test

ვორკშოფი 1. ეთიკის საკითხი ფსიქოანალიზში და ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში
წაიკითხე ვორკშოპის შესახებ სრულად ⬇️

ნინო სესიაშვილი, დიმიტრი ფრეიდმანი, ნონა ნაკაშიძე

ეთიკა არის ანალიტიკური მუშაობის ანი და ბანი, მის გარეშე ფსიქოანალიზის პრაქტიკა არ არსებობს. ეთიკის საჭიროება ფსიქოანალიზში ფროიდისა და მისი შემდგომი თაობის ანალიტიკოსების კლინიკურმა გამოცდილებამ განსაზღვრა. ის დაიწყო ფროიდის დაკვირვებით პაციენტის ქცევის გარკვეულ ასპექტებზე, რომლებიც მან თავდაპირველად ტექნიკურ დაბრკოლებად მიიჩნია. მოგვიანებით ფროიდმა აღიარა, რომ პაციენტისთვის გარდაუვალი იყო იმ ძველი ქცევის და ურთიერთობების მოდელების ანალიტიკოსთან ურთიერთობაში გადმოტანა, რაც პაციენტს ჰქონდა ე.წ. პირველადი ობიექტების მიმართ. ფროიდმა აღმოაჩინა გადატანა, ანუ ტრანსფერი და ეთიკის საფუძვლები ამ აღმოჩენას დაუკავშირდა. ამ ასპექტს ეხება პაციენტისა და ანალიტიკოსის ურთიერთობების ეთიკა.

ეთიკური საკითხია ასევე სეანსების საფასურის გადახდა, ასევე სეტინგის თემა. ეთიკა მოიცავს თერაპიულ კონფიდენციალურობას, კლინიკური მასალის პრეზენტაციისა და გამოქვეყნებისას კონფიდენციალურობის დაცვას და ეთიკის საკითხებს ანალიტიკურ სიტუაციებში, პაციენტისა და თერაპევტის ურთიერთობის ლიმიტებს, ჩარჩოებსა და წესებს. კონფიდენციალურობა ფსიქოთერაპიის სფეროში ერთ-ერთ ძირითად ეთიკურ წესად ითვლება.

არსებობს სხვა ეთიკური საკითხებიც კლინიკურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში მესამე მხარეებიც მონაწილეობენ. მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ანალიტიკოსი იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სხვა პროფესიონალებიც მკურნალობენ და საჭიროა მათთან კოორდინაცია ან როცა ჯანდაცვის დაზღვევის კომპანიები, სკოლები ან სხვა ინსტიტუციები ითხოვენ ანგარიშებს — განსაკუთრებით ბავშვებთან მუშაობისას. ასევე, ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა ანალიტიკოსს მოუწიოს მოსამართლისთვის ან ადვოკატისთვის პაციენტზე საუბარი.

ფსიქოანალიტიკური ეთიკა თვლის, რომ პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვა და ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის ურთიერთობის სრულიად იზოლირება გარე გავლენებისგან აუცილებელია ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის სათანადო განხორციელებისთვის. ანალიტიკოსმა არ უნდა დააზიანოს პაციენტი — იქნება ეს ინფორმაციის შენახვით თუ კონფიდენციალურობის დარღვევით — თუკი ეს ემსახურება არასწორ მიზანს ან გარკვეული დინამიკის გაუცნობიერებლად გაძლიერებას.

ვორკშოფში გამოყენებული იყო ჰ. სეგალის, ქ. ბოლასის გ. გოლდბერგის, დ. ვინიკოტის, თ. ოგდენის, ფროიდის, პ. კეიზმენტის იდეები და პრაქტიკული რჩევები.

test