კორონა ვირუსი – ჩვენი დროის ახალი სფინქსი
ანა ფერუტა,
ფსიქოანალიტიკოსი
(მილანი)
კორონა ვირუსი ჩვენს ყოველდღიურ ფიქრებში ჩასახლდა და ყოველდღიურობის ღრმა ძილიდან გამოგვაფხიზლა. ჩვეულებრივ, ადამიანები ჩვენს მოწყვლადობას სხვაგან მივმართავთ (ბავშვები, ლტოლვილები, აფრიკა…), ან ვიღებთ მას, როგორც გამონაკლისს იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც შედარებით ნაკლებად გაუმართლა ავადმყოფობის (სიმსივნე, ინსულტი – რაც ხშირად ცხოვრების არაჯანსაღ წესს მიეწერება), ან ეკოლოგიური საფრთხეების გამო.
ადამიანის მდგომარეობის სიმყიფე და დეზორიენტაცია
როგორც ჩანს, კაცობრიობის სვლის ისტორია (როგორც ჰარარიმ აღწერა 2011 წელს თავის წიგნში – „საპიენსი, კაცობრიობის მოკლე ისტორია,“ რომელიც 5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 30 ენაზე ითარგმნა) შეყოვნდა, როდესაც ჩვენ პირისპირ შევხვდით დეზორიენტაციის განცდასა და დაკარგვის შიშს. ყველამ თვალი მოაშორა თავის მობილურ ტელეფონს, რომელსაც ამ წუთამდე ინტერნეტში ნავიგაციისათვის იყენებდა და იმ აზრს იზიარებდა, რომ შეგვიძლია არხეინად უგულებელვყოთ ადამიანის შეზღუდულობისა და სიმყიფის საზღვრები. თითოეულ ჩვენთაგანს მოუწია დაფიქრება თავის თავზე, თავის ადგილზე სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან, მცენარეებთან და სამყაროსთან მიმართებაში.
კორონა ვირუსი სფინქსია
სრულიად მოულოდნელად, პაწაწინა, ქიმებიანმა მიკროსკოპულმა ვირუსმა კითხვა დაუსვა კაცობრიობას. სფინქსის ახალი სახეობა გზაზე გადაგვეღობა და გამოცანა შემოგვთავაზა. ცხადია, ჩვენი პირველი რეაქცია ამ გზაჯვარედინისათვის თავის არიდებაა, რადგან ის გვაიძულებს ვიბრძოლოთ ადამიანური სისუსტეების წინააღმდეგ. გინდება ისეთ ფიქრებს შეაფარო თავი, რომელებიც, გარკვეულწილად, ამისგან თავის არიდების საშუალებას გაძლევენ (ქვეყნიდან გაქცევა, იზოლაციადა ა.შ.), ან გეუფლება ყოვლისმომცველი შიში, რადგან არ იცი, თუ რა გზას მიმართო ამგვარ მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში (ჩქარობ მაღაზიაში პროდუქტებზე წასვლას – რა იცი რა ხდება).შემდეგი რეაქცია, რომელიც ასევე უეცარ შვებას გგვრის, არის იმ ადამიანების დადანაშაულება, რომლებმაც მოსახლეობის ჯანმრთელობის სახელმძღვანელო პრინციპები შეადგინეს და რომ ისინი შეცდნენ, რადგან ხშირად არც კი გამოუცდიათ თავისი რჩევები. ეს, უბრალოდ, ძალიან გასაგები დაცვითი რეაქციაა,-რათა აიცილო უხილავ და ვერაგ მტერთან შეხვედრის შიში, და ამასთანავე შიში, რომ უარყოფილი იქნება შენი მოთხოვნა, რომ დაგიცვან.
ძლიერების სამი წყარო
ადამიანური არსებობის დავიწყებულ სიმყიფესთან უეცარი და სასატიკი შეჯახებით გამოწვეული შიშის მიუხედავად, ჩვენ საშუალება გვეძლევა, თავიდან აღმოვაჩინოთ სიძლიერის სამი წყარო, რომლებიც მანამდე უგულებელყოფილი გვქონდა, როგორც არასაინტერესო. შეგვიძლია ჩვენს თავზე ავიღოთ განახლებული პირადი პასუხისმგებლობა იმ წესების დაცვითა და გაცნობიერებით, რომლებიც გვიცავენ ჩვენ და ჩვენს ახლობლებს (თუ, მაგ, თავს ავარიდებთ სიტუაციებს, რომლებიც აძლიერებენ ამ ვირუსის გადამდებ ნოტებს). პასუხისმგებლობისაგან მიღებული სიამოვნება და საკუთარ თავზე და ჩვენზე დამოკიდებულ ადამიანებზე ზრუნვის უნარი წარმოადგენს შიშის საუკეთესო ანტიდოტს, რადგანაც საშუალებას გვაძლევს, აქამდე უცნობი ენერგია გამოვნახოთ და გამოვიყენოთ ჩვენი თავის და სხვების დასაცავად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია რაღაცის გაკეთება.ენერგიის სხვა წყაროს წარმოადგენს იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილან „აუტანელი სხვები“, რომლებთანაც ვიზიარებთ ჩვენს სამყაროს. ის ხალხი, რომლებსაც ყოველდღიურობაში არ ვამჩნევდით და ვისაც თავიდან აღმოვაჩენთ, ზოგს რა მიზეზით და ზოგს რა – თუნდაც ამავე, რაც ახლა გვაქვს -ორთქლდება, ქრება სადგურებდან, ბარებიდან, ქუჩებიდან და საკლასო ოთახებიდან. ეს თავს გვაგრძნობინებს გაღარიბებულად, საზოგადოებისაგან მოწყვეტილად და გვიქრება რაიმესთან მიკუთვნებულობის განცდა. მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რესურსი არის შესაძლებლობა, რომ გადავლახოთ ჩვენი სისუსტის უეცარი აღქმით გამოწვეული შიში (ხშირად გამოიყენება პროპაგანდის რომელიმე ფორმის მიმართ ოდნავ მიკერძოებული დამოკიდებულების შესაქმნელად). ვეყრდნობით რა ცოდნას, რომელსაც გვათავაზობენ მეცნიერი ქალები და კაცები, მათ და მხოლოდ მათ აქვთ ის იარაღები, რომ აღგვჭურვონ სასარგებლო რჩევებით, თუ რა ზომები და რა დოზით უნდა იქნას მიღებული.
ანტიდოტი შიშის წინააღმდეგ
შიშის წინააღმდეგ კარგი ანტიდოტია ვირუსის პათოლოგიური შედეგების მკვლევართა მიერ გამოცემული მარტივი, ძირითადი და ზუსტი სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან ისინი აღადგენენ კავშირს აღმზრდელის ნდობის ემოციურ გამოცდილებასთან. ნდობაა ის, რამაც შეგვინარჩუნა სიცოცხლე, მოყოლებული დაბადებიდან.
ამას გარდა, ჩვენ გვჯერა მკვლევარების, რომლებიც გამოუცნობს იკვლევენ, სწავლობენ ვირუსს და მასთან ბრძოლის ხერხებს (ვაქცინები, პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა). ისინი აგრძელებენ საუკუნეების განმავლობაში გაკვალულ გზას. ჩვენ ვენდობით ადამიანის უნარს, შეისწავლოს ცა და დედამიწა, პლანეტები და ცხოველთა სამყარო მისი შინაგანი სიმყიფის მიუხედავად (გვახსოვდეს, რომ რიტა ლევი მონტალჩინიმ აღმოაჩინა NGF, ანუ გველის შხამში არსებული ნეორონების ზრდის ფაქტორი, ფლემინგმა კი პენიცილინი – ობის შესაწავლის შედეგად).
პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მათი ყურის გდება, ვინც გაბედულად იკვლევს აქამდე შეუცნობელს ნაცვლად იმისა, რომ გაექცეს და ნაცნობ ხერხს მიმართოს, გვეხმარება წინ აღვუდგეთ ადამიანურ შიშებს, არ დავხუჭოთ თვალი და ჩვენი ხედვა მივმართოთ ახალი თაობების მომავლისკენ
„ჩვენ შეიძლება დაჟინებით ვამტკიცოთ, რომ ადამიანის მე (ეგო) სუსტია მის ინსტინქტებთან შედარებით და მართალიც ვიქნებით. ამის მიუხედავად, ამ სისუსტეში არის რაღაც განსაკუთრებული. ინტელექტის ხმა ჩუმია, მაგრამ მანამდე არ მოისვენებს, სანამ სმენას არ შეიძენს. საბოლოდ, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის სასურველს აღწევს, ეს არის ერთი-ერთი იმ მომენტთაგანი, რაც ოპტიმიზმს გვმატებს“
ზ ფროიდი, „ერთი ილუზიის მომავალი“
ხათუნა ივანიშვილის თარგმანი