“მე და იგი”: ორმოცდაათი წლის შემდეგ
არნოლდ ჰ. მოდელი
1
ნახევარი საუკუნის შემდეგ “მე და იგი”- ს ამ შეფასებაში აშკარად იკვეთება ირიბი კითხვა, რომელიც თავად სამეცნიერო ცვლილებების ხასიათს ეხება. (თუ კუნის (1962 წ.) განმარტებას მივყვებით) მეცნიერების ისტორია არსებითად წყდება, რადგან ამ მეცნიერების ფაქტებსა და მის თეორიას შორის შეუსაბამობამ, შესაძლოა, ბიძგი მისცეს სამეცნიერო მუშაობას. თეორია და დაკვირვება ყოველთვის არ შეესატყვისება ერთმანეთს. როდესაც პრაქტიკოს მეცნიერთა შორის არსებობს უთქმელი შეთანხმება, რომ ეს მორგება საკმარისად კარგია, ამ შემთხვევაში ფუნდამენტური თეორია, მისი ცენტრალური პარადიგმა ეჭვგარეშეა; ეს შეესაბამება კუნის მიერ აღწერილ “ნორმალური მეცნიერების” ფაზას, ანუ იმ პერიოდს, სადაც მეცნიერების მომავალი საიმედო ჩანს: ეს არის ოპტიმიზმისა და ნდობის პერიოდი. მაგალითად, ანა ფროიდის „მე და დაცვითი მექანიზმები “(1936) წარმოადგენს „მე და იგი “-ს პირდაპირ გავრცობას (ფროიდი, 1923), ანუ მამამისის იმ დაკვირვების განვითარებას, რომ დაცვითი პროცესები, თავისთავად, არავნობიერ მდგომარეობაშია. ამ წიგნმა, როგორც ცნობილია, ფსიქოანალიტიკური ტექნიკის გაღრმავება გამოიწვია და დაემატა მე-ს დაცვითი მექანიზმების საფუძვლიანი ანალიზი. ეს, თავის მხრივ, ქმნის ფსიქოანალიზის ისტორიის ფაზას, რომელიც ასოცირდება ტერმინთან “მე-ს ფსიქოლოგია”, რაც იყო ჩვენი მეცნიერების მომავლის რწმენისა და ოპტიმიზმის პერიოდი.
სამეცნიერო ევოლუციის მეორე ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც ნაკლებად არის რწმენა, რომ ამ ფაზაშიცენტრალურ პარადიგმას მეცნიერული ფაქტების. ორგანიზების უნარი შესწევს, “ნორმალური მეცნიერების” ოპტიმისტური’ პერიოდისაგან განსხვავებით, არსებობს დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება რეალური კრიზისის სიმძაფრეს მიუახლოვდეს თვით მეცნიერების მომავალის კუთხითაც კი. ამ დროს ორი შესაძლებლობაა: ან ცენტრალური პარადიგმა უნდა შეიცვალოს ახალი ფაქტების შესაბამისად, ან თავად პარადიგმაზე უნდა ითქვას უარი. ამ შემთხვევაში მოხდებოდა სამეცნიერო რევოლუცია (რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული თეორიის პოვნის შემთხვევაში).
ამჟამად ფსიქოანალიზი მეცნიერული განვითარების ამ მეორე ფაზაშია. “მე და იგი” ფსიქოანალიზის ცენტრალურ პარადიგმად რჩება: შესაძლებელია თუ არა მისი შეცვლა კლინიკური გამოცდილების ახალი ფაქტების შესაბამისად? -თუ, როგორც ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, ის ახლით უნდა ჩანაცვლდეს? მეცნიერების ისტორიკოსი გარკვეულ კომფორტს გვთავაზობს, რადგან გვეუბნება, რომ ჩვენი გაურკვევლობა და უთანხმოება ჩვენი მეცნიერების მომავალთან დაკავშირებით, ის დისკომფორტი, რომელიც ანა ფროიდმა ახლახან აღწერა როგორც ანარქიის გრძნობა (ა. ფროიდი, 1972), მხოლოდ მისი ფიქრებია სამეცნიერო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე “მე და იგი” თავად იყო კლინიკურ ფაქტებსა და თეორიას შორის შეუსაბამობის შედეგი – ფროიდის ფსიქოანალიტიკური აზროვნების წინა ეტაპისა, რომელსაც, შესაძლოა, პრე-სტრუქტურული დავარქვათ (გილი, 1963); (Arlow & Brenner, 1964). ახალი კლინიკური ფაქტი იყო ფროიდის მიერ არაცნობიერი დანაშაულის განცდის საყოველთაობის აღიარება, შედეგად, ცნობიერების ხარისხი ვერ გამოდგებოდა იმისათვის რომ ერთი მეორისაგან გაერჩია განდევნილი ლტოლვები და განმდევნელი ძალები.
ახალი კლინიკური ცოდნა, რომელიც ახლა „მე და იგი“– სათვის ყველაზე უშუალო გამოწვევას წარმოადგენს, შეიძლება განისაზღვროს ფართო ტერმინით „ობიექტურ ურთიერთობათა ფსიქოპათოლოგია“. უფრო კლასიკური ხასიათის ნევროზებისგან განსხვავებით, როგორიცაა ობსესიური, კომპულსიური ან ისტერიული ხასიათის ნევროზები, სადაც შინაგანი და გარეგანი ეტიოლოგიური ფაქტორები დამატებით სერიებად ითვლება, აქ ეტიოლოგიური აგენტები შეფასებულია, როგორც ადამიანური გარემოს აქტუალური მარცხი. მიიჩნევა, რომ ინსტინქტისა და მე-ს განვითარების დამუხრუჭება და უკუგანვითარება/რეგრესია მეორეხარისხოვანია და გამოწვეულია ამ დამცველი გარემოს უკმარისობით. უკმარი გარემო შეიძლება იყოს მძლავრი და ცხადი, მაგალითად, მუდმივი და საიმედო დედის უკმარისობა ცხოვრების პირველ და მეორე წლებში; შესაძლოა, მზრუნველი გარემოცვის მარცხმა მიიღოს უფრო რბილი ფორმები, როგორიცაა დედის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის მზარდი დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალობის არმიღება, რაც ხელს უშლის იდენტურობის განცდას და გამოყოფას/სეპარაციას.
არსებობს რამდენიმე ნოზოლოგიური ტერმინი იმ ტიპის პაციენტების აღსაწერად, ვისზეც გაკეთდა ეს ფუნდამენტური დაკვირვებანი. იმის მიუხედავად, რომ ეს სინდრომები ერთმანეთისაგან განსხვავებულია და ჯერ-ჯერობით არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული ფსიქოანალიტიკური ნომენკლატურა, ეს პაციენტები აღწერილია, როგორც შიზოიდური, ან ნარცისული ხასიათის დარღვევების მქონე, ან როგორც მოსაზღვრე შემთხვევები. უფრო ‘კლასიკური’ ნევროტიკისაგან განსხვავებით, ამ პაციენტებს უჭირთ თერაპიული ალიანსის შექმნა, ფროიდის მიერ აღწერილი პაციენტებისგან განსხვავებით, მათ ყოველთვის არა აქვთ განცდა, რომ საკონსულტაციო ოთახში ორი სხვადასხვა ადამიანი იმყოფება. ინტრაფსიქიკური კონფლიქტების გარდა, არსებობს ფუნდამენტური კონფლიქტებიც პიროვნებასა და გარემოს შორის – კონფლიქტები, რომლებსაც ოდესღაც ფროიდი ფსიქოზებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევდა (ფროიდი, 1924). ეს არის ობიექტური ურთიერთობების ახალი განზომილება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული ფროიდის “მე და იგი” – ს მოდელში.
თუ ობიექტური კავშირების საჭიროება ინსტინქტურია, მაშინ სად უნდა იყოს განთავსდებული ეს ინსტინქტები – მე-ში თუ იგი-ში? ფერბერნის აზრით, ისინი მე-ს ინსტინქტებია, ხოლო მე უპირველესად ობიექტის მაძიებელია და არა სიამოვნების მაძიებელი:
ძირითადი კონცეფცია, რომელიც ამგვარი შემთხვევისათვის წამოვაყენე და რომელსაც დღემდე ვიცავ, არის ის, რომ ლიბიდო, პირველ რიგში, ობიექტის მაძიებელია (და არა სიამოვნების, როგორც ეს კლასიკურ თეორიაშია) და სწორეს ობიექტებთან ურთიერთობის დარღვევა უნდა იყოს განვითარებადი მე-ს მთელი ფსიქოპათოლოგიის უმთავრესი გამომწვევი (Fairbairn, 1944p. 82).
შემდეგ ფერბერნმა საკმაოდ ლოგიკურად დაასკვნა, რომ თუ სიმართლეა ის, რომ იმპულსები ვერ იარსებებდნენ მე-ს სტრუქტურის არარსებობის პირობებში, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა რაიმე სახის ფსიქოლოგიური განსხვავების შენარჩუნება იგი– სა და მე– ს შორის.
ფეირბერნის თეორიამ ვერ ჩაანაცვლა “მე და იგი”. ეს იყო მისი წარუმატებელი რევოლუცია. რადგანაც მას თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსთა შორის მცირერიცხოვანი მიმდევარი ჰყავს, შეიძლება ჩაითვალოს, თითქოს მე ვაზვიადებდე მის გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორია წარუმატებელი მეტოქეა, ფერბერნის დასმული კითხვები უპასუხოდ რჩება: რისი შემადგენელი ნაწილია ინსტინქტები, რომლებიც საფუძვლად უდევს ობიექტურ ურთიერთობებს, იგი- ს, თუ მე-ს? რა გავლენას ახდენს ობიექტური ურთიერთობები იგი- ს იმპულსებზე? -თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ანუ თუ ობიექტებთან ურთიერთობის თეორია ვერ ინტეგრირდება “მე და იგი”- ში, თავად ეს უკანასკნელი ვერ გადარჩება, როგორც ფსიქოანალიზის ცენტრალური პარადიგმა. ეს ნაშრომი წარმოადგენს იმის ჩვენების მცდელობას, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი ინტეგრაცია. ადრინდელ კითხვას რომ დავუბრუნდე – მე მჯერა, რომ შეიძლება “მე და იგი”-ს გადახედვა ამ ახალი კლინიკური ფაქტების შესაბამისად; რომ ‘პარადიგმის შენარჩუნება შეიძლება’ და რომ ჯერ არ ვართ სამეცნიერო ანარქიის ან სამეცნიერო რევოლუციის ეტაპზე.
II
თავდაპირველად, ფროიდმა გონების სტრუქტურის ფორმულირება წინააღმდეგობრივი ძალების აღწერის შედეგად მოახდინა. უფრო ფართო გაგებით, წინააღმდეგობრივი ურთიერთობები გარკვეულ კლასიფიკაციურ სქემას წარმოადგენს. ამრიგად, „მე და იგი“ემსახურება ფენომენების სხვადასხვა კლასში განთავსებას: დაიწყო რა გონებისა და გრნობის ძველი გაყოფით, ფროიდმა განასხვავა ენერგიის ორი კატეგორია: რაციონალური მე-ს შეკავებული ენერგია და ირაციონალური მე-ს თავისუფალი ენერგია. გარდა ამისა, მან დაუპირისპირა მე -ს შეფარდებითი ორგანიზაცია იგი- ის “ორთქლის ქვაბის” შედარებით დეზორგანიზაციას. [i] ალბათ, ფროიდის მიერ აღწერილი ყველაზე ფუნდამენტური დაპირისპირება იყო დაპირისპირება, რომელიც წარმოიშვა იმ ფაქტის გამო, რომ მხოლოდ მე-ს აქვს პირდაპირი კონტაქტი გარე სამყაროსთან, ხოლო იგი შემოიფარგლება გონებრივი აპარატის შიდა ნაწილით.
… მე არის იგი-ის ის ნაწილი, რომელიც შეიცვალა გარე სამყაროს პირდაპირი გავლენის შედეგად ქვეცნობიერ-ცნობიერის საშუალებით; ეს არის გარეგანი დიფერენცირების გაფართოება. უფრო მეტიც, მე ცდილობს ისარგებლოს გარე სამყაროს გავლენით იგი-ზე და მის ტენდენციებზე და ცდილობს შეცვალოს რეალობის პრინციპი სიამოვნების პრინციპით, რომელიც იგი-ში შეუზღუდავად ბატონობს. აღქმა მე-სთვის იგივე როლს თამაშობს, რომელსაც იგი- ში ინსტიქტი. მე წარმოადგენს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს გონიერება და საღი აზრი, განსხვავებით იგი-საგან, რომელიც შეიცავს ვნებებს (ფროიდი, 1923 გვ. 25).
აქ ფროიდი მე-ს იგი-საგან დიფერენცირებას საფუძვლად უდებს ბიოლოგიურ განსხვავებას ინდივიდსა და სახეობას შორის. თუ მე წარმოიქმნება იგი- ისა და გარე სამყაროს ურთიერთქმედების შედეგად, მე, როგორც ფოლიკულა, იგი-ს ედება და ასახავს ინდივიდუალურ გამოცდილებას, ხოლო იგი, როგორც ინსტინქტების საცავი, შეიცავს ევოლუციის პროცესში სახეობის მიერ შეძენილ გამოცდილებას. (ის ფაქტი, რომ ფროიდს სწამდა მემკვიდრეობის ლამარკისეული მეთოდების, არ მცირებს ამ ფუნდამენტურ განსხვავებას. თავიდან ისე ჩანს, რომ მე-ს პირადი გამოცდილება დაიკარგა მემკვიდრეობით გადაცემისათვის; მაგრამ, როდესაც ისინი საკმაო სიხშირით და საკმარისი სიძლიერით მეორდება სხვადასხვა თაობაში, ისინი გარდაიქმნებიან ასე ვთქვათ, იგი-ს გამოცდილებად, რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემა (ფროიდი, 1923 გვ. 38).
თუმცა სამწუხაროდ, როგორც მეცნიერებათა უმეტესობაში ხდება, თეორიული ხედვის საწყისი სიცხადე შემდგომი ცოდნის დაგროვების შედეგად შეიძლება ბუნდოვანი გახდეს. მე -ს ფროიდისეული აღწერა, როგორც ინდივიდუალური გამოცდილების შედეგად წარმოქმნილი პლასტიკური ორგანოსი, ბუნდოვანი გახდა ჰარტმანის (1939) ზოგადი წვლილის მიღებით, რომელშიც მე ნაწილობრივ ავტონომიურია, რადგან იგი შეიცავს გარემოსთან ადაპტაციის გარკვეულ, წინასწარ სტრუქტურირებულ, ბიოლოგიურად მოცემულ უნარებს. სამწუხაროდ, მე-ს შესახებ ჩვენი ცოდნის უფრო დახვეწამ შეარყია ფროიდის ადრინდელი სამმხრივი მოდელის მშვენიერი სიმარტივე. აღარ შეიძლება არსებობდეს ბიოლოგიური კატეგორიების მკვეთრი დიფერენციაცია: იგი– სთვის მემკვიდრეობით მიღებულის მიცემა და მე –სთვის იმის მიკუთვნება, რაც ძირითადად ”შემთხვევითი და აჟამინდელი მოვლენების შედეგად” ჩამოყალიბდა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, მე-ს კონცეფციის გაფართოება იგი-ის ცნების ხარჯზე, ასე რომ, ახლა მრავალი ფსიქოანალიტიკოსისთვის იგი-ს კონცეფციას საკმარისი შინაარსი არ გააჩნია ( მარკოვიცი, 1963); (ჰეიმანი, 1969).
ადრინდელ მოდელში მოცემული იყო ყველაზე ფუნდამენტური და შორს მიმავალი განსხვავებები, რომლებიც გამოაცალკევებდნენ ყველა სახეობისათვის არსებულ საერთო გონებრივ სტრუქტურებს მათგან, რომლებიც თავად ადამიანმა შექმნა კულტურის მეშვეობით. ჰარტმანმა დამაჯერებლად დაგვისაბუთა, რომ ის არ ცდება, რომ მე, უბრალოდ, შემთხვევით არ ყალიბდება თავიდან თითოეულ ინდივიდში.
ინდივიდი არ იძენს ყველა იმ აპარატს, რომელიც მე -ს ემსახურება განვითარების პროცესში: აღქმა, მოძრაობა, ინტელექტი და სხვა კონსტიტუციური მოცემულობანი (Hartmann, 1939p. 101).
რაპაპორტმა (1958) გააფართოვა მე -ს ავტონომიის აღწერა და ჩაამატა “მეხსიერების აპარატი, მოტივაციის აპარატი, კონცეპტუალური აპარატი და ზღურბლური აპარატები, მათ შორის აღგზნების ზღურბლისა და აფექტის განმუხტვისა”. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მე-ს ეს ბიოლოგიურად განსაზღვრული ფუნქციები არა არის ინსტინქტების ანალოგიური, არამედ უფრო ფიზიოლოგიური მარეგულირებელი მექანიზმების ანალოგიურია. ისინი არ არიან ინსტინქტები, რადგან ისინი არ წარმოდგენენ მძლავრ მოტივაციურ ძალებს. ამ მიზეზით, ჰარტმანის წვლილს, მიუხედავად იმისა, რომ მან „მე და იგი“- ს მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია მოახდინა, არ შეუქმნია საფრთხე პარადიგმისათვის, მაგრამ მან შეზღუდა პარადიგმით, როგორც საკლასიფიკაციო სქემით სარგებლობა, რადგან მე იგი-ზე არანაკლებ სახეობის იმ გამოცდილებით იქმნება, რაც ევოლუციური პროცესის შედეგად გადაეცემა. აღარ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი ფილოგენეტიკურად ან ონტოგენეტიკურად მეზე ადრეულია. ჰარტმანის წვლილმა გამოიწვია მესა და იგი-ს ახლებური გააზრება, რომელიც არადიფერენცირებული ფაზიდან წარმოიქმნა (Hartmann et al., 1946).
ახლა ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ფროიდმა, როგორც ჩანს, შეცვალა თავისი შეხედულება მე ზე თავის ნაშრომში „ანალიზი – დასრულებადი და უსასრულო“ (”Analysis Terminable and Interminable”), სადაც მან ასევე მიუთითა არადიფერენცირებულ ფაზაზე:
მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ თავდაპირველად იგი და მე ერთიანია; ეს არ ნიშნავს მემკვიდრეობითობის მისტიკურ ზეშეფასებას, თუ სარწმუნოდ მიგვაჩნია, რომ მე-ს არსებობამდე უკვე ჩამოყალიბებულია მისი განვითარების მიმართულებები, ტენდენციები და რეაქციები, რომლებიც შემდგომში გამოვლინდება (ფროიდი, 1937 გვ. 240) .
მაგრამ არსებობს გარკვეული კითხვა- შეცვალა თუ არა ფროიდმა თავისი ადრინდელ შეხედულება მე -ზე. როგორც ჩანს, “ნარკვევებში” (1940) ფროიდი დაუბრუნდა თავდაპირველ ფორმულირებას:
გონების სხვა სააგენტო, რომელიც – გვჯერა, რომ ყველაზე კარგად ვიცით და რომელშიც საკუთარ თავს ყველაზე ადვილად ვცნობთ – რომელსაც მე-ს უწოდებენ, შეიქმნა იგი-ს კორტიკალური შრისგან და სტიმულების აღქმისა და გათიშვის ადაპტირების გზით, პირდაპირ კავშირშია გარე სამყაროსთან (რეალობასთან). ცნობიერი აღქმიდან გამომდინარე, ის გავლენას ახდენს იგი-ს უფრო და უფრო დიდ და უფრო ღრმა ფენებზე, და იმ დაჟინებით, რომლითაც ის ინარჩუნებს დამოკიდებულებას გარე სამყაროზე, თავისი წარმომავლობის წარუშლელ ბეჭედს ატარებს (როგორიცაა, მაგალითად, „დამზადებულია გერმანიაში’) (ფროიდი, 1940 გვ. 198).
ფროიდი ამბობს:
”ჩვენ არაერთხელ მოგვიწია იმის დაჟინებით მტკიცება, რომ მე-ს წარმომავლობას და მის უმნიშვნელოვანეს შეძენილ მახასიათებლებს განაპირობებს გარე სამყაროსთან მისი ურთიერთობა.
როგორც ჩანს, ფროიდის საბოლოო პოზიცია ისაა, რომ იგი ნამდვილად ცნობს მე-ს მემკვიდრეობით მახასიათებლებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე მე-ს შეძენილი მახასიათებლები(Freud, 1940p. 201).
III
პიროვნების ინსტინქტური მოთხოვნების რეგულირების მხრივ მე -ს შედარებითი სიძლიერე ფროიდმა გამოხატა თავისი ცნობილი მეტაფორით ცხენზე ამხედრებული ადამიანის შესახებ, თუ ვინ უნდა მართავდეს ცხენის უპირატეს ძალას – იმ განსხვავებით, რომ მხედარი ამას საკუთარი ძალებით ცდილობს, ხოლო მე ნასესხებ ძალებს იყენებს. ანალოგია შეიძლება ცოტა უფრო შორს წავიდეს. ხშირად მხედარი, თუ მას არ უნდა თავის ცხენთან განშორება, იძულებულია ის იქით წაიყვანოს, საითაც ცხენს სურს წასვლა; ასევე მე-საც აქვს ჩვევა – იგი-ს ნებას მოქმედებად ისე გადააქცევს, თითქოსდა ეს მისი საკუთარი სურვილი ყოფილიყოს (ფროიდი, 1923 გვ. 25).
კლინიკური პროცესი, რომელიც ამ მეტაფორას დამატებით შინაარსს აძლევს, იდენტიფიკაციაა. სწორედ იდენტიფიკაციის საშუალებით ახერხებს მე ძალაუფლების მოპოვებას იგი-ზე და მისი მოთხოვნის შემსუბუქებას. ამის ნათელ მაგალითად ფროიდს მოყავს ზემე-ს, როგორც ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრის, ფორმირება. ოიდიპოსის კომპლექსის ინტენსიური ინსტინქტური მოთხოვნები მოდულირდება, ანუ ნაწილობრივ დექსექსუალიზირებულია ან სუბლიმირდება ორივე მშობელთან იდენტიფიკაციის რთული წყობით. ფროიდი ამას შემდეგნაირად აჯამებს:
ოიდიპოსის კომპლექსის მიერ დომინირებული სექსუალური ფაზის ფართო ზოგად შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მე-ს ნალექის ფორმირება, რომელიც შედგება ამ ორი იდენტიფიკაციისგან, რაც გარკვეულწილად ერთმანეთთანაა გაერთიანებული. მე-ს მოდიფიკაცია ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ პოზიციას; იგი მე-ს სხვა შინაარსებს – მე-იდეალს ან ზემეს უპირისპირდება (ფროიდი, 1923 გვ. 34).
ფროიდის ვარაუდით: ეს იდენტიფიკაცია შეიძლება ერთადერთი პირობა იყოს, რომლის დროსაც იგი დათმობს თავის ობიექტებს (1923 გვ. 29)
ახლა უკვე მიღებული და უდავო ფაქტია, რომ ამგვარი იდენტიფიკაციები ხდება არა მხოლოდ ოიდიპალურ პერიოდში, არამედ პრეოიდეპალურ პერიოდშიც. გარდა ამისა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადრინდელი იდენტიფიკაციები, პირველ რიგში, დედასთან, ორივე სქესის პირველად საყვარელ ობიექტებთან არის გადატანილი არა მხოლოდ ზემე ში, ასევე მე-ში, ან უფრო ზუსტად, როგორც შემდგომში განვიხილავთ, სელფში (Jacobson, 1964) მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი (1923) აღწერს პირველ რიგში ზემე-ს იდენტიფიკაციებს, სრულიად თანმიმდევრული იქნება მე-ს იდენტიფიკაციების გათვალისწინებაც. მან თავად განასხვავა ისინი იდენტიფიკაციების განხილვისას (ფროიდი, 1921). ამასთან, ფროიდი ყოველთვის მკვეთრად არ განასხვავებდა მე-ს იდენტიფიკაციებს, რომლებიც მოიცავს სელფის განცდას, ან, როგორც ახლა ჩვენ მას ვუწოდებთ, იდენტურობის გრძნობას, ტერმინისაგან მე, რომელიც სისტემის აღმნიშვნელია.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები ობიექტურ ურთიერთობებში, ასევე დარღვეული აქვთ იდენტობის განცდაც. ამ კლინიკურმა ფაქტმა ანალიტიკოსების დიდი ყურადღება მიიქცია ბოლო 20 წლის განმავლობაში და, შესაბამისად, ამ სფეროში დიდძალი ლიტერატურა არსებობს. ეს არ არის, როგორც ვთქვით, ის თემა, რომელიც ფროიდმა განიხილა 1923 წელს მე და იგი-ში.
მოსაზღვრე და ნარცისული ხასიათის აშლილობების შესწავლამ (შიზოიდური აშლილობები, ძველ ინგლისურ ლიტერატურაში: იხ. Fairbairn, 1940); (მოდელი, 1963); (კერნბერგი, 1967); (კოჰუტი, 1971) დაადასტურა ფროიდის ცენტრალური თეზისი, რომ იდენტიფიკაცია ემსახურება ინსტინქტური მოთხოვნების ძალის შემცირებას. მოსაზღვრე პაციენტების შემთხვევაში შეგვიძლია დავაკვირდეთ იდენტიფიკაციის პროცესის შეუმდგარობას, ამ პროცესის ჩავარდნას, რაღაცის გაგების უუნარობას (იხილეთ Modell, 1968). ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს უკმარისობა მიმდინარეობს პრეოიდიპურ პერიოდში და იწვევს ‘კარგ’ დედასთან იდენტიფიკაციის შეუმდგარობას. მაგრამ იდენტიფიკაციის ამ პრობლემამ შეიძლება ასევე მოიცვას მამა და გამოიწვიოს შედარებით დეფექტური ზემე-ს ფორმირება არაცნობიერი დანაშაულის განცდის უზომოდ დიდი რაოდენობით (Modell, 1971). მიუხედავად იმისა, რომ მამასთან იდენტიფიკაციის უკმარისობა წარმოადგენს უფრო საკამათო დაკვირვებას, დედის იდენტიფიკაციის უკმარისობა ფართოდ შეინიშნებოდა და ის შეიძლება მივიღოთ, როგორც უდავო კლინიკური დაკვირვება, მიუხედავად თეორიული ფორმულირებების მრავალფეროვნებისა. ეს დაკვირვებები ადასტურებს ფროიდის პროგნოზს, რომ იდენტიფიკაციის უკმარისობა გამოიწვევს ინსტიქტური მოთხოვნების სუბლმირების უნარის უკმარისობას. მოსაზღვრე პაციენტი ავლენს ძლიერ ამბივალენტურობას და უჭირს ინსტინქტური მოთხოვნილებების ინსტინქტური სურვილებისაგან გარჩევა. სიბრაზისა და სიყვარულის აფექტები ისეთი ინტენსივობით განიცდება, რომ განადგურების განცდას იწვევს (იხ. Zetzel, 1965). როგორც ჩანს, ლტოლვათა/აფექტთა განმუხტვის ზღურბლი რომლებიც რაპაპორტის აზრით, როგორც მე-ს ავტონომიური ფუნქციები, შეიძლება შეიცვალოს იდენტიფიკაციის პროცესის ამ ნაწილობრივი მოშლის გამო.
ამ კვლევების მიხედვით, “კარგი” იდენტიფიკაცია რომ მოხდეს, რაღაც უნდა იყოს გათვალისწინებული მზრუნველი გარემოცვის მიერ, ანუ უნდა არსებობდეს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ობიექტური ურთიერთობები (Winnicott, 1960), (1962). კლინიკური ცოდნის ეს სფერო ფროიდისთვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ კლინიკურ დაკვირვებებს, რომლებიც გვიჩვენებენ გარემოსთან მორგების აუცილებლობას, ანუ ვინიკოტის ტერმინებში, საკმარისად კარგი ობიექტური ურთერთობების აუცილებლობას, მივყავართ ობიექტურ კავშირებსა და ინსტინქტებს შორის არსებული პრობლემის არსთან.
შეიძლება გაჩნდეს საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ იდენტიფიკაციის ჩამოყალიბების უუნარობა არ უდრის ობიექტურ ურთიერთობებზე უარს, რადგან ვერ ვიტყვით, რომ მოსაზღვრე პაციენტებში იდენტიფიკაცია არ არსებობს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ადამიანი, რომლის მე და ზემე დაცლილი ყოფილიყოს იდენტიფიკაციებისაგან. ამასთან, თუ უფრო დაკვირვებით შევისწავლით მოსაზღვრე პაციენტების იდენტიფიკაციებს, შევნიშნავთ, რომ ისინი შემოიფარგლებიან იდენტიფიკაციებით სუბიექტის მიერ შექმნილ ობიექტთან ან ობიექტის ნეგატიურ ასპექტებთან. სუბიექტის მიერ შექმნილი ობიექტის ყველაზე ნათელი მაგალითია სუბიექტის იდენტიფიკაცია მშობლების ფანტაზირებულ ყოვლისშემძლეობასთან, როგორც მისი დადებითი, ასევე უარყოფითი ფორმებით. იდენტიფიკაცია ობიექტის ნეგატიურ ასპექტებთან სულაც არ არის შექმნილი სუბიექტის მიერ, არამედ წარმოადგენს იდენტიფიკაციას, რომელიც ემსახურება ფუნდამენტურ თავდაცვით მიზნებს და არ გამოიყენება ინსტიქტის სუბლიმირების პროცესში. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ანა ფროიდის (1936) დაკვირვება ბავშვის იდენტიფიკაციაზე აგრესორთან, სადაც ბავშვი ხდება საშიში – და არა შეშინებული. უარყოფით თვისებებთან ამგვარი იდენტიფიკაცია ასევე დამახასიათებელია დეპრესიული დაავადებებისათვის; თითქოს ადამიანი ამბობს: ‘მე ჩემი მშობლების კეთილშობილების რწმენას შევინარჩუნებ, თუ ჩემს თავზე ავიღებ მათ ბოროტებას“.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ შემდეგი: მე- ს შეუძლია კონტროლი მოიპოვოს იგი-ს ინსტინქტებზე „კარგ “ ობიექტებთან იდენტიფიკაციის გზით. ეს იდენტიფიკაცია, თავის მხრივ, მოითხოვს იმასთან შეგუებას, რაც უზრუნველყოფილია ადამიანური გარემოს მიერ, ანუ ‘საკმარისად კარგი’ ობიექტური ურთიერთობების დამყარებას.
IV
თუ ობიექტის (არსებობის) მოთხოვნილება ინსტინქტის მუშაობას ასახავს, [ii] მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ აქ ინსტინქტის კონცეფცია საკმაოდ განსხვავდება ფროიდისეული ტერმინის გამოყენებისგან. როგორც ფროიდმა (1915) თქვა, ინსტიქტი წარმოადგენს ბიოლოგიურ და არა პირველ რიგში ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას; ამ გაგებით, ფსიქოანალიზი კვლავ ბიოლოგიაზეა დამოკიდებული. ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა ფსიქოანალიზის სხვა მეცნიერებებთან ურთიერთობის მხრივ: ზოგიერთებმა უკიდურესი პოზიციები დაიკავეს; ერთნი (Peterfreund, 1971) ფსიქოანალიზს ბიოლოგიის დარგად მიიჩნევენ და მას ბიოლოგიაზე დამოკიდებულად თვლიან. სხვები (Loewald, 1971), ვისაც სურს ფსიქოანალიზი სრულიად თვითკმარი იხილოს, მას ცალკე მდგომ მეცნიერებად თვლიან. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება იმ მეცნიერებებს შორის, რომლებიც თვითკმარია, განვითარებისათის სხვა მეცნიერება არ ჭირდებათ და დაკვირვების სფერო შეზღუდული აქვთ და იმ მეცნიერებებს შორის, ვისი დაკვირვების სფეროც შეუზღუდავია. ერთადერთი შეზღუდული მეცნიერება ფიზიკაა. მეცნიერებათა უმეტესობა შეუზღუდავია იმ თვალსაზრისით, რომ მკვლევარი მზად უნდა იყოს ნებისმიერ სხვა მეცნიერებაში გაყვეს პრობლემების კვალს (Pantin, 1968). მეცნიერებამ შეიძლება გამოიყენოს ცოდნის სხვა დარგების მონაცემები და მაინც უნიკალური დარჩეს. მე ვთვლი, რომ ეს ფსიქოანალიზსაც ეხება, რადგან ის ეყრდნობა როგორც ბიოლოგიას, ასევე სოციალურ მეცნიერებებს, მაგრამ მისი ფუნდამენტური მონაცემები მომდინარეობს ფსიქოანალიტიკური სიტუაციიდან, დაკვირვების უნიკალური ველიდან. ამიტომ ბიოლოგიის დასკვნები ფსიქოანალიტიკური ცოდნის სპეციალურ კონტექსტში უნდა მოთავსდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვარაუდით, ინსტინქტის ევოლუცია უწყვეტია, ადამიანის ინსტიქტურ ცხოვრებაში არის ელემენტები, რომლებიც მას დაბალგანვითარებულ ცხოველებთან საერთო აქვს. ბიოლოგიაც გვიჩვენებს, რომ ინსტინქტები სპეციფიკურია სახეობებისთვის – რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანის ინსტიქტური ცხოვრება შეიძლება უნიკალური იყოს. ეს ფაქტი აღიარეს ფროიდის ინგლისელმა თარჯიმნებმა, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ გამოეყენებინათ ტერმინი “ინსტინქტუალური” ადამიანის ინსტინქტების აღსანიშნავად და შეინარჩუნონ ტერმინი “ინსტიქტური” სხვა ცხოველების ინსტინქტებისთვის.
ბიოლოგიის და ფსიქოანალიზის ურთიერთობის ეს მოკლე განხილვა საჭირო იყო, რადგან ობიექტური კავშირების ინსტინქტურმა ხასიათმა მნიშვნელოვანი დადასტურება მიიღო ბოლოდროინდელი ეთიოლოგიური კვლევების შედეგად. ფსიქოანალიზში ამ მოსაზრების მთავარი წარმომადგენელი ბოულბი იყო (1969). სამწუხაროდ, ბოულბიმ ბიჰევიორისტი მეცნიერის პოზიცია აირჩია და უგულებელყო ინსტინქტუალურისა და ინსტინქტურის განსხვავება, თითქოს ადამიანი უბრალოდ სხვა სახეობა ყოფილიყოს, რომელსაც გარედან დააკვირდნენ (მსგავსი კრიტიკისთვის იხ. A. Freud et al., 1960); (Engel, 1971) ამ ეპისტომოლოგიური შეცდომის გამო, მისი ნამუშევრები ფსიქოანალიტიკოსების უმეტესობისთვის მიუღებელი რჩება და ამ კრიტიკის გამო ყურადღება მოაკლდა ბოულბის ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს – ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტური საფუძველის დემონსტრირებას.
V
ფროიდს „მე და იგი’-ში გამოყენებული აქვს ინსტიქტის ცნება, რომელიც ძირითადად უკვე შემუშავებული ჰქონდა ნაშრომში ”ინსტინქტები და მათი ბედისწერა” (ფროიდი, 1915). ინსტინქტი განიხილებოდა, როგორც გონებაზე ზემომქმედი სტიმული. ეს არის ორგანიზმში წარმოქმნილი ფიზიოლოგიური წყარო, რომელიც ახდენს ზეწოლას გონებაზე, ანუ ეს მოთხოვნაა, რომ იმუშაოს. ინსტინქტს აქვს დანიშნულება და მიზანი: ”მიაღწიოს დაკმაყოფილებას აღგზნების მდგომარეობის მოხსნით” (იხ. აგრეთვე Schur, 1966 გვ. 43). იგი-ს ინსტინქტების არსებითი თვისებები ისაა, რომ ისინი წარმოიქმნება ორგანიზმის შიგნით, რომ დაკმაყოფილება გულისხმობს განმუხტვის გარკვეულ ფორმას. ეს ეხება როგორც სექსუალურ, ისე აგრესიულ ინსტინქტებს. იგი-ს ინსტინქტებისგან განსხვავებით, ობიექტურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ინსტინქტები უფრო მშვიდია. ობიექტურ ურთიერთობათა ინსტინქტთან დაკავშირებით რთულია საუბარი რაღაც კონკრეტულ ფიზიოლოგიურ წყაროზე, ისევე როგორც ორგანიზმში წარმოქმნილ ინსტიქტებზე. ინსტინქტების დაკმაყოფილების სტიმული ორგანიზმიდან კი არ მოდის, არამედ გარემოდან; ინსტინქტის დაკმაყოფილება მოითხოვს გარკვეულ მორგებას სხვა პირების სპეციფიკურ რეაგირებაზე. გარემოსაგან იზოლირებული ინდივიდუალური ფსიქიკური აპარატის მოდელი არის მოდელი, რომელიც არ მიესადაგება იმ მე-ინსტიქტებს, რომლებიც ობიექტური ურთიერთობების ფორმირებას ემსახურება. [iii] ეს მოდელი პროცესის და ურთიერთქმედების მოდელია და არა განმუხტვისა (ეს იდეა გააკრიტიკა მოძრაობამ, რომელსაც ზოგადი სისტემების თეორია ეწოდა (იხ. ფონ ბერტალანფი, 1968); ეს არის შეხედულება ორგანიზმზე მის ჩვეულ გარემოში. ეს მოსაზრება ძირითადად ემყარება დაკვირვებას ადრეულ ობიექტურ ურთიერთობაზე და ჩვილს და მის დედას ეხება. როგორც ვინიკოტმა თქვა, ჩვილი და დედა ერთ მთლიანობას ქმნიან; არ არსებობს ცალკე ჩვილი, როგორც ასეთი (1960 გვ. 39).
ობიექტური ურთიერთობების მე-ინსტინქტების არსებობა არ უარყოფს ფროიდის მიერ აღწერილ პიროვნების ინსტინქტების არსებობას. მე გთავაზობთ ინსტიქტთა ორი ტრანსცენდენტული კლასის არსებობას, რომლებიც შეესაბამება მე-სა და იგი-ს დაყოფას. მე ვამბობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ იგი-ს კონცეფცია, როგორც ფროიდისეული ორმაგი ინსტინქტის თეორიის ლოკუსი – იმ ინსტინქტებისა, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში და მიზნად ისახავენ დაძაბულობის შემცირებას. რადგან მე, იგი – სგან განსხვავებით, გონების ერთადერთი ნაწილია გარემოსთან კონტაქტში, ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტების ლოკუსი უნდა განთავსდეს მე-ში. ეს ფორმულირება ინარჩუნებს ფროიდის ფუნდამენტურ განსხვავებას მე-სა და იგი-ს შორის. ამ თვალსაზრისით, მე ვთვლი, რომ ფერბერნი არსებითად მართალი იყო, რომ მე ობიექტის მაძიებელია და არა სიამოვნების მაძიებელი, მაგრამ იგი – ს ინსტინქტების არსებობის უარყოფამ ხელი შეუშალა ფერბერნს რომ მისი ძირითადი წვლილი მიეღოთ. რადგანაც ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტები გარემოში რაღაცას უნდა მოერგონ, ისინი გონების იმ ნაწილს უნდა მივაკეთვნოთ, რომელიც გარე სამყაროზეა ორიენტირებული, ანუ მე-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აუცილებლობის გამო გამოვიყენეთ ტერმინი „მე ინსტინქტები“, ეს არ უნდა აგვერიოს ამ ტერმინის ადრეულ, ფროიდისეულ გამოყენებაში, რომელიც აღნიშნავდა თვითგადარჩენის ინსტიქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სექსუალურ ინსტინქტებს (იხ. Bibring, 1936). მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტები, თავისთავად, აუცილებელია პიროვნების შენარჩუნებისთვის, როგორც შპიცმა აჩვენა, ისინი ამ მიზეზით არ უნდა აგვერიოს თვითგადარჩენის ერთიანი ინსტიქტის ძველ ცნებასთან.
VI
მას შემდეგ, რაც დავადგინეთ, რომ არსებობს ინსტიქტთა ორი ტრანსცენდენტული კლასი, ჩვენ დამატებით უნდა შევისწავლოთ ინსტიქტთა ამ ორი კლასის ურთიერთობა. ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა და ფსიქოანალიტიკოსის ცოდნა, რომელიც უშუალოდ ფსიქოანალიტიკური სიტუაციიდან არის მიღებული, მიგვანიშნებს, რომ ობიექტური ურთიერთობები ქმნის იგი-ს ინსტინქტებისათვის ნორმალურ განვითარების გარემოს. როგორც ვთქვით, ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტები, იგი-ს ინსტინქტებისგან განსხვავებით, მშვიდად მოქმედებენ. ნორმალური განვითარებისას ისინი აღიქმებიან, როგორც თავისთავად არსებული და მათ შესახებ მხოლოდ ფსიქოპათოლოგიიდან ვიგებთ. ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ გადატანის გარდა, ანალიტიკოსსა და მის პაციენტს შორის არსებობს რეალური ობიექტური კავშირი (იხ. გიტელსონი, 1962); (ქვა, 1961); (Greenson & Wexler, 1969), (1970); (Zetzel, 1970). “რეალური” ობიექტური ურთიერთობების მნიშვნელობა პირდაპირპროპორციულია იმ დანაკარგის ხარისხთან, რომელსაც პაციენტი განიცდიდა ობიექტურ ურთიერთობებში თავისი განვითარების დროს. როდესაც პირადი დანაკარგი მინიმალურია, ეს რეალური ურთიერთობა შეიძლება მიღებულ იქნეს თავისთავად და შესაბამისად, თერაპიული კავშირი შეიძლება დამყარდეს ზედმეტი სირთულის გარეშე. ეს შეესაბამება “კარგად შერჩეული” ან “იდეალური” ანალიტიკური პაციენტის მდგომარეობას. ადამიანების უმეტესობა გარკვეულწილად რაღაც კუთხით გადახრილია ამ იდეალიდან.
ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან გამოჩნდა, რომ თავად ანალიტიკური ურთიერთობები ყველაზე სიღრმისეულ არაცნობიერ დონეზე წარმოადგენს, ვინიკოტის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დედისეულ მხარდამჭერ გარემოს” (იხ. აგრეთვე გიტელსონი, 1962). ჩვენ ვისწავლეთ, რომ აუცილებელია თავი შევიკავოთ იგი-ს ინსტინქტების ნებისმიერი დაკმაყოფილებისგან ფსიქოანალიზის პროცესში. ამასთან, თავშეკავების ეს წესი არ ვრცელდება ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტებზე. აქ, განმუხტვის მაძიებელ ინსტინქტთაგან განსხვავებით, თავად დაკმაყოფილება დუმს. იმ შემთხვევებში, სადაც აღინიშნებოდა აშკარა დეპრივაცია/ უკმარობა, ანალიტიკური სიტუაციიდან ამ გზით მიღებული დაკმაყოფილება, როგორც ჩანს, სხვა ყველა დანარჩენზე უპირატესია. ჩვენთვის ცნობილია ანალიზის საწყისი პერიოდი, როდესაც არაფერი ხდება, თერაპიული ალიანსი მინიმალურია და, როგორც ჩანს, ანალიზის მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. რეტროსპექტულად ვიგებთ, რომ ანალიტიკური ურთიერთობა თავისთავად მხარდამჭერი გარემოა, რაც უზრუნველყოფს ანალიტიკოსის პიროვნების მუდმივობისა და საიმედოობის დადასტურებას. მიმდინარეობს ინსტინქტური დაკმაყოფილების უსიტყვო პროცესი. ზოგიერთ პაციენტთან, მაგალითად, მოსაზღვრე შემთხვევებში, ეს პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გრძელდებოდეს: სხვა პაციენტების შემთხვევაში ეს მხოლოდ ანალიზის დასაწყისში ხდება; ”იდეალურ შემთხვევაში” ის შეიძლება არც არსებობდეს.
წარმატების შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩუმი პროცესი იწვევს „კარგ“ ობიექტთან იდენტიფიკაციას. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ამ იდენტიფიკაციისთვის საჭიროა, რომ ადამიანურმა გარემომ მოახდინოს რაღაცის უზრუნველყოფა: უნდა მოხდეს მორგება რაღაცასთან, რასაც სხვა პირი იძლევა.
ობიექტური ურთიერთობების განვითარება აუცილებელი წინაპირობაა იგი-ს ინსტინქტების შერბილებისა ან სუბლიმაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ლოვალდს (1971) არ შემოუთავაზებია ინსტიქტთა ეს ორი სხვადასხვა კლასი, მან თქვა ის, რაც ახლოს არის ჩვენს პოზიციასთან: ”ინსტინქტები, რომლებიც გაგებულია, როგორც ფსიქიკური, მოტივაციური ძალები, ორგანიზდებიან ურთიერთქმედების გზით ფსიქიკურ ველში, რომელიც თავდაპირველად შედგებოდა დედისა და -ჩვილის ფსიქიური კავშირისაგან ”(გვ. 118) . [iv] თუმცა, მე არ შევზღუდავდი ობიექტური ურთიერთობების განხილვას მხოლოდ ყველაზე ადრეულით- ჩვილისა და მისი დედის ობიექტური ურთერთობებით. ჩვენ უნდა დავამატოთ შემდგომი ეტაპებიც, რაც მოიცავს როგორც მამობრივ, ასევე დედობრივ ობიექტებს. რადგან, როგორც ადრევე აღვნიშნე (Modell, 1968), (1971 მამასთან ობიექტურ ურთერთობებს, როგორც ფროიდიც ვარაუდობდა, შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს ზემეს ფორმირებისათვის.
VII
ჩვენ ზოგადად ვსაუბრობდით გარემოსთან მორგებაზე და ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტური დაკმაყოფილების პროცესებზე, რომლებიც უხმაუროდ მიმდინარეობს. ახლა ეს პროცესი უფრო კონკრეტულად და უფრო ზუსტად უნდა განვიხილოთ. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ეს არის პროცესები, რომლებიც ნორმალური განვითარებისას თავისთავად იგულისხმება და მათი შესწავლა მხოლოდ ფსიქოპათოლოგიის საშუალებით არის შესაძლებელი. როგორც ჩანს, არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ გარდა პირველი ობიექტის საიმედოობისა და მუდმივობისა, დედის ობიექტს უნდა შეეძლოს შესაბამის დროს გარკვეული ზომის შეზღუდვების შემოტანა. ვინიკოტი ამას შემდეგნაირად აღწერს: (Winnicott, 1956 გვ. 304): დედასა და ჩვილს შორის არსებობს მე -კავშირი, რომლისგანაც დედა გამოკეთდება და რისგანაც ახალშობილ თანდათანობით ააგებს წარმოდგენას დედის პიროვნების შესახებ. ამ კუთხიდან დედის, როგორც პიროვნების აღიარება მიმდინარეობს პოზიტიური გზით, ნორმალურად და არა დედის, როგორც იმედგაცრუების სიმბოლოს გამოცდილებით. თუ დედა ვერ მოახერხებს ყველაზე ადრეულ ფაზასთან მორგებას, ეს არაფერს მოგვცემს ჩვილის სელფის განადგურების გარდა.
მალერმა ეს პროცესი აღწერა, როგორც სიმბიოტიკური ეტაპიდან ინდივიდუაციის ეტაპზე გადასვლა (მალერი, 1967); (იხ. აგრეთვე პოლოკი, 1964). ტერმინი “სიმბიოზი” ხაზს უსვამს ჩვილისა და დედის ბმის ინსტინქტურ ხასიათს, მაგრამ, ვფიქრობ, ამას შეცდომაში შევყავართ, რადგან ეს მოთხოვნილებების ტოლფასობას გულისხმობს.
საკმარისად კარგ ობიექტურ ურთიერთობებს არა მხოლოდ მე-ს მიერ იგი-ს კონტროლისკენ მივყავართ, არამედ აუცილებელია თავად მე-ს სპეციალური სტრუქტურის – საკუთარი თავის/სელფის განცდის ან იდენტურობის განცდის ფორმირებისათვის. განვითარების პროცესში ბავშვი დედაზეა დამოკიდებული საკუთარი უნიკალურობის განცდის გამო. იდენტობის ყველაზე ადრეული განცდა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის იმ განცდამ, რომელიც აღიქვამს მისკენ საპასუხოთ მიმართული დედის სახეს (შპიცი, 1945).
ეს პროცესი – ინდივიდუაციის აღიარება და მხარდაჭერა განსხვავდება ობიექტის საიმედოობისა და თანმიმდევრულობისგან. როდესაც ყველაფერი კარგად არის, ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეუმჩნეველი რჩება. თუ დედას არ აქვს უნარი, რომ მიიღოს ბავშვის გამოყოფა და ინდივიდუალობა, ამით მან შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვის დედასთან პირველადი და არა მეორადი იდენტიფიკაციის განვითარებას. ეს ჩანს ნარცისული ხასიათის გარკვეული დარღვევების დროს, სადაც ინდივიდუალურობის განცდა იშლება, როგორც შედეგი დედის ობიექტთან ტოტალური და არა ნაწილობრივი იდენტიფიკაციისა. დედის ობიექტთან სრულმა იდენტიფიკაციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს აფექტური გამოხატვის გარკვეული ” სიყალბე ”, რაც Deutsch- ის (1942) მიერ აღწერილია როგორც AS IF ”ვითომ- ვითომ ” პიროვნების მდგომარეობაა და ვინიკოტისეული ” ცრუ მეს ” ჩამოყალიბება. (იხ. აგრეთვე მალერი, 1967); (ხან, 1971). დედის უუნარობა, რომ მიიღოს შვილის სეპარაცია და უნიკალურობა, შეიძლება განმეორდეს გადატანაში როლების გადანაცვლებით. აქ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს ანალიტიკოსის ინდივიდუალურობა და უნიკალურობა და არ სჯერა, რომ რამით განსხვავდება მისგან. კოჰუტმა (1971) ეს აღწერა, როგორც ”სარკისებრი გადატანა”.
ინდივიდუაციის ხელშეწყობა ობიექტური კავშირის საშუალებით შეიძლება უთქმელად განმეორდეს ანალიტიკურ პროცესში. ანალიტიკოსის მიერ პაციენტის (ბუბერის ტერმინებში) აღქმამ, როგორც ”შენ”, შეიძლება ისეთი კმაყოფილება გამოიწვიოს, რაც არ ყოფილა ადრეული განვითარების დროს. ერიქსონის წვლილი მოზარდობის ასაკში იდენტურობის განცდის რესტრუქტურიზაციაში კარგად არის ცნობილი. ეს ეხება ანალოგურ პროცესს, სადაც დედასა და შვილს შორის ინსტინქტური კავშირის ნაცვლად, თანატოლთა ჯგუფი იღებს დედის როლს იდენტობის გადაცემით.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, “მე და იგი”-ში არ არსებობდა . იდენტურობისა და სელფ-რეპრეზენტაციის ცნება. ჰარტმანმა გვაჩვენა, რომ ეს კონცეფცია შეიძლება შეესაბამებოდეს ფუნდამენტურ პარადიგმას თავად პარადიგმის ეჭვქვეშ დაყენების გარეშე (Hartmann, 1950p. 85): ”ამიტომ უფრო მეტ გარკვეულობას შემოვიტანდით, თუ ნარცისიზმს განვსაზღვრავდით არა როგორც მე-ს ლიბიდურ კათექსისს, არამედ როგორც სელფის კათექსისს. (შეიძლება ასევე სასარგებლო იყოს ტერმინი სელფ-რეპრეზენტაცია – ობიექტის წარმოდგენის საპირისპიროდ. ჰარტმანს სურდა განემარტა, რომ სელფი, რომელსაც ფროიდი ნარცისულ შემთხვევებში აღწერდა, როგორც საყვარელს, თეორიულად არ არის მე-ს კონცეფციის ტოლფასი. მან თქვა, რომ სელფი, რომელიც გვიყვარს, შეიძლება კონცეპტუალიზდეს, როგორც მე-ს სტრუქტურა, მე-ს ნაწილი, მაგრამ არ იყოს თავად მე-ს კონცეფციის ტოლფასი. იმის გამო, რომ სელფ-რეპრეზენტაციის კონცეფცია ჰარტმანმა განიხილა, როგორც ობიექტის წარმოდგენის ანალოგიური, თავად ობიექტის წარმოდგენის კონცეფცია ზოგიერთი ავტორების (განსაკუთრებით იაკობსონის) მიერ მატერიალიზირებული იყო და ისე განმარტებული, თითქოსდა ეს ორი ტერმინი ტოლფასი და სიმეტრიული ყოფილიყოს. მიუხედავად იმისა, რომ გონებაში უდაოდ არსებობს მოგონებები ფანტაზიებისა და საგნებისა, რომლებსაც ობიექტის წარმოდგენას უწოდებენ, ეს მოგონებები არ არის ორგანიზებული ფსიქიკურ სტრუქტურაში, როგორც სელფ-რეპრეზენტაციის შემთხვევაში. გადამეტება არ იქნებოდა საკუთარ თავზე, სელფზე, როგორც ფსიქიკური ორგანოს განცდაზე საუბარი: რადგან სელფის (საკუთარი თავის) განცდის კონტენტი ზემოქმედებს პიროვნების მიერ სხვისი აღქმის უნარზე. სელფის განცდის განვითარების გარეშე, რაც უნიკალურია და სხვებისაგან გამოგვყოფს, პიროვნება ვერ შეძლებდა წარმოდგენას და სხვა პირის განცალკევებულობისა და ინდივიდუალობის აღიარებას. ამგვარი ფუნქციები ვერ მიეწერება „ობიექტთა რეპრეზენტაციებს “
VIII
ჩვენი ვარაუდი, რომ ობიექტური ურთიერთობების მამოტივირებელი ინსტინქტები ვერ ჩაანაცვლებენ ფროიდის კონცეფციას ინსტინქტების შესახებ, რაც ფერბერნმა შემოგვთავაზა – და რომ ამის ნაცვლად ისინი უნდა განვიხილოთ, როგორც ინსტიქტის ორი განსხვავებული კლასი – პირდაპირ ეხმიანება აფექტების ფსიქოანალიტიკურ თეორიას. თეორია იმიტომ არის სასარგებლო, რომ მას შეუძლია გააერთიანოს ერთი შეხედვით განსხვავებული მოვლენები, მოახდინოს სინთეზი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ აფექტების ფსიქოანალიტიკური თეორია დარჩა მე-ს და იგი-ს პარადიგმის მიღმა. რაპაპორტის 1953 წლის განცხადება კვლავ ძალაშია: ”ჩვენ არ გვაქვს აფექტის ფსიქოანალიტიკური თეორიის სისტემური აღწერა”. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე განიხილებოდა როგორც აფექტების ლოკუსი, აფექტების წყაროდ მიჩნეული იყო იგი, ე.ი. აფექტები გაგებული იყო, როგორც ლტოლვათა წარმომადგენლები, ინსტიქტთა დერივატები/ წარმოებულები, რომლებიც წარმოადგენენ უსაფრთხოების სარქველებს ლტოლვათა კათექსისისათვის (Rapaport, 1953). ე.წ. განმუხტვის თეორია აფექტებს მიიჩნევს ფსიქიკის შიგნით წარმოქმნილად ისე, თითქოს გონებრივი აპარატი იზოლირებული იყოს მის ირგვლივ არსებული გარემოსაგან. ამ კონცეფციას უარყოფს აფექტის აშკარა საკომუნიკაციო ფუნქცია, აფექტის გადამდები ბუნებება, რასაც ფროიდი ჯგუფებში აკვირდებოდა და რაც ემპათიის საფუძველს ქმნის (Burlingham, 1967), ანუ თავად ფსიქოანალიტიკური ცოდნის საფუძველს (Modell, 1971), (1973) .
ჩვენ შეიძლება კვლავ შევინარჩუნოთ ფროიდისეული შეხედულება, რომ აფექტები ინსტინქტური რეპრეზენტაციებია, მაგრამ ორგვარი რეპრეზენტაციებია – როგორც იგი-ს განმუხტვის მაძიებელი ინსტინქტების და ასევე ობიექტური ურთიერთობების მამოტივირებელი ინსტინქტებისა, ანუ ადამიანურ გარემოზე ორიენტირებული ინსტინქტებისა. აფექტი, ისევე როგორც მე, იანუსივით ორსახოვანია – ისინი შეტრიალებულია/მიმართულია როგორც ორგანიზმის შიგნით, ასევე გარეთ, ობიექტებისაკენ.
კლინიკურმა მაგალითმა შეიძლება უფრო ნათლად დაგვანახოს ეს ორმაგობა. ობსესიურ კომპულსიურ პიროვნებაში აფექტის იზოლაცია შეიძლება ზედაპირულად ისე ჩანდეს, როგორც ნარცისული ინდივიდის განსვლა/განცალკევება. ამასთან, აფექტის ბლოკები შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკურ სისტემას უკავშირდებოდეს. ობსესიურ კომპულსიურ აშლილობის შემთხვევაში გვესმის, რომ შეიძლება პაციენტი იზოლირებას ახდენდეს იდეაციისაგან, რადგან მას განცდათა სიმძაფრე აშინებს. აქ აფექტები შეიძლება სწორად დაუკავშირონ იგი-ს ინსტინქტებს – საფრთხე თავად ფსიქიკური აპარატისგან მოდის. ეს საკმაოდ ზუსტად შეესატყვისება ანა ფროიდის აღწერილს ნაშრომში „მე და თავდაცვითი მექანიზმები“. ხოლო ნარცისულ ადამიანში აფექტის ბლოკირება მისი განდგომილი მდგომარეობის / state of non-relatedness ასახვაა. ის იქცევა ისე, თითქოს თვითკმარია და არ ცდილობს დაკმაყოფილებას ანალიტიკოსის პიროვნებისგან. აფექტების არარსებობა ასახავს პაციენტსა და ანალიტიკოსს შორის ობიექტური ურთიერთობის ფუნდამენტურ დარღვევას, რადგან ობიექტური ბმის არსებობა ნიშნავს აფექტების გაზიარებას და კომუნიკაციას. (რა თქმა უნდა, შეიძლება ორივე სისტემაში მოქმედი დარღვევები ერთდროულად მიმდინარეობდეს).
აფექტების საკომუნიკაციო ასპექტების ინსტინქტური წარმომავლობა დააფიქსირეს ეთოლოგებმა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პრიმატების ჯგუფისთვის აფექტები ჯგუფთაშორისი კომუნიკაციის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ხდება სასიცოცხლო სამოტივაციო ინფორმაციის გადაცემა. ამ განწყობების ცოდნა აუცილებელია მთლიანად ჯგუფის გადარჩენის უზრუნველსაყოფად (ციტირებულია მოდელის მიერ, 1971). ჩანს, რომ თავისთავად ფსიქოანალიტიკური ცოდნა მსგავს ინსტიქტურ საფუძველს ეყრდნობა.
IX
ადრე აღვნიშნეთ, რომ ფროიდის გონების მოდელმა ჩამოაყალიბა გარკვეული კლასიფიკაციული სქემა, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში მოიყვანდა დაპირიპირებულ პროცესებს. ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ უნდა უგულებელვყოთ გარკვეული დაპირისპირებული ურთიერთობები ახალი ცოდნის გათვალისწინებით. ჰარტმანის წვლილმა დაშალა მე-ს დაპირისპირება, რომ მე არის შემთხვევითის და ექსპერიმენტულის საცავი და იგი–ს ევოლუციური სტრუქტურის საპირისპიროა.
მაშინ რა დაპირისპირებულობა არის შემორჩენილი? ფროიდის ფუნდამენტური დაპირისპირება მე-სთან და იგი-სთან დაკავშირებით ახლაც ისეთივე სიმართლეა, როგორც 50 წლის წინ იყო: რომ მხოლოდ მე უკავშირდება გარე სამყაროს და იგი შეესაბამება იმას, რაც არის გარე სამყაროსთან მოწყვეტილი ორგანიზმის შინაგანი ნაწილი. ამ დაპირისპირებას აქვს შორს მიმავალი შედეგები, რადგან ის მოიცავს იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური აგენტი, რომელიც ხელს უწყობს ობიექტურ ურთიერთობათა განვითარებას, არის მე, ამიტომ ჩვენ დავაყენეთ აუცილებლობა ობიექტური ურთიერთობების ინსტინქტების მე-ში მოთავსების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭეროთ ფროიდის ნათქვამს, რომ მე იდენტიფიკაციების პროცესის საშუალებით იღებს კონტროლს იგი-ზე. ამასთან, ფროიდის აღწერას უნდა დავუმატოთ ობიექტურ ურთიერთობათა ფსიქოპათოლოგიიდან მიღებული დაკვირვება: იდენტიფიკაცია რომ იგი-ს ‘მოთვინიერების’ პროცესს ემსახურებოდეს, იდენტიფიკაციას მხარს უნდა უჭერდეს ”საკმარისად კარგი” ობიექტური ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, მე-სა და იგი-ს დაპირისპირება იმ გაგებით, თუ რა არის ემპირიული და რა არის ბიოლოგიური, ვეღარ უნდა შენარჩუნდეს, ის მაინც შენარჩუნებულია, მე-საც და იგი-საც აქვთ ევოლუციური ისტორია, მხოლოდ მე შეიცავს შექმნილი ისტორიის ჩანაწერებს, ანუ კულტურას. ნევროზების მუდმივად ცვალებადი ნოზოლოგია ყველაზე პირდაპირი მინიშნება მე-ზე ისტორიული პროცესების გავლენის შესახებ. ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ, მაგალითად, ნარცისული აშლილობების რიცხვის ზრდა ნაწილობრივ ასახავს ბავშვის აღზრდის მეთოდის ცვალებადობას. ეს ფსიქო-ისტორიული თვალსაზრისი უკავშირდება ერიკსონის (1959) წვლილს, რომელმაც თავის სიცოცხლის ციკლის თეორიაში გვაჩვენა, რომ მე-ს ცვლილებებს ისტორიული ძალები ახდენენ. ამას ფსიქოანალიზისთვის მნიშვნელოვანი და შორს მიმავალი ეპისტომოლოგიური შედეგები მოაქვს. ეს ნიშნავს, რომ ფიზიოლოგიის ან ბიოლოგიის კანონების ანალოგიური გონების ზოგადი კანონების ძიება მართებულია მხოლოდ იგი–სთან და მე-ს იმ არაისტორიული ნაწილების შემთხვევაში. ამას გარდა, მთელს სახეობაზე განზოგადებული ფსიქიკური აპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იგი-ს და მე-ს არაისტორიული ნაწილების შემთხვევაში. მე-ს იმ ნაწილებისთვის, რომლებიც კულტურულად და ისტორიულად არის დეტერმინირებული, უნდა გამოვიყენოთ განსხვავებული ეპისტომოლოგია – რომელიც გაიზიარებს გარკვეულ დაშვებებს სოციალური მეცნიერების ეპისტომოლოგიასთან (იხ. Abrams, 1971)
ინსტინქტების ორი ტრანსცენდენტული კლასის აღიარება, როგორც ვთქვით, ინახავს განსხვავებას მე-ს და იგი-ს შორის. როგორც აღვნიშნეთ, ობიექტური ურთიერთობების ფსიქოპათოლოგიის ადრეული კვლევები, როგორიცაა ფერბერნის ნაშრომი, მიზნად ისახავდა მე-სა და იგი-ს შორის განსხვავების მოშლას იგი-ს ინსტინქტების არსებობის უარყოფით. ობიექტთა ურთიერთობის კვლევებმა ხაზგასმით აღნიშნა ადამიანური გარემოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა; ის ინსტინქტები, რომლების ობიექტურ ურთიერთობებს სამსახურშია, არ წარმოიქმნებიან მხოლოდ ორგანიზმის შიგნით, რადგან თავისი ნორმალური განვითარებისათვის მათ ესაჭიროებათ ადამიანის გარემოსთან მორგება. ამან გამოიწვია ფროიდის ადრინდელი შეხედულების შეცვლა მე-სა და გარემოს ურთიერთობის შესახებ. ჩვენ აღარ ვფიქრობთ, რომ მე და მისი ადამიანური გარემო მკვეთრად შემოსაზღვრულია. გარდამავალი ობიექტის ვინიკოტისეული კვლევებისა და გარკვეული პრიმიტიული ტრანსფერული/გადატანის მოვლენების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ გარე ობიექტი, ანუ იგივე ადამიანური გარემო, ნაწილობრივ სუბიექტურად იქმნება სუბიექტის მიერ. ეს არის ფენომენი, რომელიც არ შემოიფარგლება ფსიქოპათოლოგიით, რადგან ეს შეიძლება იყოს ის საძირკველი, რასაც ემყარება მთელი ესთეტიკური გამოცდილება (Winnicott, 1971); (მოდელი, 1970).
ვინიკოტის ვარაუდით, სუბიექტური ფსიქიკური რეალობისა და ობიექტური გარე რეალობის გარდა, არსებობს საერთო სუბიექტურობის გარდამავალი, შუალედური არე. ეს ის სფეროა, რომლის გაგებაც ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და რომელიც უეჭველად გამოიწვევს ფროიდის „მე და იგი“-ს მოდელის შემდგომ ცვლილებებს.
[i] Freud’s discussion of instinctual defusion may belie this point, for he indicates that with the formation of the superego a quantum of aggression is freed. It is possible, as Jacobson (1964) proposed, that Freud was thinking in this instance of the superego of the severely depressed person—a pathological miscarriage of a normal process.
[ii] It would appear that the need for other human objects is a biological given, perhaps a reflexion of man’s prolonged infantile dependency. The biological significance of object relations has been clearly demonstrated by Spitz (1945), who has shown in his well-known study that hospitalized infants who are grossly deprived of adequate mothering may actually withdraw from their environment to the point of death.
[iii] The ethologist Hinde (1970), who prefers the term ‘motivational systems’ to the term ‘instinct’, describes such systems as either stable or labile in the face of environmental influences.
[iv] Loewald adds this statement: ‘This formulation implies that neither objects nor instincts are any longer taken as givens, or as concepts simply appropriated from other sciences’. I cannot agree with this latter statement, which illustrates Loewald’s intention to divorce psychoanalysis completely from biology.