,,ფსიქოანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები” – პენტი იკონენი

ფსიქოანალიზის ამოცანაა   დაეხმაროს ანალიზირებულს თავად გააცნობიეროს საკუთარი ფსიქიკის შინაარსი. მოცემულ  სტატიაში  ავტორი ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის  საჭირო ოთხ ძირითად ინსტუმენტს გამოყოფს:
1. ანალიზირებულის  თვითდაკვირვება; 2. ანალიტიკოსის დახმარება თვითდაკვირვებისათვის  ხელისშემშლელი წინააღმდეგობის დანახვაში ( ე.ი წინააღმდეგობის ანალიზი); 3. ანალიტიკოსის ინტერპრეტაციების მეშვეობით ანალიზირებულის ფსიქიკის არაცნობიერი შინაარსის გადატანა თვითდაკვირვების სფეროში; 4. ანალიზირებულის მიერ მსმენელის (მოსაუბრის) მიკერძოებულად აღქმის ტენდენციის თვითდაკვირვების ობიექტად გადაქცევა (ე.ი გადატანის ანალიზი). ამ ინსტრუმენტებიდან პირველი ყველაზე ძირეულად ითვლება; ფსიქოანალიზში გამოყენებული ყველა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი მიმართულია ანალიზირებულის თვითდაკვირვების ველის/ არეს გაფართოებისკენ. განსაზღვრულია ამ მიზნის მიღწევის ზოგიერთი სირთულე, ხაზგასმულია ამ საქმეში ანალიზირებულის ავტონომიურობის მნიშვნელობა და გამოტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ ვერასდროს შეცვლი ანალიზში ანალიზირებულს, თუმცა ანალიზირებულს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა თვითდაკვირვებით განვითარებული  უნარის შედეგად.

ფსიქოანალიზს საფუძველი ჩაეყარა იმის აღმოჩენით, რომ ადამიანს თვითონ ძალუძს  საკუთარი სიმპტომების წარმოშობის მიგნება, თუკი მას ექნება საკუთარი ფსიქიკის დაბრკოლების გარეშე გამოკვლევის საშუალება. დღეს ჩვენ გვინდა ამ დებულების პერიფრაზირება: საკუთარ ფსიქიკაზე დაკვირვების წყალობით  ადამიანს შეუძლია უკეთ გააცნობიეროს საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე რეალობასთან ურთიერთობის  საკუთარი მოდელი; ამ  გაცნობიერების შედეგად იგი შეძლებს შეცვალოს ურთიერთობის   სამივე ეს საშუალება, თუ ადამიანს ამის სურვილი ექნება.
საკუთარ ფსიქიკაზე დაკვირვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მთლიანად არ მოიცავს. მაგალითად, მე შემიძლია გავიგო,   რამ დამაყენა ცუდ გუნებაზე ან რამ შემაშფოთა, თუ გავიხსენებ წინა დღის მოვლენებს, რომლებიც დროებით გამომივარდა მეხსიერებიდან. გახსენების შედეგად მე უკეთ გავუგებ საკუთარ თავს და შევძლებ ახლებურად შევხედო ამ სიტუაციასა და საკუთარი რეაგირების მეთოდს.
ჩვენი თავად ვართ საკუთარი ფსიქიკის უპირველესი  მკვლევარები. მხოლოდ   თავად პიროვნებას შეუძლია უშუალოდ დააკვირდეს საკუთარ ფსიქიკას. ქცევაზე, მეტყველებაზე და გამოხატვის სხვა ფორმებზე დაკვირვება არასდროს წარმოადგენს  მის ფსიქიკაზე პირდაპირ  დაკვირვებას. გარედან ყველაზე ზუსტი დაკვირვების დროსაც კი  ადამიანს, რომელსაც აკვირდები, შეუძლია ყოველთვის რაიმე დაამატოს, მაგალითად, გვითხრას, თუ რას ფიქრობდა და რას გრძნობდა როცა რაღაცას აკეთებდა. ეს ფაქტორები გარეგანი დაკვირვებით შეუმჩნეველია. უფრო მეტიც, შეუძლებელია გარედან დააკვირდე სხვის სიზმრებს. თვითდაკვირვების გარეშე ფსიქიკის კვლევა არ ხდება, ფსიქიკის შესწავლა აგებულია ძირითადად სუბიექტის თვითდაკვირვებაზე და თავად ფსიქოანალიზიც ამას ეფუძნება. ფსიქოანალიტიკური თვითდაკვირვებისათვის ძალიან ფასეულია ადამიანის უნარი დააკვირდეს   ფსიქიკას   წინასწარი განწყობის გარეშე, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ეს გულისხმობს გარკვეული სახის პასიურ, ფხიზელ დამოკიდებულებას საკუთარი ფსიქიკის მიმართ. თავიდან ანალიზირებულისათვის ძნელად გასაგებია, თუ რას გულისხმობს ასეთი თვითდაკვირვება,  კიდევ უფრო ძნელი შეიძლება აღმოჩნდეს ამ თვითდაკვირვების პრაქტიკაში განხორციელება. იდეალურ შემთხვევებშიც კი ამ თვითდაკვირვების განხორციელება შესაძლებელია ერთჯერადად, დროის მხოლოდ ძალიან მოკლე პერიოდში.
ზოგადად ადამიანებისთვის რთულად გასაგებია, რომ ეს ფსიქიკის გამოკვლევაა და არა ცხოვრების ანამნეზი; ეს არც იმის ანალიზია, რაც ფსიქიკის   გარეთ იმყოფება- –ადამიანთა   ურთიერთობი, სამსახურებრივი  პრობლემები  და სხვა ე.წ. ინტერსუბიექტური და ობიექტური გარე მოვლენები. რა თქმა უნდა, თანდათანობით ეს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ შინაგანი სამყაროს შიგთავსზე ზეგავლენის პროცესში.
ფსიქოანალიზის სეტინგის (ანუ გარე ჩარჩოების) მიზანია  ანალიზირებულის თვითდაკვირვებისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ოთახის მყუდრო ატმოსფერო, ტახტი, რომელზეც პაციენტი წევს (ისვენებს), ანალიტიკოსი ზის  სადღაც უკან, მხედველობის ველს მიღმა, სესიების სიხშირე და ხანგრძლივობა – ეს ყველაფერი ამ მიზანს ემსახურება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანალიზის გარემო რაც შეიძლება მეტად უზრუნველყოფდეს თვითდაკვირვებას. ამის გამო სხვადასხვა პაციენტთან სეტინგი შეიძლება განსხვავებულიც იყოს.
ყოველდღიური გამოცდილებიდან ვიცით, რომ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია სრულად ჩასწვდეს  თავისი ფსიქიკის იმ სფეროებს, რომლებმაც ცნობიერების საზღვრები დატოვეს. ყოველ შემთხვევაში, მას არ შეუძლია ამის გაკეთება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამიტომ  თავს ანებებს უნაყოფო მცდელობებს. ამის მაგალითია, როცა  ვამბობთ, რომ რაიმე სამუდამოდ დაგვავიწყდა. ჩვენ სავსებით ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ვივიწყებთ შორეულ წარსულში მომხდარს, თუნდაც გვახსოვდეს სხვა მოვლენები, რომლებიც ასევე ადრინდელია. მაგრამ  თუ ჩვენ  გვავიწყდება ის, რაც ახლახანს, რამდენიმე წუთის წინ გვქონდა გონებაში – დავალება, რომლის  შესრულებასაც ვაპირებდით, სახელი, რომლის ხსენებასაც ვაპირებდით, სიზმარი, რომლის მოყოლასაც ვაპირებდით – ჩვენ ალბათ, გვიკვირს, რატომ მოხდა ეს. ცხადია- დროში დისტანცია კი არა, არამედ რაღაც სრულებით განსხვავებული ფაქტორი გვიშლის ხელს ცნობიერებაში შევიტანოთ ის, რის შეტანასაც ვაპირებდით.
ის, რაც ცნობიერების სფეროდან გავიდა, შეიძლება გვანიშნებდეს ფსიქიკაში თავისი არსებობას  ჩვენი აზრებისა და ქცევის მართვის საშუალებით.  როცა ჩვენ  ვცდილობთ ცნობიერიდან გასულს ჩავწვდეთ და გავიხსენოთ, ვიცით, თუ როგორი აზრობრივი ხატები გვაახლოებს მას და რომელი გვაშორებს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ  განმასხვავებელი და მსგავსი იმისა, რაც ჩვენ აზრებში საერთოდ არ არის წარმოდგენილი ცნობიერი ხატის სახით. ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც თავისთავად  სავსებით უწყინარი და ნეიტრალურია, შეიძლება ეხებოდეს ჩვენს მტკივნეულ ადგილს. როგორც  ანდაზაშია ნათქვამი- ,,ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ”. თუმცა ეს მტკივნეული ადგილი ყოველთვის არ მდებარეობს ჩვენი ცნობიერის სფეროში და ჩვენი   ძალისხმევის მიუხედავად არ შეგვიძლია მისი  პოვნა. ასეთ სიტუაციებში ჩვენ ვერ ვხვდებით, თუ რამ გვაიძულა ამგვარად  მოვქცეულიყავით. არის რაღაც ჩვენს არაცნობიერში, რისი დანახვაც მხოლოდ მისი ზემოქმედების მიხედვით შეგვიძლია. მისი ცნობიერად აღქმისთვის არსებობს წინაღობა და  ჩვენ შეგვიძლია ამ წინაღობის ზემოქმედების დანახვა.
ჩვეულებრივ, თვითდაკვირვების წინაღობას ჩვენს აზროვნებაში მატერიალურ ან მექანიკურ ფორმას ვძენთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ ვიხსენებთ სკლეროზის, ავადმყოფობის, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან დაღლილობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამ მიზეზთაგანი შესაძლოა მართლაც არსებობდეს, მაინც რჩება კითხვა, თუ  რატომ ეხება გახსენების ეს შეუძლებლობა Mმაინცა და მაინც  ამ განსაზღვრულ რაღაცეებს. ეს კითხვა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როცა ვიცით, რომ არსებობს ბევრი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ მეხსიერებაში შევინახოთ: ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისთვის შეურაცხმყოფელი, ბავშური, უგემოვნო, სულელური ან არაეთიკური რაღაცეები. ასევე: ტკივილი, მწუხარება, სირცხვილი, დანაშაული, შფოთვა და არსებობს ისიც, რაც ემსახურება ყველა ამ გრძნობის ამოტივტივებას ან გვახსენებს მათ  მრავალფეროვანი ასოციაციების საშუალებით. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთი რამის დანახვას თავის ფსიქიკაში  გარკვეული წინაღობის კონსტრუირებით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის ასეთი მასალის გაცნობიერებას.
ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი წინაღობის არსებობა  გარე დამკვირვებლისთვისაც კი ნათელია. 1900 –იანი წლების დასაწყისში ციურიხში ფსიქოანალიზით დაინტერესებულმა მკვლევართა ჯგუფმა   შეიმუშავა სიტყვათა ასოციაციების ტესტი. მკვლევარი კითხულობდა სიტყვების სიას, ცდის პირს ყოველი სიტყვის შემდეგ მყისიერად უნდა დაესახელებინა თავში მოსული პირველივე სიტყვა. მკვლევარი იწერდა პასუხებს და რეაქციის დროს. თუ ეს დრო ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა ან პასუხში რაიმე უჩვეულო ვლინდებოდა, მკვლევარი უბრუნდებოდა ამ სიტყვებს მთელი სიის ჩამთავრების შემდეგ, რათა უფრო დაწვრილებით განეხილა ცდისპირთან ერთად. ყველა შემთხვევაში ირკვეოდა, რომ სიტყვა-სტიმული, რომელიც უჩვეულო საპასუხო რეაქციას განაპირობებდა, ეხებოდა სულის ისეთ სფეროებს, რომელთა გამოტანას არაცნობიერიდან ადამიანი თავს არიდებდა ან, სულ მცირე, არ სურდა მათ შესახებ სხვას  ცოდნოდა.
ამ ექსპერიმენტებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს წინაღობა მკვლევარმაც და ცდის პირმაც შენიშნეს, გამოავლინეს ამ წინაღობის სფერო და დაინახეს   მათი კავშირი ცდის პირისთვის მნიშვნელოვან რიგ აზრებთან და ემოციებთან. (მოგვიანებით ეს რიგები, ჯგუფები ცნობილი გახდა ,,კომპლექსების” სახელით.). ცდის პირის რეაქცია მოსმენილ სპეციფიურ სიტყვა-სტიმულზე – მერყეობა, დაბნეულობა, გალვანომეტრით დაფიქსირებული ცვლილება, მიუთითებდა თვითრეგულაციის დარღვევაზე  და მკვლევარს და კვლევის ობიექტს შეეძლოთ ეთანამშრომლად იმის გასარკვევად, თუ  რა იდგა  დარღვევის უკან.
იმისათვის, რომ თვითდაკვირვება სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია ცნობიერი დაკვირვების სფეროში შეიტანო ფსიქიკის სწორედ ის ნაწილი, რომელიც  გამოყოფილი და დისოცირებული იყო თვითდაკვირვებიდან და კოჰერენტული (გაწონასწორებული და თანხმობის მქონე) ფსიქიკის მთლიანობიდან. როგორც ვიცით, წინაღობა დინამიური მოვლენაა. ადამიანები ცდილობენ არასასიამოვნო მოვლენები თვითდაკვირვების მიღმა დააკავონ ისევე, როგორც ექცევიან ისინი ფიზიკურ ტკივილს.
მართალია, პრინციპში შესაძლებელია ადამიანმა თვითდაკვირვების წინაღობა დამოუკიდებლად გადალახოს, პრაქტიკაში მას ამის გასაკეთებლად დახმარება ჭირდება, ყოველ შემთხვევაში, თავიდან და გარკვეული დროის განმავლობაში მაინც.  ფსიქოანალიტიკოსის ფუნქციაა დაეხმაროს მას თვითდაკვირვებაში და განსაკუთრებით ამ წინაღობების გადალახვაში. ამგვარად, ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში ანალიტიკოსი არის ასისტენტი ანალიზირებულის თვითდაკვირვებისას.
რამდენადაც ფსიქოანალიტიკოსს არ შეუძლია უშუალოდ დააკვირდეს ანალიზირებულის ფსიქიკას, (მხოლოდ თავად   ანალიზირებულს აქვს შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება), ანალიზირებული უნდა დათანხმდეს, რომ  არ დაემორჩილოს შინგან ცენზურას და  ანალიტიკოსს გაუზიაროს  საკუთარი დაკვირვებები. ამას თვითდაკვირვებაში შემოაქვს დამატებითი – მსმენელის- გარე ფაქტორი.   ანალიზირებული ცდილობს გაუზიაროს მას  საკუთარი დაკვირვება შეძლებისდაგვარად ნაკლები ცენზურით. ჩვენ მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით საკითს იმის შესახებ, თუ როგორ გავითვალისწინოთ მსმენელი.
მოდი, ჯერ განვიხილოთ ანალიტიკოსის როლი ანალიზირებულის თვითდაკვირვების ხელშეწყობასა და მის მიმართ წინაღობის გადალახვაში. გარეშე ადამიანისთვის,  ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსისთვის, ეს წინააღმდეგობები  – ან თვითონ თვითდაკვირვების მიმართ ან ანალიზანდის დაკვირებების გადმოცემის მიმართ – დარღვევად ან მისი თვითრეგულაციის წამიერ გამრუდებად/დამახინჯებად ვლინდება. როგორც ანალიტიკოსს, ისე ანალიზანდს, შეუძლია შენიშნოს ეს გამრუდება, მაგრამ ხანდახან ამას მხოლოდ ერთი მათგანი ამჩნევს. როცა ანალიტიკოსი გამრუდებას ამჩნევს, ის  მიუთითებს მასზე და, თუ საშუალება აქვს, განსაზღვრავს ასევე მის სფეროს. მაგალითად, მას შეუძლია თქვას: ,,როგორც ჩანს, სწორედ აქ არის ის, რამაც უხერხულობა გამოიწვია”… ,, რამ გაიძულათ ამ ადგილზე გაჩერება?” ან ,, ამავე დროს კიდევ რაღაც მოგივიდათ თავში აზრად” და ა.შ. ანალიზანდს შეუძლია იგივენაირად მიანიშნოს ამ შეფერხებაზე და განსაზღვროს მისი სფერო: ,, ახლა არაფერი მომდის თავში”, მე რატომღაც ავღელდი”, ,,ჩემთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ . . “. ეს უზრუნველყოფს სამუშაოს კარგ დასაწყისს წინაღობების გადალახვაში და თვითდაკვირვებაში. თუ წინაღობა ანალიზირებულისათვის  შეუმჩნეველია, ან თუ მას მათი გვერდის ავლა უნდა, ანალიტიკოსს შეუძლია წინაღობაზე მიუთითოს და ამგვარად დაეხმაროს  თვითდაკვირვებაში. წინაღობის და მის უკან მდგარის ჰიპოთეზის დადასტურება ან უარყოფა დამოკიდებულია ანალიზირებულის მიერ მასალის თვითდაკვირვების საშუალებით კვლევაზე. მოვლენათა მიმდინარეობა სამეცნიერო კვლევის ნაწილად იქცევა, ყალიბდება ჰიპოთეზა, შემდგომ ის მოწმდება. ანალიტიკოსს შეუძლია წააქეზოს ანალიზირებული თვითდაკვირვებისაკენ, გაამხნევოს და მოუწოდოს გაგრძელებისკენ, თუ ანალიზირებულს მოუნდა თვითდაკვირვების დასრულება; ან  ურჩიოს, რომ თვითდაკვირვების შეწყვეტის სურვილი გადააქციოს თვითდაკვირვების ობიექტად და გაარკვიოს თვითდაკვირვების სურვილის არქონის მიზეზი.
როცა თვითდაკვირვებისადმი წინაღობები თვითდაკვირვების ობიექტად იქცევა, როგორც წესი, თანდათანობით ვლინდება მათი მიზეზები: ,, მე მეშინოდა”, ,, მე ვიგრძენი შფოთვა”, ,, მე მრცხვენოდა”, ,, მე ვიფიქრე, რომ თუ მე….., მაშინ…” და ა.შ., და ანალიზირებულს უკვე შეუძლია იმოქმედოს თავის წინაღობაზე ცნობიერი ნებით და, თუ სურვილი აქვს, გადალახოს ის. ამისათვის აუცილებელია, რომ ანალიტიკოსმა უზრუნველყოს ფსიქოლოგიური და სოციალური პირობები კვლევაში მათი ერთობლივი მუშაობისთვის, ანალიზისთვის, პირობები მეტი უსაფრთხოებისთვის. ანალიზირებული დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არაფერი იქიდან, რასაც ის დაინახავს თავის სულში და რასაც მოყვება თავისი სულის შესახებ, ან საკუთარი თავის შესახებ, არანაირი სახით არ შეიძლება  იქნას გამოყენებული  მის წინააღმდეგ. ეს დაეხმარება  მას უფრო მეტად და მეტად დააკვირდეს საკუთარ თავს და აუწყოს ანალიტიკოსს უფრო მეტი თავისი დაკვირვებებიდან. მხოლოდ ფსიქოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო სეტინგისას შეძლებს ის, რომ  თანდათანობით გადალახოს თავის  ფსიქიკაზე დაკვირვების და ამ დაკვირვებების აღწერის წინაღობა. პროფესიული ჟარგონით, ამ თვითდაკვირვების წინაღობების გადალახვის სამუშაოს ეწოდება წინააღმდეგობის ანალიზი. ეს ფსიქოანალიზის მეორე ინსტრუმენტია თვითდაკვირვების შემდეგ.
მესამე ინსტრუმენტი – ესაა წინააღმდეგობებზე ინტერპრეტაციებით ზემოქმედება. ფსიქოანალიზის შესწავლის, ცხოვრებისეული გამოცდილების და საკუთარი ფსიქიკის ცოდნის საფუძველზე ანალიტიკოსი ხანდახან შეიძლება მიხვდეს, რის არ შემჩნევას ცდილობს ანალიზირებული მოცემულ მომენტში. სწორ მიხვედრას, ანუ იმის ინტერპრეტაციას, თუ რა იმალება წინააღმდეგობის უკან, შეუძლია ანალიზირებულსაც დაანახოს ის, საშუალება მისცეს მას შეუშვას ეს ცნობიერების სფეროში და ამით წინააღმდეგობა უაზრო გახადოს. არასწორი მიხვედრა, ე.ი., არასწორი ინტერპრეტაცია ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ ის უბიძგებს პაციენტს გაასწოროს ინტერპრეტაცია, ე.ი მივიდეს სწორ თვითდაკვირვებამდე. თუმცა, არასწორი ინტერპრეტაცია საზიანოა, თუ ანალიზირებული მას თვითდაკვირვების შესაწყვეტად იყენებს, ე.ი. წყვეტს თვითდკვირვებას და ანაცვლებს მას ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ვერბალური ან სხვა აზრებით . ზუსტად ისევე- სწორმა ინტერპრეტაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს თვითდაკვირვებას, თუ ანალიზანდი თავის ყურადღებას ინტერპრეტაციებისკენ მიმართავს და არა თვითდაკვირვებისკენ, ანუ, როგორც ძველ ანდაზაშია – იმის მაგივრად რომ მთვარეს უყუროს, ის თითს უყურებს, რომელიც მთვარეზე უთითებს.
ბევრი ჩვენთაგანი ფოკუსირებულია ჩვენს კულტურაში ფსიქოანალიტიკური კვლევებით გავრცელებულ ცოდნაზე, რომ არსებობს უნივერსალური ფსიქიკური ფენომენები, რომელთა იგნორირებას ადამიანები ადრეული ბავშვობიდანვე ცდილობენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანებს არ შეუძლიათ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მუშაობის გარეშე მათი გაცნობიერება. ის, ვინც თვითდაკვირვებაზე დაყრდნობით ეწინააღმდეგება ამ მოვლენების არსებობას, თავის მხრივ მართალია, თუმცა უფრო ღრმა გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ისინი მართლები არ ყოფილან. მათ არ იციან, თუ რას უარყოფენ. და, პირიქით-ის, ვინც აღიარებს ამ ფსიქიკური მოვლენების არსებობას, ამას  ისე აკეთებს, რომ არ იცის თუ რას აღიარებს. ასეთ მოსაზრებებზე დაფუძნებული დისკურსი უსფუძვლოა.
ფსიქოლოგურ პრაქტიკაში გვხვდება ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ანალიზირებული ვერ ახერხებს თვითდაკვირვების საშუალებით იმის აღმოჩენას, რასაც ანალიტიკოსი თავის ინტერპრეტაციებში ეყრდნობა, და მაინც, ანალიზირებული გრძნობს, რომ ანალიტიკოსის ინტერპრეტაცია ეხება პაციენტის ფსიქიკისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, თუ ის მათ გახსენებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ინტერპრეტაცია ჰგავს გამოწერილ ჩეკს, რომელიც ანალიზირებულს შეუძლია შემდეგ Fნაღდ ფულზე გადაცვალოს. პირადად მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში ანალიზირებულმა აღმოაჩინა ინტერპრეტაციის საფუძველი, მაშინაც კი როცა მას არ შეუძლია მისი განსაზღვრა  და ინტერპრეტაციასთან შეთავსება ან მისთვის ვერბალური გამოხატვის პოვნა. მსგავს მოვლენებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციისას როგორც პროფესიონალურ, ისე საერთო დისკურსში. ფსიქოანალიზზე და მის მსჯელობაზე არსებული თვალსაზრისის გამო, ბევრი ადამიანი მას უფრო მეტად სისტემად ან ადამიანის ფსიქიკის ინტერპრეტაციების  ,,მეცნიერებად”აღიქვამს, ვიდრე სისტემატური და კრიტიკული თვითდაკვირვების მეცნიერებად. Pპრაქტიკულად კი ინტერპრეტაცია მხოლოდ თვითდაკვირვების წინაღობების გადალახვის ინსტრუმენტია, ის პოულობს შემოვლით გზებს და წინაღობას უმნიშვნელოს ხდის.
თვითდაკვირვებაზე მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს მსმენელი ანალიტიკოსის თანდასწრება, რომელიც უსმენს ანალიზირებულის თხრობას თვითდაკვირვების შედეგების შესახებ და ეხმარება მას დააკვირდეს საკუთარ ფსიქიკას. თუ არის მსმენელი,  ანალიზირებულმა ის უნდა გაითვალისწინოს: ,,როგორია ის ადამიანი, ვისთანაც ვსაუბრობ? რა დამოკიდებულება აქვს იმის მიმართ, რასაც ვუყვები, და, შესაბამისად, ჩემს მიმართ? შემიძლია თუ არა ვენდო მას? როგორ დაკვირვებას ელოდება ჩემგან? რომელ დაკვირვებას მოიწონებს, და რომელი განაწყობს მას ჩემს წინააღმდეგ?” ასეთი კითხვები ანალიზირებულისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რაც უფრო მეტად მგრძნობიარე სფეროებს მიუახლოვდება იგი. ბოლოს ანალიზირებულის ფსიქიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძნელი სფეროები სავსებით იფარება ანალიტიკოსის, როგორც პიროვნების და ანალიტიკოსსა და ანალიზირებულს შორის ურთიერთობის შესახებ კითხვებით. ის, რაც თავდაპირველად  ანალიზირებულს თავისი ფსიქიკის დაკვირვებაში უნდა დახმარებოდა, ბედის ირონიით ხელს უშლის. გარდა ამისა, ანალიზირებულის მიერ შექმნილი ანალიტიკოსის ხატი  ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ ობიექტებს ამოარჩევს პაციენტი თვითდაკვირვებისთვის და როგორ მიაწოდებს მათ ანალიტიკოსს.
ის, რისი გათვალისწინებაც უწევს მსმენელ-ანალიტიკოსს და ზემოთაღნიშნული გარემოებებიც, როგორც წესი, ნაწილობრივ ან მთლიანად ანალიზირებულის თვითდაკვირვების სფეროს გარეთ დარჩება, თუ თვითონ ანალიტიკოსი სპეციალურად არ შესთავაზებს ანალიზირებულს ჩართოს ეს საკითხები თვითდაკვირვების სფეროში. ისინი თვითდაკვირვების ობიექტებად იქცევა, ნაცვლად იმისა, რომ თავიდან იქნან მოცილებული, როგორც ობიექტურობის ხელშემშლელი ფაქტორები. ისინი წარმოადგენენ მაგალითს, თუ როგორ ფორმირდება წინაღობა და როგორ მრუდდება თვითდაკვირვება, როცა ანალიზირებული მსმენელს ითვალისწინებს.
მოვლენა, რომელიც მსმენელის გათვალისწინებით ჩნდება, ასევე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ურთიერთობას ააგებს ანალიზირებული ანალიტიკოსთან ჯერ  საკუთარ წარმოდგენაში, შემდგომ ქცევაში და რომელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაეყრდნობა ამ ურთიერთობის აგებისას. თუმცა,  ეს გამოცდილება და ეს პროცესები ძირითადად არაცნობიერია. განზოგადების საფრთხის გათვალისწინებით  ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოკიდებულება ანალიზირებული – ანალიტიკოსი ეს არის ზოგადი მაგალითი იმისა, თუ როგორ აგებს ანალიზირებული ყველა სხვა ურთიერთობას ადამიანებთან. ფსიქოანალიტიკური სამუშაო ალიანსი – რომელიც გულისხმობს შეთანხმებას, რომ ანალიზირებული ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ცენზურის გარეშე დააკვირდეს თავის ფსიქიკას და მოუთხროს ამ დაკვირვებების ყველა შედეგი თავის ანალიტიკოსს – გარკვეულ ანაბეჭდს ატყობს ამ ურთიერთობას. ასეთი კონტრაქტი აღიქმება ერთდროულად ცდუნებად და მუქარად. ცდუნებად – რომ იყო თავისუფალი, ისეთი როგორიც ხარ და მუქარად – რომ  ამხელ საკუთარ  თავს. ასეთ ზეწოლაზე საპასუხოდ ანალიზირებული ეძებს გარკვეულ ქცევით პატერნებს ან გარკვეულ მინიშნებებს პირადი წარსული (ადრეული ბავშვობის ჩათვლით) გამოცდილებიდან. პროფესიული ენით რომ ვთქვათ, ადრე გამოყენებული, აპრობირებული ორგანიზაციის მეთოდის ან კონცეპტუალიზაციის გამოცდილების გადატანას მიმდინარე გამოცდილებაზე ეწოდება გადატანა, ტრანსფერი (ლათინური ,,ტრანსფერე” – გადატანა, რაიმე სხვაში გამოყენება). ანალიზში გადატანის მიზეზი ხდება მასალის მიმართ მგრძნობელობა, რომელსაც ანალიზირებული საკუთარ ფსიქიკაში აკვირდება და მისგან გამომდინარე მსმენელის ე.ი. ანალიტიკოსის გათვალისწინების ტენდენცია. ეს ტენდენცია შეიძლება ასევე შემდეგნაირად დახასიათდეს: ანალიზირებულს უნდა შექმნას და შეინარჩუნოს გონებაში თავისი ანალიტიკოსის გარკვეული ხატება და ასევე გარკვეული სახის ხატება იმ ხატებისა, რომლებიც ანალიტიკოსს მასზე უყალიბდება. ჩვენ შეგვიძლია განვაზოგადოთ ეს და ვთქვათ, რომ ანალიზირებულის განზრახვა, რომ  შექმნას გადატანა, პირდაპირ უკავშირდება იმ მასალის მიმართ მგრძნობელობას, რომელიც თვითდაკვირვებაში განიხილება.
შესაბამისად, ფსიქოანალიზის სამიზნეა ანალიზირებულის ფსიქიკა და არა ანალიზირებულის ე.წ. ობიექტური სურათი, მისი ქცევა,   ცხოვრების პირობები და ა.შ., რაც, პრინციპში, გარედან ყველასთვის თვალსაჩინოა. ფსიქოანალიზის ამოცანაა მაქსიმალურად დაეხმაროს ანალიზირებულს, რამდენადაც შესაძლებელია გააცნობიეროს თავისი ფსიქიკის შინაარსი – ე.ი. თვითდაკვირვების ობიექტად აქციოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკის ის სფეროები, სადაც ამა თუ იმ ფორმით ჩნდება თვითდაკვირვების წინაღობა და დარღვეულია ანალიზირებულის თვითრეგულაცია. პრაქტიკაში ეს ფსიქოანალიტიკური სამუშაოს წამყვანი და უმაღლესი მიზანია, რომელიც უნდა შესრულდეს. ამგვარად, ის ასევე განსაზღვრავს ყველაფერს, რაც ამ სამუშაოს უკავშირდება.
ამ მიზნის მისაღწევად, ფსიქოანალიზი იყენებს ოთხ ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც მე განვიხილე: (1) ანალიზირებულის თვითდაკვირვება; (2) ანალიტიკოსის დახმარება თვითდაკვირვების წინაღობის განსაზღვრაში ან, სხვა სიტყვებით, წინააღმდეგობის ანალიზი;  (3) ანალიტიკოსის ინტერპრეტაციების მეშვეობით ანალიზირებულის ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილების გადატანა თვითდაკვირვების სფეროში; (4) ანალიზირებულის მიერ მსმენელის, ანუ  ანალიტიკოსის გათვალისწინების ტენდეციისა და ამ ტენდენციის შედეგის თვითდაკვირვების ობიექტად გადაქცევა,  ე.ი. გადატანის ანალიზი.
თვითდაკვირვების შესახებ ლიტერატურაში თითქმის არაფერი დაწერილა. დანარჩენი სამი ინსტრუმენტი: წინააღმდეგობის ანალიზი, ინტერპრეტაცია და გადატანა ისე ფართოდაა წარმოდგენილი ლიტერატურაში, რომ   შეუძლებელია ყველაფრის წაკითხვა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს იმ ინსტრუქციათა სია, რომელთა  გამოყენებითაც ჩვენ დარწმუნებით ვიტყოდით, რომ შევასრულებთ ფსიქოანალიზის ამოცანას –ფსიქიკის არაცნობიერ ნაწილებს თვითდაკვირვებისთვის მისაწვდომს გავხდით. ასეთი გარანტიის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სხვისი სახელით შეპირდე ან იმას დაპირდე, რაზეც პასუხისმგებლობა  თავად ანალიზირებულმა  უნდა იტვირთოს. ფსიქოანალიზში ეს ანალიზირებულის პრიორიტეტია, რადგან ამ მასალაზე მას მიუწვდება ხელი თვითდაკვირვების გზით, სამუშაო დამოკიდებულია მის ნებასა და სამუშაოში მონაწილეობის მისეულ  უნარზე-ვერავის აიძულებ, დააკვირდეს საკუთარ თავს. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლიბა ადამიანი აქამდე მიიყვანო, და ამასაც ყოველთვის არ მოქვს წარმატება. იგივე ეხება თვითდაკვირვების წინაღობის, ანუ წინააღმდეგობის ანალიზს. ადამიანებისთვის ძნელია თავი დაანებონ იმის განსაზღვრას, თუ  რა შეიძლება გახდეს ცნობიერი ( გაცნობიერებული). მაშინაც კი, როცა  საკუთარი ცნობიერის საზღვრების გაფართოვების სურვილი აქვთ, მათ უნდათ ამის თავისებურად და იმ მიმართულებით გაკეთება, საითაც სურთ და შეუძლიათ გადაადგილება. ის, რაც ერთმა ადამიანმა  თვითდაკვირვების  ძირითად ამოცანად დაისახა და მიაღწია, შეიძლება მეორესთვის არაარსებითი და უმნიშვნელო იყოს და პირიქით.
ყოველ კულტურას, სუბკულტურას, საზოგადოებას და ოჯახს აქვს წესები – რა არის აკრძალული და რა – მისაღები და სასურველი. მართალია, შინაგანად, ანუ ფიქრებში, გრძნობებში და ა.შ. ადამიანი თავისუფალია ასეთი წესებისგან და მათ ყოველთვის არ ემორჩილება, მაგრამ გრძნობს, რომ ის ამ წესებით თავის ახლობლებთან და სხვა მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთანაა დაკავშირებული და ამ წესების დაცვით იმსახურებს მათ სიმპათიას და მოწონებას. ამიტომ ის არ არის განწყობილი საკუთარ სულში ისეთი რამ დაინახოს, რაც მისი კულტურის და საზოგადოების წესებში არ ეწერება. მათი დანახვა მას ახლობელი, მნიშვნელოვანი ადამიანების დაკარგვის საფრთხეს შეუქმნიდა:  მათ რომ იცოდნენ, მე როგორი ვარ, არ მოუნდებოდათ ჩემთან ურთიერთობა, მე მათთვის კარგი არ ვარ. ანალიტიკური სამუშაოს ფარგლებს გარეთ მყოფ ადამიანებსაც იგივე პრობლემა აქვთ – შიში, თუ  როგორ შეიძლება შეცვალოს ანალიზმა ანალიზირებული.
თვითდაკვირვების ყველა წინაღობის ერთდროულად მოშორების იოლი გზა რომ არსებობდეს, ეს ალბათ არა მხოლოდ დიდ  ელდას გამოიწვევდა, არამედ სავსებით მოუსპობდა ანალიზირებულს უნარს,  დაენახა წინააღმდეგობის დასაძლევად საჭირო მიმდევრობა   და  სხვისთვისაც მიეცა მისი დანახვის საშუალება. უფრო მეტიც – ის ვერ შეძლებდა გაერჩია ადამიანები, მოვლენები, სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია მისი ფსიქიკის ამ წინაღობებთან. ამის გამო, სწორი არ იქნებოდა, რომ  ანალიზს მიზნად დაესახა ამ წინააღმდეგობების გადალახვა ( სადაც კი შესაძლებელია) უბრალო  წახალისებით ან უფრო მძლავრად – ჰიპნოზით ან მედიტაციით. თუ ეს მოხდება, გარკვეული მოვლენები გაშუქდება, მაგრამ დანარჩენები ჩრდილში მოექცევა. ამგვარად, ანალიზირებული განსაზღვრავს საკუთარი ფსიქიკის შეცნობის თანმიმდევრობას და სისწრაფეს და, ამგვარად, მიმდევრობას და სისწრაფეს, რომლითაც მეორე ადამიანს, ანალიტიკოსს, შეუძლია ეს გააკეთოს. ანალიტიკოსის ამოცანაა   დაეხმაროს ანალიზირებულს ყურადღება მიაპყროს ამ პროცესს თვითდაკვირვების საშუალებით.
თვითდაკვირვების ხელისშემწყობი ინტერპრეტაცია კიდევ უფრო პრობლემატურია, ვიდრე წინააღმდეგობის ანალიზი. ის ანალიზირებულისაგან დიდ ფსიქოლოგიურ მუშაობას მოითხოვს, რომელიც მან  დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს. ანალიზირებულმა უნდა გაარკვიოს, ეხმარება თუ არა ანალიტიკოსის ინტერპრეტაციები, მან უნდა  აღმოაჩინოს და გადაიტანოს მასალა ცნობიერი თვითდაკვირვების სფეროში. შესაძლოა მან თვითდაკვირვება ინტერპრეტაციებით შეცვალოს; ასეთ შემთხვევებში ინტერპრეტაცია ჩვეულებრივ თვითდაკვირვების ჩანაცვლებას და ბლოკირებას ახდენს. ამოცანას კიდე უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ანალიზირებულს შეიძლება ჰქონდეს მიდრეკილება, რომ თვითდაკვირვებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მიიღოს ან არ მიიღოს ინტერპრეტაციები. ეს მიზეზები შეიძლება იყოს, მაგალითად: სურვილი რომ ასიამოვნოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ანალიტიკოსს, სჯეროდეს ინტერპრეტაციის ,,მკურნალი ზემოქმედებისა”, ჰქონდეს განცდა, რომ ინტერპრეტაცია შეიძლება ,, ნაკლები ბოროტება” იყოს იმასთან შედარებით, რასაც ის თვითდაკვირვების შემთხვევაში დაინახავდა და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ ანალიზანდი დააკვირდეს, თუ რა ხდება მის სულში, როდესაც ინტერპრეტაციას ისმენს.
ასეთი ინტერპრეტაცია ყოველთვის წარმოადგენს იმ მოკლე შემოვლით  გზას, რომლის საშუალებითაც შეიძლება თვითდაკვირვების გზიდან ბლოკების მოშორების რთული პროცესის თავიდან აცილება. ანალიტიკოსს ყოველთვის აქვს ამ გზაზე გადახვევის ცდუნება, მაშინაც კი, როცა სწორად გამოცნობის (მიხვედრის) ალბათობა ძალიან მცირეა. რაც უფრო მეტი ვიცით ადამიანის სულის და მისი უნივერსალური ასპექტების შესახებ, მით მეტია ანალიტიკოსის და ანალიზირებულის ცდუნება დაისვენოს ინტერპრეტაციული მიხვედრების ბილიკზე.
სიზმარში, პოეზიაში და სახვით ხელოვნებაში არსებული სიმბოლოები ყოველთვის იწვევდა ინტერპრეტირების დიდ ცდუნებას. ეს იმ დროს იყო, როცა არსებობდა ზოგიერთი სიმბოლოს არაცნობიერ დინამიკასთან კავშირის შესახებ გარკვეული ცოდნა (მაგალითად, მეფე და დედოფალი დაკავშირებულია დედასთან და მამასთან; ამოყვინთვა, წყლიდან გამოსვლა -დაბადებასთან; მგზავრობა -სიკვდილთან და ა.შ.). ყოველთვის არსებობდა იმის ალბათობა, რომ ცალკეული ადამიანი უნივერსალურ სიმბოლოს სავსებით ინდივიდუალურად და უნიკალურად გამოიყენებდა, მაგრამ ყოველთვის თანაარსებობდა ასეთი ალბათობის დავიწყების საფრთხეც.
დღეს ასეთივე საფრთხე განვითარების ფსიქოლოგიის ცოდნასთან  დაკავშირებითაც არსებობს. არსებობს განვითარების ადრეული სტადიების თვალსაზრისით მოვლენათა განხილვის ტენდენცია მაშინ, როცა უფრო ღრმა ანალიზი შეძლებდა გამოევლინა გარკვეული სხვა ფაქტორების გავლენა.
როცა ჩვენ ფსიქიკის არაცნობიერ ფენებში აღმოჩენილი უნივერსალურ რამედ  მოგვაჩნია  და ის ხდება ჩვენი კულტურული ეპოქის ხედვის ( თვალსაზრისის) ნაწილი, აღმოჩენები იცვლება მზა ფორმებზე მორგების პროცესით.
არსებობს კიდევ ინტერპრეტაციების გამოყენებასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. ეს პრობლემები ჩნდება ინტერპრეტაციის ცნების არასწორი გაგებიდან. თითქოს ინტერპრეტაცია რაღაც სხვაა და არა მცდელობა გადაიყვანო სულის არაცნობიერი სფეროები  თვითდაკვირვების ცნობიერ სფეროში. ეს იდეა ეყრდნობა წარმოდგენას, რომ ფსიქოანალიზის დროს ან ფსიქოანალიზის შედეგად ადამიანები განთავისუფლდებიან გარკვეული პრობლემებისა და სიმპტომებისაგან. ასეთი ილუზიის მაგალითი ჩანს ანალიზირებულის სიტყვებში, რომ ანალიტიკოსის ინტერპრეტაციამ პრობლემა არ მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ანალიზირებული ამ ინტერპრეტაციას ხშირად თავისთვის იმეორებდა. ამ შემთხვევაში ანალიზირებულის დამოკიდებულება ეფუძნება არა იმას, რომ ინტერპრეტაცია დაეხმარა მას თვითდაკვირვების სფეროში გადაეყვანა რაღაც ახალი, არამედ იმას, გამოაჯანმრთელა თუ არა იგი ინტერპრეტაციამ.   სავსებით შესაძლებელია, ანალიტიკოსის მიზანიც ეს ყოფილიყო, როცა ინტერპრეტაციას აკეთებდა.
ანალიზირებულსაც და ანალიტიკოსსაც შეიძლება დროდადრო უჩნდებოდეს გრძნობა, რომ ინტერპრეტაცია შეიცავს ან უნდა შეიცავდეს ინსტრუქციას, ფარულ გზავნილებს ანალიზირებულისათვის, რომლებიც მას უნდა აკრიტიკებდეს ან ანათლებდეს, ზრდიდეს; შეიცავდეს გაფრთხილებას, ან ბავშვურ და წმინდა  ეგოისტურ მოტივაციებზე აგებული აზრების და ქცევის კრიტიკას ა.შ. ამ შემთხვევაშიც ინტერპრეტაცია უფრო მეტად მიმართულია ანალიზირებულის ამა თუ იმ სასურველი მიმართულებით შეცვლისკენ და არა მისი თვითდაკვირვების უნარის გაძლიერებისკენ. ამ ორ მიდგომას შორის არსებითი სხვაობაა. ისინი მართლაც განსხვავდებიან და ანალიზირებული ცნობიერად ან არაცნობიერად ხვდება,   საქმე მისი თვითდაკვირვების გაუმჯობესებაშია, თუ მის აღზრდასა და განათლებაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაც უფრო მტკივნეულ მასალას უახლოვდება ანალიზირებული თვითდაკვირვების პროცესში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, როგორ ადამიანს უყვება ის ღრმად პირადულს. მის გონებაში სულ უფრო დამაინტრიგებელი ხდება ანალიტიკოსი, როგორც პიროვნება, უნიკალური ინდივიდი, რადგან სამუშაო ალიანსი ავალდებულებს მას გაუზიაროს ამ ადამიანს თავისი თვითდაკვირვების შედეგები ყოველგვარი ცენზურის გარეშე. მსმენელის გათვალისწინების აუცილებლობა, საკუთარი წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ელაპარაკო ანალიტიკოსს სხვადასხვა საკითხებზე ან საერთოდ შეიძლება თუ არა ლაპარაკი ( რაც რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს კარგ არჩევანს ფსიქოანალიზში), ასეთი მერყეობა მეტყველებს ზოგად უნდობლობაზე მეორე ადამიანის მიმართ. როცა ანალიზირებული დიდი ძალისხმევით გადადის საყოველთაო უნდობლობიდან მიმნდობ თანამშრომლობაზე, ის  ანალიტიკოსთან თავის  დამოკიდებულებას აძლევს  მისთვის დამაკმაყოფილებელ  ფორმას, რათა მიიღოს რაც სურს და აირიდოს ის, რისიც ეშინია. ანალიზირებულის გრძნობა ანალიტიკოსის მიმართ იცვლება იმ მეთოდების შესაბამისად, რომელსაც ის იყენებს, ან სხვა სიტყვებით, იმის მიხედვით, თუ  როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან: ეს გრძნობები იცვლება აღტაცებიდან გაუფასურებამდე,  ნდობიდან    უნდობლობამდე;  განცდიდან, რომ მას უგებენ განცდამდე, რომ კიცხავენ, განცდიდან, რომ აიდეალებენ, განცდამდე რომ სძულთ და ა.შ.
როდესაც ანალიზირებული ცდილობს თავი აარიდოს თვითდაკვირვებას, ანალიტიკოსი, თავის მხრივ, ცდილობს ანალიტიკური თანამშრომლობა ფსიქოანალიზის მთავარი მიზნისკენ – თვითდაკვირვებისკენ მიმართოს. როდესაც ანალიტიკოსი არ შეესაბამება ანალიზირებულის წარმოდგენებს,  ანალიზირებული, ჩვეულებრივ, იმედგაცრუებულია, მაგრამ ცდილობს ეს თვითდაკვირვების ფარგლებს გარეთ გაიტანოს. ასეთი სიტუაცია ანალიტიკოსისგან პროფესიონალიზმს და სიფრთხილეს მოითხოვს. აქ დგება საკითხი –  როგორ ვიმუშაოთ გადატანასთან, მაგრამ ისე, რომ ჩვენი მსჯელობა საერთო განხილვის სფეროს არ გაცდეს, მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს.
ანალიზში მოსულ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დაეხმარებიან. ადამიანს ფსიქოანალიზის გავლასაც იმ ნიშნით ურჩევენ, რომ იგი  შველის.  ცვლის თუ არა მდგომარეობას ფსიქოანალიზი? -არა, არ ცვლის. თუ ანალიზის დროს, ან მის შემდეგ, ანალიზირებული იცვლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ის თავად ცვლის საკუთარ თავს თვითდაკვირვების წყალობით მიიღებული გამოცდილების საფუძველზე.
რამდენად გაყვება ანალიზირებული ანალიტიკოსს თვითდაკვირვების რთულ პროცესში (წინააღმდეგობის და გადატანის გაანალიზება, ინტერპრეტაციებით წინააღმდეგობაზე ზემოქმედება) ეს ანალიტიკოსზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ცხენის წყალთან მიყვანა, მაგრამ არ შეგვიძლია, მას წყლის დალევა ვაიძულოთ. თვითდაკვირვებისას ანალიზირებულმა შეიძლება თავი აარიდოს იმ მასალაზე დაკვირვებას, რომლის დანახვასაც ვერ ბედავს: რისხვისგან გაფითრებული შეიძლება ამბობდეს – და სჯეროდეს კიდეც – რომ საერთდ არ გრძნობს რისხვას; შეუძლია თქვას, რომ მას მხოლოდ იმის ნახვა სურდა, ამჩნევენ თუ არა სხვები, ან რომ მისთვის სრულებით სულერთია, ამჩნევენ თუ არა სხვები და ა.შ. მან შეიძლება არ შეიმჩნიოს ან უარყოს მისთვის  საჩოთირო მდგომარეობა. თუმცა მისი თვითრეგულაციის დარღვევა აშკარად ამ მდგომარეობის არსებობაზე მიგვანიშნებს.
ჩვენ ასევე  ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვეძლო მთელი ანალიზის პროცესის გარჩევა და იგივე დასკვნებამდე მისვლა.  ის, თუ  როგორი დამოკიდებულება აქვს ანალიზირებულს იმის მიმართ, რასაც აკვირდება და განიცდის, და ამის გამო როგორ ექცევა ან რას თხოვს საკუთარ თავს ( აზროვნების, გრძნობის, ნების საშუალებით), თავად ანალიზირებულზეა დამოკიდებული. ეს თავისუფლებაა, რომელსაც ანალიტიკოსი ცდილობს მას არ წაართვას  და ვერც   წაართმევს. ანალიზის ნებისმიერ მომენტში ანალიზირებული თავისუფალია   ან ეცდება ანალიზის ამოცანის შესრულებას, ან არა. დაკვირვებაზე, შთაბეჭდილებებზე და განცდებზე ინდივიდუალური მეთოდით რეაგირების თავისუფლება წარმოადენს ადამიანის არსებობის საფუძველს.
თუ ასეა, რაში ჭირდებათ ადამიანებს ფსიქოანალიზი? რატომ ცდილობენ ანალიზირებული და ანალიტიკოსი თანამშრომლობით ანალიზირებულის თვითდაკვირვების ველის გაფართოებას, იმ წინააღმდეგობების გადალახვას, რომლებიც ამ თვითდაკვირვებას ეღობება? ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ანალიზირებულს დაეხმარო თვითდაკვირვების საშუალებით თავისი ფსიქიკის იმ ნაწილს მიუბრუნდეს, სადაც მან – ბევრი ათწლეულის ან თუნდაც რამდენიმე წამის წინ –თავისი შინაგანი თავისუფლება დაკარგა. ეს ის სფეროებია, რომლებიც ანალიზირებულმა ალტერნატივის უქონლობის გამო საკუთარი თავისგან გამოაცალკევა და  თვითდაკვირვებისთვის მიუწვდომელი გახადა. ის მათთან უნდა მიბრუნდეს, რათა ხელახლა შეეხოს. ახლა მას შეუძლია მათ თავისუფლად მოეპყრას თავის აზრებში, გრძნობებში, განთავისუფლდეს მათთან დისოცირების აუცილებლობისგან და იმპერატივებისგან, დაინახოს ამ სფეროებში პრობლემური უცხო წარმოშობის ძალები, რომელიც მასზე მოქმედებს და მასში გარკვეულ სიმპტომებს ან სხვა დარღვევებს იწვევს.
ანალიზირებული თვითდაკვირვების გზით ფსიქიკის მისთვის ადრე მიუწვდომელ სფეროებს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ახლა მას შეუძლია იმის ინტეგრირება რაც ფსიქიკის ცნობიერ სფეროში დაინახა. მის ცნობიერში არსებული უფსკრული გაქრა.  მას ისევ აქვს თავისუფალი არჩევანი – რა დამოკიდებულება ექნება თავისი სულის ახლადგაცნობიერებულ ნაწილთან. რას იზამს- დაუბრუნდება ურთიერთობების  აგების ძველ მეთოდებს, ისევ თავს აარიდებს თვითდაკვირვებას  იმ მოტივით, რომ სიმპტომები და სხვა დარღვევები ყველაზე მსუბუქია ორი ალტერნატივიდან, თუ მოახდენს იმის ინტეგრირებას, რაც აღმოაჩინა თვითდაკვირვებით იმისთვის, რომ შესძლოს დაფიქრდეს მათზე აუცილებლობის შემთხვევაში და მათზე ახლებურად იმუშაოს. ანალიზირებულმა არ იცის თავიდანვე, რა სახის ახალი სამუშაო იქნება ეს, მაგრამ არავის შეუძლია მას ეს ახალი ფორმა მიაწოდოს, ან, მითუმეტეს, თავს მოახვიოს, თუნდაც საქმე ეხებოდეს ისეთ არგუმენტებთან მოპყრობაც კი, როგორიც არის  განვითარება, სიმწიფე ან ნებისმიერი სახის სოციალური ნორმები და ცხოვრებისეული ფილოსოფია. ანალიზირებულმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს რა მოუხერხოს თავის სურვილებს და შიშებს, თავის ახლობლებთან დამოკიდებულების გამოცდილებას, შეურაცხყოფას და აღფრთოვანებას, დასაშვები და აკრძალული სურვილის ასრულებას და იმედგაცრუებას, ბედნიერების და ტკივილის  მომენტებს დაAა.შ. იმის მიუხედავად, მისი ცხოვრების რომელ პეროიდში ( დაბადებიდან აწმყომდე) იჩინეს მათ თავი და როგორ შეესაბამებიან ისინი ერთმანეთსა და ფსიქიკის სხვა სფეროებს.
ანალიზირებულს შეუძლია შეეგუოს წინააღმდეგობის მიღმა აღმოჩენილ მასალას და მასთან მეგობრულ თვითრგულაციას მიაღწიოს, ან შეებრძოლოს და გაექცეს მას. ბოლო შემთხვევაში მისი ფსიქიკა გახლეჩვას დაექვემდებარება. მისი ერთი ნაწილი სხვადასხვა საშუალებით მეორის მოცილებას ან დათრგუნვას ეცდება.
მეგობრული თვითრეგულაციის შემთხვევაში ფსიქიკის   მთლიანობა შენარჩუნდება. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა გაგებაა. გაგების დროს ადამიანის დამოკიდებულება გასაგები მასალის მიმართ საფუძვლიანად იცვლება. განცდის, შეგრძნების დონეზე ეს იწვევს შვებას (ის, რაც უკვე გასაგებია, აღარ აწვალებს ადამიანს ისე ძლიერად) და ახალ, უფრო ბუნებრივ დამოკიდებულებას მის მიმართ. ჩვენ არ ვიცით, თუ რა ხდება ადამიანში, რომელმაც ამას მიაღწია;   ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს ან სხვებს ამის გაგება ვაიძულოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ შევქმნათ გარემო, რომელიც გაგების ალბათობას გაზრდის.
ხშირად ამბობენ, რომ ფსიქოანალიზის მიზანი თვითანალიზია. თუმცა, თვითშემეცნებისკენ სწრაფვა   ანალიზირებულის თავისუფალი არჩევანია. თვითდაკვირვების შედეგებმა შეიძლება მას საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების სხვა ფორმა მოაძებნინოს, რომელიც არც დამაკნინებელი იქნება და არც გაიდეალებული. თუ გაგების ძირითად პირობას წარმოადგენს იმის შეცნობა რაც უნდა იქნას გაგებული, მაშინ, შესაბამისად, ანალიტიკურმა სამუშაომ, რომელიც თვითდაკვირვებას უწყობს ხელს, შეიძლება შეამსუბუქოს გარემოებების შექმნა, რომლებიც ხელს უწყობს ანალიზირებულის თვითშემეცნებას. რამდენად მოუნდება ანალიზანდს თვითშემეცნების ასეთი შესაძლებლობის გამოყენება, დამოკიდებულია ანალიზირებულზე. შესაბამისად, ანალიზირებულის მიზანი, რომლის მიღწევასაც ის ანალიზის საშუალებით ცდილობს, არის საკუთარი თავის გაგება. თვითდაკვირვებისას დამხმარეს როლში მყოფ ანალიტიკოსს უკვე აღარა აქვს ამ არჩევანში ხმის უფლება.
ამგვარი ახსნა-განმარტება საჭირო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თვლიან, რომ ფსიქოანალიზს მოაქვს ჯანმრთელობა (რაც თავისთავად საკამათო კონცეფციაა), ინტეგრაცია       (რაც წამიერი შედეგია და მიეკუთვნება ფსიქიკის გარკვეულ სპეციფიკურ სფეროებს), განვითარება, სოციალური მიმღებლობა ან შემოქმედებითობა  – ეს მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ფსიქოანალიზის შედეგები აუმჯობესებს ამ ცვლილებების  შესაძლებლობის პირობებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ანალიზირებულს მოუნდება ცვლილების ამ საშუალების გამოყენება. ყველა ამ შემთხვევის ,, საერთო ნიშანი” ის არის, რომ არაცნობიერის ცნობიერად გადაქცევა და თვითდაკვირვების სფეროში მოქცევა აძლიერებს ცვლილების ალბათობის პირობებს.
თუ ჩვენ გამოვიყენებთ კონცეფციას ,,შემეცნება” ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით ფინურ ენაზე   ( მონადირე გამოვიდა შესაცნობად – თავისი ხაფანგების გასასინჯად და მეთევზე – თავისი ბადის), ჩვენ შევძლებთ დასკვნისთვის ვთქვათ, რომ ადამიანისთვის ცვლილებების არსებით პირობებს წარმოადგენს საკუთარი ფსიქიკის ,,შეცნობა” – შემოწმება. უმეცრება – არ არის გზა სიბრძნისაკენ.

ნათარგმნია: თამარ აზმაიფარაშვილი

,,ფსიქოანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები” – პენტი იკონენი