ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა

📅 25-26 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მნიშვნელოვანი და შინაარსით დატვირთული კონფერენცია:

“ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა”

 ეს ასე დაიწყო-  ღონისძიების იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, თსუ  პროფესორმა მარინე ჩიტაშვილმა  წერილობით მოგვმართა  ფსიქოანალიტიკურ ჯგუფებს, ხომ არ გაგვეკეთებინა საერთო ფსიქოანალიტიკური კონფერენცია,     მიუხედავად კონცეპტუალური განსხვავებებისა.   როგორც აღნიშნა, ამგვარი კონფერენციის ჩატარების მთავარი  მიზანი იყო ფსიქოანალიზზე მსჯელობისა და დისკუსიის აკადემიურ სივრცეში დაბრუნება.         

მარცხნიდან – გიგა მამინაშვილი, გიორგი გელეიშვილი, თინათინ თიაბაშვილი, ხათუნა ივანიშვილი, მარინე ჩიტაშვილი, თემო ქეშელაშვილი იღებს სურათს

მონაწილეებმა გამოვხატეთ დიდი ენთუზიაზმი და მზადყოფნა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიად თავიდანვე მოიაზრებოდა  როგორც პროფესიონალთა წრე, ასევე ფსიქოანალიზით დაინტერესებულ ფართო საზოგადოება.

ამ კონფერენციის ორგანიზებას  წელიწადზე მეტი დასჭირდა. დაგეგმილი თარიღები რამდენჯერმე გადაიდო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო. თუმცა, საბოლოოდ კონფერენცია წარმატებით ჩატარდა და უკვე ისტორიის ნაწილი გახდა.

კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციები:

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა ფსიქოანალიტიკურმა ორგანიზაციამ. მათგან სამი წარმოადგენდა ფროიდიანულ მიმდინარეობას:

¤ საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება — წევრი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციისა (IPA) 

¤ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება — წევრი ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციისა EFPP 

¤ საქართველოს თანამედროვე ფსიქოანალიზის საზოგადოება — ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ასოციაცია

¤ საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია — იუნგიანური ანალიზის მიმართულებით

¤ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე — ლაკანიანური ფსიქოანალიზის წარმომადგენელი

მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა მონაწილე ორგანიზაციების თეორიულ ჩარჩოებსა და პროფესიულ პრაქტიკას. დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

მოხსენებების სრული ვერსიები გამოქვეყნდება თსუ-ს სამეცნიერო ჟურნალში და იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მარცხნიდან – ნინო სესიაშვილი, ხათუნა ივანიშვილი, თემო ქეშელაშვილი, თინათინ თიაბაშვილი, გიგა მამინაშვილი, მარინე ჩიტაშვილი

სასწავლო პროგრამებისა  და პრაქტიკის სპეციფიკის წარდგენა

კონფერენციის მეორე ნახევარი დაეთმო ორგანიზაციათა პრაქტიკის, სწავლების მოდელებისა და სასწავლო პროგრამების გაცნობას. ამ ეტაპზე, აქტიური სასწავლო პროგრამა  და ტრენინგის ჩატარების უფლება  აქვს მხოლოდ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებას:

ამავე წელს, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებამ მიიღო უფლება საქართველოში ჩაატაროს IPA-ს ტრენინგი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ფსიქოანალიზის ინტერნაციონალიზაციის პროცესში. იხ, ბმული

იუნგიანურმა ასოციაციამაც წარადგინა თავისი სასწავლო პროგრამა და ამჟამად ელოდება ტრენინგის ავტორიზაციას.

ლაკანიანურმა და თანამედროვე ფსიქოანალიზის შემსწავლელმა  ჯგუფებმა წარმოდგინეს თავისი მუშაობის გეგმები და განვითარების პერსპექტივები.

მეორე დღეს, კონფერენციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ,   ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ათი ვორკშოფი (ათივეს ჩამონათვალი იხილეთ პროგრამის ბმულში):  

აქ  მოკლედ წარმოგიდგენთ  საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების მიერ ჩატარებულ ვორკშოფებს, სამწუხაროდ, სხვა ჯგუფების მუშაობის შესახებ  ინფორმაცია   არ მაქვს და ყველაზე დასწრება შეუძლებელი იყო, ჩვენმა   ორმა საზოგადოებამ, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებამ და   საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებამ ოთხი სახის ვორკშოფი წარმოადგინა:

  • ეთიკის საკითხები
  • ბავშვთა და მოზარდთა თერაპია
  • ჩვილებზე დაკვირვება
  • ფილმის ფსიქოანალიტიკური გარჩევა

ყველაზე მეტი  დასწრება იყო ისეთ  ვორკშოფებზე,   რომლებიც   ფსიქოანალიზის პრაქტიკას    ეხებოდა.      

ვორკშოფი 1.ეთიკის საკითხი ფსიქოანალიზში და ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში

ნინო სესიაშვილი,  დიმიტრი ფრეიდმანი, ნონა ნაკაშიძე   

ეთიკა არის ანალიტიკური მუშაობის ანი და ბანი,  მის გარეშე ფსიქოანალიზის პრაქტიკა არ არსებობს.  ეთიკის საჭიროება   ფსიქოანალიზში ფროიდისა და მისი შემდგომი თაობის ანალიტიკოსების   კლინიკურმა გამოცდილებამ განსაზღვრა.  ის დაიწყო  ფროიდის დაკვირვებით  პაციენტის   ქცევის გარკვეულ ასპექტებზე, რომლებიც მან  თავდაპირველად ტექნიკურ დაბრკოლებად მიიჩნია. მოგვიანებით ფროიდმა აღიარა, რომ პაციენტისთვის გარდაუვალი იყო იმ ძველი ქცევის და ურთიერთობების მოდელების ანალიტიკოსთან ურთიერთობაში გადმოტანა, რაც პაციენტს  ჰქონდა ე.წ. პირველადი ობიექტების მიმართ.  ფროიდმა აღმოაჩინა გადატანა,   ანუ ტრანსფერი და ეთიკის საფუძვლები ამ აღმოჩენას დაუკავშირდა.    ამ ასპექტს ეხება პაციენტისა და ანალიტიკოსის ურთიერთობების ეთიკა.  

ეთიკური საკითხია   ასევე სეანსების საფასურის გადახდა,    ასევე სეტინგის თემა.  ეთიკა  მოიცავს   თერაპიულ  კონფიდენციალურობას,   კლინიკური მასალის პრეზენტაციისა  და გამოქვეყნებისას კონფიდენციალურობის დაცვას და  ეთიკის საკითხებს ანალიტიკურ სიტუაციებში, პაციენტისა და თერაპევტის ურთიერთობის ლიმიტებს, ჩარჩოებსა და წესებს.  კონფიდენციალურობა ფსიქოთერაპიის სფეროში ერთ-ერთ ძირითად ეთიკურ წესად ითვლება. 

არსებობს სხვა ეთიკური საკითხებიც კლინიკურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში მესამე მხარეებიც მონაწილეობენ. მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ანალიტიკოსი იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სხვა პროფესიონალებიც მკურნალობენ და საჭიროა მათთან კოორდინაცია ან როცა ჯანდაცვის დაზღვევის კომპანიები, სკოლები ან სხვა ინსტიტუციები ითხოვენ ანგარიშებს — განსაკუთრებით ბავშვებთან მუშაობისას. ასევე, ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა ანალიტიკოსს მოუწიოს  მოსამართლისთვის ან ადვოკატისთვის პაციენტზე საუბარი.

 ფსიქოანალიტიკური ეთიკა თვლის, რომ  პაციენტის პირადი ინფორმაციის  დაცვა და ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის ურთიერთობის სრულიად იზოლირება გარე გავლენებისგან აუცილებელია ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის სათანადო განხორციელებისთვის. ანალიტიკოსმა  არ უნდა  დააზიანოს პაციენტი — იქნება ეს ინფორმაციის შენახვით თუ კონფიდენციალურობის დარღვევით — თუკი ეს ემსახურება არასწორ მიზანს ან გარკვეული დინამიკის გაუცნობიერებლად გაძლიერებას.

ვორკშოფში გამოყენებული იყო ჰ. სეგალის, ქ. ბოლასის გ.გოლდბერგის, დ.ვინიკოტის, თ. ოგდენის, ფროიდის, პ. კეიზმენტის იდეები  და პრაქტიკული რჩევები. 

ვორკშოფი 2  ბავშვთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია. ტექნიკის საკითხები

მეგი ქავთარაძე;  დინა ანთელავა; მოდერატორი – ლალი ცერცვაძე

ბავშვთა ფსიქოანალიზს გააჩნია რიგი განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც განასხვავებს მას ზრდასრულთა ფსიქოანალიზისგან. ეს თავისებურებები უკავშირდება ბავშვის განვითარებას, მის მეტყველების უნარს, თამაშის როლს და მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას.  ვორკშოფი შედგებოდა პრეზენტაციისგან, რომელიც მოიცავდა ბავშვთა ფსიქოანალიზის ისტორიის მოკლე აღწერას და ძირითადი ტექნიკური საკითხების განხილვას – თავისუფალ თამაშს, ფიზიკური და მენტალური სეტინგის საკითხებს, ბავშვთან მუშაობის ძირითად პრინციპებს და სირთულეებს.   

ქვემოთ  გიამბობთ ამ მახასიათებლების შესახებ:

ბავშვები ხშირად ვერ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს სიტყვიერად. შესაბამისად, თამაშის თერაპია – არის ძირითადი ინსტრუმენტი:  ფსიქოანალიტიკოსები თამაშს იყენებენ როგორც „ენას“, რათა გააცნობიერონ ბავშვის შიგნით მიმდინარე პროცესები. სათამაშოებით, ნახატებით ან სიმბოლური მოქმედებებით გამოხატული კონფლიქტები ბავშვის შინაგან სამყაროზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია განვითარებითი თავისებურებების გათვალისწინება: ფსიქოანალიზში იყენებენ ფროიდის ან ევოლუციური განვითარების ეტაპებს (მაგ. ფროიდის ფსიქოსექსუალური ფაზები, ერიქსონის ფსიქოსოციალური სტადიები).

სესიის სტრუქტურა უფრო თამაშზე ორიენტირებული და არამდგრადია, ვიდრე ზრდასრულებში.

ტრანსფერის (გადატანის) განსხვავებული ფორმები: ბავშვებში ტრანსფერი (თერაპევტზე ემოციური რეაგირება) ხშირად წარმოდგენილია თამაშში ან ქცევით.

ბავშვთა ფსიქოანალიზში გამოიყენება ნაკლები ვერბალური ინტერპრეტაცია და მეტი ქცევითი დაკვირვება. ოთახის მოწყობაც თავისებურია. ზოგ შემთხვევაში, მშობლებთან პარალელურად ტარდება კონსულტაციები.

მუშაობის პროცესში განიხილეს კლინიკური მაგალითი მეგი ქავთარაძის პრაქტიკიდან

ვორკშოფი 3, ჩვილებზე დაკვირვება

დიანა პიპინაშვილი

ჩვილებზე დაკვირვება (infant observation) არის ფსიქოანალიტიკური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფსიქოანალიტიკოსების, განსაკუთრებით ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსების, ტრენინგში.  საქართველოში ის ახალი ხილია, თუმცა დასავლეთში ბავშვთა ანალიტიკური ტრენინგი ამ ნაწილის გარეშე წარმოუდგენელია.   

იგი პირველად შემოიღო ესტერ ბიკმა (Esther Bick) 1940-50-იან წლებში თავისტოკის კლინიკაში  ლონდონში.   ეს არის სისტემატური, რეგულარული დაკვირვება ჩვილისა და მისი მზრუნველი გარემოს – განსაკუთრებით დედისა ან მთავარი მზრუნველის – ყოველდღიურ ურთიერთობებზე, ბავშვის დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში.

დაკვირვება ეხმარება ფსიქოანალიტიკოსს გააცნობიეროს ადამიანის ფსიქიკური განვითარება სიცოცხლის პირველ ეტაპზე – როგორ ყალიბდება „მე“, როგორ ვითარდება ობიექტური კავშირები, ემოციური რეაგირება და თავდაცვითი მექანიზმები. დაკვირვება აუმჯობესებს ფსიქოანალიტიკოსის უნარს „შეიგრძნოს“ და გაიგოს, რა ხდება ბავშვში — არა ინტელექტუალურად, არამედ ემოციურად.

ხანგრძლივობა: დაკვირვება გრძელდება ერთი წლის განმავლობაში (ზოგჯერ მეტხანს), კვირაში ერთხელ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, დაწყებული ბავშვის დაბადებიდან.

სეტინგი: დამკვირვებელი მიდის ჩვილის სახლში, იქ ყოფნის დროს არ ერევა პროცესებში.  დამკვირვებელმა  მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია უნდა  დაიჭიროს — ის არ გასცემს რჩევებს, არ ეხმარება ბავშვის მოვლაში.  დაკვირვების შემდეგ დამკვირვებელი დაწვრილებით აფიქსირებს თავის ემოციურ და ფიზიკურ შთაბეჭდილებებს, ჩვილის ქცევებს, დედა-შვილს შორის დინამიკას და  დაკვირვების ანგარიშები განიხილება სუპერვიზიის/სემინარის ფორმატში, რაც დამკვირვებელს ეხმარება დაინახოს ის, რაც თავად ვერ შეამჩნია ან ემოციურად ვერ აითვისა  დაკვირვების პროცესში.

.სამწუხაროდ, ცხრილში ეს ვორკშოფი გადაიფარა ბავშვთა ვორკშოფით და ორივეზე დასწრების მსურველებს არჩევანის გაკეთება მოუხდათ.

ვორკშოფი 4. ფილმის ფსიქოანალიტიკური განხილვა

თამარ აზმაიფარაშვილი,  ლევან გოგუაძე, მოდერატორი – ხათუნა ივანიშვილი  

ჩატარდა ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“  ჩვენება და განხილვა.

 ფილმზე სასაუბროდ მოწვეული გვყავდა მაგდა მჭედლიძე —   ფილმის ავტორის ქალიშვილი, რომელიც თავადაც თამაშობს ფილმში ეპიზოდურ როლს.

რატომ შევარჩიეთ ეს ფილმი ფსიქოანალიტიკური კონფერენციისთვის? — ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა. არჩევანი არ ყოფილა ერთსულოვანი, ფილმი ბევრჯერ არის ნაჩვენები ტელევიზიით, ეს არის საკმაოდ ძველი  ფილმი, ხოლო ახალგაზრდებს არ უყვართ ძველი ფილმების, თუნდაც შედევრების ყურება. როგორც გოგი გვახარია წერდა 2005 წელს, ფილმი თავდაპირველად დაიწუნეს ქართველმა ინტელექტუალებმა, როგორც პრიმიტიული სქემატური და  კარიკატურული.   თუმცა აკაკი ბაქრაძის რეცენზიის — „პირველი მერცხლის ალეგორია“ — გამოქვეყნების შემდეგ იგი ხელახლა იქნა აღმოჩენილი და მსოფლიო ეკრანებზეც გავიდა, მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო.თუმცა შედეგი  სრულად დამაკმაყოფილებელი იყო.

თამარ აზმაიფარაშვილმა წარადგინა ფილმის მოკლე ფსიქოანალიტიკური განხილვა, სადაც  იყო ფეხბურთის თამაშისა  და პირადი ანალიზის პარალელები. მაყურებლებმა ფილმს განსხვავებული კუთხით შეხედეს —  წინასწარ გაკეთებულ აქცენტებსა და განხილვის თბილ ატმოსფეროს.

ფილმის სიუჟეტი: მოქმედება ფოთში ვითარდება, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ ჩამოაყალიბონ საფეხბურთო გუნდი. ფილმი გვიჩვენებს  საზოგადოების მოტივაციას — გავიდეს ჩაკეტილი სივრციდან (საბჭოთა კავშირი) და შეხვდეს უცხოს, განსხვავებულს, რაც მათ დაანახებთ საკუთარ თავს და  რაც არის ცვლილების საწინდარი. ფილმი ფსევდო-კომედიური ჟანრისაა, თუმცა იუმორში მძაფრი სევდა იკითხება.

ფინალში კომედიური განწყობა მოულოდნელად იცვლება — გმირები პირველად იხედებიან საკუთარ თავში გარედან, აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, სურვილებს   და ტრაგედიას. სიმბოლურ სცენაში მარცხდება ქართული გუნდი ინგლისელებთან. მოწინააღმდეგე მღერის სახელმწიფო ჰიმნს, ხოლო ქართველები — არქაულ, უძველეს სიმღერას, ოდოიას.  ტექსტის არარსებობა სიმღერას   თითქოს აქცევს   წარმართულ  ლოცვად,  რაც ამ ფილმის პერსონაჟებს ასოციაციურად მედეასა და აიეტის კოლხეთის ისტორიასთან აკავშირებს. უძველესი კოლხეთის ისტორიასთან ბმა  არის ასევე   ზღვა, რომელიც ფონად გასდევს ფილმის სიუჟეტს,   ზღვა არის კავშირი დასავლეთის ცივილიზაციასთან, რომელსაც ეს პროვინციული ქალაქი საუკუნეებია მოწყვეტილია ჟამთასვლის გამო. გუნდის წევრებს უწევთ ამ სიმღერით დამტკიცება, რომ  (როგორც აკაკი ბაქრაძე წერს: „რომ შენც ერი ხარ… და პირველ მერცხალიც მღერის — არა ჰიმნს, არამედ ხალხურ სიმღერას, რომელიც მათ კულტურას გააცნობს“.

საინტერესოა ამ კონტექსტში *ვინიკოტის გარდამავალი სივრცის (transitional space) იდეა — ბავშვი თამაშით ქმნის სივრცეს, სადაც რეალურსა და წარმოსახვითს შორის ხიდი არსებობს. ფილმში ფეხბურთი სწორედ ასეთი ხიდია, თამაშსა და რეალობას შორის, თმაში ქმნის წესრიგს, წესებს და ეს გარდამავალი სივრცე,  წინაპირობა  რეალური წესრიგის, სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. ფილმში წარმოდგენილი „უცხო“ — ინგლისელების გუნდი, ფეხბურთი, თავად  თამაში —  გვახსენებს დ.ვინიკოტის თეორიას ” ობიექტის დაბადების” შესახებ. სუბიექტი პირველად აღიქვამს საკუთარ  თავს, მეს – მხოლოდ უცხო, გარეშე თვალით დანახულს, როგორც რაღაც განცალკევებულს, „უცხო“ არის  სიმბოლო ახალი იდენტობის დაბადებისა.

ფილმი ეხმიანება ერის იდენტობის, გახლეჩის, ტრავმისა და თვითშეგნების საკითხებს.   ეს არის ფილმი ცვლილების შიშზე და იმაზე, რომ ცვლილებას სჭირდება სიმამაცე, სიყვარული და ღიმილი. „პირველი მერცხალი“ — ეს არის ფილმი იმაზე, რომ პირველებს ყოველთვის ყველაზე უჭირთ. მაგრამ მათ გარეშე ზაფხული არ მოვა.“

ფილმის ჩვენებას რაც შეეხება, მაყურებელთა რაოდენობამ ოცამდე ადამიანს მიაღწია, საიდანაც მხოლოდ სამი გავიდა დასრულებამდე. დანარჩენები თვალზე ცრემლმომდგარნი უსმენდნენ და თვალნათლივ შეიგრძნობდნენ ფილმის ემოციურ სიღრმეს — ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფილმის არჩევანი სრულად გაამართლა.

მაგდა მჭედლიძემ, ჩვეული უშუალობით, გააცნო აუდიტორიას 1974 წლის დროინდელი საბჭოთა  ყოფა და განმარტა, თუ რატომ  დაჭირდა ავტორს ალეგორიული თხრობა ქართულ იდენტობაზე საბჭოთა ეპოქაში. ფეხბურთის გუნდი, როგორც ეროვნული თვითშეგნების სიმბოლო — სწორედ ასე ხდებოდა ქართული იდენტობის გამოჩენა საბჭოთა სივრცის მიღმა.

ღონისძიების ბოლოს,   მაგდა მჭედლიძემ    დაგვასაჩუქრა  დედის — ნანა მჭედლიძის     მოთხრობების კრებულით. 

ფოტოგალერეა:

ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა