გონების სტრუქტურული მოდელისაკენ
მარგრეტ ტონესმანი
თaვი 9 წიგნიდან „ფროიდი- თანამედროვე წაკითხვა“
1923 წელს ფროიდმა წარმოგვიდგინა გონების სტრუქტურული მოდელი, რომელსაც ზოგჯერ მეორე ტოპოგრაფიულ მოდელსაც უწოდებენ. იმ დროისათვის იგი აცნობიერებდა, რომ საჭირო იყო პირველი ტოპოგრაფიული მოდელის ზოგიერთი ძირითადი დებულების შეცვლა.
ამ თავში მე მინდა თვალი მივადევნო გადანაცვლებას სფეროებისაგან შემდგარი გონების სივრცითი მოდელიდან გონების ახალ მოდელზე, რომელიც შემდეგი სააგენტოებისაგან შედგება: იგი- id, მე-ego და ზემე-superego. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მე-იდეალის ცნება ზემე-თი.
ფროიდმა ტოპოგრაფიულ მოდელში გონება სამ ფსიქიკურ სივრცედ დაყო მათი ფუნქციონირების მიხედვით არაცნობიერ, წინაცნობიერ და ცნობიერ დონეზე. არაცნობიერ და ქვეცნობიერ სისტემებს შორის ფროიდმა მოათავსა ცენზურა, რომელსაც განდევნების საშუალებით შეეძლო არავნობიერი გონებრივი მუშაობის შეკავება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ცენზურა დაუშვებდა აზროვნების ამ პროცესების გატარებას, ისინი ქვეცნობიერ სფეროში დარეგისტრირდებოდნენ და პოტენციურად შეძლებდნენ გაცნობიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დარჩებოდნენ დინამიურად არავნობიერ მდგომარეობაში. ამასთან, ქვეცნობიერი ფიქრის პროცესები მაინც აღწერითად გაუცნობიერებელი რჩებოდა, თუმცა შეიძლება გამხდარიყო ცნობიერი დამატებითი ფსიქიკური ენერგიის მასში კათექსირების შედეგად; ფროიდი თვლიდა, რომ ეს იყო ყურადღების ფუნქცია. თავის სტატიაში „არავნობიერი“ (1915) მან მიგვითითა კლინიკურ დაკვირვებებზე, რომლებიც გვიჩვენებდა, რომ ზოგჯერ ქვეცნობიერი აზრები დინამიურად არავნობიერ მდგომარეობაში რჩება და ივარაუდა, რომ შეიძლება ცენზურის პროცესიც ქვეცნობიერი იყოს. მეტი აღარ შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ქვეცნობიერ სისტემაში გონებრივი აქტივობა პოტენციურად ცნობიერი იყო და მხოლოდ აღწერითად არავნობიერი, ამიტომ 1923 წლისთვის ფროიდმა თავის ნაშრომში „მე და იგი“ შემოიტანა ე.წ. გონების სტრუქტურული მოდელი.
ამ წიგნის შესავალში ჯეიმს სტრეჩიმ აღნიშნა, რომ ახალმა ტერმინოლოგიამ „დიდი გარკვეულობა მოიტანა, რამაც შემდგომ კლინიკურ მიღწევებს ჩაუყარა საფუძველი. მაგრამ ამას თავისთავად არ გამოუწვევია ფროიდის შეხედულებების შეცვლა ფსიქიკური სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ: „ მართლაც, სამი ახლად შემოღებული ცნება – მე, ზემე და იგი- დიდი ისტორიის მქონეა … და ღირს მათი შესწავლა (ფროიდი, 1923, გვ. 7) “.
“მე და იგი”-ში ფროიდმა აღნიშნა, რომ სწორი არ იქნება დინამიური არაცნობიერის გაიგივება განდევნილთან, ისევე როგორც მისი გაიგივება სისტემურ არაცნობიერთან, სფეროსთან, რომელშიც უპირველესი პირველადი პროცესებია. თავის კლინიკურ ნაშრომში მან დაადგინა, რომ მე-ს თავდაცვითი მექანიზმები, რომლებიც ქვეცნობიერია და თერაპიის პროცესში ვლინდება, როგორც პაციენტის წინააღმდეგობა, ამავე დროს, დინამიურად არავნობიერია. ახლა მას შეეძლო ეთქვა, რომ ყველაფერი, რაც განდევნილია, არავნობიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერი, რაც არავნობიერია, განდევნილი არ არის. თავის ახალ მოდელში მან იგი-ს შემადგენლობას მიაკუთვნა როგორც განდევნილი არაცნობიერი, ასევე ჩვენი სურვილების იმპულსები. მაგრამ იგი-ს არა აქვს ორგანიზაცია და მისი სინტაქსი პირველადი პროცესია.
დასახელებულ წიგნში ფროიდის მთავარი ყურადღება მე-სკენაა მიმართული. მისი სწავლების დასაწყისიდანვე იგი თავისუფლად განსაზღვრავდა მე-ს, როგორც მუდმივი კათექსისის მქონე ორგანიზაციას. თავისი ცენზურის საშუალებით მე ცნობიერებაში დაუშვებს ზოგიერთ იდეას, ხოლო სხვებს კი უკან აბრუნებს. სტატიაში ”გონების ფუნქციონირების ორი პრინციპი” (191 !ა) ფროიდი განიხილავს მე-ს განვითარებას სიამოვნების პრინციპიდან რეალობის პრინციპზე გადასვლისას. თავდაპირველად, ჩვილი სიამოვნების მაძიებელი არსებაა, დედობრივი მზრუნველობის ხელშეწყობით შესაძლებელი ხდება მისთვის სუფთა სიამოვნების მდგომარეობის შექმნა. სიამოვნების პრინციპი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ბატონობს არავნობიერში, მაგრამ ჩვილების განვითარებასთან ერთად, რეალობა მალე იწყებს მათზე ზემოქმედებას. ამის შედეგად, რეალობის პრინციპი ცვლის სიამოვნების პრინციპს და მე-ს მარეგულირებელ პრინციპად იქცევა. 1923 წელს ფროიდმა განსაზღვრა მე, როგორც ფსიქიკური ფუნქციონირების ცენტრალური მაორგანიზებელი ადაპტაციის, კონტროლისა და ინტეგრაციის სამეულის მეშვეობით. მხოლოდ მას აქვს ცნობიერებაზე წვდომა, მოტორიკაზე წვდომა და რეალობის ტესტირების უნარი.
ნარცისიზმი, მე-იდეალი და იდენტიფიკაცია
მაგრამ მე ასევე ობიექტიცაა. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის ობიექტად აღქმა, გვაქვს წარმოდგენები და ფანტაზიები საკუთარ თავზე. ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავზე ვთქვათ „მე“.
თავის სტატიაში „ნარცისიზმის შესახებ: შესავალი“(1914), ფროიდი ამტკიცებდა, რომ მე არის სუბიექტიც და ობიექტიც, მან მე-ს ახალი, ცენტრალური მნიშვნელობა მიანიჭა. ფროიდმა რამდენიმე მაგალითი გვიჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს მე ლიბიდური კათექსისის ობიექტი.
მაგალითად, ასე აკეთებს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი და ამის შედეგად მეგალომანიაკი ხდება. ის ობიექტს ჩამოაცილებს ლიბიდურ კათექსს და, სამაგიეროდ, მას საკუთარ მე-ში კათეტექსირებს. ფროიდმა (1911 ბ) შეისწავლა გერმანელი მოსამართლის დღიური, რომელსაც ფსიქოზური პარანოიდული ეპიზოდები ჰქონდა (იხილეთ ამ ტომის მე -11 თავი). იგი გრძნობდა, რომ უნდა გარკვეულიყო მე-ს ფუნქციონირების დარღვევებში, რათა გაეგო მე-ს ფუნქციონირება ნორმალურ და ფსიქონევროტულ მდგომარეობებში. ფროიდს სურდა შეესწავლა მე-ს ის ძალები, რაც განდევნას იწვევდა. მანამდე ის მე-ზე საუბრობდა, როგორც ზოგადად განმდევნელ ძალაზე, რომელიც გამოწვეული იყო სირცხვილისა და ზიზღის განცდით და მისი ეთიკური სტანდარტების ზემოქმედებით.
ძილის დროს ყველანი ნარცისულ მდგომარეობაში გადავდივართ და სამყაროს ვწყდებით. ჩვენ ავადმყოფობის დროსაც ასევე ვკარგვთ ყველანაირ ინტერესს გარესამყაროს მიმართ, და ხდება დაავადებული ორგანოს კათეტექსირება. ფროიდმა გერმანელ ავტორზე, ვილჰელმ ბუშის სიტყვებზე დაყრდნობით ასე თქვა: ”მისი სული კონცენტრირებულია კბილის არხის ვიწრო ხვრელში.”
ფროიდმა ამ ნაშრომში ასევე განიხილა ნარცისიზმის როლი ადრეულ განვითარებაში და გადახედა განვითარების თანმიმდევრობას, რომელიც მან წარმოადგინა ”სამ ნარკვევში სექსუალობის თეორიაზე”(1905). თავდაპირველად, ჩვენი ობიექტები ისინი არიან, ვინც გვიკმაყოფილებს თვითგადარჩენის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა შიმშილი და წყურვილი. ისინი თვითგადარჩენის, მე ინსტიქტების ობიექტები არიან. ლიბიდური იმპულსები ამ გზებს მიჰყვება და შემდეგ ვითარდება ის, რასაც ფროიდმა უწოდა “ანაკლიტიკური” ბმა/კავშირი/მიჯაჭვულობა anaclitic’ attachment თვითგადარჩენის იმპულსების ობიექტებზე. მალე ლიბიდული იმპულსები თავისუფლდებიან თვითგადარჩენის იმპულსებისგან, მაგრამ ინარჩუნებენ იგივე ანაკლიტიკურ ობიექტებს.. ზრდასრულ ცხოვრებაშიც კი, როდესაც შეგვიყვარდება ვინმე ან ვინმესთან ემოციური ურთიერთობები გვაკავშირებს, ჩვენ მივყვებით ადრეული ანაკლიტური ობიექტების მოდელებს, კერძოდ, მათ, ვინც გვკვებავს და რომლებიც გვიცავენ. მაგრამ ფროიდი ამბობს, რომ ჩვენ ნარცისულ ურთიერთობებსაც ვქმნით. თავიდან ბავშვი შეყვარებულია საკუთარ თავზე. როდესაც ზრდასთან ერთად ბავშვი განიცდის მისი თავდაპირველი ბავშვური ყოვლისშემძლეობის პირველ ნორმატიულ ნარცისულ დამცირებას/განადგურებას, იგი საკუთარ თავში ქმნის თავის იდეალურ ხატს, მე-იდეალს. მე- იდეალი შინაარსს გარემოდან იღებს: ბავშვი მაშინ იქნება კარგი ბავშვი, როდესაც თავის მე-იდეალს მიყვება, რომელიც შეიცავს დედამისის იდეებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს კარგი ბავშვი. ფროიდმა ჩაამატა ნარცისული ეტაპი ადრეულ ავტო-ეროტიკულ სტადიასა და განვითარების ობიექტურ სტადიებს შორის. ჩვენ იდეალური მე მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგვყვება და როდესაც ჩვენი მე-იდეალი დამკვიდრებულია, ჩვენი თვითშეფასება დამოკიდებულია იმის რწმენაზე, რომ ჩვენ ახლოს ვართ საკუთარი თავის იდეალთან. მაგრამ ჩვენ ასევე ვქმნით ნარცისულ ობიექტურ ურთიერთობებს, როდესაც ვირჩევთ და გვიყვარს ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს საკუთარ იდეალს. ფროიდმა თქვა, რომ ის რაც ვართ, რაც ვიყავით და რაც გვსურს ვიყოთ, შეიძლება ნარცისულ ურთიერთობებში აღმოვაჩინოთ. მან აღწერა, თუ როგორ აფასებენ მშობლები შვილებს. მას ეს მათი საკუთარი ნარცისიზმის აღორძინებად და გამოვლინებად მიაჩნდა. ‘რა საყვარელია არა?“ -შეიძლება თქვას მშობელმა თავისი პატარაზე.
ფროიდი ამტკიცებს, რომ ცხოვრებაში ჩვენ ვქმნით ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც ობიექტის სიყვარულისა და ნარცისული სიყვარულის ნაზავია. როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ, მაღალი თვითშეფასება გვაქვს. როდესაც რომელიმე ურთიერთობაში ჩვენი მე-იდეალის პროექციას ვახდენთ, ვაიდეალებთ ობიექტს და თავს ვიმდაბლებთ, მაგრამ სიყვარულის უკანვე დაბრუნებით ხდება ჩვენი თავისადმი ნარცისული სიყვარულის აღდგენა.
მე-იდეალი ხდება სპეციალური სააგენტო მე-ში. ის, რასაც ფროიდი უწოდებდა ჩვენი ეთიკური სტანდარტებით გამოწვეულ განმდევნელ ძალებს, სირცხვილისა და ზიზღის გრძნობას, ახლა ხდება მე-იდეალის განმდევნელი ძალა. ფროიდმა ერთხელ მას უწოდა დარაჯი, რომელიც ჩვენი სინდისის როლს ასრულებს და ის არის სიზმრის ცენზურაც.
იდენტიფიკაცია და მელანქოლია
1915 წელს ფროიდმა მელანქოლიის შესახებ თავისი ნაშრომის ხელნაწერი გაუგზავნა კარლ აბრაჰამს, ბერლინელ ფსიქოანალიტიკოსსა და ფსიქიატრს, რათა მას კრიტიკულად განეხილა. აბრაჰამს უკვე ჰქონდა დაწერილი ნაშრომი მელანქოლიის შესახებ 1911 წელს. ფროიდმა განიხილა აბრაჰამის ზოგი შენიშვნა, მაგალითად, ის, რომ მელანქოლია ფსიქოტური დაავადებაა, ობიექტის დაკარგვის საპასუხოდ წარმოქმნილი, რაც გაუცნობიერებელია. ფროიდიც და აბრაჰამიც მას განიხილავდნენ გლოვის საპირისპიროდ, რომელიც ჯანმრთელი პასუხია დაავადებულის მიერ განცდილ დანაკარგზე. აბრაჰამს მიაჩნდა, რომ ეს არის დაკარგული ობიექტის არაცნობიერი, ორალურ-სადისტური გაერთიანება/ინკორპორაცია, რომელიც ფსიქოზურ მდგომარეობას მიეკუთვნება, ხოლო ფროიდი ამტკიცებდა, რომ ეს იყო რეგრესია ადრეული ორალური სტადიისაკენ, რაც იწვევს მე-ს იდენტიფიკაციას ობიექტთან. ფროიდი ფიქრობდა, რომ ინკორპორირებული ობიექტები ყოველთვის იწვევს ობიექტთან იდენტიფიკაციას. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი თეორიული განსხვავებაა; აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გზაგასაყარის დასაწყისი იმას შორის, რაც მოგვიანებით გახდა ობიექტთა ურთიერთობის თეორია -ფსიქოანალიზის კლასიკური თეორიის საწინააღმდეგოდ. წერილში “გლოვა და მელანქოლია” (1917) ფროიდი, აბრაჰამის მსგავსად, თვლის, რომ მგლოვიარემ მართლაც დაკარგა, მაგრამ დაკარგულ ობიექტთან მისი ურთიერთობა ცოტა ხნით მაინც უნდა შენარჩუნდეს, რადგან ლიბიდური ბმები ნელა თავისუფლდება გლოვის მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გლოვის მუშაობა მიზნად ისახავს ლიბიდოს გათავისუფლებას, რათა ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. მელანქოლიკი იტანჯება განდევნილი, არავნობიერი, ნარცისული ობიექტის იდეალიზაციის დაკარგვის გამო, რაც შეიძლება იყოს პიროვნება ან აბსტრაქტული ობიექტი. მისი ურთიერთობა ამბივალენტური იყო, სიძულვილი მიმართული იყო ობიექტის გასანადგურებლად მაშინ, როცა სიყვარული ცდილობდა მის შენარჩუნებას. ობიექტის დაცვის მიზნით, ნარცისული ობიექტური ურთიერთობა გადაიქცევა ნარცისიზმად. ობიექტი ინკორპორირებულია, მაგრამ ხდება მასთან გაიგივება. „ობიექტის ჩრდილი ეცემა მე-ს“- ასე განმარტა ეს ფროიდმა. ახლა მე ორ ნაწილად იყოფა, მისი ერთი ნაწილი შეუბრალებლად თავს ესხმის ობიექტთან იდენტიფიცირებულ მეს; რასაკვირველია, რომ თავდამსხმელი ნაწილი მე-იდეალია, რომელიც მე-ს აკვირდება და სინდისის ფუნქციას ასრულებს. მელანქოლიური პაციენტი თავს უსარგებლოდ თვლის, მაგრამ თვითბრალდებების და თვითგვემის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიცნოთ, რომ ის ძირითადად თავს ესხმის იმ ობიექტს, რომელთანაც ხდება მე-ს იდენტიფიკაცია. მელანქოლიური დაავადება თვითშეზღუდულია. ფროიდის ვარაუდით, ან სიძულვილი დაიხარჯა, ან ობიექტთან იდენტიფიკაციაზე უარი ითქვა, ან განადგურდა, რადგან ობიექტი შეფასდა უვარგისად. ზოგიერთ შემთხვევაში მელანქოლია, ან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, როგორც მას ახლა უფრო ხშირად უწოდებენ, დეპრესიის მოხსნის შემდეგ მანიაკურ მდგომარეობაში გადადის. “ჯგუფის ანალიზი და მე” -ში (1921) ფროიდი ყურადღებით მიუბრუნდა თავის ადრეულ დისკუსიებს. დროდადრო ჩვენ საშუალებას ვაძლევთ განდევნილს, რომ გვერდი აუაროს განდევნის წინააღმდეგობას და დავუშვებთ ხოლმე მას ჩვენს მე-ებში/ეგოებში, რომ გაზარდოს ჩვენი სიამოვნება; ჩვენ ამას მივიჩნევთ, მაგალითად, ხუმრობად და იუმორად. მან თქვა, რომ, ანალოგიურად, ჩვენ დიდხანს ვერ ვიტანთ მე-იდეალის გამოყოფას მე-სგან. დროდადრო ხდება ყველა შეზღუდვისა და აკრძალვის დამხობა, რომელსაც მე-იდეალი მე-ს უწესებს. ამის დანახვა შეიძლება იმ ფესტივალებზე, სადაც ზედმეტობები დაშვებული და წახალისებულია, მაგალითად, რომაელთა სატურნალიებზე ან თანამედროვე კარნავალებზე. ფროიდი ვარაუდობს, რომ მანიაკალური მდგომარეობების პათოლოგიაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. მე იდეალი და მე ერთმანეთს ერწყმიან და მე იდეალი დროებით გაითქვიფება მე-ში. მანიაკალურ მდგომარეობაში პაციენტი განიცდის ტრიუმფის გრძნობას და თვითკმაყოფილებას მისი თვითგვემის და თვითდათრგუნვის შეჩერებით. ფროიდის ვარაუდით, მელანქოლიური მდგომარეობების დროს მე-სა და მე-იდეალს შორის მძლავრი კონფლიქტი არსებობს, მაგრამ თუ ეს მანიაკალურ ეპიზოდში გადავა, მოხდება მე-ს ნაწილის ამბოხი მე -იდეალის წინააღმდეგ.
იდენტიფიკაციის სხვადასხვა დონეები
თავის წიგნში “ჯგუფის ანალიზი და მე” (1921) ფროიდმა განიხილა ჯგუფის ხელმძღვანელთან იდენტიფიკაცია ჯგუფური ურთიერთობის კონტექსტში. “ტოტემი და ტაბუ” – ში (1913) მას უკვე ჰქონდა დაშვებული ვარაუდი კაცობრიობის პრეისტორიული განვითარებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საწყისების შესახებ. მან დარვინი და იმდროინდელი ანთროპოლოგიური ლიტერატურა მოიშველია საზოგადოების წარმოშობის შესახებ მითის პოსტულირებისათვის. პირველყოფილ ტომს სასტიკი ბელადი ჰყავდა, რომელმაც ტომიდან ყველა ვაჟი გააძევა და ქალებთან არ მიუშვა. გამრავლების უფლება მხოლოდ უმცროსს ჰქონდა. ვაჟებს მამა თან უყვარდათ და თან სძულდათ. ისინი შეიკრიბნენ და სიძულვილის გამო მამა მოკლეს და შთანთქეს. მას შემდეგ, რაც მათ მამის ინკორპორირება მოახდინეს, წინა პლანზე სიყვარული წამოვიდა და ისინი სინანულს განიცდიდნენ. მათ თავი გააიგივეს მამასთან და შექმნეს კანონები მამისმკვლელობისა და ინცესტის აკრძალვის შესახებ. ტომმა შექმნა ტოტემი, როგორც მამის სიმბოლო. ტოტემურ ცხოველს არ ჭამდნენ, გარდა ყოველწლიური საზეიმო საერთო ტრაპეზისა. “ჯგუფის ანალიზი და მე” -ში ფროიდმა განიხილა ძლიერი ლიდერის მქონე ჯგუფების დინამიკა. იგი ამტკიცებს, რომ ჯგუფის ყველა წევრი აღიარებს ლიდერს, როგორც იდეალს; რადგან ყველა მათგანი ერთსა და იმავე იდეალს იზიარებს, რომელიც მათ ერთმანეთთან აიგივებს, ხდება ორმაგი იდენტიფიკაცია და წევრების ინდივიდუალური მე -იდეალები უკან იხევენ საერთო იდეალური-ობიექტის სასარგებლოდ. ეს დინამიკა აყალიბებს ობიექტთან ძლიერ კავშირს მე-ს ობიექტთან იდენტიფიკაციის საპირისპიროდ. პირველ შემთხვევაში, მე გაღატაკებულია და თვითონაც ნებდება ობიექტს. მეორე შემთხვევაში მე გამდიდრებულია ინტროეცირებული ობიექტის თვისებებით. ფროიდმა ასევე განიხილა იდენტიფიკაციის სხვადასხვა დონეები. ადამიანის განვითარებისას იდენტიფიკაცია წარმოადგენს პირველი სახის ემოციურ კავშირს სხვა ადამიანთან ობიექტური ურთიერთობების დამყარდებამდე. ფროიდმა მოიყვანა პატარა ბიჭის მაგალითი, რომელიც მამამისთან იდენტიფიცირდება და სურს ყოველმხრივ დაემსგავსოს მას. შეიძლება ითქვას, რომ ის მამამისს თავის იდეალად იღებს. დედასთან მას ანაკლიტური ტიპის[i] ლიბიდური ურთიერთობა აქვს. ასე რომ, პატარა ბიჭს ორი გამოკვეთი კავშირი აქვს: მამამისთან იდენტიფიკაცია და დედამისთან სექსუალური ობიექტური კათექსისი. ორივე ეს კავშირი დამოუკიდებლად თანაიარსებებს გარკვეული დროით და მას ოიდიპოსის კომპლექსისთვის მოამზადებს. შემდეგ პატარა ბიჭი ამჩნევს, რომ მამას დედასთან თავისი ურთიერთობები აქვს და მას სურს მამის ჩანაცვლება. მამასთან მისი იდენტიფიკაცია ახლა მტრულ ასპექტს იღებს. იდენტიფიკაცია ყოველთვის ამბივალენტურია და შეიძლება ჩაითვალოს ადრეული ორალური ორგანიზაციიდან წარმოებულად: „მე მიყვარხარ, გჭამ და გაქრობ ამ პროცესში“. იდენტიფიკაცია შესაძლებელია დადებითი ან უარყოფითი იყოს.
ობიექტთან იდენტიფიკაცია შეიძლება გახდეს ობიექტებთან ბმის წინამორბედი, როდესაც, მაგალითად, პატარა ბიჭი თავისი ქალური დამოკიდებულებით მამის მიმართ ეძებს მამისგან სექსუალურ დაკმაყოფილებას, როგორც სექსუალური ობიექტისაგან. თუ მამასთან იდენტიფიკაციური კავშირი /ბმა არსებობს, ბიჭს სურს მამას დაემსგავსოს; თუ იგი მამას ობიექტად მიიჩნევს, მას სურს მამა ჰყავდეს. ფროიდს მოჰყავს პატარა გოგოს მაგალითი, რომელიც მეტოქეობის საფუძველზე ცდილობს დედის ჩანაცვლებას და ამიტომ მას ისეთივე ძლიერი ხველა ეწყება, როგორიც დედამისს აქვს. მას დედის ჩანაცვლება სურს მამასთან ურთიერთობაში და მისი სიმპტომი გამოხატავს კონფლიქტს მამის მიმართ სიყვარულის განცდასა და დედის მიმართ დანაშაულის განცდას შორის. მეორე გოგონას, მაგალითად, ხველა შეიძლება მამის მსგავსად დაეწყოს. თუკი მას ვერ ეყოლება მამა, (როგორც სიყვარულის ობიექტი), ის მასთან იდენტიფიკაციას ახდენს ფორმულით: „რაც არ შემიძლია მქონდეს, ის შემიძლია თავად ვიყო“.
აქ, ობიექტის არჩევანი რეგრესირდება იდენტიფიკაციამდე. ასევე შესაძლებელია რაიმე თვისების გადაღება ვინმესგან მასთან ურთიერთობის ქონის გარეშეც. ფროიდს მოჰყავს გოგონების მაგალითი სკოლა-ინტერნატში; ერთმა გოგონამ, რომელსაც აქვს საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა, მიიღო წერილი, რომელმაც მისი ეჭვიანობა გამოიწვია. ამაზე ის რეაგირებს ისტერიული გულისწასვლის ფორმით. სხვა გოგონებმა, რომლებიც შეიძლება პირადად არ იყვნენ მისი ახლო მეგობრები, მაგრამ სურდათ მათაც ჰქონოდათ საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა, ახლა მასთან იდენტიფიცირება მოახდინეს ისტერიული გულის წასვლების საშუალებით. იდენტიფიკაცია გადაადგილდა გოგონადან მის სიმპტომზე, რაც მიუთითებს საიდუმლო სურვილზე (მათაც ჰყავდეთ საიდუმლო თაყვანისმცემელი). ფროიდი ამ სამ წყაროს ასე აჯამებს :
პირველი, იდენტიფიკაცია არის ობიექტთან ემოციური კავშირის საწყისი ფორმა; მეორე, რეგრესულად იგი ლიბიდური ობიექტური კავშირის ჩამნაცვლებელია ობიექტის მე-ში ინტროექციის გზით; და მესამე, ის შეიძლება იყოს ნებისმიერ სხვა ადამიანთან საერთო თვისების ახლებური აღქმა, რომელიც არ წარმოადგენს სექსუალური ინსტინქტის ობიექტს. (1921, გვ. 107)
“მე და იგი” -ში (1923) ფროიდმა აღნიშნა, რომ მეს მთელი ბუნება შედგება მიტოვებულ ობიექტებთან იდენტიფიკაციების ნარჩენებისაგან. მოცემულ ობიექტზე კათექსირებული ლიბიდური მუხტი დესექსუალიზირდება და გადაიქცევა ნარცისულ ენერგიად. სუბლიმაცია ხდება ობიექტის კათექსისიდან მე-ს კათექსისზე გადასვლის გზით და მასთან ერთად იცვლება ლიბიდური მუხტის მიზანი. ფროიდმა თქვა, რომ მე შეიცავს ობიექტების არჩევანზე უარის ისტორიას და ის უნდა განვიხილოთ, როგორც გაშინაგანებული გარემო.
ზემე და იდენტიფიკაცია
ბავშვობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტიფიკაციები ისინია, რომლებიც მე-ს განსაკუთრებული სააგენტოს – ზემე-ს ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. ბიჭის პირველადი იდენტიფიკაცია მამასთან წარმოადგენს დაუყოვნებლივ იდენტიფიკაციას ობიექტური კათექსისის ჩამოყალიბებამდე, როგორც ამას ფროიდი ამბობდა ადრე. 1923 წელს მან დაამატა, რომ ამგვარი იდენტიფიკაცია შეიძლება გენეტიკურად იყოს განპირობებული. ზოგადად, ბავშვის ობიექტური არჩევანი დაკავშირებულია მამასთან და დედასთან, მაგრამ როდესაც იგი განვითარების ოიდიპურ ეტაპზე გადადის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ურთიერთობები არსებობს სამკუთხედში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანდაყოლილი ბისექსუალობა. ფროიდმა ჩათვალა, რომ ბიჭი, შესაძლოა, გარკვეული დროით დაკავშირებულია მამასთან პირველადი იდენტიფიკაციით და ადრეული ობიექტური ურთიერთობით დედასთან. ესენი ერთხანს თანაარსებობენ, სანამ დედის მიმართ მისი სექსუალური სურვილები არ გამძაფრდება. ამის შემდეგ მამასთან მისი ურთიერთობა ხდება ამბივალენტური და მას მამის მოშორება სურს. ბიჭი ახლა შევიდა ოიდიპოსის კომპლექსის სამკუთხედში. როდესაც ოიდიპური ვითარება საბოლოოდ მოგვარდება, ბიჭი ან დედის ობიექტურ კათექსისს მიატოვებს და ეს გამოიწვევს მასთან იდენტიფიკაციას, ან მოხდება მამასთან იდენტიფიკაციის გააქტიურება და ეს დედასთან ნაზი ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს. გოგონას შემთხვევაშიც მსგავსი ვითარებაა: ან მოხდება დედასთან მისი იდენტიფიკაციის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ქალური ხასიათის განვითარებას, ან გოგონა მამასთან გაიგივდება, გახდება ბიჭური და მას გაუძლიერდება ხასიათის მამაკაცური თვისებები. ფროიდი ფიქრობდა, რომ ბისექსუალურობა გავლენას ახდენს ოიდიპოსის კომპლექსის პერიპეტიებზე როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში, რადგან მამაკაცური და ქალური განწყობების ფარდობითი სიძლიერე განსხვავებულია. უარყოფითი ოიდიპოსის კომპლექსი ასევე დამოკიდებულია ბისექსუალურ წინაგანწყობაზე და ხშირად აღმოვაჩენთ, რომ, სინამდვილეში, ოიდიპოსის კომპლექსი ორნაირია. ბიჭი ზოგჯერ პატარა გოგოსავით იქცევა და მამის მიმართ მგრძნობიარე ქალურ დამოკიდებულებას ავლენს, ხოლო დედის მიმართ მეტოქეობასა და ეჭვიანობას ამჟღავნებს. იგივე ითქმის პატარა გოგონების უარყოფით ოიდიპოსის კომპლექსზე. განვითარების ოიდიპალური ეტაპის ბოლოს, ბიჭებსა და გოგონებში ყალიბდება ზემე, რომელიც აგებულია დედ-მამასთან იდენტიფიკაციებზე. ბიჭის მამასთან იდენტიფიკაცია ანარჩუნებინებს მას ობიექტურ ურთიერთობას დედასთან და ანაცვლებს მამასთან ქალურ ობიექტურ ურთიერთობას. ოიდიპოსის კომპლექსის დანალექი მე-ში იწვევს მის მოდიფიკაციას: მე-ს შინაარსს მისივე ნაწილი დაუპირისპირდება ზემეს სახით. ზემეს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რომელიც არ წარმოადგენს უბრალოდ იგის იმპულსების ყველაზე ადრეული ობიექტის არჩევანის ნარჩენს. ფროიდმა თქვა, რომ ის უფრო მძლავრია, ვიდრე ნარჩენი, ეს არის ენერგეტიკული რეაქციული წარმონაქმნი ამ არჩევანის საწინააღმდეგოდ. “მე და იგი” -ში ის ამტკიცებს, რომ ზემეს კონცეფცია უნდა ჩაითვალოს მე-იდეალის ტოლფასად. იგი თვლიდა, რომ მე-იდეალი უნდა გაგვეგო, როგორც განსაკუთრებული საფეხური, მე-ს დიფერენცირება, მაგრამ ახლა სიახლეა ის იყო, რომ მე-ს ეს ნაწილი ნაკლებად მჭიდროდ უკავშირდებოდა ცნობიერებას. როგორც სტრეიჩიმ აღნიშნა, “მე- და იგი”-ს გამოქვეყნების შემდეგ ტექნიკური ტერმინი “მე-იდეალი” თითქმის მთლიანად გაქრა და ჩანაცვლებული იქნა ტერმინით “ზემე”. სწორედ ამ წიგნში ჩამოაყალიბა ფროიდმა საბოლოოდ თავისი შეხედულებები ზემეს წარმომავლობის შესახებ ბავშვობის ადრეული ობიექტური ურთიერთობებიდან. ზემე ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნისგან შედგება: ‘’შენ უნდა იყო ისეთი, როგორც მამაშენია’’ და ‘’შენ არ უნდა დაემსგავსო მამაშენს.’’ ზემეს ამოცანაა ბავშვის ოიდიპალური სურვილების განდევნა. მისი მშობლები მათი რეალიზების დამაბრკოლებლები არიან. ბავშვი იდენტიფიცირდება მშობლებთან და მათ თავის ზემეში განათავსებს, რის შემდეგაც მე-ს ეს ნაწილი განცალკეველბულ ინსტანციად გადაიქცევა. როგორც ფროიდი ამბობდა, ბიჭი მამისგან ძალას სესხულობს და მამის ამ ხასიათს შემდგომში მისი ზემე ინარჩუნებს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერია ოიდიპური სურვილები, მით უფრო სწრაფად განიდევნებიან ისინი.
ფროიდის აზრით, ზემე წარმოდგენს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგს, ესენია: ბიოლოგიური – კერძოდ, დამოკიდებულება ადამიანის ხანგრძლივი ბავშვური უსუსურობის გამო და და ისტორიული – ოიდიპოსის კომპლექსის არსებობა და მისი განდევნა. ფროიდი თანაუგრძნობდა შანდორ ფერენცის იდეას, რომ გამყინვარების ხანამ ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ჩააყენა, რამაც ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის შეცვლა განაპირობა. შთამომავლებს დიდი ხნის განმავლობაში უნდა შეეკავებინათ თავი შობადობისაგან, აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, ადამიანის სექსუალობის განვითარება ორფაზიანი გახდა.
ოიდიპოსის კომპლექსის ნორმატიული განდევნის შემდეგ, ბავშვური სექსუალობა დროებით იკლებს. სქესობრივ მომწიფებამდე, როდესაც სასქესო ორგანოების მომწიფება დაასრულებს სქესობრივ განვითარებას, სექსუალობა ლატენტური რჩება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფროიდის აზრით, ზემე ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრეა. მისი შექმნით სრულდება ოიდიპოსის კომპლექსის ბატონობა. იგი წუხდა, რომ ფსიქოანალიტიკური თეორიის კრიტიკოსები ხშირად ჩიოდნენ, რომ ეს თეორია ადამიანის არსებობის მხოლოდ ქვენა ნაწილს ეხება და არ ცნობს კაცობრიობის მაღალ ღირებულებებს და კულტურულ მიღწევებს. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ზემე-სადმი იგი-ს დაქვემდებარებით ფსიქოანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე დაბალ ნაწილს მიკუთვნებული იგი შეიცვალა ზემე-ს ფორმირებით, რომელიც კაცობრიობის ისეთი მაღალი ღირებულებების მატარებელია, როგორიცაა ზნეობა, რელიგია და სოციუმის გრძნობა.
ზემე ჩვენი პირველადი იდენტიფიკაციებისაგან იქმნება და ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრეა. ფროიდი თვლიდა, რომ ათასობით წლების განმავლობაში მიმდინარე მე-ს იდენტიფიკაციები იგი-ს გენეტიკურ შინაარსად იქცა. მან ჩამოაყალიბა გენეტიკური მამისა და დედის ხატი იგი-ში. ინდივიდუალური განვითარების პროცესში, განვითარების ფალიკურ ოიდიპურ სტადიაზე, გენეტიკურად დაპროგრამებული იგი-ს სურვილები აქტივირდება ბავშვის სურვილებით მის მშობლებთან მიმართებაში. ჩვენი ოიდიპური სურვილების მატარებელ მშობლებთან იდენტიფიცირებით, ზემე უახლოვდება იგი-ს და ამით შორდება ცნობიერს. აქედან გამომდინარე, ზემე წარმოადგენს ფსიქიკურ რეალობას მესგან განსხვავებით, რომელიც გაშინაგანებულ გარემოს წარმოადგენს. ფროიდი მსჯელობდა იმაზე, თუ რისგან შედგება ზემე – სიტყვიერი თუ ხატოვანი მნემური ნარჩენებისგან. მე-ს მსგავსად, ზემე შედგება სიტყვების ნარჩენებისგან, ისევე როგორც ნარჩენები არის მოსმენილი სიტყვები. Like the ego it consists of word residues as the residues are from heard words. მაგრამ როდესაც ზემეს ფუნქცია არაცნობიერია, ენერგეტიკული კათექსისი იგი-დან მოდის და, შესაბამისად, უფრო ახლოს დგას პირველად პროცესებთან. ზემე-ს სიმკაცრე, გარკვეულწილად, გამპირობებულია ბავშვის იდენტიფიკაციით მისი მშობლების მოთხოვნებთან და სწავლებასთან, ან , კიდევ უფრო მეტად, მისი მშობლების ზემესთან და იდეალებთან. ის ინარჩუნებს საზოგადოების კულტურასა და ტრადიციებს. თუმცა, ამას გარდა, ის ნაწილობრივ ბავშვის ოიდიპური სურვილების იმპულსების ინტენსივობის შედეგიცაა. ფროიდი ფიქრობდა, რომ იდენტიფიკაცია ყოველთვის წინააღმდეგობრივია, რადგან ის ორალურ მოდელს ეფუძნება: ”მე მიყვარხარ, ამიტომ გჭამ და განადგურებ ამ პროცესში”. როცა იდენტიფიკაციების წყალობით, ობიექტურ-კატექსისზე უარს ვამბობთ, იმპულსები ქრება. ლიბიდური იმპულსები დესექსუალიზირდება და მეს ნარცისულ ენერგიად იქცევა. თუმცა, ის ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს დესტრუქციული ინსტინქტური კატექსისისაგან, თავისუფლდება და კვებავს ზემეს სიმკაცრეს, რაც მე-ზე დაუნდობელ თავდასხმაში ვლინდება. რაც უფრო ძლიერია ბავშვის ოიდიპური სურვილ-იმპულსები, მით უფრო მკაცრი იქნება მისი ზემე. ფროიდი ამბობდა, რომ რაც უფრო მეტად აკავებს ადამიანი თავის აგრესიას, მით უფრო დაუნდობელია მისი ზემე. ასეა და არა სხვაგვარად.
ზემე-ს ორმაგი ფუნქცია აქვს, მე-იდეალისა და სინდისის. ამ უკანასკნელს მე დანაშაულის განცდად შეიგრძნობს. ჩვენ დანაშაულის განცდა გვაქვს, როდესაც აგრესიული ქმედების გამო სინანულს ვგრძნობთ. მაგრამ ჩვენ შეიძლება თავი დამნაშავედ მაშინაც ვიგრძნოთ, როდესაც მე ვერ აღიქვამს განდევნილ აგრესიულ იმპულსს და ის მხოლოდ ზემე-ში რეგისტრირდება. ეს წარმოადგენს ზემე-ს და იგი-ს მჭიდრო კავშირის დემონსტრირებას. ასე ხდება ობსესიური ნევროზის შემთხვევაში, როდესაც ზემე მეს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს განდევნილი მტრული იმპულსების გამო. ფროიდმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში მე პროტესტს აცხადებს და დამნაშავედ კი არა, ავადმყოფად გრძნობს თავს. მელანქოლიის შემთხვევაში ობიექტივირებული მე ემორჩილება ასეთ იმპულსებს და თავს ტანჯულად გრძნობს. ფროიდმა ყურადღება გაამახვილა ტერმინის “არაცნობიერი დანაშაულის განცდის” არასწორ გამოყენებაზე. მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია განვიცადოთ, როცა ვგრძნობთ. ჩვენ არ შეგვიძლია არაცნობიერად ვიგრძნოთ გრძნობები. “არაცნობიერ განცდაში” იგულისხმება განცდების თავდაცვითი გადანაცვლება სხვა საგანზე. ჩვენ შეიძლება ვეძებდეთ დასჯას არაცნობიერი დანაშაულის განცდის გამო. ამის მაგალითია ნეგატიური თერაპიული რეაქცია მკურნალობისას. არაცნობიერმა დანაშაულმა ადამიანი შეიძლება დამნაშავედაც კი აქციოს. ჩვენ შეიძლება ჩავიდინოთ დანაშაული დაძაბულობისგან თავის გასათავისუფლებლად, რადგან მე ამას დანაშაულად ვერ აღიქვამს. მორალური მაზოხიზმი დასჯით კმაყოფილდება და ქრება, როდესაც ირგვლივ საკმაოდ გვაქვს ცხოვრებისეული სირთულეები.
დასკვნა
ამ თავში მე შევეცადე მეჩვენებინა, თუ როგორ მსჯელობდა ფროიდი თავის ნაშრომში “ნარცისიზმის შესახებ: შესავალი” (1914) მე იდეალის ჩამოაყალიბების შესახებ მშობლებთან ბავშვის იდენტიფიკაციებისაგან, ასევე მიმოვიხილე მისი შემდგომი პუბლიკაციები, სადაც იგი იდენტიფიკაციის მრავალ ასპექტს და დონეს განიხილავდა, სანამ საბოლოოდ წარმოადგენდა ზემე-ს ცნებას ნაშრომში ‘’ მე და იგი’’ (1923). ახალი ფაქტორი, რაც მან ამ წიგნში განიხილა, იყო ის, რომ აქ მე-იდეალი უფრო ნაკლებად წარმოადგენდა ცნობიერის ნაწილს, ვიდრე ფროიდი მანამდე თვლიდა. ამიერიდან, ფროიდი იყენებს ტერმინს ზემე, რომელიც მე- იდეალის ასპექტებსაც მოიცავს. ტერმინი მე- იდეალი მან მოგვიანებით, სულ რამდენიმე ნაშრომში გამოიყენა.
შენიშვნები
- გერმანული ტერმინი iiber-lch სიტყვასიტყვით ვერ ითარგმნება, როგორც უნდა იკითხებოდეს სინამდვილეში- above-1. ჯეიმს სტრეიჩიმ ეს სირთულე ფროიდთან განიხილა, რომელიც დაეთანხმა, რომ სტრეიჩის გამოეყენებინა ლათინური ტერმინები ego და superego. სამწუხაროა, რომ თარგმანში დაიკარგა ორიგინალური გერმანული ტერმინის ზოგიერთი ძლიერი მახვილი.
- “მე და იგი” -ში (1923) ფროიდმა ჩათვალა, რომ ბიჭები და გოგონები ერთნაირად გადიან ოიდიპალურ ფაზას. მალევე (1923, 1931) მან შეცვალა თავისი შეხედულებები გოგონას ოიდიპალური ფაზის შესახებ. მან აღნიშნა, რომ გოგონებმაც და ბიჭებმაც იციან თავიანთი ანატომიური განსხვავებების შესახებ განვითარების ამ ეტაპზე. შემდეგ მან ივარაუდა, რომ გოგონები ოიდიპალურ სიტუაციაში შედიან, როდესაც დედას შორდებიან და ფალოსის არქონის გამო ადანაშაულებენ მას. ეს მათ მამისკენ მიბრუნების მოტივაციას აძლევს და ფანტაზიას, მისგან შვილი გააჩინონ. ოიდიპალური ვითარება ახალი იმედგაცრუებით მთავრდება. ამის შემდეგ გოგონა უბრუნდება დედას ან იდენტიფიცირდება მამასთან და მას ბიჭური თვისებები უვითარდება მანამ, სანამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ქალურ იდენტობას შეიმუშავებს.
- ფროიდმა აღნიშნა, რომ ზოგი პაციენტი ძლიერი წინააღმდეგობით რეაგირებს, როდესაც თერაპიის დროს მდგომარეობა უუმჯობესდება. მათ ეშინიათ გაუმჯობესების, თითქოს ეს მათთვის საშიშროებას წარმოადგენდეს. ისინი კმაყოფილებას განიცდიან ავადმყოფობით და უარს ამბობენ ტანჯვის შესუსტებაზე. ეს უარყოფითი თერაპიული რეაქცია განპირობებულია მორალური ფაქტორით, დანაშაულის განცდით, რომელიც არავნობიერ მდგომარეობაში რჩება; ეს პაციენტები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ; ისინი თავს ცუდად გრძნობენ. დანაშაულის ეს განცდა გამოიხატება მხოლოდ როგორც წინაღმდეგობა გამოჯანმრთელებისადმი, რომლის გადალახვაც ძალზე ძნელია.
ლიტერატურა:
Abraham K (191 1) Notes on the psycho-analytic investigation and treatment of manicdepressive insanity and allied conditions. In Selected Papers on Psycho-Analysis. London: Hogarth Press, 1965, pp. 137-56. Freud S (1905) Three Essays on the Theory of Sexuality. SE 7.
Freud S (1911a) Formulations on the Two Principles of Mental Functioning. SE 12. Freud S (191 lb) Psycho-Analytic Notes upon an Autobiographical Account of a Case of Freud S (1913) Totem and Taboo. SE 13.
Freud S (1914) On Narcissism: An Introduction. SE 14. Freud S (1915) The Unconscious. SE 14.
Freud S (1917) Mourning and Melancholia. SE 14.
Freud S (1921) Group Psychology and the Analysis of the Ego. SE 18.
Freud S (1923) The ‘Igo and the Id. SE 19.
Freud S (1925) Some Psychological Consequences of the Anatomical Distinction Freud S (1931) Female Sexuality. SE 21.
Strachey J (1923) Editor’s introduction. In The Ego and the Id. SE 19.