  როგორც კი ხდება გაცნობიერება,  მისი დაუმორჩილებელი, ინფანტილური და პერმანენტული ხასიათი ქრება. შედეგად ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობა რჩება სხვა ადამიანური ურთიერთობების მსგავსი.

გადატანის მუდმივი გაანალიზირების აუცილებლობა ნათელი გახდა სხვა აღმოჩენის შედეგადაც. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში (რაც მეტი ხანი გრძელდება ანალიზი) გადატანა შთანთქავს მთელ ანალიზს. უფრო და უფრო მეტი ლიბიდო გადადის ანალიტიკოსზე და ნევროტული სიმპტომი კარგავს ლიბიდოს და უფერულდება, ხოლო  მთელი ლიბიდო კონცენტრირდება ანალიტიკოსზე. ამ პროცესს ფროიდმა უწოდა “გადატანის ნევროზი”. თავდაპირველი კონფლიქტები, რომელთაც გამოიწვიეს ნევროზი, გააქტივებდება  და გათამაშდება  ანალიტიკოს-პაციენტის ურთიერთობაში. ეს არავითარ შემთხვევაში არაა უბედურება, არამედ პირიქით – დიდ უპირატესობას გვაძლევს; იმის მაგივრად,  რომ პაციენტთან ვილაპარაკოთ მის კონფლიქტურ სიტუაციაზე შორეულ წარსულში და მუმიფიცირებულ პერსონაჟებზე, ჩვენ გვაქვს გაცოცხლებული კონფლიქტი ახლა და ამჟამად, საკონსულტაციო ოთახში, რომელშიც ანალიტიკოსის ფიგურა მონაწილეობს და რომელსაც სიტუაციაზე გარკვეულ წილად აქვს კონტროლი. პაციენტს, თავის მხრივ, ეძლევა საშუალება მოძებნოს ახალი, კონფლიქტის გადაწყვეტის უფრო კონსტრუქციული  გამოსავალი. ეს   იმასაც ნიშნავს, რომ   ანალიზის დამთავრების შემდეგაც ის აღარ დაუბრუნდება თავის ძველ ნევროზს. გადატანის კონფლიქტის გამოსავალი გულისმობს მისი ინფანტიულური კონფლიქტის ახლებურად გადაწყვეტას. ფროიდი “შესავალ ლექციების კურსში” ამბობს: “ცვლილება ანალიტიკოსის სუგესტიით გამოწვეული პაციენტის მე-ს გარდაქმნის შედეგია. მე კი იზრდება სწორედ არაცნობიერი მასალის გაცნობიერების ხარჯზე. მე-ს განკარგულებაში ლიბიდოს მეტი რაოდენობა ხვდება და ის სწავლობს მისი უკეთესად დაკმაყოფილების გზებს. ამასთანავე, ლიბიდინალური მოთხოვნილებები ნალებად შემზარავი ხდება მისთვის, რადგან მე ახლად შეძენილი უნარების წყალობით ახდენს მისი გარკვეული რაოდენობის სუბლიმირებას. რაც უფრო მეტად შეესაბამება მკურნალობის კურსი ზემოთ აღწერილ იდეალურ ვარიანტს, მით უფრო წარმატებულია ფსიქოანალიტიკური თერაპია”. ამ ციტატის მოყვანის მიზანია, ხაზი გავუსვა ფროიდის იმდროინდელ რწმენას, რომ ანალიტიკოსის მხრიდან შთაგონება არის ძირითადი მექნიზმი პაციენტის მე-ს ლიბიდინალური ნაკადის მიმართ გაზრდილი ტოლერანტულობისა.

ზე-მე (სუპერ-ეგო)

მრავალმა წელმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც ფროიდმა დაწერა ეს თავი, მაგრამ დროთა განმავლობაში ცოტა რამ თუ დაუმატა  და შეცვალა. არაა გასაკვირი, რომ გასულ წელს მის მიერ დაწერილ დამატებით ლექციებში ის ახალს არაფერს უმატებს ამ საკითხის ირგვლივ თეორიულ დისკუსიას რომელის 15 წლის წინ დაწერა. იმავდროულად, დროის ამ მონაკვეთში მან მნიშვნელოვნად განავითარა მოსაზრებები მე ფსიქოლოგიის სფეროში. კონკრეტულად,  მან მოახდინა ზემე-ს კონცეფციის ფორმირება. წინააღმდეგობის ანალიზის პერიოდში ფორმულირებული ზემე-ს კონცეფციის ხელახალი გადახედვა და ცვლილებების შეტანა მოიცავდა მთელ რიგ შემდგომ ცვლილბებსაც. ჩვენი ინტერესი ამის ირგვლივ ორად იყოფა. უპირველეს ყოვლისა,  ერთი შეხედვით დიდი ალბათობაა იმისა, რომ ზე-მე თამაშობს პირდაპირ თუ არაპირდაპირ როლს რეპრესიის და წინააღმდეგობის(რესისტანსე) წარმოქმნასა და შენარჩუნებაში, რომლის მოშორებაც ფსიქოანალიზის მთავარ მიზანს წარმოადგენს.  ფროიდი გამოყოფს წინააღმდეგობის 5 ტიპს. მართალია,  მხოლოდ ერთი წარმოადგენს ზემე-ს პირდაპირი ჩარევის შედეგს, ორი მე-ს წინააღმდეგობა: რეპრესიის წინააღმდეგობა და გადატანის წინააღმდეგობა. ესენი, მართალია, მომდინარეობენ ეგოდან, მაგრამ სინამდვილეში ზემე-ს შიშის შედეგს წარმოადგენენ. როგორც ჩანს,  როცა ფროიდი ლაპარაკობდა პაციენტის მე-ს ცვლილებაზე, გულისხმობდა მე-ს იმ ნაწილს, რომელიც შემდეგ გამოყო როგორც ზე-მე. ამისგან დამოუკედებლად, მის უფრო ძველ შრომაში  “ჯგუფის ფსიქოლოგია”(1921) ის ავითარებს განსხვავებულ მოსაზრებას, რომ ანალიტიკოსი ზემე-ს  გზით ახდენს პაციენტზე გავლენას. ეს აზრი გატარებული აქვს ნაშრომის იმ ნაწილში, სადაც ის ლაპარაკობს ჰიპნოზისა და შთაგონების (სუგესტიის)  ბუნებაზე. ის  უარყოფს ბერნჰეიმის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ყველა ჰიპნოზური ფენომენი მომდინარობს შთაგონებიდან  და ამტკიცებს, რომ შთაგონება არის ჰიპნოზური მდგომარეობის ნაწილობრივი გამოვლინება. ჰიპნოზურ მდგომარეობას ის ადარებს შეყვარებულობას, რაც მოიცავს ჰიპნოტისტის,   როგორც საყვარელი ადამიანისადმი, თავმდაბლობას, მორჩილებას და კრიტიკის არარსებობას. მაშასადამე,  უეჭველია, რომ ჰიპნოტისტმა, როგორც სიყვარულის ობიექტმა, სუბიექტის მე-იდეალის ადგილი დაიკავა.

ვინაიდან შთაგონება არის ჰიპნოზის ნაწილობრივი გამოვლინება და ანალიტიკოსი პაციენტში იწვევს ცვლილებებს შთაგონების გზით, გამოდის,  რომ ანალიტიკოსმა თავისი წარმატება გარკვეულწილად უნდა მიაკუთვნოს პაციენტის ზემე-ს ადგილის დაკავებას. აქედან გამომდინარეობს  ორი დაკავშირებული ხაზი, რომელიც მიუთითებს, რომ ზე-მე იკავებს გადამწყვეტ პოზიციას ანალიტიკურ თერაპიაში: ის არის პაციენტის გონების (ფსიქიკის) ნაწილი, რომელში  ცვლილებებსაც მივყავართ ზოგად გაუმჯობესებამდე და რომელიც ანალიტიკოსის შთაგონებას ემორჩილება.
ეს სანაქებო დასკვნები ზემე-ს ცნების ფორმირებისთანავე გაკეთდა. ერნესტ ჯონსმა თავის ნაშრომში აუტო-სუგესტიაზე ეს თემა განავრცო.

ალექხანდერმა მალევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ფსიქოანალიზის პრინციპული მიზანი უნდა იყოს ზემე-სმთლიანი განადგურება და მისი ფუნქციის მე-ს მიერ თავის თავზე აღება. მისი თეორიის თანახმად, თერაპია ორ ფაზად იყოფა: თავიდან ზემე-ს ფუნქცია გადაეცემა ანალიტიკოსს და მეორე ეტაპზე ის ისევ გადაეცემა უკან პაციენტის მე-ს. ის შემოფარგლავს ამ სიტყვის ხმარებას მე-იდეალის არაცნობიერი ნაწილით. ალექსანდერის  მიხედვით ზე-მე წარმოადგენს მენტალური აპარატის პრიმიტიულ, მოძველებულ ნაწილს, რომელმაც დაკარგა კავშირი რეალობასთან და რომელსაც არ აქვს ადაპტაციის უნარი და რომელიც მოქმედებს ავტომატურად, რეფლექსის დონეზე. ზემე-ს სასრგებლო ფუნქციები თავისუფლად შესაძლებელია გადაებაროს მე-ს. ზე-მეზე ამ ტოტალური შეტევის ღირებულება საკამათოა. მისი ანულირება,    გამოიწვევს მთელი რიგი ძალიან სასურველი მენტალური აქტივობების განადგურებას. თუმცა ალექსანდერის ის მოსაზრება, რომ მკურნალობის პროცესში ანალიტიკოსის მიერ ხდება ზემე-ს ფუნქციების დროებითი შესრულება,  ეთანხმება ჩემს მიერ გაკეთებულ ფრთხილ შენიშვნებს.
იმავეს ამტკიცებს გარკვეული აბზაცები რადოს ნაშრომში “ფსიქოანალიტუკური ტექნიკის ეკომომიური პრინციპები” . ამ ნაშრომის მეორე ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამოქვეყნებულა, უნდა ყოფილიყო ფსიქოანალიზის შესახებ, მაშინ როცა პირველი ნაწილი ჰიპნოზზე და კათარზისზე_ წარმოადგენს  ჩვენი ინტერესის საგანს. ის მოიცავს თეორიას, რომლის თანახმადაც ჰიპნოზის ობიექტი შთანთქავს ჰიპნოტისტს “პარაზიტული ზემე-ს” სახით, რომელიც იღებს სუბიექტის საწყისი ზემე-ს ფუნქციებს. ერთ-ერთი თვისება, რომელსაც რადო ხაზს უსვამს,  არის ამ პროცესის არამდგრადი და დროებითი ბუნება. მაგალითად: თუ ჰიპნოტისტი იძლევა ბრძანებას, რომელიც პაციენტის საწყისი ზემე-ს საპირისპიროა, პარაზიტი სასწრაფოდ გამოიდევნება. ყოველ შემთხვევაში როდესაც ჰიპნოზი დასრულდება, პარაზიტული ზემე-ს  გავლენა მთავრდება და საწყისი ზემე-ს განაახლებს თავის ფუნქციას.

მიუხედავად იმისა, რომ რადოს აღწერილი პროცესის დეტალები საკამათოა, ის არა მარტო ხაზს უსვამს ზემე-ს აქტუალობას ფსიქო-ანალიზში, არამედ გვაჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებას ჰიპნოზისა და ფსიქოანალიზის ეფექტების მდგრადობას შორის. რადოს მიერ აღწერილი პარაზიტული ზემე-ს მიერ საწყისი ზემე-ს ადგილის დრებითი დაკავება მისი ინაქტივირების გზით, ანუ მისი ჩანაცვლება ნათლად ასახავს ჰიპნოზის მექანიზმს. მაშინ, როცა ანალიზის მიზანია თვითონ პაციენტის სუპერ-ეგოს შეცვლა, მისი ბუნების ინტეგრალური ცვლილება, რაც იძლევა შესაბამისად მყარ ცვლილებებს.

ინტროექცია და პროექცია

ფსიქოანალიტიკური თეორიის განვითარების ბოლო პერიოდი ხასიათდება დესტრუქციული იმპულსების და მასთან დაკავშირებული შფოთვისა და დანაშაულის განცდისადმი გაზრდილი ინტერესით. მე მხედველობაში მაქვს მელანი კლაინის მოსაზრებები სუპერ-ეგოს ფორმირებისა და ინტროქცია-პროექციის მნიშვნელობის შესახებ პიროვნების განვითარების პროცესში. მე აქ მოვიყვან მის იდეებს სქემატური სახით. კლაინის თეორიის მიხედვით, ადამიანი მუდმივად ახდენს თავისი იდ-ის(არაცნობიერი)  იმპულსების ობიექტების ინტროექცია-პროექციას. ამასთან,  ინტროეცირებული ობიექტის თვისებები დამოკიდებულია გარეგანი (ექსტერნალური) ობიექტის თვისებებზე, რომლისკენც მიმართულია იდ-ის იმპულსები.  მაგალითად,  ბავშვის ლიბიდინალური (ფსიქო-სექსუალური) განვითარების ორალურ სტადიაზე, როდესაც ორალური აგრესიაა დომინანტური, მას გარე ობიექტების მიმართ შესაბამისი ორალური აგრესია აქვს, რომელთაც შთანთქავს (ინტროექცია) და ინტროეცირებული ობიექტი კი, თავის მხრივ, (ზემე-ს სახით) ბავშვის მე-ს მიმართ მოქმედებს ასევე ორალური აგრესიით. შემდეგი ნაბიჯია ამ ორალურად აგრესიული ინტროეცირებული ობიექტის უკან ექსტერნალურ (გარე) ობიექტებზე პროექცია, რომელიც თავისთავად იძენს აგრესიულ თვისებებს. ის ფაქტი, რომ ექსტერნალური ობიექტი აღიქმება როგორც საშიში და დესტრუქციული, იწვევს ბავშვში თავდაცვის მიზნით ობიექტების მიმართ მისი იდ-ის იმპულსების გამძაფრებულ აგრესიულობას. ასე ყალიბდება მანკიერი წრე. ეს პროცესი განაპირობებს პატარა ბავშვებში უკიდურესად დაუნდობელი ზემე-ს ჩამოყალიბებას და მათ მიერ ობიექტების უსაფუძვლო შიშიც აქედან მომდინარეობს. ინდივიდის ნორმალური განვითარების პროცესის შემდგომ ეტაპებზე, ლიბიდო აღწევს გენიტალურ სტადიას და გაცილებით პოზიტიურ ელფერს იძენს. მისი დამოკიდებულება გარეგანი ობიექტების მიმართ  ხდება უფრო მეგობრული, შესაბამისად ინტროეცირებული ობიექტი (ან ზე-მე) არის ნაკლებად მკაცრი და მისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთანაც უფრო ადეკვატურია. ნევროტულ ადამიანში კი სხვადასვა მიზეზი- ეს იქნება ფრუსტრაცია, ან  იდ-ის იმპულსების მიმართ მისი მე-ს ნაკლები ტოლერანტობა, ან  დესტრუქციული კომპონენტების თანდაყოლილი სიჭარბე აფერხებს ლიბიდოს განვითარებას და ის რჩება ფიქსირებული პრე-გენიტალურ  სტადიაზე. მაშასადამე,  ნევროტიკის მე,  ერთი მხრივ,  დაუნდობელი იდ-ის იმპულსების და,  მეორეს მხრივ,   დაუნდობელი ზემე-ს  წნეხის ქვეშაა. ჩემს მიერ აღწერილი მანკიერი წრეც სამუდამოდ გრძელდება.

ნევროტული მანკიერი წრე

ჰიპოთეზა, რომელსაც მე აქ შეულამაზებლად   მოგაწოდებთ,  შესაძლოა,   სასარგებლო იყოს არა მხოლოდ ნევროზის მექანიზმის,  არამედ მკურნალობის მექანიზმის  წარმოსადგენადაც. რა თქმა უნდა,  არაფერია ახალი იმაში, რომ ნევროზი წარმოადგენს ნორმალური განვითარების შეფერხების ან გადახვევის შედეგს და რომ ფსიქოანალიზს შეუძლია ამ დაბრკოლების მოშორება და ნორმალური განვითარების ფორსირება. მე, უბრალოდ,  მინდა დავაზუსტო, რომ პათოლოგიური დაბრკოლება ნევროზის შემთხვევაში არის ის მანკიერი წრე, რომელიც ახლახან აღვწერე. თუკი  რამენაირად  ამ მანკიერი წრის გარღვევა მოხდა, ნორმალური განვითარების პროცესი აღდგება. მაგალითად,  თუ პაციენტს ნაკლებად შეეშინდება თავისი ზემე-სი ან ინტროეცირებული ობიექტისა,  ის მოახდენს ნაკლებად საშიში ობიექტის პროეცირებას გარეთა ობიექტზე და შესაბამისად, შემცირდება მის მიერ თავდაცვითი აგრესიულობის საჭიროება. თავის მხრივ,  მის მიერ ინტროეცირებული ობიექტი ნაკლები ზეწოლის ქვეშ მოაქცევს იგი-ს იმპულსებს, რომლებიც შედეგად დაკარგავენ თავიანთ პრიმიტიულ სისასტიკეს. მოკლედ, მანკიერის ადგილზე კეთილთვისებიანი წრე შეიქმნება და საბოლოოდ ინდივიდს ლიბიდინალური განვითარება მიაღწევს გენიტალურ დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზე-მე იქნება შედარებით რბილი და მე-ს მიერ რეალობის აღქმაც ნაკლებად დამახინჯებული.
მაგრამ სად უნდა გაირღვეს მანკიერი წრე და როგორ? -ნათელია, რომ პაციენტის ზემე-სთვისებების შეცვლა უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე სინამდვილეში გასაკეთებელი. თუმცა  ზემე-ს მონაწილეობის მნიშვნელობა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტაში უდავოა. სანამ უფრო შორს წავიდოდეთ, მინდა უფრო დეტალურად განვიხილოთ ანალიტიკური სიტუაციის თავისებურება. ამ პროცესში მონაწილე ორი ადამიანის ურთიერთობა უაღრესად რთულია და ჩვენი მიზნებისთვის გამოვყოფდი მხოლოდ ორ ელემენტს. დავიწყებ იქიდან, რომ პაციენტი ანალიზის პროცესში თავისი იგი -იმპულსების კონცეტრირებას ახდენს ანალიტიკოსის პიროვნებაზე.     აქცენტს გავაკეთებ ანალიტიკური სიტუაციის მეორე ელემენტზე. ანალიზის პროცესში პაციენტი ღებულობს ანალიტიკოსს თავისი ზემე-ს ფუნქციის დროებით შემსრულებლად. ამ ადგილას მე დავესესხებოდი რადოს მიერ გამოთქმულ ფრაზას, რომ “ პაციენტი მიდრეკილია გადააქციოს ანალიტიკოსი  დამხმარე ზე-მედ. ეს ფრაზა და მისი მნიშვნელობა უნდა  აიხსნას.

ანალიტიკოსი, როგორს დამხმარე ზე-მე

ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად,  როცა ნევროტიკი ყოველდღიურ  ცხოვრებაში ხვდება ახალ ობიექტს (ადამიანს), ის  ახდენს თავისი არქაული ობიექტების მასზე პროექციას და ეს ახალი ობიექტი შესაბამისად ხდება მისი ფანტაზიის ობიექტი. მისი ინტროექტები სავარაუდოდ იყოფა ორ ჯგუფად: კარგ (ლმობიერი ზე-მე) და ცუდ (სასტიკი ზე-მე) ობიექტებად. იმისდა მიხედვით, თუ პაციენტის მე  როგორ ახდენს კონტაქტს რეალობასთან, კარგი ობიექტები პროეციერდება კეთილშობილ, ნამდვილ გარე  ობიექტებზე და ცუდი რეალურად ცუდ გარე ობიექტებზე. თუმცა ნევროტიკში ცუდი ობიექტი დომინირებს და ამიტომ ის უფრო მეტად მიდრეკილია მისი უფრო ხშირი პროექციისკენ, ვიდრე კარგი ობიექტის პროექციისაკენ.  მაშინაც კი, როცა დასაწყისში კარგი ობიექტის პროექციით იწყება ურთიერთობა, მის ადგილს მალევე იკავებს ცუდი ობიექტი.
ასე რომ, პრინციპში, მართალი იქნება, რომ დავახასიათოთ ნევროტიკის ფანტაზიის ობიექტები როგორც დომინანტურად საშიში და მტრულად განწყობილი. უფრო მეტიც, მისი კარგი ინტროეცირებული ობიექტები კარგია ინფანტილური და არქაული სტანდარტებით, და არსებობენ ცუდი ობიექტების გაწონასწორების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნევროტიკის კარგი გარე  ობიექტები უფრო ფანტაზიის ნაყოფია და უკიდურესად შორს დგას ნამდვილი ობიექტის რეალურ თვისებებისგან. დავუბრუნდეთ ძველ სიტუაციას და დავუშვათ, რომ ნევროტიკი შეხვდა ახალ ობიექტს და, როგორც უფრო მოსალოდნელია, მოახდინა თავისი ცუდი ობიექტის პროექცია მასზე. შესაბამისად, ფანტაზიის გარე  ობიექტი მის მიერ საშიშად აღიქმება და მასში თავდაცვითი აგრესიის მობილიზებას იწვევს. როცა ის ამ ობიექტის ინტროექციას მოახდენს, კიდევ ერთი ცუდი ობიექტი დაემატება მის შინაგან ინტროექტებს. ახალი ინტროეცირებული ობიექტი პრაქტიკულად ძველის დუბლიკატია და მისი ზე-მე ისევ ისეთად რჩება. იგივე პროცესი ვრცელდება კარგ ობიექტის პროექცია-ინტროექცაზე, რის შედეგადაც ხდება ლმობიერი ზემე-ს ოდნავი გაძლიერება და ამის ხარჯზე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ზემე-ში თვისობრივი ცვლილება არ ხდება (არამედ რაოდენობრივი) და ახალი ინტროეცირებული კარგი ობიექტი მხოლოდ დუბლიკატია ძველისა და შესაბამისად ხდება უკვე არსებული არქაული კარგი ზემე-ს გააქტიურება.
როცა ნევროტიკი ანალიზში ხვდება ახალ ობიექტს, თავიდანვე განსხვავებული სიტუაცია იქმნება. მისი ზე-მე არც ჰომოგენურია და არც კარგად ორგანიზებული. აქამადე ჩვენ შევეცადეთ ის გაგვემარტივებინა და სქემატურად წარმოგვედგინა. სინამდვილეში პაციენტის მიერ ინტერნალიზირებული (გაშინაგანებული) ობიექტები, რომლებიც ზემე-ს სტრუქტურას ქმნიან, მის მიერ ცხოვრების სხვადსხვა ეტაპზე არიან ინტროეცირებულები და ნაწილობრივ დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. ანალიტიკური სიტუაციის თვისებურებების გათვალისწინებით ანალიტიკოსის ინტროეცირებული ხატი გამოეყოფა სუპერ-ეგოს დანარჩენ ნაწილს და საკმაოდ დამოუკიდებელად ფუნქციონირებს. (ეს, რასაკვირველია, გარკვეულწილად უზრუნველყოფს მის მიერ რეალობის ადექვატურ აღქმას. ეს წარმოადგენს ანალიტიკური თერაპიის შესაძლებლობის ერთერთ ფუნდამენტურ კრიტერიუმს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა პაციენტის მიერ ლიბიდინალური იმპულსების ანალიტიკოსის პიროვნებაზე ფოკუსირება. )
პაციენტის ფსიქიკურ სამყაროში ანალიტიკოსის გაშინაგანებული ხატის დამოუკიდებელი ფუნქციონირება დანარჩენი ზემე-სგან თერაპიის ადრეულ ეტაპზევე ნათლად ჩანს. მაგალითად,ზემე-ს  ახალი ნაწილი (ინტროეცირებული ანალიტიკოსის ხატი) ეუბნება პაციენტს, თქვას რაც თავში მოუვა, (თავისუფალი ასოციაცია), რასაც პაციენტი ცოტა ხნით მიყვება. მალევე ის კონფლიქტში მოდის ზემე-ს ძველ ნაწილთან, რომელიც მას კიცხავს: “ შენ ამას არ უნდა ამბობდე, ეს მიღებული არაა, ვულგარულია“, ან ღალატში ადანაშაულებს. ზემე-ს ეს ახალი ნაწილი, რომელსაც “დამხმარე ზემე” დავარქვით,  ფუნქციონირებს   სხვა მიმართულებით. ეს ეხება არა მარტო “სასტიკ”, არამედ  “ლმობიერ” ზემე-საც. მაგალითად, მართალია, დამხმარე ზემე კეთილია, მაგრამ ის პაციენტის არქაული კარგი ობიქტებისგან განსხვავებულად ლმობიერია. დამხმარე ზემე-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ მის მიერ მე-სადმი მიცემული რჩევები ეფუძნება არსებული რეალობის  მოთხოვნებს და უკვე ეს ფაქტი   გამოყოფს მას საწყისი ზემე-საგან. მიუხედავად ამისა,  ეს სიტუაცია ძალიან ფაქიზია და დამხმარე ზემე-სდამოუკიდებლობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა.
პაციენტი მიდრეკილია თავისი საშიში ობიექტის ანალიტიკოსზე პროეცირებისკენ. თუ ეს მოხდა, პაციენტის დაუნდობელი ზემე-ს მიერ ხდება ანალიტიკოსის ინტროეცირებული ხატის სრული შთანთქმა (ინკორპორაცია)  და დამხმარე ზემე  ქრება.  იმ შემთხვევაშიც, როცა დამხმარე ზემე-ს რჩევა გამოირჩევა ან საპირისპიროა საწყისი ზემე-საგან, ძალიან ხშირად ეს სხვაობა ვერ აღიქმება პაციენტის მიერ. მაგალითად, პაციენტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ანალიტიკოსმა მას უთხრა: “ თუ შენ არ იტყვი იმას,  რაც თავში მოგივა, მე შენ ამისთვის დაგსჯი”, ან: “თუ შენ არ გააცნობიერებ ამას, მე შენ გაგსვამ ოთახიდან”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორიტეტი ლაბილური და ლიმიტირებულია, ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობის თავისებურება ანალიტიკოსის მთავარი ინსტრუმენტია თერაპიული პროცესის განვითარებისთვის. რა ძირითადი იარაღითაა აღჭურვილი ანალიტიკოსი ამ პროცესში? ეს ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, განმარტებაა. აქ ჩვენ მივადეგით პრობლემის ბირთვს, რომელიც მინდა განვიხილო მოცემულ ნაშრომში.

განმარტება

Mმაშ, რა არის განმარტება და როგორ ზემოქმედებს იგი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცით მის შესახებ, ეს ხელს არ გვიშლის მისი ეფექტურობის თითქმის უნივერსალურ რწმენაში.  უნდა ვაღიაროთ, რომ განმარტებას აქვს მაგიური იარაღის თვისებები. ბევრი პაციენტის მიერ ის   ასე აღიქმება. ზოგიერთი მათგანი საათებს უთმობს საკუთარი  განმარტების მოფიქრებას, რომელთაგანაც ხშირია სწორი  და ნიჭიერად მიგნებული. სხვები პირდაპირ ლიბიდინალურ დაკმაყოფილებას იღებენ განმარტების მოსმენისგან და წამალზე დამოკიდებულების მსგავსად ეჩვევიან მას. არანალიტიკურ წრეებში განმარტება სასაცილო და საქილიკო საგანია, ანდა აღიქმება,  როგორც საშიშროება. ამ ბოლო შეფასებას  ანალიტიკოსების გარკვეული რაოდენობაც იზიარებს. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა მას შემდეგ, როცა მელანი კლაინმა   დააყენა საკითხი რომ ბავშვების  ინტერპრეტაციები  უნდა მიაწოდონ. თუმცა, ზოგადად, ანალიტიკოსების მიერ განმარტებააღიქმება, როგორც დიდი ძალის მქონედ იმისგან დამოუკიდებლად, მისი ფუნქცია კარგია თუ ცუდი.
ჩვენ გვასწავლიან, რომ თუ   ნაადრევად ან ნაჩქარევად გავაკეთებთ განმარტებას, დიდი შანსია იმისა, რომ დავკარგავთ პაციენტს. ამასთანავე   გვასწავლიან, რომ თუ ჩვენ არ გავაკეთებთ დროულ და ამავე დროს, ღრმა განმარტებას, დავკარგავთ პაციენტს. ასევე ვიცით, რომ განმარტებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ენერგიის “გამოთავისუფლების” შედეგად გაუსაძლისი და უმართავი შფოთვის შეტევა; რომ მხოლოდ განმარტება ეხმარება პაციენტს “ გაიაზროს” და შესაბამისად აიტანოს და გაუმკლავდეს გაუსაძლისი შფოთვის შეტევა; რომ განმარტება ყოველთვის უნდა ეხებოდეს ცნობიერში იმ დროს ამოსულ მასალას; რომ ყველაზე სასარგებლო განმარტება ყოველთვის ღრმაა. “ ფრთხილად გააკეთე განმარტება! ” ამბობს ერთი ხმა, “როცა ყოყმანობ, გააკეთე განმარტება!” ამბობს მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს  აბნევს, მე ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაციები არაა  შეუთავსებელი  ერთმანეთთან; სხვადასხვა რჩევები ხშირად სხვადასხვა სიტუაციას და შემთხევებს ეხება.   ამასთანავე  გულისხმობს სიტყვა “განმარტების” სხვადასხვაგვარ გამოყენებას,  ვინაიდან სიტყვა “განმარტება” გამოიყენება ბევრი დატვირთვით. ბოლოს და ბოლოს, ის სინონიმია ძველი ფრაზისა- “არაცნობიერის ცნობიერში გადმოტანა” – და იზიარებს ამ ფრაზის ყველა გაუგებრობას. ერთი მხრივ, თუ ჩვენ მივაწოდებთ გერმანულ-ინგლისურ ლექსიკონს გერმანულის არმცოდნე პიროვნებას, ჩვენ მას ვაძლევთ განმარტების კოლექციას. მე ვფიქრობ, რომ განმარტების ბუნება სწორედ   მე მინდა ვისაუბრო ერთი გარკვეული სახის განმარტებაზე, რომელიც ფსიქოანალიზის საბოლოო ინსტრუმენტს წარმოადგენს და მინდა დავარქვა  მას “მუტაციური” განმარტება. უპირველეს ყოვლისა,  მე მინდა სქემატურად მოგაწოდოთ,  თუ  რას ვგულისხმობ  “მუტაციურ” განმარტებაში. უფრო ნათელი მაგალითისთვის მე მოვიყვან მტრული იმპულსის განმარტების მაგალითს. მკაცრად განსაზღვრული ძალაუფლების მქონე დამხმარე ზემე-სგამოყენებით ანალიტიკოსი ახდენს მცირე რაოდენობის იგი-იმპულსების გაცნობიერების ინდუცირებას (ჩვენ შემთხვევაში აგრესიული იმპულსის სახით). ვინაიდან ანალიტიკოსიც პაციენტის იგი -იმპულსების ობიექტს წარმოადგენს, ეს ცნობიერებაში გამოთავისუფლებული იმპულსები მიმართული იქნება ანალიტიკოსისკენ. ეს არის კრიტიკული მომენტი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, პაციენტი დაინახავს კონტრასტს თავისი გრძნობების ხასიათსა და ანალიტიკოსის ნამდვილ ბუნებას შორის, რომელიც არ იქცვეა, როგორც პაციენტის არქაული “კარგი” თუ “ცუდი” ობიექტი. ეს  იმას ნიშნავს, რომ პაციენტი მიხვდება, რომ თავისი არქაული ფანტაზიის ობიექტები არ შეესაბამება რეალურ ობიექტებს. განმარტება ასეთ შემთხვევაში  მუტაციურ როლს თამაშობს, ვინაიდან მან გაარღვია მანკიერი ნევროტული წრე. რაც შეეხება პაციენტს:  როცა ის მიხვდება, რომ რეალური ობიექტი მას არ ემტერება, ისიც შეამცირებს აგრესიულობას. ახალი ობიექტი, რომელსაც ის შთანთქავს, იქნება ნაკლებად აგრესიული და შესაბამისად მისი ზემე-ს სისასტიკეც შერბილდება. შედეგად პაციენტისთვის უფრო მისაწვდომი ხდება საკუთარი ინფანტილური მასალა, რომელიც მის მიერ ხელახლა განიცდება ანალიტიკოსთან ურთიერთობაში.
ასეთია მუტაციური განმარტების ზოგადი სქემა. პროცესი მოიცავს ორ ფაზას. მე არა ვარ დარწმუნებული, ეს ორი ფაზა ერთდოულად მიმდინარეობს თუ თანმიმდევრობით. მაგრამ აღწერითი მიზნისთვის უფრო ადვილია მათი წარმოდგენა თანმიმდევრობით   ეტაპებად. თავდაპირველად პაციენტი აცნობიერებს, რომ ანალიტიკოსი ხდება მისი იგი -იმპულსების ობიექტი;
მეორე ფაზაში პაციენტი ხვდება, რომ ეს იმპულსები სინამდვილეში მიმართულია თავისი არქაული ფანტაზიისა და არა რეალური ობიექტებისაკენ.

განმარტების პირველი ფაზა

მუტაციური განმარტების პირველი ფაზა თავისთავად რთულია. განმარტებისკლასიკური მოდელის მიხედვით, პაციენტი ჯერ   ხვდება, რომ მე-ში დაძაბულობა იზრდება, შემდეგ  გრძნობს  რეპრესიის მუშაობას (ზე-მე, რომელიც დასჯით ემუქრება) და შემდეგ ხვდება, რომ ყველაფრის მიზეზი იგი-ს იმპულსებია;  მათ გამოიწვიეს ზემე-ს პროტესტი და მე-ში შფოთვის დონის ზრდა. ეს არის კლასიკური სქემა. პრაქტიკაში ანალიტიკოსი მუშაობს სამივე პროცესზე ერთდროულად, ან სხვადასხვა თანმიმდევრობით. რაღაც მომენტში შეიძლება მისთვის მისაწვდომი გახდეს პაციენტის ზემე-ს სიმკაცრის მცირე პორცია.  სხვა დროს- პაციენტის მე-ს დაუცველობა (დაცვის მოდუნება). შემდეგ მისი ყურადღება შეიძლება მიიპყროს პაციენტის მიერ წონაწორობის აღდგენის მცდელობამ თავისი მტრული განწყობის კომპენსირების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში იგი-ს ფრაქციები შესაძლებელია პირდაპირ იქნეს მიმართული უკვე შესუსტებული წინააღმდეგობის გაარღვევისკენ.  ყველა ამ ვარიაციას აქვს საერთო მახასიათებელი. ისინი პატარა მაშტაბის არიან. მუტაციური განმარტება მინიმალური დოზის პრინციპით მუშაობს. ყველას მიერ მიღებულია ის აზრი, რომ ანალიზის პროცესში პაციენტში ცვლილებები ძალიან მდორედ  მიმდინარეობს. ფსიქოანალიზი პატარა ნაბიჯებით მიმდინარე პროცესია, სადაც პაციენტის მიერ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მუტაციური გამარტების შედეგს წარმოადგენს. ჩვენ არ ვცდილობთ წავახალისოთ უეცარი და დიდი ცვლილებები, რომლებიც უფრო შთაგონების და არა ფსიქო-ანალიტიკური ტექნიკის შედეგია.
ნაბიჯის სიმცირე განპირობებულია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის თავისებურებით. ყოველი განმარტება იწვევს მცირე რაოდენობის ენერგიის გამოთავისუფლებას. თუ დიდი რაოდენობით ლიბიდო გამოთავისუფლდა, ანალიტიკოსის დამხმარე ზემე-ს მდგომარეობა ირყევა.  შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დგება მთელი ანალიტიკური სიტუაციის სტაბილურობა-ეფექტურობა. მოდი განვიხილოთ, თუ  რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის ცნობიერებაში ერთბაშად დიდი რაოდენობის იგი-იმპულსების გადმოსვლა ხდება. ერთი მხრივ, შეიძლება ამას არც არაფერი განსაკუთრებული მოყვეს, მეორე მხრივ შესაძლებელია წარმოუდგენელი შედეგის მოწმენი გავხდეთ. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მუტაციურ განმარტებას არ უმუშავია. პირველ შემთხვევაში (როცა არანაირი ეფექტი არ ყოფილა) ანალიტიკოსის დამხმარე ზე-მე არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, რაც თავის მხრივ შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა მიზეზით განპირობებული: 1) იგი -იმპულსები, რომელთა გააქტიურება მოხდა, არ იყო იმ მომენტისთვის საკმარისად აქტუალური. იგი -იმპულსების აქტუალობა დამოკიდებულია არა მხოლოდ სუპერ-ეგოს ნებაზე, არამედ თვითონ იმპულსების დამუხტულობის ხარისხზე. მაშასადამე, ეს შეიძლება იყოს განმარტებაზე ნეგატიური პასუხის მიზეზი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ზიანი არ მოაქვს. 2) იგივე პასუხი შესაძლოა მივიღოთ იმ შემთხვევაშიც, როცა იგი -იმპულსები აქტუალურია, მაგრამ რეპრესიის გამტარებელი ძალაა ძალიან ძლიერი და საშუალებას არ აძლევს ეგოს მოუსმინოს დამხმარე სუპერ-ეგოს დამაჯერებელ ხმას. ეს დინამიკურად მსგავსია, მაგრამ ეკონომიკურად განსხვავებული იმ სიტუაციისა, რომელსაც შემდეგ   განვიხილავთ. ეს ის შემთხვევაა, როცა პაციენტი განმარტების შედეგად ცნობიერში უშვებს იგი -იმპულსებს, მაგრამ მისი ენერგიით ივსება, რაც ინტენსიურ შფოთვას იწვევს. ეს შეიძლება გამოვლინდეს რამოდენიმენაირად: მანიფესტური პანიკური შეტევით, ანალიტიკოსზე გაბრაზების დათრგუნვით, რაც მიხვედრის(ინსიგჰტ) არარსებობას ნიშნავს; ან მან შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს ანალიზი. ნებისმიერ შემთხვევაში ანალიტიკური პროცესი სიმბოლურად მაინც წყდება. პაციენტი ჰიპნოზიდან გამოფხიზლებული პიროვნების მაგვარად იქცევა. ეს შფოთვა შეიძლება ლატენტურად მიმდინარეობდეს, როცა ის საერთოდ არ რეაგირებს. ამ ორიდან ეს უკანასკნელი უფრო პრობლემურია, რადგან შენიღბულია. ჩემი აზრით, ის უფრო მეტად  დოზირების გადაჭარბების შედეგია (განმარტების შედეგად გაცილებით მეტი ენერგია გამოთავისუფლდა), ვიდრე პირველი შემთხვევის დროს, როცა პაციენტი შფოთვას პანიკური შეტევის სახით ავლენს. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, სხვა ფაქტორები და ნევროზის თავისებურებაც ახდენს ზეგავლენას. კოლაფსის გამოწვევის ეს საშიშროება მივაწერე დოზის გადაჭარბებას, მაგრამ ის ასევე ზოგჯერ შეიძლება იყოს არასაკმარისი დოზის შედეგიც. საბოლოოდ ხდება ის რომ განმარტების მეორე ფაზა არ დგება, სადაც პაციენტი აცნობიერებს, რომ მისი იმპულსები მიმართულია არა რეალური, არამედ ფანტაზიის ობიექტებისკენ.

განმარტების მეორე ფაზა

განმარტების მეორე ფაზაში პაციენტის რეალობის გრძნობას გადამწყვეტი როლი აქვს.განმარტების წარმატება დამოკიდებულია თუ პაციენტი კრიტიკულ მომენტში რამდენად შეძლებს განარჩიოს, რომ მისი იმპულსები მიმართულია სინამდვილეში არა ანალიტიკოსის, არამედ ფანტაზიის არქაული ობიექტებისკენ. აქ პრობლემა მჭიდრო კავშირშია ჩემს მიერ ზემოთ განხილულ საკითხთან: დამხმარე ზემე-ს უკიდურეს  ლაბილურობასთან. ანალიტიკურ სიტუაციაში პაციენტი მიდრეკილია იმისკენ, რომ ანალიტიკოსის რეალური ობიექტი გარდაქმნას ფანტაზიურ ობიექტად. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის თავის მიერ ინტროეცირებული პრიმიტიული ფიგურების ანალიტიკოსზე პროექციისკენაა მიდრეკილი. თუ პ-ი  ამას ახორციელებს, ანალიტიკოსი ხდება ისეთივე პიროვნება, რომელთაც ის ხვდება რეალურ ცხოვრებაში_ ფანტაზიის ობიექტი. ამის შედეგად ანალიტიკოსი აღარ ფლობს იმ ინსტრუმენტს, რომელსაც ანალიტიკური სიტუაციის თავისებურება ანიჭებდა. ის ფანტაზიის სხვა ობიექტების  მსგავსად ინტროეცირდება პაციენტის სუპერ-ეგოში და ვეღარ იფუნქციონირებს დამხმარე სუპერ-ეგოს სახით, რაც მუტაციური განმარტების  უნარს აკარგვინებს. ამ რთულ მდგომარეობაში პაციენტის რეალობის განცდა მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაიმედო მოკავშირეა. რასაკვირველია, რეალობის ადექკვატურად აღქმის ხარისხის გაუმჯობესება ანალიზის ერთერთი მიზანია. მაშასადამე, საფრთხილოა, რომ მასზე რაიმე ზედმეტი ზეწოლა არ მოვახდინოთ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ანალიტიკოსი რეალურად არ მოიქცეს ისე, რომ პაციენტის რწმენა მისი, როგორ “ცუდი” ან “კარგი” არქაული ობიექტის შესახებ გაამართლოს. ეს   უფრო ნათელია ცუდი ობიექტის შემთხვევაში. მაგალითად, თუ პაციენტმა დაინახა, რომ ანალიტიკოსი მართლა შოკირებული, ან შეშინებულია მისი იგი-იმპულსებით, პაციენტი მას  აღიქვამს როგორც საშიშ ობიექტს და თავის დაუნდობელ არქაულ ზე-მეში ახდენს მის ინტროექციას. ამის შემდეგ ანალიტიკოსის ძალა-იფუნქციონიროს, როგორც დამხმარე სუპერ-ეგომ, საგრძნობლად სუსტდება და შესაბამისად ვერ ეხმარება პაციენტის  მე-ს იგი-იმპულსების გაცნობირებაში. ეს ნიშნავს, რომ მუტაციური განმარტების პირველი ფაზის წარუმატებლობას. ვინაიდან ის პაციენტის ცუდი ობიექტისგან ნაკლებად გამოირჩევა, მუტაციური განმარტების  მეორე ფაზის ჩატარებაც  უფრო რთულდება. შეიძლება სხვა შემთვევასაც ჰქონდეს ადგილი. დავუშვათ, ანალიტიკოსი ამის საპირისპიროდ იქცევა და ხელს უწყობს პაციენტში იგი-იმპულსების ცნობიერში გადმოსვლას. მაშინ რისკია, რომ ის იქცევა პაციენტის მოღალატე მშობელივით, რომელმაც თვიდან წააქეზა იგი-იმპულსების დაკმაყოფილებისკენ, შემდეგ კი მოულოდნელად სჯის ამისთვის. ამ შემთხვევაში პაციენტის მე-მ შეიძლება თავი დაიცვას ანალიტიკოსისგან, თითქოს ის არის თავისი საკუთარი იგი   და ანალიტიკოსი მას განიხილავს ზემე-სთვის შესაძლებელი მთელი  სიმკაცრით. ამ შემთხვევაშიც ანალიტიკოსი რისკავს დაკარგოს თავისი პრივილიგირებული პოზიცია. ასევე შეცდომა იქნება, რომ ანალიტიკოსმა წააქეზოს პაციენტი მისი “კარგი” ობიექტის პროექციისკენ. ამ შემთხვევაში პაციენტი მას აღიქვამს როგორც თავის არქაულ კარგ ობიექტს, შთანთქავს მას თავის კარგ არქაულ ხატებთან და გამოიყენებს მას რომ თავი დაიცვას თავისივე ცუდი ობიექტებისგან. ამ გზით მისი როგორც კარგი, ასევე ცუდი იმპულსები ანალიზს თავს დააღწევენ და პაციენტის მე-ს აღარ ექნება საშუალება გაარჩიოს რეალური და ფანტაზიის ექსტერნალური ობიექტები. საკამათოა, რამდენად შესაძლებელია პაციენტის მიერ თავისი არქაული ობიექტების პროექციის სრული პრევენცია, რამდენადაც ფრთხილად არ უნდა მოიქცეს ანალიტიკოსი. მთელი ანალიზის წარმატებულობა ამაზეა დამოკიდებული. აქედან  გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ:   პაციენტის რეალობის განცდა ლიმიტირებულია. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: საუკეთესო გზა, რომ    მე-მ შეძლოს რეალობის ფანტაზიისგან გარჩევა, არის რეალობისაგან მისი მოშორება. პაციენტის მე ერთი მხრივ ზემს, და მეორე მხრივ, იგი -ს წნეხის ქვეშაა მოქცეული და იმდენად სუსტია, რომ მას რეალობას მხოლოდ მცირე დოზებით შეუძლია გაუმკლავდეს. ანალიტიკოსმა  სწორედ ამ დოზით უნდა მიაწოდოს რეალობა.

განმარტება და გადარწმუნება

მე მეჩვენება, რომ  განმარტების და გადარწმუნების  გაგებას ხელს უწყობს განმარტების ორ ფაზას შორის განსხვავების განხილვა. ზოგიერთ გარემოებაში ორივე პროცედურა სასარგებლოა და არსებითი, მაგრამ ზოგჯერ უკუნაჩვენები და საშიშიც კი.
განმარტების პროცესის ჩვენს მიერ ჰიპოთეზური დაყოფის მიხედვით, მისი პირველი ფაზა შფოთვას ათავსუფლებს, ხოლო მეორე ამცირებს. როცა ენერგიის გარკვეული რაოდენობა უკვე გამოთავისუფლებისთვის არის მობილიზებული,  განმარტებას უნარი აქვს დაეხმაროს პაციენტს დაანახოს თავისი ფანტაზიის ობიქტების სიმკაცის არარეალობა. პასუხად პაციენტი ამცირებს აგრესიას და შედეგად შფოთვაც იკლებს. მეორე მხრივ, დაუნდობელი ზემე-ს მქონე ნევროტიკში მე-ს მიერ იგი-ს იმპულსების ცნობიერში შემოშვება შფოთვის შეტევას იწვევს. ანალიტიკოსი სწორედ ამას აკეთებს  განმარტების პირველ ფაზაში.
აქ მხოლოდ მოკლედ შევეხები, თუ რა პრობლემებს ქმნის გადარწმუნება (თუ დარწმუნება).   ჩვენს შემთხვევაში გადარწმუნება წარმოადგენს ანალიტიკოსის მცდელობას პაციენტის თვალში ფანტაზიის კარგ ობიექტად გამოჩნდეს,  რეალურის ნაცვლად. ფსიქოზის შემთხვევაში ეს პროცედურა ხშირად პოზიტიურ სპექტრში განიხილება. ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ანალიტიკოსის მიერ გადარწმუნების გამოყენება პირდაპირ უწყობს ხელს მუტაციურ განმარტებას. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ვინაიდან ამ დროს პაციენტი ანალიტიკოსს განიხილავს, როგორც მისი ფანტაზიის ობიექტს, განმარტების მეორე ფაზა ვერ ხორციელდება.  მართალია, მისი შფოთვის დონე იკლებს, მაგრამ ეს არ მიიღწევა ზე-მეში თვოსბრივი ცვლილების ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსის ზოგიერთი მოქმედება დინამიკურად მუტაციური განმარტების ეკვივალენტურია. მაგალითად, ფერენცის მიერ მოწოდებული “აქტიური” დირექტივა შესაძლოა უტოლდებოდეს განმარტების  პირველ ფაზას. ანალიტიკოსი იყენებს თავის განსაკუთრებულ პოზიციას იმისათვის, რომ პაციენტის მიერ გარკვეული იგი -იმპულსების გაცნობიერების ინდუცირება მოახდინოს. ამის საწინააღმდეგოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ანალიტიკოსს ამ დროს გამოთავისუფლებული იგი-ს ენერგიის რაოდენობაზე ძალიან მცირე კონტროლი აქვს. ასევე ძალიან მცირეა შანსი, რომ დადგება განმარტების მეორე ფაზა. მაშასადამე, ამ დროს გაუთვალისწინებლად იქმნება ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომელიც დაუსრულებელი განმარტების ლოგიკური შედეგია. იგივე ხდება, როცა ანალიტიკოსი აძალებს პაციენტს ფანტაზიის მოყოლას ან რამეს ეკითხება (განსაკუთრებით ანალიზის საწყისს სტადიაზე).
ფაქტიურად, ანალიტიკოსი აქაც აკეთებს ბრმა განმარტებას, რომლის მეორე ფაზაში გადაყვანა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ანალიზის პროცესში სულ იქმნება ისეთი სიტუაციები, როცა პაციენტი აცნობიერებს იგი -იმპულსების მცირე რაოდენობას ანალიტიკოსის პირდაპირი პროვოკაციის გარეშე. ამას თავისთავად  მოყვება შფოთვის დონის გაზრდა, ხოლო ანალიტიკოსის ჩარევა  პაციენტს ეხმარება გაარჩიოს რეალური ობიექტი არქაულისგან. ხდება მეორე ფაზის ფორსირება და, მაშასადამე, მუტაციური განმარტების ეფექტიც სახეზეა. ძნელია განვსაზღვროთ თერაპიის დროს პაციენტში მომხდარი ცვლილების თუ რა წილი მოდის ამ კონრეტულ მექნიზმზე. ჩემი აზრით, ხშირად და არასამართლიანად  ეს უკანასკნელი პროცესი გადარწმუნების მაგალითად მიიჩნევა.

მუტაციური განმარტების “დაუყოვნებლობა”

განვიხილოთ მუტაციური განმარტების ორი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელიც.  განმარტებას ზოგჯერ  არ მოყვება რეაგირება პაციენტის მხრიდან. მუტაციური განმარტება მუშაობს მხოლოდ დამუხტულ, კატექტირებულ იმპულსზე. ეს ისედაც ნათელია-პაციენტის ფსიქიკაში დინამიური ცვლილებების გამოწვევა შესაძლებელია მხოლოდ თავად პაციენტში არსებული ენერგიის ხარჯზე. ანალიტიკოსის როლი ამ ენერგიისთვის მიმართულების მიცემით შემოიფარგლება (თუ რა არხში წავა).  ყოველი მუტაციური განმარტება  უნდა იყოს ემოციონალურად “დაუყოვნებელი”. პაციენტმა ის უნდა განიცადოს, როგორც აქტუალური (ამჟამად რაც აწუხებს). სხვანაირად რომ ვთქვათ, განმარტება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რაც მოცემულ მომენტში გადაუდებელია. იგი -იმპულსების გარკვეული რაოდენობა ყოველ მომენტშია აქტიური. ეს ის რაოდენობაა, რომლელიც სწორედ ინტეპრეტაციის საგანს უნდა წარმოადგენდეს. მუტაციური განმარტების ყოველ ჯერზე გაკეთება, რასაკვირველია, არც შესაძლებელია და არც სასურველი. თუმცა მელანი კლეინი აღნიშნავდა, რომ ანალიტიკოსის ხელოვნება გამოიხატება მის უნარში  ნებისმიერ მომენტში დაინახოს, თუ სად არის აქტუალური იგი-იმპულსები.

“ღრმა” განმარტება

იმ ფაქტს, რომ ყოველი მუტაციური განმარტება უნდა ეხებოდეს  გადაუდებელ იმპულსებს, მივყავართ განმარტების აფეთქების  ალბათობის ზოგადად გავრცელებულ შიშთან და განსაკუთრებით იმ ბუნდოვან ცნებასთან, რასაც “ღრმა” განმარტება ქვია. თუმცა ჩვენ ამ ცნების ბუნდოვანება არ გვაწუხებს. ის უდაოდ ეხება იმ  მასალას,   რომელიც პაციენტის მე-სთვის მიუწვდომელია. შფოთვა, რომელიც ამ მასალის ცნობიერებასთან მიახლოებითაა გამოწვეული,   გასაკვირი არაა რომ განსაკუთრებულად  მძაფრი  იყოს. ღირს თუ არა ამ მასალის განმარტება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი განმარტების მეორე ფაზის განხორციელება. ჩვეულებრივ ანალიტიკური თერაპიის საწყისს სტადიაზე აღმოცენებული მწვავე (გადაუდებელი, ანუ აქტუალური), მასალა  არ არის ღრმა. თავდაპირველად ჩვენ გვიწევს გამკლავება ღრმა იმპულსების მეტ-ნაკლებად ჩანაცვლებასთან. თვითონ ღრმა მასალა თანდათან და დოზირებულად ხდება მისაწვდომი, ასე რომ შფოთვის დონის მოულოდნელად გაზრდას არა აქვს ადგილი. თუმცა გამონაკლისს შემთხვევებში ნევროზის სტრუქტურის თავისებურების გამო, ღრმა იმპულსები შეიძლება აქტუალური იყოს ანალიზის საწყისს სტადიაშივე. ამ დროს ჩვენ დილემის წინ ვდგევართ. თუ ჩვენ გავაკეთებთ ამ ღრმა მასალის განმარტებას, შეიძლება შფოთვის დონის ისეთი ზრდა გამოვიწვიოთ, რომ არასაკმარისი რეალობის განცდის გამო შეფერხდეს მეორე ფაზაში გადასვლა და საერთოდაც, მთელი ანალიზი რისკის ქვეშ დადგეს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ სიძნელეს თავიდან ავირიდებთ სიჩუმით, ზედაპირული ინტერპრეტაციით ან გადარწმუნების მცდელობით.   ეს ალტერნატიული პროცედურები   ვერ აგვაცილებენ თავიდან  პრობლემას. უფრო მეტიც, მათ შეიძლება ღრმა იმპულსების აქტუალობით გამოწვეული დაძაბულობა  კიდევ უფრო გაამძაფრონ. მაშასადამე, შფოთვის შეტევა შეიძლება დაიწყოს,   და თან ყველაზე არასასურველ პირობებში, ანუ განმარტების შემამსუბუქებელი გავლენის მიღმა. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ანალიტიკოსი ამ ორი ალტერნატივის წინაშე დგას, ღრმა განმარტების გაკეთება ნაკლებად ემუქრება თერაპიულ პროცესს.

მუტაციური განმარტების  “სპეციფიკურობა”

მანამ, სანამ განმარტება მუტაციური გახდება, მას უნდა ჰქონდეს ერთი თვისება: ის უნდა იყოს სპეციფიკური: დეტალური და კონკრეტული.   რამდენად,  რა ხარისხით -სხვა  საკითხია. როცა ანალიტიკოსი იწყებს  საუბარს, მისი ინტერპრეტაციები ზოგჯერ შეიძლება იყოს ზოგადი და ბუნდოვანი. საბოლოოდ ის მიწვდება პაციენტის ფანტაზიის სისტემის თავისებურებებს. თუ ეს გაკეთდა, განმარტება  მუტაციურია და განმარტების  გამეორების აუცილებლობა სწორედ ამ დეტალების შევსებისთვისაა საჭირო. მე ვფიქრობ რომ   პაციენტის წინააღმდეგობის სათავე, რომელიც გაცნობიერებას აფერხება, შეიძლება იყოს სწორედ განმარტების არასპეციფიკურობა. პაციენტის მე-ს მუდამ მზაობაში მყოფი დაცვითი მექანიზმები იყენებენ ამას, რათა იგი -იმპულსების ცნობიერებაში გადმოსვლა გააძნელონ. მსგავსი ეფექტი შეიძლება მივიღოთ ზოგიერთი სახის გადარწმუნების პროცედურის გამოყენების დროს, როგორიცაა ეთნოლოგიური ან თეორიული სახის განმარტების დამატება. ამან შეიძლება ბოლო მომენტში მუტაციური განმარტება გარდაქმნას არამუტაციურად. გარეგნული ეფექტი ანალიტიკოსისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ მოგვიანები ირკვევა, რომ ხანგრძლივი კვალი მას არ დაუტოვებია და უფრო მეტიც -დაცვითი ძალების მობილიზება გამოიწვია.
აქ ჩვენ მივადექით თემას, რომელიც განხილული აქვს ედუარდ გლოვერს.    გლოვერი ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა აშკარად არაკორექტულ განმარტებას არანაირი ეფექტი არ აქვს, ოდნავ არაკორექტულს შეიძლება მოყვეს ანტიანალიტიკური ეფექტი და პაციენტის  უფრო ღრმა რეპრესიის ხელშეწყობა. ეს შესაძლო ახსნაა იმ მისტერიული ფაქტისა, რომ წარსულში, როცა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი არაცნობიერზე და   ინტერპრეტაციები უფრო არაზუსტი იყო, თერაპიული ეფექტი მაინც მიიღწეოდა.

აბრეაქცია (კათარზისი)

გლოვერის დისკუსია შეგვახსენებს, რომ ზოგადად ძნელია დარწმუნებული იყო იმაში, ნამდვილად განმარტების ეფექტთან გვაქვს საქმე თუ გადატანის ამა თუ იმ სახის ფენომენთან. მე უკვე აღვნიშნე, რომ ბევრი პაციენტი იღებს პირდაპირ ლიბიდინალურ დაკმაყოფილებას თვითონ განმარტების მიღებისგან. მე ვფიქრობ, რომ აბრეაქციის ყველაზე შთამბეჭდავი ნიშნები, რომლებიც ზოგჯერ მოყვება განმარტებას, აუცილებელი არ არის ანალიტიკოსის მიერ უფრო მეტად იყოს აღქმული, ვინემ ლიბინალური დაძაბულობის შემცირება.
თუმცა აბრეაქციის ფსიქოანალიზთან მიმართების მთელი პრობლემა სადავოა, მისი თერაპიული შედეგები უდავოდ ჩანს.   Dდღევანდელ დღესაც არიან ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ კათარზისს ეყრდნობიან თერაპიის პროცესში.  ომის პერიოდში მისი ეფექტურობა ფართოდ დამტკიცდა ფსიქიკური ტრავმის შემთხვევებში. ფსიქო-ანალიტიკური შედეგების მიღწევაში აბრეაქციის წამყვან მნიშვნელობაზე ხშირად იმართებოდა დისკუსია. მაგალითად, რანკმა და ფერენციმ განაცხადეს, რომ მიუხედვად ჩვენი ცოდნის განვითარებისა ამ სფეროში, აბრეაქცია ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას ანალიტიკურ თერაპიაში. უახლოეს წარსულში რეიკმა დაუჭირა მხარი მსგავსს აზრს, რომ            “ანალიტიკური ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი
განცვიფრების ელემენტია”.
ნალებად უკიდურესი პოზიცია უკავია ნუნბერგს, რომელიც თვლის, რომ აბრეაქცია ანალიზის ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორია.  ის ახსენებს აბრეაქციის შედეგად მდგომარეობის გამუჯობესებას პირდაპირი მნიშვნელობით, რაც ენდო-ფსიქიკური აკუმულირებული ეფექტის განთავისუფლებით მიიღწევა. მეორე მხრივ, ის ლაპარაკობს მცირე მასშტაბით მსგავსი დაძაბულობის განმუხტვის ეფექტზე, რომელიც გაცნობიერების პროცესის შედეგია. როგორც ფროიდი ამბობს, გაცნობიერება გულისხმობს ენერგიის განმუხტვას.
თუმცა რადო აბრიექციას ფუნქციურად ანალიზის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. ის ამტკიცებს, რომ კათარზისის თერაპიული ეფექტი მიეწერება იმ ფაქტს, რომ (სხვა არა-ანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფორმებთან ერთად) ის პაციენტს უქმნის ხელოვნურ ნევროზს ძველის სანაცვლოდ. ის, რასაც აბრეაქციის დროს ვხედავთ, ისტერიული შეტევის მსგავსია.
ამ სხვადასხვა აზრის გათვალისწინების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეაქცია მოიცავს ორ სხვდასხვა პროცესს: აფექტის განმუხტვას და ლიბიდინალურ დაკმაყოფილებას. პირველი შეგვიძლია ჩავთვალოთ ანალიტიკური პროცესის დამხმარედ და შესაძლოა მუტაციური განმარტების  აუცილებელ თანმხლებ ფაქტორადაც კი. , მეორე პროცესის სარგებლობა უფრო მეტად საეჭვოა,  ის ანალიზისთვის შემაფერხებელიც კი არის, განსაკუთრებით მაშინ თუ მისი ნამდვილი ბუნება არ იქნა დანახული. მიუხედავად ფორმისა, აბრეაქციის ეფექტი მდგრადია მხოლოდ მაშინ, თუ გარე  შემთხვევაა პრედომინანტური ეტიოლოგიური ფაქტორი.  ანუ თვითონ აბრეაქცია არ იწვევს პაციენტის ფსიქიკაში რაიმე რადიკალურ თვისობრივ ცვლილებას. რა როლსაც არ უნდა თამაშობდეს ის ანალიზში, მისი ფუნქცია მხოლოდ დამხმარეა.

არაგადატანითი  განმარტება

თუ ჩვენ გადავხედავთ მუტაციური განმარტების შესახებ ჩემს მონაყოლს, დავინახავთ, რომ ჩემი საუბარი შეეხებოდა გადატანის განმარტებებს. აქედან იბადება კითხვა: განმარტება, რომელიც არ ეხება გადატანას (ტრანსფერს), არ იწვევენ იმ პროცესებს,   რომლებიც ანალიტიკური თერაპიის არსს წარმოადგენენ?
ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრია და ამ სტატიის დაწერის ერთ-ერთი მიზანია ნათელი მოვფინო აქამდე ბუნდოვნად განხილულ საკითხს-თუ რაში მდგომარეობს დინამიკური განსხვავება გადატანის და არაგადატანით განმარტებებს შორის.  ეს განსხვავება შეიძლება გაერთიანდეს ორი სათაურის ქვეშ. დავიწყოთ იმით, რომ ნაკლები შესაძლებლობაა იმისა, რომ არაგადატანითი  განმარტება გადაუდებელი იყოს. ეს ბუნებრივია, ვინაიდან პაციენტის იგი -იმპულსების ობიექტს ამ შემთხევაში ანალიტიკოსი არ წარმოადგენს, რაც, ჩვეულებრივ, ანალიტიკური სიტუაციისთვის უჩვეულოა.   გამონაკლისია ანალიზის საწყისი ეტაპი. მოკლედ: პაციენტის იგი იმპულსები, რომლებიც ილტვიან ცნობიერში გადმოსასვლელად, უპირველეს ყოვლისა, ანალიტიკოსს შეეხება. აქედან გამომდინარეობს, რომ არაგადატანითი  განმარტება ეხება დროში და სივრცეში მოშორებულ იმპულსებს, და, შესაბამისად, ვერ იქნება მწვავე აუცილებლობისა.   მეორე მხრივ, არაგადატანითი განმარტების დროს იგი-იმპულსების ობიექტი იქვე არ არსებობს, რაც პაციენტს უძნელებს  გაარჩიოს ფანტაზიის ობიეტი რეალურისგან. მაშასადამე, არაგადატანითი  განმარტების  დროს ნაკლებად მოსალოდნელია მუტაციური განმარტების  პირველი ფაზის დადგომა.  თუ ის მაინც დადგა, კიდევ უფრო ძნელად შესაძლებელია რომ  დასრულდეს მეორე ფაზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგადატანითი  განმარტება ტრანსფერენტულთან შედარებით ნაკლებად ეფექტური და უფრო სარისკოა ანალიტიკური თერაპიისთვის. ამ საკითხთაგან  თითოეული იმსახურებს დამოუკიდებელ კვლევას.
ანალიტიკოსებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზოგიერთ პაციენტთან შესაძლებელია განმარტებების გაკეთება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში მათი მხრიდან განმარტების შემდგომი ეფექტის არსებობის გარეშე. რანკს და ფერენცის  აქვთ ისტორიული თავი, სადაც აკრიტიკებენ ამ სახის “განმარტებით  ფანატიზმს”. სინამდვილეში ისინი გულისმობენ სწორედ არაგადატანით განმარტებას, რომლიც არ ითვალისწინებს ანალიტიკურ სიტუაციას. ეს დროის და ენერგიის დაკარგვის უმარტივესი მიზეზია. თუმცა არსებობს სხვა შემთხვევებიც, როცა არაგადატანითი განმარტების   პოლიტიკას, ანალიტიკოსი მიყავს უფრო ღრმა სიძნელეებამდე. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ  ვენაში მიმდინარე ტექნიკური საკითხების განხილვისას რეიჩის მიერ იქნა ყურადღება მიქცეული გამოუცდელი ანალიტიკოსების პრობლემაზე; ისინი მიდრეკილები არიან პაციენტიდან არაორგანიზებულად და დაუკავშირებლად მიიღონ დიდი რაოდენობის მასალა, რასაც საბოლოოდ მივყავართ არათერაპიულ ქაოსამდე. მან სწორედ აღნიშნა, რომ მასალა, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, შრეობრივია და ჩვენი ფუნქცია შემოისაზღვრება მხოლოდ ამ შრეების გადალაგებით. ის გულისხმობდა ანალოგს გამოუცდელ არქეოლოგთან, რომლის დაუდევრობამ შესაძლოა გაანადგუროს მნიშვნელოვანი ადგილის ისტორიული რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.  მე არა ვარ პესიმისტი დაუდევარი ანალიზის შედეგების მიმართ, თუ ეს მასალა ჯერ კიდევ აქტუალურია და ანალიტიკურ სიტუაციაში მას მიეცემა გადაწყობის საშუალება.
ამავე დროს მე ვეთანხმები აზრს, რომ თუ არაგადატანითი  განმარტება ექსკლუზიურად და ხშირად გამოიყენება_ სარისკოა. მისი თავიდან აცილების ან გამოსწორების საშუალებაა, მივმართოთ ტრანსფერენტულ განმარტებას  გადაუდებელი მასალის გამოყენებით. ეს ავტომატურად მოაგვარებს პრობლემას.
რაიჩის მიერ შემოთავაზებული ზომები არ ეწინააღმდეგება ჩემს მოსაზრებებს.   ის ხაზს უსვამს უშუალოდ ანალიტიკურ სიტუაციაში მიმდინარე არაცნობიერი პროცესების, კონკრეტულად წინააღმდეგობის განმარტებას,  ის კიდევ ერთხელ საუბრობს ანალიზის ისტორიაში ჯერ კიდევ საწყისს ეტაპებზე განსაზღვრულ ტექნიკაზე. ვინაიდან წინააღმდეგობა ანალიტიკოსის მიმართაა მიმართული, ის საუბრობს   ტრასფერენტულ განმარტებაზე.
მაგრამ არაგადატანითი განმარტების დროს ყველაზე საერიოზული რისკი ეხება მეორე ფაზის დასრულებას და იმის არ ცოდნას, დასრულდა თუ არა ის. თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ისინი გაუთვალისწინებელი ეფექტებით ხასიათდებიან.  რა თქმა უნდა, აქ რისკის ქვეშ პაციენტია, თუ ის ვერ დაასრულებს მეორე ფაზეს და მხოლოდ გაცნობიერებული იმპულსების ანალიტიკოსზე პროექციის ამარა დარჩება. ეს რისკი ასევე გარკვეულწილად ეხება გადატანის განმარტებებსაც. ეს სიტუაცია ნაკლებად მოსალოდნელია, როდესაც განმარტების  გამკეთებელი პირი და ობიექტი, ერთი და იგივე პირია და იქვე იმყოფება.  მუტაციური განმარტების მთელი ეფექტურობა სწორედ ამ პირობაზეა დაფუძნებული. მე არ ვლაპარაკობ   უკვე მითითებულ სიძნელეზე – რომ პაციენტისთვის უფრო ადვილია განარჩიოს რეალობა ფანტაზიისგან, როცა გადატანის განმარტებაა  –  უფრო ღრმად მდებარე საკითხს განვიხილავ. როგორც უკვე ვთქვი, პაციენტის სუპერ-ეგო არქაული ობიექტების ინტროექციისგან იქმნება, რომლებიც თავის მხრივ დამახინჯებულია მისი ინფანტიულური იგი -იმპულსების პროექციის შედეგადად. მე ასევე ვისაუბრე დამხმარე  ზემე-ს, როგორც   ანალიტიკოსის ხატის ინტროექციის მნიშვნელობაზეც  სასტიკი ზემე-ს შეცვლისთვის. ამ გადმოსახედიდან, ანალიზის პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხისტი და შეუგუებელი ზემე-ს ინფილტრაცია დამხმარე ზემე-თი, რომელსაც უკეთესი კონტაქტი აქვს ეგოსთან და რეალობასთან. ინფილტრაცია მუტაციური განმარტების მუშაობის შე5დეგია. ის შედგება ანალიტიკოსის ხატის განმეორებითი ინტროექციებისგან და ზემე-ს არქაული ბუნება თანდათანობით იცვლება. რადგან მუტაციური განმარტების მიზანია ანალიტიკოსის ხატის ინტროექცია, იგი-იმპულსებიც, რომლების განმარტება  ხდება, ანალიტიკოსის ფიგურას უნდა ეხებოდეს. თუ ეს ასეა, ამ ნაშრომში განხილული აზრი განვიტარებას ითხოვს.
მაშასადამე, მუტაციური განმარტება, უპირველეს ყოვლისა,  გადატანის განმარტებაა. ის, რაც ვილაპარაკეთ იგი -იმპულსების გადაუდებლობაზე, მნიშვნელოვანი რჩება. მეორე მხრივ,  არაგადატანითი  განმარტება, რომელიც განიხილავს აქტუალურ იმპულსებს, არაა მუტაციური, რაც არ უნდა ამსუბუქებდეს პაციენტის შფოთვას და კატარზისულიც იყოს. )
უფრო მეტი შანსიცაა, რომ მთელი ეს პროცესი ხდებოდეს ჩუმად და არაგადატანითი განმარტების შემთხვევაში არ იქნეს დანახული, განსაკუთრებით ანალიზის საწყისს სტადიაზე. ამიტომ არაგადატანითი განმარტების  გაკეთების დროს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკოსი იყოს მზად გადატანის გართულებებისთვის. პრაქტიკული თვალსაზრისით, არაგადატანითი  განმარტების ეს უკანასკნელი თავისებურება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით ის შეიძლება გავხადოთ გადატანის სიტუაციის “ გამომკვებავი” და გზა გავიკვლიოთ მუტაციური განმარტებისკენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, არაგადატანითი განმარტებით ანალიტიკოსმა შეიძლება მოახდინოს  გადატანის პროვოკაცია, რომლის შემდგომი მუტაციური ანალიზია შესაძლებელი.
ჩვენს მიერ გაკეთებული განმარტებების უმრავლესობა არაგადატანითია. თუმცა   ხშირად ვამბობთ არაგადატანით განმარტებას და ვგულსხმობთ გადატანას. მიუხედავად იმისა, რომ არაგადატანითი განმარტება ძირითადად არა არის მუტაციური და არ იწვევს პაციენტში პერმანენტულ ცლილებებს, ის მაინც მნიშვნელოვანია ანალიზისთვის. თუ მე გამოვიყენებ პოზიციური ომის ანალოგს, გადატანის განმარტების მიღება შეესაბამება გადამწყვეტი   პოზიციის დაკავებას, მაშინ როცა არაგადატანითი განმარტება ზოგად წინსვლას, ახალი ხაზის შექმნას შეესაბამება, რომელიც შესაძლებელი გახდა გადამწვეტი პოზიციის დაპყრობით. მაგრამ როდესაც ეს ზოგადი წინსვლა გარკვეულ წერტილს გაცდება, შემდეგ ხელახალი შემოწმება ხდება, რაც ისევ გადამწყვეტი პოზიციის დაკავების გზით პროგრესს განაპირობებს. ანალიზის პროცესში გადატანის და არაგადატანითი  განმარტების  ასეთი სახის მონაცვლეობა, თერაპიის ნორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ანალიტიკოსი და მუტაციური განმარტება

მიუხედავად იმისა, რომ მუტაციური  განმარტება მოიცავს ანალიტიკური პროცესის მხოლოდ მცირე ნაწილს,   ის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან პაციენტზე ღრმა გავლენას ახდენს.   კლეინი ვარაუდობდა, რომ მუტაციური არაგადატანითი გაკეთებისას ანალიტიკოსმა უნდა გადალახოს  განსაკუთრებული შინაგანი დაბრკოლება. ეს ვლინდება არანალიტიკური ფსიქოთერაპევტების მცდელობაში, თავი აარიდონ ამას.   ბევრ ანალიტიკოსშიც შეინიშნება მსგავსი ტენდეცია. ეს, შესაძლოა, ,რაციონალიზირებულია იმ მოსაზრებით, რომ ძნელია განსაზღვრო, არის თუ არა შესაფერისი დრო განმარტების გაკეთებისათვის. ამ ყოყმანის უკან ზოგჯერ დგას მუტაციური განმარტების გაკეთების სირთულე, რადგან ანალიტიკოსი განიცდის მუდმივ ცდუნებას, რომ მის ნაცვლად სხვა რამე გააკეთოს: მაგალითად, დასვას კითხვა, გამოიყენოს გადარწმუნება, მისცეს რჩევა ან გააკეთოს განმარტება, მაგრამ არამუტაციური. ეს განმარტება შეიძლება იყოს არაგადატანითი, არადროული, ბუნდოვანი, ან კიდევ არაზუსტი.  მან  შეიძლება გააკეთოს ორი ან მეტი ალტერნატიული განმარტება ერთდროულად, ან  განმარტებას გაკეთებისთანავე მოაყოლოს სკეპტიციზმი თავისივე განმარტების გარშემო.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მუტაციური არაგადატანითი გაკეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია ანალიტიკოსისთვისაც და არა მხოლოდ პაციენტისთვის, და რომ ის ამით თავს დიდ საფრთხეში იგდებს. ეს თავის მხრივ გასაგები ხდება, როცა ჩვენ დავფიქრდებით განმარტების გაკეთების მომენტზე. ანალიტიკოსი ფაქტიურად მიზანმიმართულად იწვევს უკვე აქტუალური იგი-იმპულსების საკუთარ თავზე მიმართვას. ეს მომენტი სხვა ყველაფერთან ერთად ტესტია იმისა, თუ რა ურთიერთობაშია ანალიტიკოსი საკუთარ არაცნობიერ იმპულსებთან.

შეჯამება

ნაშრომის დასასრულს ჩემს მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის 4 ძირითადი პუნქტი მინდა შევაჯამო:

1.    ფსიქოანალიზის საბოლოო მიზანია ნევროტიკი პაციენტის მთელი ფსიქიკური ორგანიზაციის პროგრესული განვითარება ინფანტილური პოზიციიდან ზრდასრულობისკენ.
2.    პაციენტის ზემე-ს ღრმა თვისობრივი მოდიფიკაცია არის პრინციპული ცვლილება, რომლიდანაც ავტომატურად მომდინარეობს დანარჩენი ცვლილება.
3.    პაციენტის ზემე-ს  მოდიფიკაცია მუტაციური ინტერპრეტაციით  გამოწვეული თანთადანობით მიმდინარე პროცესია. ეს კი შესაძლებელია ანალიტიკოსის, როგორც პაციენტის იდ-იმპულსების ობიექტად და დამხმარე სუპერ-ეგოდ ფუნქციონირების გზით.
4.    მუტაციური არაგადატანითი ფსიქოანალიტიკური პროცესის საბოლოოდ გადამწყვეტ ფაქტორად არსებობა არ ნიშნავს ბევრი სხვა პროცედურის (როგორიცაა: შთაგონება, გადარწმუნება, აბრეაქცია და ა.შ.) როგორც ანალიტიკური პროცესის შემადგენელი ელემენტების სრულ გამორიცხვას.

   თარგმნა მაია კირჩხელმა 2009

0

Add a comment

  1. JAN
    13

    დონალდ ვინიკოტი, ობიექტის გამოყენება 

    (თავი დონალდ ვინიკოტის წიგნიდან  “ თამაში და რეალობა”)

    ამ თავში  მე მსურს განვიხილოთ ობიექტის გამოყენების იდეა. ობიექტთა ურთიერთმიმართების  თემა, ვფიქრობ,  დაწვრილებით გვაქვს განხილული,  ობიექტის გამოყენების თემა კი, შესაძლოა, არც არასდროს გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი.
    ეს ნაშრომი  ობიექტის გამოყენების საკითხის შესახებ  სათავეს იღებს ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან და U ჩემი პირადი განვითარების პროცესიდან. მე, რა თქმა უნდა, არა მაქვს იმის პრეტენზია, რომ სხვებმაც ის გზა უნდა გაიარონ, რომლითაც ჩემი იდეები ვითარდებოდა. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო იდეების არსებულ თანმიმდევრობაზე. მით უმეტეს, რომ   ის, რაც მე მინდა ვთქვა ამ თავში, საოცრად მარტივია.  ეს  სათქმელი გამომდინარეობს ჩემი ფსიქოანალიტიკური გამოცდილებიდან, თუმცა     ფსიქოანალიტიკოსად  მუშაობის ორი ათეული წლის წინ ვერ შევძლებდი მესაუბრა ტრანსფერული  პროცესების შესახებ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვფლობდი სათანადო ტექნიკას. მაგალითად, მე სულ ახლახან ვისწავლე, თუ როგორ  უნდა  დაველოდო ტრანსფერის ბუნებრივ განვითარებას-იგი  ვითარდება, როდესაც იზრდება პაციენტის ნდობა ფსიქოანალიტიკური მეთოდის და ანალიტიკური სიტუაციის მიმართ. Dდიდი ხანი არ არის, რაც შევძელი   ხელი არ შევუშალო ამ  ბუნებრივ  პროცესს  ჩემი Eინტერპრეტაციებით .   ყურადღება მიაქციეთ – მე ვსაუბრობ   ინტერპრეტირებაზე, და არა თვითონ განმარტებაზე.   ვშიშობ, რომ ინტერპრეტირებისადმი ჩემი მიდრეკილების გამო    შევაფერხე, ან არ დავუშვი მნიშვნელოვანი ცვლილებები პაციენტებში, რომელთა კლასიფიკაციას ვახდენდი და გარკვეულ კატეგორიას მივაკუთვნებდი.  პაციენტსა და ფსიქოანალიტიკოსს შორის მხოლოდ მაშინ მიიღწევა შემოქმედებით ურთიერთგაგება, თუ მოცდა შეგვიძლია.  ეს  ყოველთვის დიდი  სიხარულია;   ახლა ამ სიხარულს ჩემთვის უფრო მეტი კმაყოფილება მოაქვს, ვიდრე ოდესღაც მოჰქონდა   ჩემი თავის    ჭკვიან ადამიანად შეგრძნებას.  მე ვფიქრობ, რომ   ინტერპრეტირებას ვახდენ ძირითადად იმისთვის, რომ ვაჩვენო პაციენტს ჩემი გაგების საზღვრები. პრინციპი კი ისაა, რომ პასუხები მხოლოდ პაციენტმა იცის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ან, არ შეგვიძლია  მივცეთ მას იმის რეალიზების საშუალება, რაც მან იცის, ან რის გაცნობიერებასაც  იწყებს.
    სხვა საქმეა  მუშაობა ინტერპრეტაციით; ეს ისაა, რაც   განასხვავებს ანალიზს თვითანალიზისგან და რომელიც  (თვითანალიზი)  ანალიტიკოსისთვის, უბრალოდ,  სავალდებულოა. ასეთი განმარტება ეფექტური რომ იყოს, ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის უნარს ანალიტიკოსი საკუთარი შინაგანი სამყაროს საზღვრებს მიღმა განათავსოს ( ტო პლაცე ტჰე ანალყსტ ოუტსიდე ტჰე არეა ოფ სუბჯეცტივე პჰენომენა ). ამის შემდეგ პაციენტი უკვე შეძლებს  გამოიყენოს   ანალიტიკოსი. სწორედ ეს საკითხია  ამ  სტატიის თემა.  სწავლა, ისევე  როგორც ბავშვის კვება, არ საჭიროებს ბავშვის მიერ გარე ობიექტების გამოყენების უნარის მტკიცებულებას. ჩვენს საქმეში კი აუცილებელია სპეციალურად მუშაობა ამ უნარის ფორმირებისა და განვითარებისთვის, ისევე, როგორც ჩვენს მიერ ამ საკითხში  პაციენტის უუნარობის აღიარება.
    მოსაზღვრე შემთხვევების ანალიზისას ხანდახან წავაწყდებით ხოლმე ისეთ ფაქიზ  მოვლენებს, რომლებიც წარმოადგენს ხელმოსაჭიდს რეალური შიზოფრენიული მდგომარეობის შემეცნებაში. ტერმინით   “მოსაზღვრე შემთხვევა”  მე აღვნიშნავ სიტუაციებს, როდესაც სახეზეა  ფსიქოზური დარღვევა, მაგრამ პაციენტს გააჩნია პიროვნების ფსიქონევროტული ორგანიზაციის საკმარისი დონე იმისათვის, რომ განუვითარდეს ფსიქონევროზი ან ფსიქოსომატური აშლილობა , როდესაც  დგება ცენტრალური ფსიქოზური შფოთვის უხეში ფორმით გამოვლენის საშიშროება.  ასეთ შემთხვევებში ფსიქოანალიტიკოსი შეიძლება წლების განმავლობაში უწყობდეს ხელს პაციენტის მოთხოვნილებას იყოს ფსიქონევროტიკი ( რაც შეშლილობის საპირისპიროა) და მკურნალობდეს მას, როგოც ფსიქონევროტიკს. ასეთი ანალიზი მიმდინარეობს ძალიან კარგად და ყველა კმაყოფილია. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ანალიზი არასდროს დამთავრდება. ის შესაძლოა  შეწყდეს,  პაციენტს ისიც შეუძლია, რომ აამოქმედოს თავის ცრუ ფსიქონევროტულობა,  რათა ყველაფერი მადლიერების გამოხატვით დაამთავროს. მაგრამ სინამდვილეში პაციენტი ხვდება, რომ  ფსიქოზური მდგომარეობის ძირეული ცვლილება არ  მომხდარა და რომ ანალიტიკოსის და პაციენტის   ფარულმა გარიგებამ წარმატებით ჩააფლავა ანალიზი. მაგრამ ეს მარცხიც კი შესაძლოა ღირებული იყოს  იმ პირობით, რომ ორივე – ანალიტიკოსიც და პაციენტიც – აღიარებს მას. პაციენტს ასაკი მოემატა, გაიზარდა უბედური შემთხვევით ან დაავადებით მისი სიკვდილის ალბათობა, რაც ნამდვილი სუიციდის შესაძლებლობას ამცირებს. უფრო მეტიც, მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო. ფსიქოანალიზი ცხოვრების წესი რომ იყოს, მაშინ ასეთი მკურნალობა მისცემდა ადამიანს იმას, რაც ფსიქოანალიზს ეგების. მაგრამ ფსიქოანალიზი არ არის ცხოვრების წესი. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაასრულებენ მკურნალობას, დაგვივიწყებენ და აღმოაჩენენ, რომ თვითონ ცხოვრებაა სავსებით გააზრებული თერაპია.    თუმცა ჩვენ ვწერთ ამ მოსაზღვრე მდგომარეობების შესახებ, გულის სიღრმეში ყოველთვის ვწუხვართ, რომ ეს სიღრმისეული აშლილობა ამოუცნობი და აუხსნელი რჩება. უფრო მკაფიოდ ამ საკითხს შევეხე ჩემს ნაშრომში კლასიფიკაციის შესახებ (ჭინნიცოტტ, 19.59-1964).
    ალბათ ღირს კიდევ ცოტა ხნით შევჩერდეთ იმაზე, თუ  რა განსხვავებას ვხედავ   ობიექტთა  ურთიერთმიმართებასა და ობიექტის გამოყენებას შორის. ობიექტთა  ურთიერთმიმართებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ  პიროვნულ ცვლილებებს, რამაც  წარმოშვა ტერმინი “კატექსისი”-  -ობიექტი გახდა მნიშვნელოვანი; ამუშავდა პროექციის და იდენტიფიკაციის მექანიზმები. ამის შედეგად  სუბიექტი იმდენად დაცარიელდა, რომ მისი ნაწილები აღმოჩდა ობიექტში. თუმცა, ამავდროულად, სუბიექტი მდიდრდება  ემოციური თვალსაზრისით. ამ ცვლილებებს თან ახლავს   (უმნიშვნელო) ფიზიკური აგზნება გაძლიერებული ფუნქციონირებით (ორგაზმის მსგავსი მდგომარეობა).                  მოცემულ კონტექსტში მე განზრახ გვერდს ვუვლი ობიექტური დამოკიდებულების იმ ასპექტებს, რომელიც მიეკუთვნება ჯვარედინ იდენტიფიკაციას ( იხილეთ ქვევით, თავი 10, გვ. 210). ის დარჩება ჩვენი კვლევის მიღმა, რადგან წინ უძღვის ამ ნაშრომში განხილულ  პროცესს- თვითჭვრეტიდან  და სუბიექტის ობიექტებთან ურთიერთმიმართების  სწავლიდან ობიექტების  გამოყენებაზე გადასვლას.
    ობიექტური ურთიერთმიმართებების გაგება  შეიძლება  მაშინ, როცა პიროვნებას წარმოვიდგენთ  იზოლირებულ, ცალკე მდგომ  სუბიექტად   (ჭინნიცოტტ, 1958ბ, 1963а). თუმცა, როდესაც ვსაუბრობ ობიექტის გამოყენებაზე, მე ვიღებ ობიექტთა  ურთიერთმიმართებას, როგორც თავისთავად არსებულს, მაგრამ ვუმატებ ახალ თვისებებს, რომელიც ეხება თვითონ ობიექტის ქცევის ბუნებას. მაგალითად, ობიექტის  გამოყენება შესაძლებელი რომ იყოს, ის უნდა იყოს რეალური; უნდა წარმოადგენდეს ადამიანებს შორის განაწილებული რეალობის შემადგენელს და არა პროექციების კონგლომერატს. ვფიქრობ, სწორედ აქედან ჩნდება უდიდესი სხვაობა ობიექტთან დამოკიდებულებასა და ობიექტის გამოყენებას შორის.
    თუ ჩემი მოსაზრება მართებულია, უნდა ვაღიარო, რომ ანალიტიკოსისთვის ობიექტთა  ურთიერთმიმართების პრობლემების განხილვა უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე  ობიექტების გამოყენების განხილვა. დამოკიდებულება სუფთა სუბიექტური ფენომენია და ფსიქოანალიზი  ამაყობს, თუ შეძლო ყველა გარემო  ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა  – გარდა გარემოს განხილვისა პროექციის მექანიზმის თვალსაზრსით. რაც შეეხბა  ობიექტის გამოყენებას, გამოსავალი  აღარ არის: ანალიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს ობიექტის,  არა როგორც პროექციის, არამედ არსებულის ბუნება.

    ჯერჯერობით შევჩერდები ასეთ ფორმულირებაზე: ობიექტთა ურთიერთ- -მიმართება შეიძლება აღიწეროს სუბიექტის თვალსაზრისით, რომელიც გამოცალკევებულია გარე სამყაროსგან, ხოლო გამოყენება – მხოლოდ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ობიექტი არსებობდა ყოველთვის და სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ეს სწორედ ის პრობლემა და სფეროა, რაზედაც მე ვმუშაობ, სწორედ ამას ვუწოდებ მე გადასვლის ფენომენს. მაგრამ დამოკიდებულებიდან გამოყენებაზე გადასვლა არ ხდება ავტომატურად და მხოლოდ მომწიფების პროცსზეა არაა დამოკიდებული.
    კლინიკური ტერმინოლოგიით: ორი ჩვილი ძუძუთი  იკვებება. ერთისათვის კვება თვითონ მასშია, რადგანაც ძუძუ მისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მისგან გამოცალკევებულ ფენომენს. მეორე ჩვილი იკვებება არა “მე”-ს წყაროდან, არამედ ობიექტისგან, რომელსაც ის უცერემონიოდ ეპყრობა, თუ თვითონ ობიექტიც იმავეთი არ პასუხობს. დედები, ისევე როგორც ანალიტიკოსები, შეიძლება იყონ ან კარგები, ან არასაკმარისად კარგები: ზოგს შეუძლია, ზოგს კი არა, ხელი შეუწყოს ბავშვის დამოკიდებულებიდან გამოყენებაზე გადასვლის პროცესს. მინდა შეგახსენოთ, რომ გარდამავალი ობიექტების და ფენომენების კონცეფციის უმნიშვნელოვანესი თავისებურება (ჩემს მიერ წარმოდგენილი პრობლემის შესაბამისად) არის პარადოქსი და პარადოქსის მიღება: ბავშვი ქმნის ობიექტს, მაგრამ ეს ობიექტი უკვე ელოდა რომ ყოფილიყო შექმნილი და გამხდარიყო თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. მე ვცდილობდი გამემახვილებინა ამაზე ყურადღება, როცა ვამბობდი – ამ თამაშის წესების თანახმად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არასდროს მოვთხოვთ ბავშვს პასუხს შეკითხვაზე: შენ თვითონ შექმენი ეს თუ უბრალოდ იპოვე?
    მე მზად არა ვარ ახლავე ჩამოვაყალიბო ჩემი თეზისი. როგორც ჩანს, მე  იმის მეშინია, რომ ყველაფერი მეტად მარტივია და ძირითადი იდეა გაჟღერდება თუ არა, ჩემი  მიზანიც მიღწეული იქნება.
    ობიექტის გამოყენებისთვის  სუბიექტს უნდა ჰქონდეს განვითარებული ამის უნარი. ეს არის რეალობის პრინციპზე გადასვლის პროცესის ნაწილი.
    იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს უნარი თანდაყოლილია, ისევე როგორც იმას, რომ ის ვითარდება ინდივიდის შიგნით. ობიექტის გამოყენების უნარის განვითარება- ზრდის პროცესის ნიმუშია, რომელიც დამოკიდებულია კარგ სოციალურ გარემოზე.
    შეიძლება ითქვას, რომ მიმდევრობა ასეთია: იწყება ობიექტური დამოკიდებულებით და მთავრდება ობიექტის გამოყენებით; შუალედში ხდება, შესაძლოა, ყველაზე რთული რამ ადამიანის განვითარებაში.  შესაძლოA  საჭირო იყოს ყველაზე უსიამოვნო ადრეული წარუმატებლობის გამოსწორება, რომელიც მუდმივად თავს იჩენს. ობიექტთან დამოკიდებულებასა და ობიექტის გამოყენებას შორის შუალედში სუბიექტი გადაადგილებს ობიექტს თავისი ყოვლისშემძლეობის ზონის მიღმა.  ეს არის ობიექტის, როგორც გარე ფენომენად  და არა პროეცირებულ მთლიანობად აღქმა, ანუ, ამ მთლიანობის, როგორც ავტონომიურობის, აღიარება.
    ეს ცვლილება ( დამოკიდებულებიდან გამოყენებისაკენ) ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი ანგრევს ობიექტს. აქ ფილოსოფოსი დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ობიექტის გამოყენების  მოვლენა:  თუ ობიექტი არის შინაგანი, მაშინ ის ინგრევა სუბიექტის მიერ. მაგრამ თუ ეს ფილოსოფოსი წამოდგება თავისი სავარძლიდან  და იატაკზე, პაციენტის გვერდით დაჯდება, ის აღმოაჩენს, რომ სიტუაცია  შუალედურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის დაინახავს, რომ  მას შემდეგ, რაც  “სუბიექტი ააგებს თავის დამოკიდებულებას ობიექტის მიმართ”, ის დაიწყებს “ობიექტის  ნგრევას” (რადგან ობიექტი შინაგანი ხდება).  შემდგომში შეიძლება წარმოიშვას პროცესი “ობიექტი უძლებს სუბიექტის მხრიდან  ნგრევას”.
    მაგრამ ობიექტი შეიძლება გადარჩეს, შეიძლება არა.  ამგვარად, ჩნდება ახალი ასპექტი ობიექტური დამოკიდებულების თეორიაში. სუბიექტი ეუბნება ობიექტს: “ მე დაგანგრიე შენ”, და ობიექტმა უნდა მიიღოს ეს შეტყობინება.  სუბიექტი ამიერიდან იტყვის: “ გამარჯობა! მე დაგანგრიე შენ. მე მიყვარხარ შენ. შენ ჩემთვის რაღაცას ნიშნავ, შენ ხომ გადარჩი მას შემდეგ, რაც დაგანგრიე. სანამ მიყვარხარ, მანამადე მუდმივად დაგანგრევ ხოლმე ჩემს (არაცნობიერ) ფანტაზიაში”. აქ ინდივიდისთვის იწყება ფანტაზია. ახლა სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ობიექტი, რომელიც გადარჩა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სუბიექტი ანგრევს ობიექტს არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ობიექტი მდებარეობს მისი ყოვლისშემძლე (ომნიპოტენტ)   კონტროლის მიღმა. აქ მნიშვნელოვანია ხელახალი, საპირისპირო ფორმულირება: თვითონ ობიექტის დანგრევას გააქვს ის ბავშვის ყოვლისშემძლეობის ზონიდან. ასე ვითარდება ობიექტის ცხოვრება და ავტონომია, ხოლო ობიექტს (თუკი ის გადარჩა) თავის მხრივ, თავისი თვისებების შესაბამისად,  შეაქვს წვლილი სუბიექტის განვითარებაში. სხვა სიტყვებით, ობიექტები გადარჩებიან, და  სუბიექტს საშუალება ეძლევა იცხოვროს ობიექტების სამყაროში.  ასე  რომ,  მან უარი არ უნდა თქვას ასეთ ფასდაუდებელ სარგებელზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ობიქტთან დაკავშირებულ არაცნობიერ ფანტაზიაში ნგრევის მიღების ფასად.
    სხვა სიტყვებით, ობიექტები გადარჩებიან,  ხოლო სუბიექტს საშუალება ეძლევა იცხოვროს ობიექტების სამყაროში, ასე რომ, მან უარი არ უნდა თქვას ასეთ ფასდაუდებელ სარგებელზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ობიექტთან დაკავშირებულ არაცნობიერ ფანტაზიაში ნგრევის მიღების ფასად.
    ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო: ემოციური განვითარების ადრეულ სტადიებზე ინდივიდი ამ მდგომარეობას აღწევს მხოლოდ   მნიშვნელოვანი ობიექტების დანგრევის და ამის შემდეგ მათი გადარჩენის წყალობით. ისინი ინგრევა, რადგანაც რეალურია, და ხდება რეალური, რადგანაც დანგრეულია.
    როცა ეს სტადია უკვე განვლილია, პროექციის მექანიზმები საშუალებას იძლევიან შევნიშნოთ გარშემო მყოფი საგნები, მაგრამ ისინი არ განაპირობებენ თავად ობიექტის იქ არსებობას. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სცილდება იმ თეორიის ფარგლებს, რომელიც გარე რეალობას მხოლოდ ინდივიდის პროექციის მექანიზმის თვალთახედვით განიხილავს.
    ამგვარად, მე თითქმის მთლიანად ჩამოვაყალიბე ჩემი დასკვნა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ სუბიექტის პირველი იმპულსი ობიექტის მიმართ  არის დესტრუქციული.  ჩემი თეზისის ცენტრალური პოსტულატი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტი არ ანგრევს სუბიექტურ ობიექტს ( პროექციის მასალას), დესტრუქციულობა რჩება და ხდება ცენტრალური, რამდენადაც ობიექტი აღიქმება ობიექტურად, იძენს ავტონომიურობას, “გაყოფილი” რეალობის ნაწილი ხდება. ჩემი თეზისის ეს ნაწილი რთულია, ყოველ შემთხვევაში თვითონ ჩემთვის.
    ძირითადად და მთლიანობაში გასაგებია, რომ რეალობის პრინციპი იწვევს ინდივიდის მრისხანების განცდას და რეაქტიულ დესტრუქციას, მე კი ვამტკიცებ, რომ დესტრუქციის როლი –  თვითონ ამ რეალობის შექმნაა, ანუ ობიქტის მე-ს საზღვრებს გარეთ მოთავსება. Eეს რომ მოხდეს, საჭიროა სათანადო პირობები.
    ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ არღვევს პროექციის მექანიზმები სუბიექტის მიერ ობიექტის შეცნობის უნარს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტი არსებობს სუბიექტის პროექციული მექანიზმების ფუნქციონირების გამო. თავიდან დამკვირვებელი იყენებს ტერმინებს, რომელიც თითქოს გამოსადეგია ერთდროულად ორივე ამ კონცეფციისთვის, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, თქვენ ვერ ნახავთ ვერანაირ სხვაობას ამ იდეებს შორის. სწორედ ამ პრობლემას ეხება ახლა ჩვენი კვლევა.
    განვითარების იმ ეტაპზე, რომელსაც ახლა ვსწავლობთ, სუბიექტი იმყოფება ობიექტის შექმნის პროცესში, გარე სამყაროს შეცნობის თვალსაზრისით. აუცილებელია დავძინოთ, რომ ეს გამოცდილება დამოკიდებულია თვითონ ობიექტის გადარჩენის უნარზე. (მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ კონტექსტში “გადარჩენა” არ ნიშნავს საპასუხო შეტევაზე გადასვლას ). როცა ანალიზის პროცესში მსგავსი რამ ხდება, ანალიტიკოსი, ფსიქოანალიტიკური ტექნიკა და სიტუაცია პაციენტის დამანგრეველი აქტების შედეგად ან გადარჩება,  ან იღუპება. პაციენტის ასეთი დესტრუქციული აქტივობა წარმოადგენს მცდელობას მოათავსოს ანალიტიკოსი საკუთარი განუსაზღვრელი კონტროლის მიღმა, ანუ გარე სამყაროში.

    თუ სუბიექტს არა აქვს გაცნობიერებული საკუთარი დამანგრეველი ძალის მაქსიმუმი (ობიექტი არ არის დაცული), მაშინ ის არასდროს გადაიყვანს ანალიტიკოსს გარეთ, შესაბამისად, ვერასდროს წაიწევს წინ და შეფერხდება თვითანალიზის იმ ეტაპზე, როდესაც ფსიქოანალიტიკოსს იყენებენ მხოლოდ საკუთარი პიროვნების პროექციულ ნაწილად. კვების თვალსაზრისით, პაციენტი შეძლებს მიიღოს საკვები მხოლოდ საკუთარი მე-სგან და ვერ შეძლებს გამოიყენოს დედის ძუძუ წონაში მოსამატებლად. პაციენმა შეიძლება სიამოვნება მიიღოს ანალიზის შედეგად, მაგრამ მასში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება.U
    და თუ თვითონ ანალიტიკოსი სუბიექტური ფენომენია, მაშინ რა შეიძლება ითქვას ნარჩენების მოცილებაზე? შემდგომში აუცილებელია ფორმულირება იმ კუთხით, თუ რა გამოგვაქვს გარეთ.
    ფსიქოანალიზის პრაქტიკაში ამ სფეროში პოზიტიური ცვლილება, შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი.  ის არ არის დამოკიდებული ინტერპრეტირებაზე. ის  დამოკიდებულია ანალიტიკოსის გადარჩენაზე, რაც გულისხმობს  რეაქციის უცვლელობის იდეას – საპასუხო დარტყმის არ- არსებობას. ამ დარტყმების გაძლება ძალინ ძნელია   განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ღებულობენ მანიაკალურ, ბოდვით ფორმას, რაც აიძულებს ანალიტიკოსს ტექნიკურად არაადექვატურად მოიქცეს. ( მე ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როდესაც არასაიმედო ხარ ისეთ სიტუაციაში, როცა საიმედოობას მნიშვნელობა აქვს, ასევე გადარჩენაზე ცხოვრების შენარჩუნებაზე და საპასუხო თავდასხმის არ არსებობაზე).
    ანალიტიკოსი მომართულია ინტერპრეტირებაზე, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პროცესი, და რომელიც პაციენტმა შესაძლოა აღიქვას  ანალიტიკოსის თავდაცვად პაციენტიც შემოტევისაგან. უმჯობესია დაველოდოთ ამ ფაზის დასრულებას და შემდგომ განვიხილოთ პაციენტთან, რა მოხდა. ბუნებრივია, ანალიტიკოსს აქვს თავისი საკუთარი ადამიანური მოთხოვნილებები, მაგრამ ამ ეტაპზე განმარტება არ წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს და თავად არის გარკვეული საფრთხის შემცველი. ასეთი აუცილებელი ელემენტი აქ იქნება ანალიტიკოსის გადარჩენა და ფსიქოანალიტიკური ტექნიკის გამძლეობა.
    წარმოიდგინეთ, რამდენად ტრავმატული შეიძლება აღმოჩნდეს ანალიტიკოსის დაღუპვა ასეთი ტიპის სამუშაო პროცესში. თუმცა ანალიტიკოსის ფაქტობრივი სიკვდილი იმდენად ცუდი არ არის, როგორც ანალიტიკოსის პოზიციის  შეცვლა საპასუხო თავდასხმების მიმართულებით. ეს ის რისკია, რომელიც პაციენტმა, უბრალოდ, თავის თავზე უნდა აიღოს. როგორც წესი, ანალიტიკოსი ახერხებს გადაიტანოს ტრანსფერის მოძრაობის ეს ფაზები. ჯილდო, რომელიც მოყვება ყოველი ამ ეტაპის დასრულებას, არის სიყვარული, რომელიც ძლიერდება არაცნობიერი დანგრევის ფონზე.
    მე ვფიქრობ, რომ განვითარების ეტაპის იდეა, რომელიც ობიექტის გადარჩენას მნიშვნელოვან მახასიათებლად განიხილავს, ეხება აგრესიის თეორიის ფესვებს. იმის თქმა, რომ რამდენიმე დღის ჩვილი ბავშვი გრძნობს შურს დედის ძუძუს მიმართ, არ იქნებოდა მართებული. თუმცა სავსებით მისაღებია ვისაუბროთ იმაზე, რომ დედის ძუძუს განადგურდება ხდება ბავშვის იმ ნებისმიერ ასაკში, როდესაც ძუძუ გადაიქცევა გარე ობიექტად ( პროექციის ფარგლებს მიღმა).  მხედველობაში მაქვს განადგურებისკენ მიმართული აქტუალური იმპულსი.
    დედის როლში უმნიშვნელოვანესია ის, რომ პირველი ადამიანია, რომელიც ბავშვს აიძულებს გადალახოს თავდასხმის შემდეგ გადარჩენის სიტუაცია (ამ მდგომარეობაში ბავშვი შემდგომში ბევრჯერ ჩავარდება). ბავშვის განვითარებაში ეს სწორედ შესაფერისი დროა, რადგან მას ჯერ კიდევ შედარებით ცოტა ძალა აქვს, და მისი დესტრუქციულობის გადატანა საკმაოდ ადვილია.    დედები ადვილად რეაგირებენ კეთილად  მანამ, სანამ მისი შვილი მხოლოდ კბენს ან ჩქმეტს მას. “ძუძუ” აქ ჟარგონია. იგულისხმება  ადამიანის მთელი პიროვნული სფეროს განვითარება და ფორმირება, რომელშიც ადაპტაცია და დამოკიდებულება ურთიერთკავშირშია.
    დააკვირდით, რომ სიტყვა “დანგრევას” ვიყენებ  იმის აღსანიშნავად, რომ ობიექტი ვერ ახერხებს გადარჩენას. თუ ის ამას ახერხებს, მაშინ დანგრევა მხოლოდ შესაძლებლობის სახით რჩება. სიტყვა “დანგრევა” აუცილებელია, და არა იმიტომ, რომ ჩვილს აქვს დესტრუქციული იმპულსი, არამედ იმ მიზეზით, რომ ობიექტი მიდრეკილია მტვრევისა და არა გადარჩენისაკენ, და მაშასადამე, “თვისობრივი ცვალებადობისაკენ”.

    მოცემულ თავში მე გთავაზობთ ახლებურ მოსაზრებას აგრესიის და მისი წარმომავლობის  შესახებ. მაგალითად, არ არის საჭირო მივაწეროთ თანდაყოლილ აგრესიულობას მეტი, ვიდრე სხვა თანდაყოლილ თვისებებს. უდავოა, რომ ინდივიდების თანდაყოლილი აგრესიულობა რაოდენობრივად განსხვავებულია- ზუსტად ისევე, როგორც სხვა მემკვიდრული თვისებები.  ახალშობილის ამ  მძიმე ეტაპის გავლის გამოცდილებასთან დაკავშირებული განსხვავება კი პირიქით, უზარმაზარია.
    სხვაობა თავად გამოცდილებაში, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ბავშვები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ეს ეტაპი, როგორც წესი, კლინიკურად უფრო აგრესიულები იქნებიან, ვიდრე ისინი ვისაც ეს ფაზა არ გაუვლია და აგრესია აკრძალული დარჩა (ეგო-სინტონური გახდა), ან გარდაიქმნა იმად, რაც  შეკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ   თავდასხმის ობიექტი არ გახდეს.
    აქედან გამომდინარეობს აგრესიის თეორიის გადახედვის აუცილებლობა.  ორთოდოქსულ ფსიქოანალიზში დომინირებს იდეა, რომ აგრესია არის რეაქცია რეალობის პრინციპთან შეჯახებაზე, ხოლო ჩვენ ის წარმოვადგინეთ დესტრუქციული აქტივობად, რომელიც ქმნის  გარე სამყაროს, როგორც თვისობრივად ახალ რეალობას. ეს დებულებები იკავებს ცენტრალურ ადგილს ჩემი არგუმენტების აგებისას.

    მოდით ცოტა ხნით მივუბრუნდეთ ზემოთაღწერილ თავდასხმებისა და გადარჩენის პროცესებს ადამიანური დამოკიდებულებების იერარქიაში. განადგურება – უფრო პრიმიტიული მოვლენაა, რომელიც ძლიერ განსხვავდება დანგრევისგან. განადგურება ნიშნავს “უიმედობას”, კატექსის შემცირებას, რადგანაც რეფლექსი, რომელიც აუცილებელია პირობითი რეაქციის ფორმირებისთვის არაფრით სრულდება. მეორე  მხრივ, თავდასხმის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს რეალობის პრინციპთან  შეჯახებისას რისხვით რეაქციას, უფრო რთულია და წინასწარ მოიცავს დანგრევის იდეას. ობიექტის დანგრევაში არ არის რისხვა, შეიძლება ითქვას, რომ ობიექტის გადარჩენას სიხარული მოაქვს. ამ ეტაპის დადგომიდან,  ფანტაზიაში ობიექტს ყოველთვის ემუქრება განადგურება. “ყოველთვის განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი” ობიექტის რეალობა გადარჩენის შემდეგ  უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძლიერდება ემოციური ტონუსი, ამგვარად ობიექტის მუდმივობა უფრო მტკიცე ხდება. ახლა ეს ობიექტი შეიძლება იყოს გამოყენებული.
    ბოლოს მინდა ვისაუბრო თვითონ ცნება “გამოყენების” შესახებ. როცა ვამბობ “გამოყენებას”, მე არ ვგულისხმობ “ექსპლუატაციას”. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს- იყო გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ თერაპიის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენთან მოსულ ბევრ პაციენტს უკვე მოგვარებული აქვთ ეს პრობლემა – მათ შეუძლიათ ობიექტების გამოყენება და ჩვენი გამოყენება, შეუძლიათ გამოიყენონ ანალიზი ზუსტად ისევე, როგორც გამოიყენეს თავისი მშობლები, ძმები, დები, სახლი. თუმცა ბევრი პაციენტი საჭიროებს დახმარებას, რათა ისწავლონ ჩვენი გამოყენება. ისინი ამას ანალიზის ამოცანად აღიქვამენ. ასეთ პაციენტებთან მუშაობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ზემოთაღნიშნული; პაციენტების დესტრუქციულობა და ანლიტიკოსის გადარჩენის პრინციპი. არაცნობიერად ანალიტიკოსის დანგრევა ხდება ანალიზის თანმდევი ფონი. ჩვენ ან ვუმკლავდებით და ვრჩებით ცოცხლები, ან ვღებულობთ კიდევ ერთ დაუსრულებელ ანალიზს.

    შეჯამება
    ობიექტური მიმართება შეიძლება აღიწეროს სუბიექტის გამოცდილების საფუძველზე. ობიექტის გამოყენების აღწერა გულისხმობს თვითონ ობიექტის ბუნების განხილვას. მე გთავაზობთ იმ მიზეზებზე მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, ობიექტის გამოყენების უნარი უფრო რთულია, ვიდრე ობიექტთან მიმართების დამყარების უნარი. მიმართება შეიძლება დამყარდეს სუბიექტურ ობიექტთან, ხოლო ობიექტის გამოყენება გულისხმობს, რომ ის წარმოადგენს გარე რეალობის ნაწილს.
    თანმიმდევრობა ასეთია:
    1)    სუბიექტი ამყარებს მიმართებას ობიექტთან;
    2)    სუბიექტი აღმოაჩენს ობიექტს გარე სამყაროში, ნაცვლად იმისა, რომ იქ თავად მოათავსოს;
    3)    სუბიექტი ანგრევს ობიექტს;
    4)    ობიექტი ნგრევის შედეგად გადარჩება;
    5)    სუბიექტს შეუძლია ობიექტის გამოყენება.
    ობიექტს ყოველთვის ემუქრება დანგრევა. ეს ნგრევა ხდება ობიექტის მიმართ რეალური სიყვარულის არაცნობიერი ფონი, ამგვარად, ობიექტი გამოდის სუბიექტის განუსაზღვრელი კონტროლის სფეროდან.
    მოცემული პრობლემის კვლევა გულისხმობს სუბიექტის დესტრუქციის პოზიტიურობის აღიარებას. დესტრუქციულობას და ობიექტის გადარჩენას,  გააქვს ობიექტი იმ საგნების სივრციდან, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის პროექციული მექანიზმების ფუნქციონირებასთან. ამგვარად ხდება ადამიანებს შორის განაწილებული რეალობის შექმნა, რომლის გამოყენებასაც სუბიექტი შეძლებს. და რომელიც საპასუხოდ მოახდენს ზემოქმედებას “არა მე” ფენომენების დახმარებით.

ჯეიმს სტრეიჩი, ფსიქოანალიზის თერაპიული ზემოქმედების არსი