ჩვენ სიზმარი წარმოვადგინეთ, როგორც ნარცისული დაავადების პროტოტიპი ნორმალურ ცხოვრებაში; ამჯერად ჩვენ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ მელანქოლიის არსს გლოვის ნორმალურ აფექტთან მისი შედარების გზით. თუმცა, ამჯერად აღიარებით უნდა დავიწყოთ, რათა მიღწეული შედეგების გადაჭარბებული შეფასება გამოვრიცხოთ. მელანქოლია, რომლის ზუსტი კლინიკური განსაზღვრება აღწერით ფსიქიატრიაშიც არ არსებობს, სხვადასხვა კლინიკური ფორმით გვხვდება, რომელთა ერთ კლინიკურ ერთეულად გაერთიანება ჯერ ვერ მოხერხდა; ზოგი მათგანი უფრო სომატურ დაავადებებს გვაგონებს, ხოლო სხვანი – ფსიქოგენურს. იმ შთაბეჭდილებების გარდა, რომელიც ნებისმიერი დაკვირვებლისათვისაა ხელმისაწვდომი, ჩვენი მასალა იმ რამოდენიმე შემთხვევით შემოიფარგლება, რომელთა ფსიქოგენური ბუნება ეჭვს არ იწვევს. ამიტომ, ჩვენ წინასწარ უარს ვაცხადებთ პრეტენზიაზე, რომ ჩვენი დასკვნები ყველა შემთხვევას მიესადაგება და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ამჟამინდელი კვლევის მეთოდების საშუალებით ძალიან რთულია რაიმეს ნახვა, რაც არატიპურია დაავადებების მთელი კლასისათვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მცირე ჯგუფისათვის მაინც.
მელანქოლიისა და გლოვის შედარებითი დახასიათება გამართლებულია ორივე მდგომარეობის საერთო სურათიდან გამომდინარე. ასევე თანხვდება ორივე დაავადების გამომწვევი მიზეზიც, რომელიც ცხოვრების პირობების გავლენაზე დაიყვანება იქ, სადაც ამდაგვარი მიზეზის აღმოჩენა ხერხდება. გლოვა ყოველთვის წარმოადგენს პასუხს საყვარელი ადამიანის, ან მისი ჩამნაცვლებელი განზოგადებული ცნების დაკარგვაზე, მაგალითად, სამშობლო, თავისუფლება, იდეალი და ა.შ. მსგავსი გავლენის შედეგად, ზოგიერთ ადამიანს გლოვის მაგივრად მელანქოლია უვითარდება, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ავადმყოფური მიდრეკილება აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ თავში არც კი მოგვდის გლოვის ავადმყოფურ მდგომარებად ჩათვლა და ექიმთან მისვლა მის საკურნალოდ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იგი თავისთავად გაივლის და ჩარევას მიზანშეუწონლად და საზიანოდაც კი მივიჩნევთ.
ფსიქიკური თვალსაზრისით, მელანქოლია გამოირჩევა ღრმა, მტკივნეული მწუხარებით, გარე სამყაროსადმი ინტერესის გაქრობით, სიყვარულის უნარის დაკარგვით; ზოგადი მოქმედების შენელებით და თვითშეფასების დაქვეითებით, რაც გამოიხატება საკუთარი თავის ძაგებით და დასჯის ბოდვამდე მისული მოლოდინით. ეს სურათი ჩვენთვის გასაგები გახდება, თუ ყურადღებას მივაქცევთ შემდეგს: გლოვაც ასეთივე ნიშნებით ხასითდება იმის გამოკლებით, რომ გლოვის დროს თვითშეფსების დაქვეითება არ ხდება. სხვა მხრივ, სურათი ზუსტად იგივეა. ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მძიმე გლოვა გამოირჩევა ასეთივე მწუხარე ხასიათით, გარე სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვით-[1]რადგანაც ის გარდაცვლილს აღარ აგონებს, დაკარგულის ნაცვლად ვინმე სხვა ობიექტის არჩევის უნარის დაკარგვით- რაც დატირებულის ჩანაცვლების ნიშანია – და ყველა იმ მოქმედებაზე უარის თქმას, რასაც არ აქვს კავშირი გარდაცვლილის ხსოვნასთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შეკავება და “მე”-ს შეზღუდვა გამოიხატება მწუხარებაში განუსაზღვრეული ჩაძირვით, რომლის დროსაც აღარ რჩება არანაირი ინტერესი და რაიმე სხვა სურვილი. სიმართლე რომ ითქვას, მსგავს მოქმედებას ჩვენ პათოლოგიურად არ აღვიქვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კარგად ახსნა შეგვიძლია. ჩვენ ვეთანხმებით გლოვის ტანჯვასთან შედარებას. ამ შედარების გამართლებას ჩვენ ალბათ მაშინ შევძლებთ, როცა ამ ტკივილის ეკონომიკურ დავახასიათებას შევძლებთ. რა არის ის მუშაობა, რასაც გლოვა ასრულებს? ჩემი აზრით, გადაჭარბებული არ არის შემდეგი ახსნა: რეალობის გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ საყვარელი ობიექტი აღარ არსებობს და სინამდვილე გვკარნახობს ამ ობიექტთან დაკავშირებული მთელი ლიბიდოს ჩამოცილებათ. ამას წინააღმდეგობა მოჰყვება, რომელიც ადვილი გასაგებია – ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ადვილად არ ტოვებს ლიბიდოს პოზიციას მაშინაც კი, როდესაც მას შემცვლელი გამოუჩნდება. ეს წინააღმდეგობა შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ დგება რეალობიდან მოწყვეტის საშიშროება, რომლის დროსაც ხდება ობიექტზე ჩაჭიდება ჰალუცინაციური ფსიქოზური შუამავლობით, რომელიც სურვილის გამოხატულებაა (იხ. წინა სტატია). ჩვეულებრივ პირობებში რეალობის განცდა იმარჯვებს, მაგრამ მისი მოთხოვნების გადაუდებელი დაკმაყოფილება არ ხდება. ეს მიმდინარეობს ნაწილობრივ, დიდი ენერგიისა და დროის ხარჯზე. მანამდე კი დაკარგული ობიექტის არსებობა ფსიქიკურად გახანგრძლივებულია. ობიექტთან დაკავშირებული ყოველი ერთეული მოგონება და მოლოდინი, რომელშიც ლიბიდო ობიექტზე იყო მიბმული, იზრდება და ჰიპერკათექტირდება (გააქტიურებულია) და ლიბიდო მისგან თავისუფლდება. ეკონომიკურად ძალიან ძნელია იმის დასაბუთება, თუ რატომ ახლავს ასეთი ძლიერი ტკივილი რეალობის ამ კომპრომისულ სამუშაოს, რომელიც თითოეულ ამ მოგონებასთან და მოლოდინთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ეს ტკივილი თავისთავად გასაგებია ჩვენთვის; ფაქტობირივად, გლოვის მუშაობის დასრულების შემდეგ, “მე” კვლავ თავისუფლდება შეკავებისგან. ის, რაც გლოვის შესახებ გავიგეთ, ახლა მელანქოლიასთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ. უმრავლეს შემთხვევაში, ნათელია, რომ ისიც ახლობლის დაკარგვით შეიძლება იყოს გამოწვეული. სხვა შემთხვევებში შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ადგილი ჰქონდა უფრო იდეალური ხასიათის დანაკარგს. ობიექტი რეალურად კი არ მოკვდა, არამედ დაიკარგა, როგორც სიყვარულის ობიექტი (მაგალითად, საცოლემ ან საქმრომ მიატოვა). კიდევ სხვა შემთხვევებში შეიძლება ვიფიქროთ, რომ, შესაძლებელია, მსგავსი დანაკარგი ვიგულისხმოთ, მაგრამ დაზუსტებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა იყო დაკარგული კონკრეტულად და, მეტიც-შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავად ავადმყოფიც ვერ იაზრებს, თუ რა დაკარგა მან. ეს შეიძლება მოხდეს ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც ავადმყოფმა იცის, თუ რა არის ის დანაკარგი, რამაც მელანქოლია გამოიწვია, რადგანაც იცის, ვინც დაკარგა, მაგრამ არ იცის, თუ რა დაკარგა მასში. მელანქოლიის დროს დაკარგული ობიექტი ცნობიერებისათვის რაღაც გაგებით მიუწვდომელია, გლოვის დროს კი დანაკარგი სულაც არ არის გაუცნობიერებელი.
გლოვის შემთხვევაში ვნახეთ, რომ შეკავება და ინტერესის დაკარგვა გლოვის მუშაობით აიხსნება, რომელიც „მე“-ს მთლიანად მიიტაცებს. მსგავსი შინაგანი მუშაობის კვალი გვხვდება მელანქოლიის დროსაც, ამიტომაც ის მელანქოლიურ შეკავების (Hemmung) გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. მელანქოლიური შეკავება ჩვენზე გაურკვეველ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ რამ მოიცვა ასე მთლიანად ავადმყოფი. მელანქოლიკებისთვის კიდევ ერთი რამ არის დამახასიათებელი, რაც გლოვის შემთხვევაში არ გვხვდება. ეს არის თვითშეფასების განსაკუთრებული დაქვეითება, “მე”-ს გაღარიბება(Ichverarmung). გლოვის დროს გაღარიბებული და დაცარიელებულია მთელი სამყარო, მელანქოლიის შემთხვევაში კი თავად “მე”. ავადმყოფი თავის „მე“-ს ხატავს, როგორც უღირსს, უვარგისს, რომელიც მორალურ განსჯას იმსახურებს; იგი ადანაშაულებს საკუთარ თავს, ლანძღავს მას და ელის უარყოფას ან დასჯას. იგი თავს იმცირებს ნებისმიერი ადამიანის წინაშე, ეცოდება ყველა ახლობელი, რომელიც იძულებულია მასავით უღირს ადამიანთან ურთიერთობდეს. მას არა აქვს წარმოადგენა მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ და თვითკრიტიკას თავის წარსულზეც ავრცელებს, ატკიცებს რა, რომ არასოდეს ყოფილა უკეთესი. ამ მორალური დამცირების უმეტესად ბოდვით ხასიათს ემატება ავადმყოფის უძილობა, საკვების უარყოფა და ფსიქოლოგიური კუთხით ღირსშესანიშნავი მიდრეკილება იმ ლტოლვის გადალახვისა, რომელიც ყველა ცოცხალს აიძულებს, ჩაებღუჭოს სიცოცხლეს. როგორც მეცნიერული, ისევე თერაპიული კუთხით, აზრი არა აქვს წინააღმდეგობის გაწევას ავადმყოფისთვის, რომელიც ასეთ ბრალდებებს უყენებს საკუთარ “მე”-ს. რაღაც გაგებით, ის მართალი უნდა იყოს, როცა საკუთარ წარმოადგენას გვიზიარებს. ზოგი მისი დებულება მაშინვე უნდა იქნას აღიარებული ჩვენს მიერ – მას ნამდვილად არ აქვს არანაირი ინტერესი, მას არ შეუძლია სიყვარული და მუშაობა, როგორც ამას ამბობს. მაგრამ, როგორც ვიცით, ეს მეორადი მოვლენებია, ჩვენთვის უცნობი შინაგანი მუშაობის შედეგი. ეს გლოვის მუშაობას ჰგავს, რომელიც მის “მე” – ს შთანთქავს. ზოგი მისი თვითბრალდება ჩვენც მართალი გვეჩვენება, ოღონც იგი უფრო მკვეთრად აფასებს მიმდინარე მდგომარეობას, ვიდრე რომელიმე სხვა, არამელანქოლიკი. გაძლერებული თვითკრიტიკის სახით იგი წარმოგვიდგენს საკუთარ თავს მეწვრილმანე, ეგოისტ, დამოკიდებულ და ჩაკეტილ ადამიანად, რომელიც მხოლოდ თავისი სისუსტეების დაფარავას ცდილობს. ამ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იგი ძალზე მიუახლოვდა თვითშემეცნებას და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიკითხოთ – რა აუცილებელია, რომ ჯერ დაავადდე, იმისათვის, რომ ამ ჭეშმარიტებას ჩაწვდე? რადგანაც არავითარი ეჭვი არ არის, რომ იგი, ვინც ამდაგვარ თვითშემეცნებამდე მივიდა და ამას სხვების წინაშე ახმოვანებს( ესა არის პრინც ჰამლეტის თვითშეფასება, რომელსაც ამავ დროს ყველაზე ავრცელებდა) , დაავადებულია იმისდა მიუხედავად, მართალს ამბობს თუ მეტ-ნაკლები ხარისხით უსამართლოა საკუთარი თავის მიმართ. ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ თვითდაკნინების რაოდენობასა და მის რეალურ გამართლებას შორის არანაერი შეფარდება არ არსებობს. მაგალითად: მანამდე ძლიერი, საქმიანი და ერთგული ქალი მელანქოლიის შეტევისას თავს იმაზე არანაკლებ იმცირებს, ვიდრე სხვა ქალი, ვინც ამას სინამდვილეში იმსახურებს; შესაძლებელია, რომ პირველ ქალს უფრო მეტი შანსი აქვს დაავადდეს მელანქოლიით, ვიდრე მეორეს, რომელზეც კარგის ვერაფერს ვიტყვით. და, ბოლოს, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ მელანქოლიგი სულაც არ იქცევა ისე, როგორც შეეფერება ჩვეულებრივ, სინდისის ქეჯნით დათრგუნულ და განადგურებული ადამიანს. მელანქოლიკებს არ ახასიათებთ მსგავსი მდგომარეობისათვის დამახასიათებელი სირცხვილის განცდა სხვების წინაშე, ან სირცხვლი მკვეთრად არ ჩანს. მელანქოლიკს უფრო აკვიატებული თხრობის მდგომარეობა ახასიათებს, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს თვითგვემის გამო.
შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ოდენობის სიმართლეა მის მტანჯველ თვითდამაცირებაში, რომ მელანქოლიკის თვითკრიტიკა შეესაბამება მის შესახებ სხვების აზრს. მთავარი ის არის, რომ იგი სწორად ხსნის თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მან დაკარგა თვითპატივისცემა და, რასაკვირველია, ამის საბაბი აქვს; ყოველ შემთხვევაში, სახეზეა ის წინააღმდეგობა, რომელიც ძნელად ამოსახსნელ ამოცანას გვისახავს. გლოვის მსგავსად, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მან ობიექტი დაკარგა, ხოლო მისი სიტყვებიდან გამომდინარე, მან საკუთარი “მე“ დაკარგა.
სანამ ამ წინააღმდეგობრიობას მივხედავდეთ, ერთი წუთით შევჩერდეთ იმ სურათზე, რაც მელანქოლიკის დაავადების წყალობით გამოვლინდა ადამიანის “მე”-ს კონსტიტუციაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მე-ს ერთ ნაწილი მეორეს ეწონააღმდეგება, კრიტიკულად აფასებს, ისე- როგორც გარეშე ობიქტს. ყველა შემდგომი გამოკვლევა ამტკიცებს ჩვენს აზრს, რომ “მე”-სგან მოხლეჩილი კრიტიკული ინსტანცია სხვა მდგომარეობაშიც გამოავლენს დამოუკიდებლობას. ჩვენ მართლაც ვიპოვით საკრის საფუძველს იმისათვის, რომ ეს ინსტანცია დანარჩენი მე’-სგან გამოვყოთ. ის, რასთანაც აქ გვაქვს საქმე, წარმოადგენს ინსტანციას, რომელსაც ჩვეულებრივ სინდისს უწოდებენ. ცნობიერების ცენზურასთან და რეალობის კვლევასთან ერთად, ჩვენს მას უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციად ვთვლით და როგორმე ვიპოვით იმის დასაბუთებას, რომ ეს ინსტანცია, შესაძლოა, თავისთავად დაავადდეს. მელანქოლიური ავადმყოფობის სურათში სხვა ჩივილთან ერთად პირველ რიგში გამოდის ზნეობრივი უკმაყოფილება საკუთარი თავის თვითშეფასების საგანი; მხოლოდ გაღარიბება იკავებს უმთავრეს ადგილს ავადმყოფის შიშებსა და მტკიცებულებებს შორის.
ზემოთ მოყვანილი წინააღმდეგობები ადვილად აიხსნება შემდეგი დაკვირვების საფუძველზე: თუ მოთმინებით მოვუსმენთ მელანქოლიკის მრავალგვარ თვითბრალდებას, ვერ გავექცევით იმ შთაბეჭდილებას, რომ ყველაზე მძიმე საჩივარი ძალიან ნაკლებად შეესატყვისება თავად ავადმყოფის პიროვნებას, მაგრამ მისი მცირეოდენი ცვლილების შემდეგ, ის ადვილად მიუდგება რომელიმე სხვა ადამიანს, რომელიც დაავადებულს უყვარდა, უყვარს ან უნდა უყვარდეს. რამდენიც არ უნდა ამოწმო საქმის მდგომარეობა, ეს ვარაუდი ყოველთვის დასტურდება. ამგვარად, ჩვენ ხელთ გვაქვს დაავადების სურათის გაგების გასაღები, როდესაც თვითბრალდებაში ამოიცნობ ძვირებს საყვარელი ობიექტის მიმართ, რომელიც საკუთარ მე-ზეა გადმოტანილი.
ქალს, რომელსაც სიტყვით ეცოდება თვისი ქმარი იმის გამო, რომ რომ ასეთი უვარგისი ცოლი ყავს, უნდა, რომ თავად ქმარი დაადანაშაულოს უვარგისობაში, რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ამაში. არ უნდა გვიკვირდეს, რომ საკუთარი თავისკენ მიმართულ ბრალდებებში, სადაც ზოგი ნამდვილი მიზეზია ჩაქსოვილი, მათ პირველ რიგში გამოსვლის საშუალება მოიპოვეს, რადგან ამით სხვა ბრალდებების გადაფარვა და ნამდვილი მდგომარეობის დაფარვა ხდება; ისინი გამომდინარეობენ სიყვარულისათვის და სიყვარულის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლიდან, რომელსაც სიყვარულის დაკარვისაკენ მივყავართ. ახლა უფრო გასაგები ხდება ავადმყოფის ქცევა. მათი ჩივილები წარმოდგენს ბრალდებებს (Anklagen) ამ სიტყვის წინანდელი გაგებით; მათ არ რცხვენიათ და არ იმალებიან; რადგან ყველაფერი დამაცირებელი, რასაც თავის თავზე ამბობენ, სხვებს ეხება; ისინი შორს არიან იმისგან, რომ გარემომყოფთა მიმართ მორჩილება და მიმღებლობა გამოავლინონ, რაც შესაბამისი იქნეოდა ისეთი უღირსი ადამიანებისათვის, როგორიც თავად არიან. ისინი კი პირიქით, უზომოდ ანჩხლები, ყოველთვის ნაწყენი ჩანან, თითქოს მათ მიმართებაში დიდი შეცდომა იყოს დაშვებული. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმიტომ, რომ მათ ქმედებაზე რეაქცია გამომდინარებს აღშფოთების სულიერი მდგომარეობიდან, რომელიც გარკვეული პროცესის საშუალებით გადატანილია მელანქოლიურ დათრგუნულობად.
შემდგომში რთული აღარ გვეჩვენება ამ პროცესის რეკონსტრუქცია. თავიდან ადგილი ჰქონდა ობიექტის არჩევას, ლიბიდოს მიმაგრებას გარკვეული პირის მიმართ; საყვარელი ადამიანის მხრიდან რეალური გულდაწყვეტის ან გულაცრუების შედეგად ხდება ობიექტის მიმართ ამ მიჯაჭვულობის რღვევა. ამის შედეგად მიმდინარეობს არა ლიბიდოს ნორმალურ ჩამოცილება ობიექტისაგან და მის ახალ ობიექტზე მიმაგრება, არამედ სხვა პროცესი, რომლის წარმოსაქმნელად, როგორც ჩანს,სხვადასხვა პირობაა საჭირო. ობიექტის მიმართ მიჯაჭვულობა ნაკლებად მდგრადი აღმოჩნდა, ის განადგურებული იქნა, მაგრამ გათავისუფლებული ლიბიდო სხვა ობიექტზე კი არ იქნა გადატანილი , არამედ “მე-ს” დაუბრუნდა. თუმცა, აქ მან ვერ იპოვა რაიმე გამოყენება, მხოლოდ მე-ს იდენტიფიკაცია (გაიგივება) მოახდინა მიტოვებულ ობიექტთან. ასე და ამგვარად, ობიექტის ჩრდილი დაეცა მე-ს, რომელიც ამ შემთხვევაში განიხილება ზემოხსენებულ განსაკუთრებულ ინსტანციად ისევე, როგორც მიტოვებული ობიექტი. შესაბამისად, ობიექტის დაკარგვა გადაიქცა მე-ს დაკარგვად, ხოლო კონფლიქტი მე-სა და საყვარელ პირს შორის გადაიქცა შეჯახებად მე-ს კრიტიკასა და თავად გაიგივების წყალობით სახეცვლილ “მე”-სთან.
შესაძლებელია ამ პროცესის ზოგი რამ წანამძღვარისა და შედეგის უშუალოდ გამოცნობა. ერთი მხრივ, უნდა მოხდეს ძლიერი ფიქსაცია საყვარელ ობიექტზე, მეორე მხრივ, ამის საპირისპიროდ, პატარა მდგრადობა მიჯაჭვულობისა ობიექტის მიმართ. ეს წინააღმდეგობა, ო რანკის მართებული შენიშვნით, როგორც ჩანს, მოითხოვს, რომ ობიექტის არჩევანი მოხდეს ნარცისულ საფუძველზე, ასე რომ ამ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება რაიმე წინაღობა ობიეტთქნ მიჯაჭვულობის მიმართ, ასეთ შემთხვევაში ეს მიჯაჭვულობა რეგრესირდება ნარცისიზმისკენ. ნარცისული გაიგივება ობიექტთან მაშინ ცვლის ობიექტთან მიჯაჭვულობას , ხოლო ამის შედეგად სასიყვარულო ურთიერთობა არ უნდა შეწყდეს, საყვარელ პირთან კონფლიქტის მიუხედავად. ობიექტის სიყვარულის ამგვარი ჩანაცვლება იდენტიფიკაციით წარმოქმნის მნიშვნელოვან მექანიზმს ნარცისულ დაავადებებში. რ. ლანდაუმ (R. Landauer) აღმოაჩინა ის შიზოფრენიის მკურნალობის პროცესში. რასაკვირველია, ის შეესაბამება ობიექტის არჩევანის გარკვეულ ტიპს პირველადი ნარცისიზმისაკენ. სხვა ადგილას ჩვენ მივანიშნეთ, რომ გაიგივება წარმოადგენს ობიექტის არჩევის წინა საფეხურს და თავის გამოვლენის პირველ ამბივალენტურ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც მე გამოარჩევს რომელიმე ობიექტს. მე-ს აქვს სურვილი, შეიწოვოს ეს ობიექტი, შესაბამისად, განვითარების ორალურ ან კანიბალურ ფაზაში მისი შთანთქმის გზით. აბრაჰამმა სრულიად სამართლიანად დააკავშირა ამასთან საკვებზე უარის თქმა, რომელიც მძიმე ფორმის მელანქოლიის შემთხვევაში ვლინდება.
თეორია ითხოვს ისეთ დასკვნას, რომელიც ახსნიდა მიდრეკილებას მელანქოლიური დაავადებისადმი ან, ნაწილობრივ, ნარცისული ტიპის დაავადებისადმი, რაც, სამწუხაროდ, ვერ დასტურდება კვლევებში. ამ წერილის შესავალში მე ვაღიარე, რომ ის ემპირიული მასალა, რომელზეც ჩვენი დასკვნებია აგებული, არააკმარისია. თუკი ჩვენ უფლება გვექნებო დაგვშევა, რომ მომავალში კვლევები დაადასტურებენ ჩვენს დაკვირვებებს, მაშინ ჩვენ არ დავაყოვნებდით და მელანქოლიისთვის დამახასიათებელ თვისებებს დავამატებდით რეგრესიას ობიექტის მიჯაჭვულობიდან ნარციზისმისკენ ჯერ კიდევ ლიბიდოს ორალურ ფაზაში. ობიექტთან გაიგივება არაა იშვიათი, და გადატანის ნევროზებში ისინი შეადგენენ სიმპტომთა წარმოშობის ცნობილ მექანიზმს, განსაკუთრებით, ისტერიის შემთხვევაში.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ განსხვავება ნარცისულ და ისტერიულს გაიგივებას შორის: პირველ შემთხვევაში, მიჯაჭვულობა გამოვლინდება ცალკეული მოქმედების და ინერვაციების საშუალებით. ყოველ შემთხვევაში, გადატანის ნევროზებში გაიგივება წარმოდგენს იმ საერთოს გამოვლინებას, რასაც სიყვარული ჰქვია. ნარცისული დაკმაყოფილება უფრო ადრეულია და გზას გვიხსნის ნაკლებად შესწავლილი ისტერიული გაიგივების გასაგებად.
შესაბამისად, მელანქოლიკი თავის თვისებების ნაწილს იღებს გლოვისაგან, მეორე ნაწილს კი რეგრესიის პროცესისაგან ობიექტის ნარცისული არჩევანის გზით. მელანქოლია, ერთი მხრივ, ისევე როგორც გლოვა, წარმოადგენს რეაქციას ობიექტის სიყვარულის რეალურ დანაკარგზე; მაგრამ ამას გარდა, ის დაკავშირებულია ასევე გარკვეული პირობებთან, რომელიც არ გვხვდება ნორმალური გლოვის დროს და რომელიც მას გადააქცევს პათოლოგიურად იმ შემთხვევებში, სადაც ეს პირობა ჩანს. ობიექტის სიყვარულის დაკარგვა წარმოდგენს მშვენიერ საბაბს იმისათვის, რომ გააღვიძოს და გამოავლინოს სასიყვარულო ურთიერთობების ამბივალენტურობა. იქ, სადაც არსებობს აკვიატებების ნევროზისადმი მიდრეკილება, ამბივალენტური კონფლიქტი გლოვას პათოლოგიურ ხასიათს ანიჭებს და აიძულებს მას, თვითბრალდების სახით გამოვლინდეს – რომ ის თავად არის დამნაშავე საყვარელი ობიექტის დაკარგვაში, ანუ თავად სურდა ეს. აკვიატების ნევროზებში საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ასეთი დეპრესიების შემთხვევაში მის წინ გადაიშლება ის, რაც თავისთავად ქმნის ამბივალენტურ კონფლიქტს, თუ ამ დროს ლიბიდოს რეგრესიული ჩამოცილება არ ჩაერთო. მელანქოლიით დაავადების საბაბი უმეტეს წილად არ შემოიფარგლება სასიკვდილო შემთხვევის კონკრეტული მაგალითებით და მოიცავს გულისწყვეტის, წყენისა და იმედგაცრუების ყველა შესაძლო შემთხვევას, რომლის წყალობით ურთიერთობაში შემოდის სიყვარულისა და სიძულვილის საწინააღმდეგო მხარე, ან უკვე არსებული ამბივალენტობა ძლიერდება. ეს ამბივალეტური კონფლიქტი, ზოგჯერ უფრო რეალური, ზოგჯერ კი კონსტიტუციური წარმომავლობისა, ყოველთვის არის ყურადღებია მელანქოლიის გამომწვევ მიზეზებს შორის. თუ ობიექტის სიყვარული, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია მაშინ, როცა თავად ობიექტი უარყოფილია, გამოსავალს ჰპოვებს ნარცისულ გაიგივებაში ან შემცვლელი ობიექტის მიმართ გამოვლინდება სიძულვილი, რომლის შედეგად ეს პირველი ობიექტი შეურაცხყოფილია, დამცირებულია და იტანჯება, და ამ ტანჯვის საფასურად სადისტურ დაკმაყოფილებას იღებს. მელანქოლიკის თვითგვემა, ეჭვსგარეშე, სიამოვნებას ანიჭებს მას ისევე, როგორც აკვიატების ნევროზის შესატყვისი ფენომენები.
ორივე დაავადების შემთხვევაში, ობიექტისკენ მიმართული სადიზმისა და სიძულვილის დაკმაყოფილება, რომელიც შემობრუნდება სუბიექტის მესკენ, იმ გზით ხდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პავიენტი ჩვეულებრივ წარმატებას აღწევს თვითდასჯაში და ამით შურს იძიებს ორიგინალურ ობიექტზე და, თავისი დაავადების მეშვეობით, ერთ დროს საყვარელი ადამიანის წამებას ისე ახერხებს, რომ არ ჭირდება ღიად მისდამი მტრობის გამოხატვა. ამ ყოველვეს შემდეგ, პირი, რომელიც პაციენტის ფსიქიკური დაავადების მიზეზი იყო, და ვისზეც არის ცენტრირებული ეს დაავადება, ჩვეულებრივ, ავადმყოფის უშუალო გარემოცვაში შეიძლება ვიპოვოთ. მელანქოლიკის ეროტიული კატექსისი ობიექტთა მიმართებაში ორმაგ გზას გადის: ნაწილი რეგრესირდება იდენტიფიკაციად, ხოლო ნაწილობრივ, ამბივალენტური კონფლიქტის გავლენით, მასთან ახლოს მდგომი სადისმისკენ იხრება.
მხოლოდ ეს სადიზმი ხსნის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას, რომელიც მელანქოლიას ასე საინტერესოდ და საშიშად აქცევს. პირველად პროცესებში, რომლიდანაც ლტოლვათა ცხოვრება იწყება, ჩვენ აღმოვაჩინეთ მე-ს ისეთი უზარმაზარი თვითშეყვარება, რომელიც წარმოიქმნება სასიცოცხლო საფრთხის შემთხვევაში; ჩვენ ვხედავთ გათავისუფლებული ნარცისული ლიბიდოს ისეთ უზღვავ რაოდენობას, რომ არ გვესმის, თუ როგორ მიდის მე ასეთ თვითგანადგურებაზე. თუმცა, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ არც ერთი ნევროტიკი არ არის მიდრეკილი თვითმკვლელობისაკენ, რომელიც არ გამომდინარეობს საკუთარი თავისაკენ მიმართული სხვისი მოკვლის იმპულსიდან. მაგრამ მაინც გაურკვეველი რჩება, თუ ეს სურვილი რა ძალების ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება გადაიზარდოს მოქმედებაში. ახლა მელანქოლიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მე-ს თავის მოკვლა მაშინ შეუძლია, როცა ობიექტებთან მიჯაჭვულობის საკუთარი თავისკენ მიმართვით ის თავს ისევე ექცევა, როგორც ობიექტს; როცა მას შეუძლია საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართოს მანამდე ობექტისაკენ მიმართული მტრობა და რომელიც ცვლის მე-ს თავდაპირველ რეაქციას გარე სამყაროშ არსებული ობიექტებისადმი (იხ. ლტოლვები და მათი ბედისწერა). ამგვარად, ობიექტის ნარცისული არჩევანისკენ რეგრესიისას ეს ობიექტი, თუმცა ჩამოცილებულ იქნა, მაგრამ მაინც აღმოჩნდა უფრო მძლავრი, ვიდრე თავად მე. სიძულვილისა და თვითმკვლელობის ორ უკიდურეს მდგომარეობას შორის ობიექტი სრულიად ერევა მე-ს, თუმცა სრულიად განსხვავებული გზებით.
მელანქოლია კიდევ სხვა კითხვების წინაში გვაყენებს, რომლებზეც პასუხი ნაწილობრივ არ გვაქვს. ის გლოვას იმით ჰგავს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ უკვალოდ გაივლის და არ ტოვებს უხეშ, აშკარა ცვლილებებს. გლოვის შემთხვევაში ჩვენ ვიპოვეთ ახსნა, რომ დროთა განმავლობაში მგლოვიარე იძულებული ხდება შეეგუოს რეალობასთან თავისი დამოკიდებულების გადახედვის გარდაუვალობას და ამ მუშაობის შემდეგ მე ათავისუფლებს ლიბიდოს მისი ობიექტისაგან. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მელანქოლიის დროს მე ასეთივე მუშაობით არის დაკავებული; აქაც არ გვაქვს პროცესის გაგება ეკონომიკური კუთხით. უძილობა მელანქოლიის დროს გვიჩვენებს ამ მდგომარეობის მოუხელთებლობას, ძილში ჩაძირვისათვის აუცილებელი ყველა ინტერესის შეჩერების შეუძლებლობას. მელანქოლიური კომპლექსი ღია ჭრილობასავით მოქმედებს, ყველა მიჯაჭვულობათა ენერგია თავისკენ მიაქვს… და მე-ს სრულ გაღარიბებამდე აცარიელებს. მას ადვილად შეუძლია შეეწინააღმდეგოს მე-ს ძილის სურვილს. {მელანქოლიის შემთხვევაში- მთარგ, შენიშვნა} საღამოს რეგულარული შვების განცდა, როგორც ჩანს, სომატური მომენტის გამოვლინებაა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ის ფსიქოგენური მოტივებით აიხსნას. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა-საკმარისი ხომ არ არის არაცნობიერად მე-ს დაკარგვა ობიექტთან მიმართებაში (მე-ს წმინდა ნარცისული გულისტკენა), რათა გამორკვეულ იქნას მელანქოლიის სურათი; ხომ არ შეიძლება, რომ ამ დაავადების ზოგი ფორმა გამოწვეული იყოს უშუალოდ მე-ს ლიბიდოს ტოქსიკური გაღარიბებით? მელანქოლიის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი და ადვილად ასახსნელი თავისებურება არის მისი მიდრეკილება, გადაიქცეს მანიის სიმპტომატურად საპირისპირო მდგომარეობად. როგორც ვიცით, მელანქოლია ყოველთვის არ გადადის ამ მდგომარეობაში. ზოგი შემთხვევა პერიოდული რეციდივებით მიმდინარეობს, ხოლო ინტერვალებში არანაირი მანია არ შეინიშნება, ანმხოლოდ ძალიან შეუმჩნეველი მანიაკალური შეფერილობა აქვს. სხვა შემთხვევებში შეინიშნება მელანქოლიური და მანიაკალური ფაზების ის თანაბარი მონაცვლეობა, რომელმაც თავისი გამოხატულება ჰპოვა სიგიჟის ციკლური ფორმის ჩამოყალიბებაში. ჩნდება ცდუნება, რომ ეს შემთხვევები იმ გამონაკლისად ჩავთვალოთ, რომელიც არ გვაძლევს დაავადების ფსიქოგენური ხასიათის დაშვებას, რომ არა ფსიქონალიტიკური მუშაობა, რომელმაც სწორედ ამ დაავადებათა უმრავლესობის ფსიქოლოგიური ახსნისკენ და თერაპიული წარმატებისკენ მიგვიყვანა. ამიტომ არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცილებელიც კი, რომ გავავრცელოთ მელანქოლიისა და მანიის ფსიქოანალიტიკური ახსნა.
მე ვერ შეგპირდებით, რომ ასეთი მცდელობა სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება. ჯერ -ჯერობით, ის არ სცდება პირველადი ობიექტივირების შესაძლებლობას. აქ ჩვენ ორი ამოსავალი პუნქტი გვაქვს; პირველი – ფსიქოანალიტიკური შთაბეჭდილება, მეორე – შეიძლება პირდაპირ ითქვას – ეკონომიკური მიდგომის საერთო გამოცდილება. შთაბეჭდილება, რომელიც უკვე ბევრ ფსიქოანალიტიკოს მკვლევარს შეექმნა, ისაა, რომ მანიას იგივე შემადგენლობა აქვს, რაც მელანქოლიას და რომ ორივე დაავადება ერთსა და იმავე “კომპლექსს ” ებრძვის, რომელმაც მელანქოლიაში მე-ზე გამარჯვება მოიპოვა, მაშინ როცა მანიის შემთხვევაში მე-მ აჯობა ამ კომპლექსს, ან უკანა პლამზე გადაწია . მეორე პუნქტი წარმოადგენს იმ ფაქტს, რომ სიხარულის, ტრიუმფის ყველა მდგომარება წარმოდგენს მანიის ნორმალურ სახეს და, ეკონომიკური გაგებით, იგივე მიზეზებით არის გამოწვეული. აქ საქმე გვაქვს ისეთ გავლენასთან, რომლის წყალობითაც დიდი, ხანგრძლივი, ან უკვე ჩვეულებად ქცეული ფსიქიკური ენერგიის ხარჯვა, ბოლოს და ბოლოს, ზედმეტი ხდება, რის შედეგადაც მას შეიძლება მრავალგვარი გამოყენება მივცეთ და ჩნდება მისი დახარჯვის მრავალგვარი გზა. მაგალითად, თუ რომელიმე ღარიბი ბევრ ფულს მოიგებს, იგი უცებ განთავისუფლდება ლუკმაპურზე ფიქრისაგან, ან თუ ხანგრძლივი ბრძოლა ბოლოს და ბოლოს გამარჯვებით დამთავრდება, ამ თუ ჩნდება საშუალება განთავისუფლდე მძიმე ზეწოლისაგან, ან შეწყვიტო იძულებით ხანგრძლივად თავის მოკატუნება და აშ. ყველა ასეთი მდგომარეობა აღინიშნება ზეაწეული განწყობით, სიხარულის აფექტით და ყველა სახის მოქმედებისადმი მზაობით ზუსტად ისე, როგორც მანიის დროს, დეპრესიის სრულიად საპირისპიროდ და მელანქოლიური შეკავების საპირისპიროდ. შეიძლება გავბედოთ და ვთქვათ, რომ მანია მსგავს ტრიუმფს წარმოდგენს; მაგრამ მე-სგან აქაც დაფარულია, თუ რაზე გაიმარჯვა მან და რაზე გამარჯვებას ზეიმობს. ასეთივე გზით შეიძლება აიხსნას ამავე კატეგორიის მდგომარეობა, მაგ, ალკოჰოლური თრობა, რადგანაც ის მხიარული ხასიათისაა. მის შემთხვევაში, როგორ ჩანს, ადგილი აქვს განდევნაზე ენერგიის დაზოგვას, რაც ტოქსიკური გზით არის მიღწეული. მოარული აზრი ამტკიცებს, რომ ასეთ მანიაკალურ მდგომარეობაში იმიტომ ხდები მოძრავი და მოხერხებული, რომ ჩნდება “კარგი” განწყობა, სულიერ ცხოვრებაში განხორციელდა ზემოხსენებული ეკონომიკური პირობა, და ამიტომ ჩნდება, ერთ მხრივ, ასეთი ბედნიერი მდგომარეობა, მეორე მხრივ კი ქცევის შეკავების ამგვარი უუნარობა.
თუ ჩვენ ორივე ამ ახსნას გავაერთიანებთ, მაშინ გამოვა, რომ მანიაში მე-მ გადალახა ობიექტის დაკარგვა (ან გლოვა დანაკარგის გამო, ან იქნებ, თავად ობიექტი) და ახლა მის ხელთაა საწინააღმდეგო ძალების მთელი ჯამი, რომელიც მე-ს მელანქოლიის მტანჯველმა მწუხარებამ წაართვა და დააბა. მანიაკალური ავადმყოფი სრულიად ნათლად გვიჩვენებს თავის განთავისუფლებას იმ ობიექტისაგან, ვის გამოც იტანჯებოდა, იმ დამახასიათებელი ქცევით, რომ დამშეულის დიდი სიხარბით ეძებს ახალ მიჯაჭვულობებს ობიექტებთან.
[1] იხ. აგრეთვე აბრაჰამი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ამ საკითხის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ანალიტიკურ კვლევას, ასეთი შედარევიდან გამოდიოდა Abraham (Zentralblatt fur arztliche Psychoanalyse, II, 6, 1912).