ოიდიპოსის კონფლიქტის ადრეული ეტაპები.
INT. J. PSYCHO-ANAL., 9:167 (IJP)
მელანი კლაინი (1928)
ბავშვების, განსაკუთრებით სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ანალიზის შედეგად მე
არაერთ დასკვნამდე მივედი, რომელთა შეჯამებასაც აქ წარმოგიდგენთ.
მე არაერთხელ მიხსენებია ჩემი დასკვნა, რომ ოიდიპოსის კომპლექსი უფრო ადრე იწყებს მოქმედებას, ვიდრე ამას ჩვეულებრივ ვარაუდობდნენ. ჩემს ბოლო ნაშრომში “ჩვილის ანალიზის ფსიქოლოგიური პრინციპები”[1] მე უფრო დეტალურად განვიხილე ეს თემა. ამის შედეგად დავასკვენი, რომ ოიდიპური ტენდენციები ჩნდება ბავშვის იმედგაცრუების შედეგად მისი ძუძუდან მოშორების გამო და რომ პირველად ვლინდება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს და მეორე წლის დასაწყისში; ისინი ძლიერდება ანალური იმედგაცრუების შედეგად სისუფთის დასწავლის პერიოდში. შემდგომ ფსიქიკურ პროცესებზე განმსაზღვრელ გავლენას სქესთა შორის ანატომიური განსხვავება ახდენს.
როდესაც ბიჭი იძულებულია მიატოვოს ორალური და ანალური პოზიციები გენიტალურის სასარგებლოდ, იგი გადადის პენეტრაციის მიზანზე, რაც პენისის ფლობას უკავშირდება. ამრიგად, ბიჭი იცვლის არა მარტო ლიბიდოს პოზიციას, არამედ მიზანსაც და ეს საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს სიყვარულის პირველადი ობიექტი. გოგონას შემთხვევაში პირიქით ხდება – როცა რეცეპტული/შეგრძნებების მიზანი ორალურიდან გენიტალურ პოზიციაზე გადადის, იგი იცვლის ლიბიდოს პოზიციას, მაგრამ ინარჩუნებს თავდაპირველ მიზანს, რომელიც უკვე იყო -იმედგაცრუებას -დედის მიმართ. ამ გზით გოგონაში ჩნდება პენისის აღქმა, რომელიც შემდგომში მამისკენ გადაინაცვლებს, როგორც სიყვარულის ობიექტისაკენ. თუმცა, ოიდიპური სურვილების დაწყება უკვე ასოცირებულია კასტრაციის შიშთან და დანაშაულის განცდასთან.
როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ანალიზიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ პრეგენიტალურ ინსტინქტურ იმპულსებს თან ახლავს დანაშაულის განცდა. თავიდან ითვლებოდა, რომ დანაშაულის განცდა შემდგომი ზრდის თანამდევი იყო, რომელიც უკან შებრუნდა ამ ტენდენციებისკენ, ხოლო თავდაპირველად მათთან არ ასოცირდებოდა. ფერენცი მიიჩნევს, რომ არსებობს ურეტრალურ და ანალურ იმპულსებთან დაკავშირებული ზემეს ფიზიოლოგიური წინამორბედი, რომელსაც ის” სფინქტერულ-მორალს” უწოდებს. აბრაჰამის აზრით, შფოთვა თავისთავად გამოავლენს მას კანიბალისტურ დონეზე, მაშინ, როცა დანაშაულის განცდა წარმოიშობა წარმატებულ ანალურ-სადისტურ ეტაპზე.
ჩემი დასკვნები უფრო შორს მიმავალია. მე ვთვლი, რომ პრეგენიტალურ ფიქსაციასთან ასოცირებული დანაშაულის განცდა უკვე არის ოიდიპური კონფლიქტის პირდაპირი შედეგი. ეს დამაკმაყოფილებელი ჩანს ასეთი გრძნობების წარმოშობისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დანაშაულის განცდა უბრალოდ წარმოადგენს ოიდიპური (უკვე დასრულებული ან, როგორც მე დავამატებ, დასრულების პროცესში მყოფი) სიყვარულის ობიექტების ინტროექციის შედეგს: ანუ ეს დანაშაულის განცდა წარმოადგენს ზემეს ფორმირების შედეგს/პროდუქტს.
პატარა ბავშვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზემე-ს სტრუქტურა აგებულია იდენტიფიკაციებით, რომლებიც ფსიქიკურ ცხოვრებაში ძალიან განსხვავებულ პერიოდებს და ფენებს უკავშირდება. ეს იდენტიფიკაციები საოცრად წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ისინი გვერდიგვერდ არსებობენ -როგორც ზეშემწყნარებლური ასევე გადაჭარბებულად მკაცრი.
მათი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ ზემეს განსაკუთრებული სიმკაცრე, რომელიც განსაკუთრებით ნათლად ვლინდება ბავშვთა ანალიზებში. გაუგებარია ის, თუ რატომ უნდა შექმნას, ვთქვათ, ოთხი წლის ბავშვმა გონებაში არარეალური, ფანტასტიკური სახე მშობლებისა, რომლებიც მას შთანთქავენ, ჭრიან და კბენენ. მაგრამ გასაგებია ის, თუ რატომ აქვს დაახლოებით ერთი წლის ბავშვს ოიდიპოსის კონფლიქტის დაწყებით გამოწვეული შფოთვა, რაც გამოიხატება შიშით, რომ მას შეჭამენ და გაანადგურებენ. თავად ბავშვს აქვს სურვილი, გაანადგუროს ლიბიდური ობიექტი კბენით, შთანთქას და დაჭრას ის, რაც იწვევს შფოთვას, ვინაიდან ოიდიპოსის ტენდენციების გაღვიძებას მოჰყვება ობიექტის ინტროექცია, რომელიც შემდეგ ხდება ისეთი, ვისგანაც სასჯელი
მოსალოდნელია. ამის შემდეგ ბავშვს ეშინია მისი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის: ზემე
ხდება ის, რაც კბენს, შთანთქავს და ჭრის.
კავშირი ზემეს ფორმირებასა და განვითარების პრეგენიტალურ ფაზებს შორის
ძალზე მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით. ერთი მხრივ, დანაშაულის განცდა
ეყრდნობა ორალურ და ანალურ-სადისტურ ფაზებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს;
მეორე მხრივ, ზემე იქმნება იმ დროს, როცა ეს ფაზები აღმავალია, რაც
ხსნის მის სადისტურ სისასტიკეს.
ეს დასკვნები ახალ პერსპექტივას გვიხსნის. მხოლოდ ძლიერი განდევნებითაა შესაძლებელი სუსტი მე-ს დაცვა ასეთი სასტიკი ზემესაგან. რადგანაც ოიდიპური ტენდენციები, პირველ რიგში, გამოიხატება ორალური და ანალური იმპულსებით, საკითხი – თუ რომელი ფიქსაციები
სჭარბობს ოიდიპოსის განვითარებისას – ძირითადად, განისაზღვრება განდევნის ხარისხით ამ ადრეულ სტადიებში.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კავშირი დანაშაულის განცდასა და პრეგენიტალურ ფიქსაციებს შორის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორალური და ანალური აშლილობები, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სხვა ცხოვრებისეული იმედგაცრუსების პროტოტიპებს, ამავე დროს დასჯას წარმოადგენენ და შფოთვას იწვევენ. ეს გარემოება ამძაფრებს იმედგაცრუებას და ეს სიმწარე მნიშვნელოვან წილად ხელს უწყობს ყველა მომდევნო იმედგაცრუების პროტოტიპს. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ იმ ფაქტიდან, რომ მე ჯერ ისევ სუსტია, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი შედეგები და მასთან ასოცირებული ჩანასახში მყოფი სექსუალური ცნობიემოყვარეობა. ინტელექტუალურად ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებული, მე ვერ აუდის პრობლემებისა და კითხვების მოზღვავებას. ერთი ყველაზე უფრო მწარე წყენა, რომელსაც არაცნობიერად ვაწყდებით, არის ის, რომ კითხვის ეს უზარმაზარი იმპულსი, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ნაწილობრივად არის ცნობიერი და ამ დროს მათი გადმოცემა სიტყვიერად ჯერ კიდებ ვერ ხერხდება, პასუხგაუცემელი რჩება. ამას მოყვება კიდევ ერთი წყენა /საჩივარი, რომ ბავშვი ვერ გებულობს სიტყვებსა და მეტყველებას. ამგვარად, მისი პირველი კითხვები ბევრად უფრო ადრე ჩნდება, ვიდრე ბავშვი მეტყველების გაგებას დაიწყებდეს.
ანალიზის დროს ეს ორი წყენა საოცარ სიძულვილს იწვევს. ერთად ან ცალ-ცალკე
ისინი წარმოდგენენ ეპისტემოფილური (ცოდნის სიყვარულის-მთარგ.) იმპულსის მრავალგვარი დათრგუნვის მიზეზს: მაგალითად, უცხო ენების სწავლის უუნარობას და, უფრო მეტიც, იმათი სიძულვილს, ვინც სხვადასხვა ენაზე მეტყველებს. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან მეტყველების პირდაპირ დარღვევებზე და ა.შ. ცნობისმოყვარეობა, რომელიც თავს აშკარად მოგვიანებით იჩენს – ძირითადად ცხოვრების მეოთხე ან მეხუთე წელს- განვითარების ამ ეტაპის დასაწყისი კი არ არის, არამედ მისი კულმინაცია და დასრულებაა, რომელიც, ჩემი აზრით, ზოგადად ოიდიპოსის კონფლიქტს უკავშირდება.
არცოდნის ადრეულ განცდას მრავალფეროვანი კავშირები აქვს. ის უერთდება
ქმედუუნარობისბდა იმპოტენციის განცდას, რომელსაც მალე ოიდიპოსის სიტუაცია გამოიწვევს. ამ დროს ბავშვის იმედგაცრუება უფრო მწვავე ხდება, რადგან მან არაფერი იცის გარკვეული სექსუალური პროცესების შესახებ. ორივე სქესის შემთხვევაში, არცოდნის ეს შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება კასტრაციის კომპლექსით.
ეპისტემოფილურ იმპულსსა და სადიზმს შორის ადრეული კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია
მთელი გონებრივი განვითარებისათვის. ოიდიპური ტენდენციებით გამოწვეული ეს ინსტიქტი
თავდაპირველად ძირითადად დედის საშვილოსნოს ეხება, რაც, სავარაუდოდ,
ყველა სექსუალური პროცესისა და მოვლენის სცენად აღიქმება. ბავშვში ისევ დომინირებს ანალურ-სადისტური ლიბიდური პოზიცია, რომელიც მას უბიძგებს მიითვისოს საშვილოსნოს შემადგენლობა. ამგვარად იწყება მისი ცნობისმოყვარეობა – თუ რას შეიცავს იგი, როგორია და ა.შ. ასე რომ, ეპისტემოფილური ინსტიქტი და დაუფლების სურვილი საკმაოდ ადრეულია და მჭიდრო კავშირშია ერთი მეორესთან და დანაშაულის განცდასთანაც, რომელსაც წარმოშობს დაწყებული ოიდიპოსის კონფლიქტი. ეს მნიშვნელოვანი კავშირი მიგვანიშნებს განვითარების ფაზის დაწყებას ორივე სქესის შემთხვევაში და მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რაც დღემდე საკმარისად არ არის აღიარებული. იგი შედგება დედასთან ძალიან ადრეული იდენტიფიკაციისაგან.
ამ “ქალურობის” ფაზის მიმდინარეობა ცალკე უნდა იქნას განხილული ბიჭების და გოგონების შემთხვევაში. თუმცა, სანამ ამაზე გადავალ, უნდა გაჩვენოთ მისი კავშირი წინა ფაზასთან, რომელიც ორივე სქესისათვის ერთნაირია.
ადრეულ ანალურ-სადისტური ეტაპზე ბავშვი განიცდის თავის მეორე მძიმე ტრავმას, რომელიც აძლიერებს დედისთვის ზურგისშექცევის მიდრეკილებას. დედამ იმედი გაუცრუა მის ორალურ სურვილებს და ახლაც ასევე ხელს უშლის მის ანალურ სიამოვნებებს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ანალური დეპრივაცია ანალურ მიდრეკილებებს უბიძგებს სადისტურ ტენდენციებთან შეერწყმისაკენ. ბავშვს სურს დედის ფეკალიების ფლობა მის სხეულში შეღწევით, მისი დაქუცმაცებით, შთანთქმით და განადგურებით. თავისი გენიტალური იმპულსების გავლენით, ბიჭი იწყებს დედასთან, როგორც სიყვარულის ობიექტთან, მიბრუნებას. მაგრამ მისი სადისტური იმპულსები სრულ მოქმედებაშია და სიძულვილი, რომელიც გამომდინარეობს ადრეული იმედგაცრუებებიდან, ძლიერ ეწინააღმდეგება ობიექტის სიყვარულს გენიტალურ დონეზე. მისი სიყვარულისათვის კიდევ უფრო დიდი დაბრკოლება არის მამის მხრიდან კასტრაციის შიში, რომელიც ოიდიპური იმპულსებიდან წარმოიშობა. ის, თუ რამდენად მიაღწევს იგი გენიტალურ მდგომარეობას, ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება ამ შფოთვის ატანის უნარზე. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ორალურ -სადისტური და ანალურ -სადისტური ფიქსაციების სიძლერე. ეს გავლენას ახდენს სიძულვილის ხარისხზე, რომელსაც ბიჭი გრძნობს დედის მიმართ; ეს, თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად აფერხებს მასთან დადებით დამოკიდებულებას. სადისტური მოდრეკილებები ასევე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ზემეს ფორმირებაზე, რომელიც მაშინ იქმნება, როდესაც ეს ფაზები აღმავალი ხაზით მიმდინარეობს. რაც უფრო სასტიკია ზემე, მით უფრო საშინელი იქნება მამა, როგორც კასტრატორი, მით უფრო დაჟინებით ჩაეჭიდება ბავშვი თავის სადისტურ დონეებს გენიტალური იმპულსებისაგან გაქცევისას, საიდანაც პირველ რიგში მისი ოიდიპური ტენდენციები იღებს თავის შეფერილობას.
ამ ადრეულ სტადიებზე ოიდიპური განვითარების ყველა პოზიცია სწრაფი
თანამიმდევრობით კატექტირდება, ამასთან, ეს არ არის შესამჩნევი, რადგან სახეზეა პრეგენიტალური იმპულსების დომინირება. უფრო მეტიც, ვერ გავავლებთ ხისტ ხაზს ანალურ დონეზე გამოხატულ აქტიურ ჰეტეროსექსუალურ დამოკიდებულებასა და დედასთან იდენტიფიკაციის შემდგომ ეტაპს შორის.
ახლა ჩვენ მივაღწიეთ განვითარების იმ ფაზას, რომელსაც ადრე ვუწოდე
“ქალურობის ფაზა”. მას საფუძველი ანალურ-სადისტური დონეზე აქვს და ამ დონეს ახალ
შინაარსს ანიჭებს, რადგან ფეკალიები ახლა გაიგივებულია სანატრელ ბავშვთან და დედის გაძარცვის სურვილი ახლა მიმართულია როგორც ბავშვის, ასევე ფეკალიების მიმართ. აქ შეგვიძლია განვიხილოთ ორი მიზანი, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის. ერთს მართავს ბავშვების ყოლის სურვილი, მათი მითვისების განზრახვით, ხოლო მეორე მიზანი გამოწვეულია ეჭვიანობით მომავალი დებისა და ძმების მიმართ, რომელთა გამოჩენა მოსალოდნელია და საშვილოსნოში მათი განადგურების სურვილით. ბიჭის ორალურ-სადისტური მიდრეკილებების Მესამე ობიექტია მამის პენისი დედის საშვილოსნოში.
როგორც გოგონების კასტრაციულ-კომპლექსში, ასევე მამაკაცის ქალურობის კომპლექსის საფუძველში არსებობს დაუკმაყოფილებელი სურვილი სპეციალური ორგანოს მიმართ. ქურდობისა და განადგურების ტენდენციები ეხება ჩასახვის, ორსულობისა და მშობიარობის ორგანოებს, რომელსაც ბიჭი წარმოიდგენს დედის საშვილოსნოში და შემდგომ საშოსა და ძუძუებს, როგორც რძის შადრევანს, რომელიც სანატრელია, როგორც აღქმისა და გულუხვობის ორგანოები მოყოლებული იმ დროიდან, როდესაც ლიბიდური პოზიცია წმინდა ორალურია.
ბიჭს ეშინია დასჯის დედის სხეულის განადგურებისთვის, მაგრამ ამის გარდა, მისი შიში
უფრო ზოგადი ხასიათისაა და ანალოგიურია გოგონას შფოთვისა კასტრაციის სურვილების გამო. მას ეშინია, რომ სხეული დასახიჩრდება და დანაწევრდება და ასევე კასტრირებული იქნება. აქ ჩვენ პირდაპირი წვლილი გვაქვს შეტანილი კასტრაციის კომპლექსში. განვითარების ამ ადრეულ პერიოდში დედა, რომელიც ართმევს ბავშვის ფეკალიებს, ნიშნავს ასევე დედას, რომელიც ანაწევრებს და კასტრაციას უკეთებს მას არა მხოლოდ ანალური იმედგაცრუებების საშუალებით, რომელსაც იგი ბავშვს უქმნის, უხსნის მას გზას კასტრაციული კომპლექსისაკენ: ფსიქიკური რეალობის თვალსაზრისით დედა უკვე არის კასტრატორი.
დედის მიმართ ეს შიში აუტანელია, რადგან ამასთან ერთად ძლიერია მამის მიერ კასტრაციის შიში. დესტრუქციული ტენდენციები, რომელთა ობიექტიც არის საშვილოსნო, ასევე მიმართულია მათი სრული ორალური და ანალური-სადისტური სიძლიერით მამის პენისის წინააღმდეგ, რაც წარმოდგენაში იქ უნდა იყოს განთავსებული. სწორედ მისი პენისის გამოა მამის მხრიდან კასტრაციის შიში ამ ფაზაში. ამრიგად, ქალურობის ფაზას ახასიათებს შფოთვა, რომელიც უკავშირდება საშვილოსნოს და მამის პენისს და ეს შფოთვა ბიჭს თავისი ზემეს ტირანიაში ამყოფებს, რომელიც შლის, ანაწევრებს და ანადგურებს მას და წარმოდგენილია ერთდროულად მამისა და დედის ხატით.
ამრიგად, გენიტალურ ლიბიდოს საწყისი პოზიციების მიზნები გადაიკვეთება და შეერევა
მრავალფეროვან პრეგენიტალურ ტენდენციებს. რაც მეტია სადისტური ფიქსაციები,
მით უფრო შეესაბამება ბიჭის იდენტიფიკაცია დედასთან მეტოქეობრივ დამოკიდებულებას
ქალის მიმართ, შურისა და სიძულვილის შერწყმით, რადგან ბავშვის ყოლის სურვილის გამო
ბიჭი თავს არახელსაყრელ მდგომარეობაში და დედაზე უფრო არასრულფასოვნად .გრძნობს.
ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ჩანს მამაკაცთა ქალურობის კომპლექსი ბევრად უფრო ბუნდოვანი, ვიდრე კასტრაციის კომპლექსი ქალებში, რომელიც, ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ეპისტემოფილური იმპულსის ბავშვის ყოლის სურვილთან შერწყმა საშუალებას აძლევს ბიჭს,
გადანაცვლება მოახდინოს ინტელექტუალურ პლანში; მისი გრძნობა, რომ არახელსაყრელი მდგომარეობა აქვს, დაფარულია და ზეკომპენსირებულია პენისის ფლობის უპირატესობიდან გამომდინარე, რასაც გოგონებიც აღიარებენ. მამაკაცური პოზიციის ეს გაზვიადება იწვევს მამაკაცურობის გადაჭარბებულ გამოვლინებას. თავის ნაშრომში სახელწოდებით “შენიშვნები ცნობისმოყვარეობის შესახებ”,[2] მერი ჩედვიკმა თვალი გაადევნა მამაკაცის მიერ პენისის ნარცისულ ზეშეფასებას და ქალების მიმართ მისი ინტელექტუალური კონკურენტული დამოკიდებულება კი დაუკავშირა ბავშვის ყოლის სურვილის იმედგაცრუებასთან და ამ სურვილის ინტელექტუალურ პლანში გადატანას.
გადაჭარბებული აგრესიულობისადმი მიდრეკილება, რომელიც ძალიან ხშირია, ქალურობის კომპლექსიდან მომდინარეობს. ეს თან ახლავს შეურაცხმყოფელ/აგდებულ დამოკიდებულებას და “უკეთესად ცოდნას” და ძალიან ასოციალური და სადისტურია; ეს ნაწილობრივ განპირობებულია შფოთვის და უმეცრების დაფარვის მცდელობით, რომელიც ამის უკან დგას. ნაწილობრივ ეს ემთხვევა ბიჭის პროტესტს (რაც მისი კასტრაციის შიშიდან მომდინარეობს) ქალის როლის მიმართ, მაგრამ ეს ასევე ეფუძნება დედის მიმართ შიშს, ვისთვისაც უნდა მოეპარა მამის პენისი, მისი ბავშვები და ქალური სექსუალური ორგანოები. გადაჭარბებული აგრესია უერთდება შეტევის სიამოვნებას, რომელიც მომდინარეობს პირდაპირი გენიტალური ოიდიპური სიტუაციიდან, მაგრამ ის წარმოადგენს სიტუაციის იმ ნაწილს, რომელიც გაცილებით უფრო ასოციალური ფაქტორია ხასიათის ფორმირებაში. სწორედ ამიტომაა მამაკაცის მეტოქეობა ქალებთან ბევრად უფრო ასოციალური, ვიდრე მეტოქე მამაკაცთან მისი დაპირისპირება, რომელიც დიდწილად გენიტალური მდგომარეობით არის განპირობებული. რასაკვირველია, სადისტური ფიქსაციების რაოდენობა ასევე განაპირობებს მამაკაცის მეორე მამაკაცთან ურთიერთობას, როდესაც ისინი მეტოქეები არიან. თუ, პირიქით, დედასთან იდენტიფიკაცია ეფუძნება უფრო საიმედო გენიტალურ პოსიციას, ერთი მხრივ, მისი ურთიერთობა ქალებთან დადებითი ხასიათის იქნება, ხოლო მეორე მხრივ, ბავშვის ყოლის სურვილი და ფემინური კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაცის საქმიანობაში, იპოვის სუბლიმაციისათვის უკეთეს შესაძლებლობებს.
ორივე სქესის შემთხვევაში, შეკავების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია შფოთვა და დანაშაულის განცდა, რაც ასოცირდება ქალურობის ფაზასთან. გამოცდილებამ მასწავლა, რომ ამ ფაზის ანალიზი, სხვა მიზეზების გამოც, ასევე მნიშვნელოვანია თერაპიული თვალსაზრისით
და კარგი შედეგი უნდა ჰქონდეს აკვიატების ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებმაც თითქოს მიაღწიეს საბოლოო წერტილს და მეტი ვეღარაფერი გადაწყდება.
ბიჭის განვითარებაში ქალურობის ფაზა მიმდინარეობს ლიბიდოს პრეგენიტალური და გენიტალურ პოზიციების ხანგრძლივი ურთიერთბრძოლით, მისი აღზევებისას სიცოცხლის მესამედან მეხუთე წლამდე, ეს ბრძოლა აშკარად გამოიკვეთება, როგორც ოიდიპოსის კონფლიქტი. ქალურობის ფაზასთან ასოცირებული შფოთვა ბიჭს აბრუნებს მამასთან იდენტიფიკაციაში; მაგრამ ეს სტიმული თავისთავად არ ქმნის მყარ საფუძველს გენიტალური პოზიციისათვის, ვინაიდან მას მივყავართ ძირითადად ანალურ-სადისტური ინსტიქტების განდევნისაკენ და ზედმეტი კომპენსაციისაკენ და არა მათი დაძლევისაკენ. მამის მიერ კასტრაციის შიში აძლიერებს ფიქსაციას ანალურ-სადისტურ დონეზე. კონსტიტუციური გენიტალურობის ხარისხიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასურველი მიზნის, ანუ გენიტალური დონის მიღწევაში. ბრძოლის შედეგი ხშირად გადაუწყვეტელი რჩება და ეს იწვევს ნევროზულ აშლილობებს და პოტენციის დარღვევას.[3] ამრიგად, სრული პოტენციის მოპოვება და გენიტალური მდგომარეობის მიღწევა ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება ქალურობის ფაზის კეთილსაიმედოდ გავლასა და გადაწყვეტაზე.
ახლა მე გადავალ გოგონების განვითარებაზე. ძუძუდან მოშორების პროცესის შედეგად, გოგონა დედას ზურგს აქცევს, რასაც აძლიერებს მის მიერ განცდილი ანალური სირთულეები. ახლა მის ფსიქიკურ განვითარებაზე ზეგავლენას გენიტალური ფაზა იწყებს.
მე სრულიად ვეთანხმები ჰელენ დოიჩს[4], რომელიც მიიჩნევს, რომ ქალის გენიტალური განვითარება სრულდება ორალური ლიბიდოს სასქესო ორგანოზე წარმატებული გადატანის შედეგად. მე Მხოლოდ ჩემს შედეგებს მივყავარ იმ რწმენამდე, რომ ეს გადაადგილება იწყება პირველი გენიტალური იმპულსების გაღვივებით და რომ სასქესო ორგანოების ორალური, შეგრძნებითი/რეცეპტიული მიზანი განმსაზღვრელ გავლენას ახდენს გოგონას მამისკენ გადასვლაზე. ასევე დავასკვენი, რომ არა მხოლოდ საშოს არსებობის გაუცნობიერებელი ცოდნა, არამედ ამ ორგანოს და დანარჩენი სასქესო აპარატის შეგრძნებები ჩნდება ოიდიპური იმპულსების გამოჩენისთანავე. თუმცა გოგონებში ონანიზმი არ იძლევა ისეთივე რაოდენობის აგზნებას, როგორც ეს ხდება ბიჭებში. აქედან გამომდინარე, დაგროვილი დაუკმაყოფილებლობა კიდევ უფრო მეტი გართულებების მიზეზია და ქალის სექსუალური განვითარების დარღვევებს იწვევს. ონანიზმით სრული დაკმაყოფილების მოპოვების სირთულე შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი იყოს- რაც ფროიდმა აღნიშნა – გოგოს მიერ ამ პრაქტიკის უარყოფისა და შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას მასზე უარის თქმისას რატომ იცვლება მასტურბაცია ფეხების ერთმანეთზე მიჭერით.
გენიტალური ორგანოს აღქმის ხარისხის გარდა, რომელიც დაკმაყოფილების ახალი წყაროს გამალებულ ძიებას შემოყავს თამაშში, შური და სიძულვილი დედის მიმართ, რომელიც ფლობს მამის პენისს, როგორც ჩანს, პირველი ოიდიპური იმპულსების გაღვიძების პერიოდში პატარა გოგონას მამისაკენ მიბრუნების კიდევ ერთი მოტივია. მის მოფერებას ახლა მაცდუნებელი შედეგი აქვს და განიხილება როგორც “საპირისპირო სქესის მოზიდვა”[5]
გოგონას იდენტიფიკაცია დედასთან პირდაპირი ოიდიპური იმპულსების შედეგია:კასტრაციული შფოთვით გამოწვეული ბიჭის ბრძოლა მისთვის უცნობია. გოგონებშიც და ბიჭებშიც ეს იდენტიფიკაცია ემთხვევა დედის ძარცვისა და განადგურების ანალურ-სადისტურ ტენდენციებს.
თუკი დედასთან იდენტიფიკაცია იმ ეტაპზე ხდება, როდესაც ჭარბობს ორალური და ანალური-სადისტური ტენდენციები, დედისეული პრიმიტიული ზემეს შიში გამოიწვევს განდევნებს
და ამ ფაზაზე ფიქსაციას, რაც ხელს შეუშლის შემდგომ გენიტალურ განვითარებას.
დედის შიში პატარა გოგონას უბიძგებს უარი თქვას მასთან იდენტიფიკაციაზე და იგი იწყებს მამასთან იდენტიფიკაციას.
პატარა გოგონას პირველი ეპისტემოფილური იმპულსი ოიდიპოსის კომპლექსის შედეგად ჩნდება; იგი აღმოაჩენს პენისის არქონას; იგი გრძნობს, რომ ეს ნაკლი დედისადმი სიძულვილის გრნობის ახალი მიზეზია, მაგრამ ამავე დროს, მისი დანაშაულის განცდა აფიქრებინებს, რომ ეს დედის სასჯელია, რაც იმედგაცრუებას უძლიერებს. ეს მიმართულება, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს მთლიან კასტრაციულ კომპლექსზე.
ეს ადრეული უკმაყოფილება პენისის არქონის გამო მოგვიანებით მნიშვნელოვნად ძლიერდება, როდესაც ფალიკური ფაზა და კასტრაციის კომპლექსი სრული ძალით ამუშავდება. ფროიდმა განაცხადა, რომ პენისის არქონის აღმოჩენა იწვევს დედიდან მამისკენ მიბრუნებას. ჩემი დასკვნები გვაჩვენებს, რომ ეს აღმოჩენა ამ მიმართულებას მხოლოდ აძლიერებს, ვინაიდან იგი მოსდევს ოიდიპოსის კონფლიქტის ძალიან ადრეული ეტაპს და შემდგომ მას ჩაანაცვლებს ბავშვის ყოლის სურვილი, რის გამოც ის, ფაქტობრივად, ჩანაცვლებულია განვითარების პროცესში. მამისაკენ მიბრუნების ფუნდამენტურ მიზეზად მე ყველაზე მეტად ძუძუდან მოწყვეტის იმედგაცრუებას ვთვლი. მამასთან იდენტიფიკაცია ნაკლებად საშიშია, ვიდრე დედასთან; უფრო მეტიც, დედის მიმართ დანაშაულის განცდა იწვევს ზე-კომპენსაციას მასთან ახალი სასიყვარულო ურთიერთობის საშუალებით. ამ ახალი სასიყვარულო ურთიერთობის საწინააღმდეგოდ აქ მოქმედებს კასტრაციული კომპლექსი, რაც ართულებს მამაკაცურ დამოკიდებულებას და ასევე სიძულვილი, რომელიც ადრინდელი სიტუაციებით იქნა გამოწვეული. ამის მიუხედავად, დედის სიძულვილს და მასთან მეტოქეობას, კვლავ მივყავართ მამის იდენტიფიკაციის მიტოვებასთან და მამასთან, როგორც დაცულ და საყვარელ ობიექტთან, მიბრუნებას.
პატარა გოგონას დამოკიდებულება დედასთან უბიძგებს მამას აღიქვას როგორც პოზიტიური, ასევე
ნეგატიური მხარეები. მის ხელით მიყენებული იმედგაცრუება თავის საფუძველში წარმოადგენს უკვე განცდილ იმედგაცრუებას დედასთან მიმართებაში; The little girl’s relation with her mother causes that to her father to take both a positive and a negative direction. მამის ფლობის ძლიერი მოტივი დედის მიმართ სიძულვილისა და შურისგან მომდინარეობს. თუ სადისტური ფიქსაციები გაბატონებული რჩება, ეს სიძულვილი და მისი ზეკომპენსაცია არსებით გავლენას მოახდენს ქალის დამოკიდებულებაზე მამაკაცების მიმართ. მეორე მხრივ, თუ დედის მიმართ უფრო გენიტალურ დონეზე აგებული პოზიტიური დამოკიდებულებაა, ქალი არა მარტო გათავისუფლდება დანაშაულის განცდისგან, არამედ მას განუმტკიცდება შვილებთან ურთიერთობა და სიყვარული ქმრის მიმართ, რადგან ქალისათვის იგი ამავე დროს წარმოდგენს დედასაც, რომელიც აძლევს სასურველს და საყვარელ ბავშვს. ამ ძალიან მნიშვნელოვან საძირკველზეა აგებული ურთიერთობათა ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ მამასთან. თავდაპირველად იგი კონცენტრირებულია პენისის აქტზე კოიტუსში. ეს ქმედება, რომელიც ახლა უკვე გენიტალიებზე გადანაცვლებული სურვილების დაკმაყოფილებას ჰპირდება, პატარა გოგონასთვის ყველაზე სრულყოფილი პერფორმანსი ჩანს.
მისი აღფრთოვანება ოიდიპურმა იმედგაცრუებამ შეარყია, მაგრამ თუ ის
სიძულვილად არ გადაიქცევა, ეს იქნება ქალის მამაკაცთან დამოკიდებულების ერთ-ერთი ფუნდამენტი. მოგვიანებით, როდესაც სიყვარულის იმპულსების სრული დაკმაყოფილება ხდება, ამ აღტაცებას დიდი ხნის დეპრივაციით გამოწვეული დიდი მადლიერებაც ემატება. ეს მადლიერება გამოიხატება ქალის უნარით, სრულად და ხანგრძლივად დაექვემდებაროს სიყვარულის, განსაკუთრებით, “პირველი სიყვარულის,” ობიექტს.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პატარა გოგონას განვითარება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, შემდეგში მდგომარეობს: სანამ ბიჭი რეალურად ფლობს პენისს, რომელთან მიმართებაშიც იგი კონკურენციას უწევს მამას, პატარა გოგონას მხოლოდ დედობის დაუკმაყოფილებელი სურვილი აქვს და ამის შესახებ ბუნდოვანი და გაურკვეველი, თუმცა ძალზე მძაფრი წარმოდგენა აქვს.
მხოლოდ ეს გაურკვევლობა არ არღვევს მისი მომავალი დედობის იმედს. ის დასუსტებულია
გაცილებით მეტი შფოთვითა და დანაშაულის განცდისაგან და ამან შეიძლება სერიოზულად და სამუდამოდ დააზიანოს ქალის დედური უნარები. მის მიერ ერთ დროს დედის სხეულისკენ (ან მასში არსებული გარკვეული ორგანოებისკენ) და საშვილოსნოში მყოფი ბავშვებისკენ მიმართული დესტრუქციული ტენდენციების გამო გოგონა შურისძიებას მოელის საკუთარი დედობის უნარის ან ამ ფუნქციასთან დაკავშირებული ორგანოებისა და შვილების განადგურების სახით. ჩვენ გვაქვს ქალების მუდმივი ზრუნვის (ხშირად გადაჭარბებული) ერთი წყარო- მათი პირადი სილამაზე, რადგან მათ ეშინიათ, რომ ამას დედა გაანადგურებს. ამ იმპულსის საფუძველში ყოველთვის არის დაზიანებული სილამაზის აღდგენის მოტივი და მისი წარმომავლობა მომდინარეობს შფოთვისა და დანაშაულის განცდიდან.[6]
სავარაუდოა, რომ შინაგანი ორგანოების განადგურების ეს ღრმა შიში შეიძლება იყოს მიზეზი მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მეტი ფსიქიკური მგრძნობელობისა კონვერსიული -ისტერიისადმი და მიდრეკილებისა ორგანული დაავადებებისადმი. სწორედ ეს შფოთვა და დანაშაულის განცდა წარმოადგენს ქალური როლით სიამაყისა და სიხარულის განდევნის მთავარ მიზეზს, რომლებიც თავდაპირველად ძალიან ძლიერია. ამ განდევნის შედეგია დედობის უნარის გაუფასურება, რომელიც თავიდანვე ძალიან ძვირფასი იყო. ამრიგად, გოგონას აკლია ძლიერი საყრდენი, რომელსაც ბიჭი იღებს პენისის ფლობიდან და რომელსაც იგი თავად დედობის მოლოდინში პოულობს.
გოგონას ძალზე მძაფრი შფოთვა მისი ქალურობის გამო უნდა იყოს ბიჭის კასტრაციის შიშის ანალოგი, რადგან ეს ნამდვილად ხელს უწყობს მისი ოიდიპური იმპულსების შემოწმებას. ბიჭის კასტრაციული -შფოთვა პენისის გამო, რომელიც ვიზუალურად არსებობს, განსხვავებულია. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მწვავე, გოგონას ქრონიკული შფოთვასთან შედარებით, რაც მის შინაგან ორგანოებს უკავშირდება, რომლებსაც იგი ნაკლებად იცნობს. უფრო მეტიც, აუცილებელ ცვლილებას იწვევს ის, რომ ბიჭის შფოთვას განსაზღვრავს მამისეული, ხოლო გოგონასას კი დედისეული ზემე.
ფროიდმა თქვა, რომ გოგონას ზემე ბიჭისგან განსხვავებული მიმაართულებით ვითარდება. ჩვენ მუდმივად ვპოულობთ იმის დასტურს, რომ ეჭვიანობა უფრო მეტ როლს ასრულებს ქალის ცხოვრებაში, ვიდრე მამაკაცებში, რადგან მას აძლიერებს მამრობითი სქესისადმი შური პენისის გამო. მეორე მხრივ, ქალებს განსაკუთრებით დიდი უნარი აქვთ, რომელიც არ არის დაფუძნებული მხოლოდ ზეკომპენსაციაზე, საკუთარი სურვილების უგულებელყოფასა და ეთიკური და სოციალური ამოცანებისადმი თავგანწირვაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ავხსნათ მამაკაცური და ქალური თვისებების შერწყმით, რაც ადამიანის ბისექსუალობის გამო ცალკეულ შემთხვევებში ახდენს გავლენას ხასიათის ფორმირებაზე, რადგან ეს უნარი აშკარად დედობრივი ხასიათისაა. მე ვფიქრობ, რომ იმის ასახსნელად, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს ჰქონდეთ ყველაზე წვრილმანი ეჭვიანობით დაწყებული ყველაზე თავგანწირული სიყვარულით და სიკეთით დამთავრებული უნარების დიაპაზონი, ჩვენ უნდა გაითვალისწინოთ ქალური ზემეს ფორმირების პირობების თავისებურებანი. დედასთან ადრეული იდენტიფიკაციის შედეგად, რომელშიც ანალურ-სადისტური დონე ჭარბობს, პატარა გოგონა განიცდის ეჭვიანობას და სიძულვილს და შედეგად ქმნის სასტიკ ზემეს დედის ხატის მიხედვით. ზემე, რომელიც ამ ეტაპზე ვითარდება მამის იდენტიფიკაციიდან, შეიძლება იყოს მუქარის შემცველი და გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არასოდეს მიაღწევს იმავე პროპორციას, როგორც ეს დედის იდენტიფიკაციიდან მოდის. მაგრამ რაც უფრო სტაბილური ხდება დედასთან იდენტიფიკაცია გენიტალურ საფუძველზე, მით უფრო ერთგული, გულთბილი დედის იდეალის ხასიათი აქვს მას. ამრიგად, მისი ეს პოზიტიური აფექტური ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაც ატარებს დედის იდეალი პრეგენიტალური ან გენიტალური სტადიებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ემოციური დამოკიდებულების გადატანას სოციალურ ან სხვა საქმიანობაში, როგორც ჩანს, ამ დროს ერთვება მამობრივი მე-იდეალი. პატარა გოგონას აღტაცება მამის გენიტალური საქმიანობით იწვევს მამისეული ზემეს ფორმირებას, რომელიც აქტიურ მიზნებს ისახავს და რომლებსაც ბოლომდე ვერასდროს მიაღწევს. თუ, მისი განვითარების გარკვეული ფაქტორების წყალობით, ამ მიზნების განხორციელებისათვის საკმარისი სტიმული აქვს, თავად მათი მიღწევის შეუძლებლობამ შეიძლება ბიძგი მისცეს მის ძალისხმევას და დედის ზემედან მიღებული თავგანწირვის უნარების დამსახურებით ქალს ცალკეულ შემთხვევებში, ძალზე განსაკუთრებული მიღწევების შესაძლებლობა ეძლევა ინტუიციურ დონეზე და კონკრეტულ სფეროებში.
ქალური ფაზიდან ბიჭიც დედის ზემეს იღებს, რაც მას გოგონას მსგავსად, სასტიკი, პრიმიტიული და კეთილი იდენტიფიკაციების საშუალებას აძლევს. მაგრამ ის ამ ფაზაში გადის
მამასთან იდენტიფიკაციის (მართალია, სხვადასხვა ხარისხით) განახლებასაც. ასეა თუ ისე,
დედის მხარე მას თავს ახსენებს ზემეს ჩამოყალიბებისას, თუმცა მამაკაცისთვის თავიდანვე მაინც მამისეული ზემე ახდენს გადამწყვეტ გავლენას. მასში ადრიდანვე ყალიბდება ამაღლებული პერსონაჟის ფიგურა, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავის მოდელირება შეუძლია, მაგრამ რადგან ბიჭი შექმნილია ”მისი ხატისა და იდეალის მიხედვით”, ეს არ არის შეუძლებელი. ეს გარემოება ხელს უწყობს მამაკაცის უფრო მდგრად და ობიექტურ შემოქმედებით საქმიანობას.
პატარა გოგონას კასტრაციულ კომპლექსზე დიდ გავლენას ახდენს მისი ქალურობის დაზიანების შიში, რადგან ეს იწვევს პენისის ზეშეფასებას მის მიერ, რომელიც თავად აკლია; მაშინ ეს გაზვიადება უფრო აშკარა ხდება, ვიდრე საკუთარ ქალურობასთან დაკავშირებული ძირეული შფოთვა. აქვე შეგახსენებთ კარენ ჰორნის მოღვაწეობას, რომელმაც პირველმა შეისწავლა ქალებში კასტრაციული კომპლექსის წარმომავლობა, რამდენადაც ეს წარმომავლობა ოიდიპოსის სიტუაციას უკავშირდება.
ამასთან დაკავშირებით მე მინდა აღვწერო ადრეული ბავშვობის გამოცდილების მნიშვნელობა სექსუალურ განვითარებაზე. ნაშრომში, რომელიც მე 1924 წელს ზალცბურგის კონგრესზე წარმოვადგინე, აღვნიშნე, რომ თუ კოიტუსზე დაკვირვება ხდება განვითარების უფრო გვიანდელ ეტაპზე, ის ტრავმული ხასიათისაა, მაგრამ თუ ასეთი გამოცდილება ადრეულ ასაკში მოხდა, ის ფიქსირდება და სექსუალური განვითარების ნაწილი ხდება. აქვე უნდა დავამატო, რომ ამგვარმა ფიქსაციამ შეიძლება არა მხოლოდ განვითარების კონკრეტულ ეტაპი შეაჩეროს, არამედ ფორმირების პროცესში მყოფი ზემეს შემდგომი განვითარებაც კი, რაც მეტად მიაღწევს ზემე თავის ზენიტს გენიტალურ ეტაპზე, მით ნაკლებად გამოხატულია იქნება მასში სადისტური იდენტიფიკაციები და უფრო მეტი ალბათობით განვითარდება ეთიკურად კარგი პიროვნება და ფსიქიკური ჯანმრთელობც უფრო დაცული იქნება.
არსებობს სხვა სახის გამოცდილება ადრეულ ბავშვობაში, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ტიპურობით და მნიშვნელობით. მე ვგულისხმობ პატარა ბავშვების სექსუალურ ურთიერთობებს ერთმანეთთან, და-ძმებსა და ამხანაგებს შორის, რაც ყველაზე მრავალფეროვანი მოქმედებებით გამოიხატება: გამოხედვა, შეხება, ექსკრეციის საერთო შესრულება, fellatio, cunnilingus და ხშირად კოიტუსის პირდაპირი მცდელობები. ისინი ღრმად არის განდევნილი და დანაშაულის განცდის ღრმა კათექსისი აქვთ. ეს გრძნობები ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს სიყვარულის ობიექტი არჩეულია ოიდიპოსის კონფლიქტით გამოწვეული აგზნების ზეწოლით, ბავშვი აღიქვამს მას მამის ან დედის, ან ორივეს შემცვლელად. ამრიგად, ეს ურთიერთობები, რომლებიც ასე უმნიშვნელო ჩანს და რომლებსაც აშკარად ვერც ერთი ბავშვი ვერ აუვლის გვერდს ოიდიპური განვითარების გავლენის გამო, განსაზღვრულ გავლენას ახდენს ოიდიპოსის კომპლექსის ფორმირებაზე, სუბიექტის ამ კომპლექსიდან გამოყოფაზე და მოგვიანებით მის სექსუალური ურთიერთობებზე . უფრო მეტიც, ამგვარი გამოცდილება ქმნის მნიშვნელოვან ფიქსაციას ზემეს განვითარების პროცესში. დასჯის აუცილებლობის და განმეორების იძულების გამო ეს გამოცდილება ხშირად აიძულებს ბავშვს, გახდეს სექსუალური ტრავმის ობიექტი. ამასთან დაკავშირებით, მე მოვიყვან აბრაჰამს[7], რომელმაც აჩვენა, რომ სექსუალური ტრავმა არის ბავშვების სექსუალური განვითარების ერთ-ერთი ნაწილი. ამ გამოცდილების ანალიტიკური გამოკვლევა მოზრდილთა და ბავშვთა ანალიზის დროს, მნიშვნელოვნად გვარკვევს ოიდიპოსთან დაკავშირებულ სიტუაციაში ადრეულ ფიქსაციებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია თერაპიული თვალსაზრისით.
ჩემი დასკვნები რომ შევაჯამო: პირველ რიგში მსურს აღვნიშნო, რომ ისინი, ჩემი აზრით, არ ეწინააღმდეგება პროფესორ ფროიდის განცხადებებს.
მე ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ გამოთქმული დამატებითი მოსაზრებების ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ეს პროცესები უფრო ადრეულად მიმაჩნია და რომ სხვადასხვა ფაზები (განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე) უფრო თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს, ვიდრე ეს აქამდე ივარაუდებოდა.
ოიდიპოსის კონფლიქტის ადრეულ ეტაპებზე იმდენად დომინირებენ განვითარების პრეგენიტალური ფაზები, რომ გენიტალურ ფაზაში აქტიურობის დასაწყისში ისინი თავდაპირველად ძლიერ დაფარულია და მხოლოდ მოგვიანებით, ცხოვრების მესამე და მეხუთე წლებს შორის ხდება მკაფიოდ დასანახი; ამასთან, ოიდიპოსის კომპლექსი და ზემეს ფორმირება კულმინაციას აღწევს. მაგრამ ფაქტი, რომ ოიდიპური ტენდენციები იწყება უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ვთვლიდით, დანაშაულის განცდის ზეწოლა, რომელიც, შესაბამისად, მოდის პრეგენიტალურ დონეზე, განმსაზღვრელ გავლენას ახდენს ადრეული ოიდიპოსის განვითარებაზე ერთი მხრივ და ზემე-ზე – მეორე მხრივ, შესაბამისად, პიროვნების ფორმირებაზე, სექსუალობაზე და ყველა დანარჩენზეც, რაც კავშირშია განვითარებასთან – ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი და აქამდე არაღიარებული მნიშვნელობისაა. ამ ცოდნის თერაპიული მნიშვნელობა მე ბავშვების ანალიზიდან გავარკვიე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. მე მოვახერხე მიღებული დასკვნების შემოწმება ზრდასრულთა ანალიზში და აღმოვაჩინე არა მხოლოდ მათი თეორიული სისწორის დადასტურება, არამედ დავადგინე მათი თერაპიული მნიშვნელობაც.
[1] Read at the Tenth International Psycho-Analytical Congress, Innsbruck, September 3, 1927.
[2] Internationale Zeitschrift für Psychoanalyse, Bd. XI, 1925.
[3] Cf. here Reich: Die Funktion des Orgasmus, Internationaler Psycho-analytischer Verlag.
[4] H. Deutsch: Psychoanalyse der weiblichen Sexualfunktion.
[5] We regularly come across the unconscious reproach that the mother has seduced the child
whilst tending it. The explanation is that at the period when she had to minister to its bodily
needs the Œdipus tendencies were awaking.
[6] Cf. Hárnik’s paper at the Innsbruck Psycho-Analytical Congress: ‘Die ökonomischen
Beziehungen zwischen dem Schuldgefühl und dem weiblichen Narzissmus’.
[7] Karl Abraham, Selected Papers, International Psycho-Analytical Library, No. 13.